ადლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადლი - საზომი ერთეული: ალიბი (ალაბი), ასევე, არშინი, მხარი. ძველ საქართველოში სიგრძის საზომი − ადლი ორ წყრთას უდრიდა.

წერილობითი წყაროების მიხედვით ადლი თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში 1513 წლის გელათის შეწირულობის წიგნში იხსენიება, XVII საუკუნიდან კი − აღმოსავლეთ საქართველოს წერილობით ძეგლებშიც არის დადასტურებული. ზოგიერთ ლექსიკონში მითითებულია, რომ იგი ქართულ წერილობით წყაროებში მხოლოდ XVI საუკუნიდანაა ნახსენები. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსულმა არშინმა ადლის გამოყენების სფერო თანდათანობით შეზღუდა. ადლი არშინთან ერთად მეტრული სისტემის შემოღებამდე იხმარებოდა და სიდიდით დაახლოებით 101,15 სანტიმეტრს უდრიდა. სულხან-საბა ორბელიანი ადლს ორ წყრთას უტოლებდა, გიულდენშტედტის ცნობით კი − ადლი სამ ინგლისურ ფუტსა და ოთხ დიუმს ანუ 101,6 სმ-ს შეადგენდა. მეტრულ სისტემაში ადლის ზომა საშუალოდ 101,5 სმ-ით არის განსაზღვრული. კახეთში ადლი ოთხ მტკაველს შეესატყვისებოდა. ადლის საშუალებით ძირითადად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები იზომებოდა.

XVIII საუკუნიდან ადლის დაყოფა მტკაველებად, გოჯეულებად, ციდებად, ჩარექებად დაიწყო. ადლის წარმომავლობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. იოანე ბაგრატიონი ადლს აზიელებისაგან შეთვისებულ საზომად მიიჩნევ და, ივანე ჯავახიშვილი და დავით ჩუბინაშვილი კი მას არაბულ ტერმინად თვლიდნენ. თედო სახოკია აჭარაში ხალხურ ტრანსპორტთან − ურემთან (სელთან) მიმართებაში ადლის შემდეგნაირად ახასიათებდა: „მათი სახასიათო თვისება ის არის, რომ ხელნები ურემს დაღმართში არ აცურებს და საყენის მაგივრობას უწევს. ასეთ ურემს სელი ჰქვიან. სიგრძე სელს ხუთი-ექვსი ადლი აქვს. დედნებს შუა განი ერთ ადლსა და სამგოჯს უდრის; დედნებს ხუთი საყარი აერთებს, რომელთა შუა თითო ციდა ადგილია დატოვებული. ლები დედნებზე სულ ორი წყვილია. სიმაგრისათვის დედნებს იმ ადგილას, სადაც ღერძი აქვს გაყრილი, ეგრიჯები აქვს. ღერძი თვლებშია დამაგრებული და მათთან ერთად ბრუნავს. თვითონ თვალი ერთი ადლი სიმაღლისაა და ფერსოების შესაერთებლად ერთი მტკაველის სიგრძე ჭალები აქვს ხუნდში (მორგვში) ჩამაგრებული. ხელნები დედნებთან ერთად კავითაა შეერთებული და მათი ქვედა ნაწილი მიწას თავის დღეში არ ასცილდება”.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები