კალანდაძე ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანა კალანდაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა კალანდაძე

კალანდაძე ანა − (1924 − 2008), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ხიდისთავში (ჩოხატაური). 1941 წელს ქუთაისში დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა განაგრძო თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე კავკასიური ენების სპეციალობით. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.

ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს, გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ „მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვა წლებში. თარგმნილი აქვს პუშკინის, მალარმეს, ახმადულინას და სხვა პოეტების ლექსები. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


მოდიოდა ნინო მთებით
„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში
ყვაოდა მას ჟამსა“. ნინო
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი,
− ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები