ალისუბნელი რაჟდენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალისუბნელი რაჟდენ – (1863–1890), ნამდვილი სახელი და გვარი – რაჟდენ ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე. მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ – ხარკოვის უნივერსიტეტში. თანამშრომლობდა გაზეთებში „დროებასა” და „თეატრში”. დაბეჭდილი აქვს წერილების სერია „ხმა ქუთაისიდან” – ეკონომიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმოხილვანი. „თეატრში” ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს („ჩვენ ლიტერატურაზედ”, „ჩვენ პუბლიცისტთა მიმართ“). აქვეყნებდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებსაც.

მისი ლირიკა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური ხასიათისაა. თემებითა და მოტივებით ძალიან ჰგავს აკაკი წერეთლის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედებას. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. თარგმნა ბაირონის („მოგონება“, „ებრაული მელოდია”), შილერის („სამშობლოს გმირნი”, „მეფანდურის ქალი”), ლერმონტოვის („სიმღერა გლადიატორთა”) თხზულებები.


მუზას (ფრაგმენტი)
გეყოფა მუზავ! ესოდენ ხნის
გამუდმებივით ჩემი წამება.
ჩამომეცალე, აიღე ხელი,
მე არ დავეძებ და არად მინდა
მოპოვებული შენით დიდება
და თვით პოეტთა დიდი სახელი.
მსურს, რომ გადავრჩე შფოთვას და ტანჯვას,
რომ საუკუნოდ განმარტოებულს
მზაკვართა ხელი არ მომწვდებოდეს,
რომ გულის ძგერა, გიჟური გრძნობა
და თვით ოცნება სულს შეშფოთებულს
წმინდა კავშირით ეთანხმებოდეს...
მაშინ სურვილიც გამოუთქმელი,
ამდენისა ხნით მიმქრალებული
კვლავ აღენთება, გამოიღვიძებს!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები