ფონეტიკური აკუსტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკუსტიკა (ფონეტიკა)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკუსტიკა – (ბერძნ. Akustikos – სმენითი), ფსიქო-ფიზიოლოგიური აკუსტიკის ნაწილი, სწავლობს ბგერას – სმენისათვის მისაწვდომ (16-20000 ჰერცის დიაპაზონში) დრეკად რხევებსა და ტალღებს. ფონეტიკური აკუსტიკა იკვლევს სამეტყველო ბგერებს (ბგერით მოელენებს) აკუსტიკურ თავისებურებათა თვალსაზრისით, ე. ი. იმ სმენითი ეფექტის მიხედვით, რომელიც შეესაბამება არტიკულაციურ მოძრაობებს. აქ ერთიანდება ფართო სპექტრი საკითხებისა, რომლებიც ეხება ბგერის (მეტყველების) წარმოქმნას, გადაცემასა და აღქმას როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი ასპექტებით.

ბგერათწარმოქმნის პროცესი გულისხმობს ბგერის წყაროების არსებობას. ბგერებს შორის განსხვავება (სხვა ფაქტორებთან ერთად) გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის წყაროს არსებობით. განირჩევა:

1. ხმის წყარო, როდესაც ფილტვებიდან მომდინარე „ჰაერნაკადი განიცდის გარკვეულ მოდულაციებს სახმო სიმების გავლენით წარმოიქმნება ხმოვნები და სონორები; .
2. ხმაურის, ჩქამის წყარო, როდესაც საწარმოთქმო აპარატში იმავე ჰაერნაკადის გამოვლისას შექმნილი ტურბულენტური დინება იწვევს ხმაურს, ჩქამს. წარმოიქმნება ყრუ სპირანტები და აფრიკატები; .
3. იმპულსური, სკდომითი წყარო, როდესაც ჰაერის წნევა მკვეთრად იცვლება უეცარი სკდომით. წარმოიქმნება ყრუ ხშულმსკდომები. ხმისა და ჩქამის ერთობლივი მონაწილეობით წარმოიქმნება სპირანტები და აფრიკატები, ხმისა და იმპულსური წყაროების მონაწილეობით კი – მჟღერი ხშულმსკდომები.

აღნიშნულ წყაროთა მიერ გამოცემული ბგერის სიხშირითი (სპექტრული) სტრუქტურის გაფორმება ხდება ზესადგამ მილში (ხახა-ცხვირ-პირის ღრუებში), რომელიც გვევლინება რეზონატორის როლში. თითოეული ბგერისათვის დამახასიათებელი რეზონატორული კონფიგურაცია (მოცულობა, ფორმა) მიიღწევა საწარმოთქმო ორგანოთა გარკვეული მდგომარეობით.

სამეტყველო ბგერა არის რხევითი მოძრაობა, რომლის ხასიათის მიხედვით იგი აღიქმება ტონის ან ჩქამის სახით. როგორც აკუსტიკურ მოვლენას, ბგერას ახასიათებს სიმაღლე, ინტენსივობა, გრძლიობა, ტემბრი. გაბმულ მეტყველებაში ბგერის აკუსტიკური მახასიათებლები იცელება (მათ სრულ გაქრობამდეც კი) სხვა ბგერათა ასეთივე მახასიათებლების გავლენით, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია შესაბამისი არტიკულაციებით.

ბგერათა აკუსტიკური ასპექტის შესწავლისას ფართოდ არის გამოყენებული ანალიზისა და სინთეზის მეთოდი, რომელიც ხორციელდება სათანადო აპარატურის გამოყენებით (სინთეზატორი, ანალიზატორი და ა. შ.).


ლიტერატურა

  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
  • გაფრინდაშვილი შ. ქართული ენის სონორ თანხმოვანთა ფორმანტული დიაპაზონები. – კრ: „მეტყველების ანალიზისა და სინთეზის საკითხები“. თბ. 1966;
  • მისივე, ქართული ენის ნაპრალოვან თანხმოვანთა საშუალო სპექტრები. – კრ. „მეტყველების ანალიზის. სინთეზისა და სტატისტიკის საკითხები“, თბ. 1967;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები