ამისულაშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ამისულაშვილი

ამისულაშვილი შალვა – (1916 – 1981), ქართველი პოეტი, ბელეტრისტი. დაიბადა თელავში. 1940 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და აქედან მოყოლებული ორმოცი წლის მანძილზე ემსახურებოდა მშობლიურ ლიტერატურას. ცნობილია მისი პოეტური კრებულებია: „პირველი წიგნი“, „თალარი“ (1948), „ძმადნაფიცები“, „ქართული მიწა“, „პოემები“, „წყურვილი“, „ბალადები“ და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში შალვა ამისულაშვილმა თავის პოეტურ ქმნილებებს გვერდში ამოუყენა საგულისხმო ბელეტრისტული ნაწარმოებები. ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა გამომცემლობებში, იყო გაზეთ „კომუნისტისა“ და „ლიტერატურული საქართველოს“ განყოფილების გამგე. საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში და სახელმწიფო წიგნის პალატაში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ციკლიდან „ლექსები სვანეთზე”
ჭუნირი
ქვას აატირებს ჭუნირის ხმაო!
უთქვამთ და მართლაც ასე ყოფილა.
ქვა ქვადვე დარჩეს, აქ სხვაა კიდევ
გულის ფსკერიდან ამოსათქმელი:
ცხელი სიმები ცხენის ძუისა
რომ ასტეხავენ ზუილს ერთბაშად,
მგონია, კლდეზე ბაილ ბეთქილი
შუნს მისდევს.
მისდევს იფნის შვილდითა...
თვით ხემადესაც, ამ სვანურ მიზრაფს,

ვბაილ ბეთქილის შვილდად მოხრილსა

ცხენის ძუა აქვს ლამბად გაბმული
და ისიც, ისიც სიმებად ზუის...
სიმებად ზუის და მეჩვენება:
ბგერების ნაცვლად ისრები სცვივა
და უსასრულო სევდასთან ერთად
გმირული სულის მოჰქრის გრიგალი...
ნუ გაანელებ, ძმაო ჩართოლან,
გულს, თონესავით გახურებულსა!
დაე, ისრების გამჭოლავ ზუილს
ცეცხლად მოედოს ცხენთა ჭიხვინი...
ნალ-უზანგების გაბმულ წკრიალში
გამალევინე დრო და მანძილი,
რომ ცივგომბორთან დაბრუნებულსაც
არ მასვენებდეს შენი სვანეთი!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები