The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირსა

ოქროს აკვანი არისო,

და მის გარშემო წყლის ქვეშე,

უცხო წალკოტი ჰყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,

არასდროს, თურმე, არ სჭკნება,

ქვეყნისა დროთა ტრიალსა

იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს

ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,

და იმის მზიან ჩრდილებში

მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია

ის აკვანი ასვენია,

და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა

არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი სირინოზნი

იმ აკვანს გარს ეხვევიან,

მარტო იგინი გრძნეული

დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, — თამარ დედოფალს

ის აკვანი იქ ჩაუდგამს,

და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით

ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ —

აკვანში ვინ ჩააწვინა,

ან თვით ერმა თვისი ცრემლი

ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,

ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს

ჩუმის ნატვრითა ქართველი?

თუ ესე არის, ნეტა მას,

ვაჟკაცსა სახელოვანსა,

ვისიცა ხელი პირველად

დასწვდება იმა აკვანსა!

თუ ესე არის, ნეტა მას,

დედასა სახელდებულსა,

ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის

თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!

 

14 მკათათვეს, 1883 წ.

 

ხელნაწერი: U:

ავტოგრაფები, № 130 (BCDEFG).

ანაწყობი:

a, საცენზურო კომიტეტის ფონდი, № 480, ანაწერი I, საქმე 548, გვ. 69-70 (H)*

ნაბეჭდი:

ჟურნ. “ჯეჯილი”, 1890, № 1, გვ. 26 (J); თხზულებანი

ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 295 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხმიანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 540 (I); ლექსები თ.

ილია ჭავჭავაძის ა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 8;

ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 81, ტფილისი, 1907, გვ. 37.

სათაურის ქვეშ:

(ხალხური თქმულება) H;

თარიღი:

1890 A; 14 მკათათვეს, 1883 წ. G; 1883 წ., 14 ივლისი H. ხელმო წერა : *** H; ილია ჭავჭავაძე J; ი. ჭავჭავაძე I.

ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნ. “ჯეჯილში” (J); აქ მას ბოლო სამი სტროფი აკლია, ალბათ, ცენზურის მიზეზით. ამას გარდა, A-სთან შედარებით, არის მცირეოდენი სხვაობაც: 153, 3 გარშემო] გარემო J; 154. 4 დამღერიან] დაჰმღერიან J;

მეორედ ლექსი სრულად გამოქვეყნდა (A) და შემდეგ პუბლიკაციებშიც ამ ტექსტის მიხედვით იბეჭდებოდა, ამიტომ განსხვავება ნაბეჭდებს შორის თითქმის არ არის.

რაც შეეხება ავტოგრაფ U № 130-ს, იგი ცალკე ხელნაწერია, დაწერილი მოგრძო ფურცლებზე შავი მელნით და ნასწორები იმავე მელნით, ხელნაწერი შედგება რამდენიმე გვერდისაგან, სადაც მოცემულია ლექსის ექვსი ვარიანტი (BCDEFG), ექვსივე უსათაურო, ამათგან ხუთი-უთარიღო (დათარიღებულია მხოლოდ ბოლო G ტექსტი), ოთხი (BCDE) - დაუმთავრებელი (ხუთ ან შვიდსტროფიანია) და ორიც (FG) მთლიანი ტექსტია. ამ ავტოგრაფებიდან 1914 წლის გამოცემაში დაბეჭდილია ხუთი, მაგრამ ამათგან მხოლოდ ერთია ვარიანტად მიჩნეული (ჩვენი ლიტერით G ტექსტი). აკლია ჩვენი ლიტერით F ავტოგრაფი (იხ.

ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, მიხ. გედევანიშვილის გამოცემა, 1914, შენიშვ. გვ. XVII).

პ. ინგოროყვა ავტოგრაფთა საერთო რაოდენობას არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამ ლექსს აქვს სამი დასრულებული ვარიანტი, გარდა პირვანდელი ესკიზებისაო (ი ხ . ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. I; 1951, გვ. 456). ვარიანტების განყოფილებაში კი ამ ლექსის მხოლოდ ორი ვარიანტია გატანილი: პირველ ვარიანტად - ჩვენი ლიტერით D (გვ. 299) და მეორე ვარიანტად - ჩვენი ლიტერით F (გვ. 300). რაც შეეხება მესამე ვარიანტს (ჩვენი ლიტერით G), იგი ვარიანტების განყოფილებაში არ არის დაბეჭდილი, მაგრამ ტომში მისი ფოტოპირია მოთავსებული (გვ. 402-403).

ჩვენ ზემოთ დასახელებულ ექვსივე ტექტს ვარიანტად ვთვლით, რომლებშიც ნათლად ჩანს პოეტის მთელი მუშაობის პროცესი ამ ლექსზე. ქვემოთ ტექსტებს ვალაგებთ არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ხელნაწერშია, არამედ - ჩვენი ვარაუდით - ქრონოლოგიურად (ე. ი. რომელი უფრო ადრინდელია, რით დაიწყო ავტორმა ეს ლექსი და რით დაამთავრა). ამის უფლებას თვით ტექსტებზე დაკვირვება გვაძლევს.

ავტოგრაფები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტორის მიერაა ნასწორები: B (ავტოგრაფში რიგით მე-4):

ბაზალეთისა ტბის ძირსა

ოქროს აკვანი არისო,

ზემოდამ ადგა მჭვირვალე

კარავი წმინდა წყალისო.

მის გარე ბაღი თურმეა,

არც ჰბერდება, არცა ჭკნება,

ქვეყნისა დროთა ცვლილებას

იგი არ ემორჩილება.

არ ერჩის თურმე მის მწვანეს

არც ზაფხული, არც ზამთარი,

და იმის მზიან ჩრდილებში

მუდამ გაზაფხული არი.

იმ ბაღის შუა გულში

ის აკვანი ასვენია,

და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა

ვერავის გაუბედნია. მარტო ერთნი სირინოზნი...

აქ წყდება ტექსტი. აქედან: 5 “მის გარე”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “წყლის ქვეშე”, -  გადახაზულია. 6 “არც” - მის ნაცვლად ჯერ ეწერა “არასდროს”, - გადახაზულია. 7 ნაცვლად სიტყვისა “ცვლილებას” ჯერ ეწერა “ბრუნვასა”, - გადახაზულია. 9 ნაცვლად სიტყვების “მწვანეს” ჯერ ეწერა “ყვავილს”, - გადახაზულია. 10 ნაცვლად სიტყვებისა

“არც ზაფხული” თავდაპირველად ეწერა “არც სიცხე”, - გადახაზულია. 12-13 სტრიქონებს (“მუდამ...” “იმა ბაღის”...) შორის გადახაზული:

“ბაღის მშვენიერს მდელოზედ

ის აკვანი ასვენია,

და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა

ვერავის გაუბედნია.

აქ, პირველ სტრიქონში ჯერ ეწერა “იმ ბაღის შუაგულშია”, გადახაზულია. შემდეგ: “იქ ჩასვლა”-ს ნაცვლად ეწერა “იქამდე”, გადახაზულია. ნაცვლად სიტყვისა “ვერავის”

ვერა “ჩასვლა ვერ”, გადახაზულია. 

C (რიგით მე-2):

ბაზალეთისა ტბის ძირსა

ოქროს აკვანი არისო,

მის გარშემო წყლის ქვეშე

ლამაზი ბაღი ყვავისო.

მწვანეა მუდამ ის ბაღი,

არასდროს თურმე არ ჰსჭკნება,

ქვეყნისა დროსა ცვლილებას

იგი არ ემორჩილება.

არ ერჩის თურმე მის ყვავილს

არცა სიცხე, არც ზამთარი,

[და] ლამაზ მზიან ჩრდილებში

მუდამ გაზაფხული არი,

იმ ბაღის შუა გულშია

ის აკვანი ასვენია

და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა

ვერავის გაუბედნია.

მხოლოდღა სირინოზნი კი

აკვანსა გარს ეხვევიან,

ნელის ღუღუნით ტურფანი

ტკბილს ნანას ეუბნებიან.

აქედან: 8-9 სტრიქონებს (“იგი არ”... “არ ერჩის”) შორის გადახაზულია: “ფოთოლს ვერ უშრობს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი”, “ვერცა ზამთარი უზრავსო”. 9 სიტყვის

“არ” ნაცვლად ეწერა “ვერ”, - გადახაზულია; ნაცვლად სიტყვისა “ყვავილს” ეწერა “მდელოს”, შემდეგ “მწვავეს”, - გადახაზულია.

11. ნაცვლად სიტყვისა “ჩრდილებში” ეწერა “იმ ბაღში”, გადახაზულია.

12. ნაცვლად სიტყვისა “მუდამ” ეწერა ჯერ “ტურფა”, შემდეგ “ტკბილი”, ორივე გადახაზულია.

D (რიგით I): პირველი ორი სტროფი თანხვდება C-ს I - II სტროფებს. შემდეგ მოდის:

აკვანი იგი ოქროსი

ოდითვე იქ ასვენია,

და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა

ვერავის გაუბედნია.

ტურფანი სირინოზნი კი

იმ აკვანს გარს ეხვევიან,

ნელის ღუღუნით ლამაზნი

ტკბილს ნანას ეუბნებიან.

ამბობენ, თამარ მეფესა

იგი იქ ჩაუსვენია

და ის კი აღარ იციან

შიგ მას ვინ ჩაუწვენია.

იქნება მასში ის ყრმა წევს,

რომლის არ ითქმის სახელი

და რომელსაც დღედაღამ

ნატრულობს ჩუმად ქართველი.

თუ ეგრე არის, ნეტა მას,

ვაჟკაცსა სახელოვანსა,

რომლისა ხელიც პირველად

შეარწევს იმა აკვანსა.

 

აქედან: 11 “და ის კი აღარ იციან”... - ამის ნაცვლად ჯერ ეწერა: “ამას კი აღარ ამბობენ”, გადახაზულია.

ძირითად ტექსთან შედარებით, არ არის III სტროფი (“ვერ ერჩის...”); VI (“ამბობენ, - თამარ დედოფალს...”) და VII (“ამას კი აღარ ამბობენ...”), სტროფების

აზრი გაერთიანებულია D ტექსტის V სტროფში:

E (რიგით მე-3) უახლოვდება A ტექსტს. დასრულებული არ არის და ხუთი სტროფისაგან შედგება.

 

ბაზალეთისა ტბის ძირსა

ოქროს აკვანი არისო

და მის გარშემო წყლის ქვეშე

წალკოტი უცხო ყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,

არასდროს თურმე არ ჰსჭკნება,

ქვეყნისა დროსა ცვლილებას

იგი არ ემორჩილება.

არ ერჩის თურმე მის მწვანეს

არცა სიცხე, არც ზამთარი,

და იმის მზიან ჩრდილებში

მუდამ გაზაფხული არის.

წალკოტის შუა გულშია

ის აკვანი ასვენია,

და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა

ვერავის გაუბედნია.

მარტო ერთნი სირინოზნი

იმ აკვანს გარს ეხვევიან,

ნელის ღიღინით გრძნეულნი

გრძნელს ხმებს ეუბნებიან.

აქედან: IV სტროფის (“წალკოტის შუა გულშია”) შემდეგ გადახაზულია:

მარტო ერთნი სირინოზნი

იმ აკვანს ზედ ეხვევიან, ზედ დაჰხარიან,

ნელის ღიღინით, გალობით

გრძნელუს ხმებს ეუბნებიან.

ამ გადახაზული სტროფის გვერდით, არშიაზე წერია: “ზემოდამ ადგა მჭირვალე კარავი წმინდა წყალისაო”.

F (ავტოგრაფში რიგით მე-5) შავი, სრული ტექსტია. იყოფა ორ თავად: I-ში შედის ჩვენი ტექსტის (A) პირველი ხუთი სტროფი, II-ში - მომდევნო ხუთი სტროფი, A ტექსტთან შედარებით F ასეთ სხაობას იძლევა:

153. 7 ტრიალსა] მუქარას F, ამის ნაცვლად ჯერ ეწერა “ცვლილებას”, გადახაზულია. 10 ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი] არც სიცხე, არცა ზამთარი F, ეწერა, “არც ზამთარი, არც ზაფხული”. გადახაზულია.

154. 1 მარტო ერთნი სირინოზნი] მარტო ისინი გრძნეულნი F, ეწერა “ტურფანი სირინოზნი კი”, გადახაზულია. 3 F-ში “მარტო იგინი”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “ნელის ღიღინით”, შედმეგ “გრძნეულნი”, ორივე გადახაზულია. 4 წ-ში, ნაცვლად სიტყვებისა “დასტრფიან და დამღერიან”, ჯერ ეწერა: “ტკბილ ნანას ეუბნებიან”, - გადახაზულია. 6 ნაცვლად სიტყვებისა “ის აკვანი იქ ჩაუდგამს”, F-ში ჯერ ეწერა: “იგი იქ ჩაუსვენია”, “დაუდგენია”, “ტბის ძირსა ჩაუდ”, “იმ ადგილს დაუდგავს”, - ეს ყველაფერი გადახაზულია და ზედ აწერია: “ის აკვანი იქ ჩაუდგამს”. 9 ამასს] იმას F. 11-12 ან თვით... დაადინა] ან ტბის ქვეშ აკვნის დამარხვა რისთვის მოიწადინა F. 13 იქნებაკვანში] იქნებ მასში F. 14 ვისიც] რომლის F. 15-16 ვისაც... ქართველი] და რომელსაცა დღედაღამ ჩუმად ნატრულობს ქართველი F. 17 ესე] ეგრე F. 19 ვისიცა] რომლისა F. 20 დასწვდება] ჩასწვდება F. 23-24 ვინც იმ... ცხებულსა] რომელსაც იმ ყრმობას პირველად მიაწვდის თავის ძუძუსა F.

ტექსტის გვერდით ასეთი ავტორისეული მინაწერია: “შენ იქნება ბრმადაც ჩამთვალო, რომ მე ჩვენში ინტელიგენცია ვერ შემიმჩნევია, მაგრამ გარწმუნებ, მიკროსკოპიც რომ აიფარო თვალებზედ, მაინც ვერ იპოვი ე რაღაც ინტელიგენციაა. მეტი ჩარა არ არის, უნდა დამიჯერო, რომ ინტელიგენცია, როგორც ცალკე რაზმი, როგორც ის საკუთარი, თვით-არსებობითი მოვლენა ჯერ არ არსებობს და მალე არც იქნება”.

ამ ტექსტს კიდევ აქვს მინაწერი: “რომ ჩვენში ახალი რაზმი გამოდის და თანდათან მატულობს ეს ყველა თვალხილულისათვის”... იმავე ფურცელზე მოთავსებულია ნ. ნიკოლაძისადმი წერილი, რომელსაც ლექსთან ასევე არაფერი საერთო არ აქვს.

G (რიგით მე-6) ავტოგრაფი სუფთაა და სრული ტექსტია. იგი უფრო ახლო დგას A ტექსტთან, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები.

ვუდარებთ ჩვენს ძირითად (A) ტექსტს:

153. 3 გარშემო] გარემო G. 6 სჭკნება] ჰსჭკნება G. 7 ტრიალსა] მუქარას G. 9 მის] იმ G. 12 გაზაფხული] ყვავილები G. 13 წალკოტის შუაგულშია] იმ წალკოტის შუაგულში G. 15 G-ში იყო “და კაცთაგანსა”, შემდეგ ავტორმა ჩაუმატა “ჯერ”, ხოლო “კაცთაგანსა” გადააკეთა სიტყვად “კაცთაგანს” (“და ჯერ კაცთაგანს”).

154. 6 ჩაუდგამს] დაუდგამს G (ასეა, რ. კ.). 11 ან] და G. 12 ზედ ტბად] ტბა ზედ G. 13-16 ნაცვლად სტრიქონებისა - “იქნებ აკვანში... ქართველი?” – G -ში არის:

იქნება მასში ის ყრმა წევს,

რომლის არ ითქმის სახელი,

და რომელსაცა დღე და ღამ

ჩუმად ნატრულობს ქართველი G

19 G-ში “ვისაც ხელი”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “რომლის ხელ”, გადახაზულია.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, “ბაზალეთის ტბის” მხოლოდ ბოლო ვარიანტია (G) დათარიღებული (“14 მკათათვეს, 1883”), ეს იმას ნიშნავს, რომ პოეტმა დაასრულა ლექსზე მუშაობა. მართლაც, იმავე 1883 წელს ილიას გადაუწყვეტია მისი დაბეჭდვა ჟურნ. “ივერიაში”. ამას მოწმობს H წყარო. იგი ორი გვერდისაგან შედგება (69, 70), ორივე გვერდი აწყობილია და აქა-იქ კორექტურაც არის გაკეთებული. 69 გვერდზე სრული ტექსტია, აქვს სათაური, ხელმოწერა და თარიღი. 70-ე გვერდზე იგივე ტექსტია, ოღონდ - უსათაურო. სათაურის მაგივრად არის *, ქესათაურად კი - “ ხალხური თქმულება”. ეს ტექსტი მოკვეცილია (ტაეპიდან - “იქნებ აკვანში ის ყრმა წევრს” - ბოლომდე) ცენზურის მიერ და იქვე მიწერილია საცენზურო კომიტეტის რეზოლუცია: “По журнлалу цензурного комитета 20 июля 1883 год определено в виду 3 ст. пун. ценз. дель. Напечатание воспретить и удержать при делах”.

H ტექსტი მომდინარეობს G ავტოგრაფიდან, მცირეოდენი სხვაობით, რითაც H ტექსტი უფრო ახლოს დგას საბოლოო ტექსთან, რომელიც ბოლოშეკვეცილი სახითდაიბეჭდა 1890 წელს “ჯეჯილში”. მოვიტანთ H-ის განსხვავებულ წაიკითხვებს Aსთან შედარებით:

153. 7 ტრიალსა] მუქარას H. 12 გაზაფხული] ყვავილები H

154. 6 ჩაუდგამს] დაუდგავს H. 13 იქნებ აკვანში] იქნება მასში H. 15-16 ვისაც...  ქართველი] და რომელსაცა დღედაღამ ჩუმად ნატრულობს ქართველი H. 17, 21 ესე] ეგრე H. 22 სახელდებულსა] გამარჯვებულსა H.

ლექსს ვათარიღებთ G ავტოგრაფის მიხედვით.

ბაზალეთის ტაბა - მდებარეობს დუშეთის მახლობლად