ქართველები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველები - საქართველოს მკვიდრი, უძველესი ადგილობრივი წარმოშობის ხალხია, 3,5 მილიონი ადამიანი. საერთო ეროვნული და სამწერლობო ენაა ქართული.

ქართველები სამი ძირითადი სუბეთნიკური ჯგუფისაგან შედგება - ქართების, მეგრელებისა და სვანებისაგან. მეოთხე ჯგუფი - ლაზები - დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ქართები რამდენიმე ეთნოგრაფიულ ჯგუფად არიან წარმოდგენილი. დასავლეთ საქართველოში ასეთი ჯგუფებია იმერლები, გურულები, აჭარლები, რაჭველები და ლეჩხუმლები; აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლელები, კახელები, მთიულები, მოხევეები, ფშაველები, ხევსურები და თუშები. ეთნოგრაფიულ ჯგუფებში კიდევ გამოყოფენ უფრო მცირე, სუბეთნოგრაფიულ ჯგუფებს: კახელებისაგან - ქიზიყელებს, მთიულებისაგან - გუდამაყრელებს, ინგილოებში განარჩევენ ქრისტიან და მუსლიმ ინგილოებს, მესხებში - მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს. ცალკე უნდა დავასახელოთ წოვა-თუშები (ბაცბები), რომელთაც განსხვავებული ენა აქვთ (იგი ქართველურ ენათა ჯგუფს არ მიეკუთვნება და ჩეჩნურ-ინგუშური ენების მონათესავეა), მაგრამ რელიგიით, კულტურით, ტრადიციებითა და გვარებით არ განსხვავდებიან ქართველებისაგან.

ქართველები საქართველოს ყველა გეოგრაფიულ ზოლში (მთა, ბარი, ზეგანი) ცხოვრობენ, დასახლების უკიდურეს ზღვარშიც: ერთი თემი სვანეთში, უშგულში, დასახლებულია ზღ.დ. 2250 მ. სიმაღლეზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე საშუალოდ 51 კაცს უდრის, დამუშავებული ფართობის მიხედვით - 255 კაცს 1 კვ. კმ-ზე. საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველები (ასევე ქართული წარმოშობის მოსახლეობა) ცხოვრობენ ირანში (ფერეიდანი, მაზანდერანი, გილანი), თურქეთში (ისტორიული ლაზეთი, ჭანეთი, ტაო-კლარჯეთი), აზერბაიჯანში (ისტორიული ჰერეთ-საინგილო).

XX საუკუნეში ქართული ემიგრაცია რამდენიმე ეტაპად ევროპაში გადის: 1921 წელს, 1941-45 წლებსა და 1990-იანი წლებიდან. დაუზუსტებელი მონაცემებით, რუსეთში ცხოვრობს 800 ათასი, ირანში - 150 ათასი, თურქეთში - 3 მილიონი, დასავლეთ ევროპის, ჩრდ. და სამხ. ამერიკის ქვეყნებში - 200-250 ათასი ქართველი.

სარჩევი

წარმომავლობა

ქართველები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია და მათი მარტო წარმომავლობა კი არა, თვით ამ წარმომავლობით დაინტერესება ითვლის ათასწლეულებს.

ჰეროდოტე

2500 წლის წინ ქართველების (კოლხების) წარმოშობაზე წერდა „ისტორიის მამად წოდებული“ სახელდებული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (ქ.შ-მდე 484-425), რომლის აზრით კოლხები ეგვიპტური წარმოშობისანი იყვნენ. ჰეროდოტეს მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ კოლხები ეგვიპტელების მსგავსად მისდევდნენ მამაკაცთა წინდაცვეთას, ერთნაირად ამუშავებდნენ სელს, არიან ხუჭუჭთმიანები და შავგვრემნები. „ისტორიის მამის“ მიხედვით, კოლხები შთმომავლები არიან ეგვიპტის ფარაონი სესოსტრისის იმ მოლაშქრეებისა, რომლებიც მდინარე ფაზისთან (რიონთან) დარჩენილან ლაშქრობის შემდეგ.

ძველ ბერძენ ავტორებს თვისი შეხედულება ჰქონდათ იბერების წარმოშობის საკითზეც და მათ პირვანდელ საცხოვრისად მიაჩნდათ ესპანეთი, რომელსაც ისინი იბერიას უწოდებდნენ. ავტორთა აზრით, კავკასიის იბერები (ანუ ქართველები) ესპანეთიდან გადმოსახლდნენ კავკასიაში ქ.შ.-მდე VI საუკუნეში.

იოსებ ფლავიუსი

I საუკუნის ებრაელი ავტორი იოსებ ფლავიუსი იბერებს მიიჩნევდა ბიბლიაში დასახლებული თობელების (თუბელების) შთამომავლებად. იგივე ავტორი წერდა მესხების (მოხოსენების) შესახებაც: „იოუანისგან წარმოსდგნენ იონია და ყველა ელინნი. თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ; მოხოსენები დაფუძნებულნი არიან მოხოსის მიერ, ახლახან მათ კაპადიკიელები ეწოდათ...“ ასეთივე ცნობა აქვს იბერებსა და მესხებზე ცნობილ საეკლესიო მოღვაწეს, ანტიოქიის ეპისკოპოს ევსტათის (280-360წწ.)

ლეონტი მროველი

XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, ქართლის ცხოვრებაში შემავალი თხზულების „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და თავდაპირველთ მამათა და ნათესავთა“ ავტორი ლეონტი მროველი აღნიშნავს, რომ ქართველთა და სხვა კავკასიელთ საერთო წინაპარი იყო ნოეს შვილის იაფეთის შვილიშვილი თარგამოსი „ძე თარშისი“. ბაბილონის გოდოლის დანგრევისას და ადამიანების სხვადასხვა ენაზე ალაპარაკების შემდეგ თარგამოსი თავისი ნათესავებითურთ წამოვიდა ჩრდილოეთით (ბაბილონისგან) და დასახლდა არარატისა და მასისის მთებს შორის. თარგამოსმა 600 წელი იცხოვრა და მისი შთამომავლობა გამრავლდა; მას „ესხნა ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილიშვილნი“ და არარატისა მასისის გარშემო ტერიტორია „ვეღარ იტევდა“ მათ. თარგამოსმა თავის რვა ძეს - ჰაოსს, ქართლოსს, ბარდოსს, მოვაკანს, ლეკს, ჰეროსს, კავკასს და ეგროსს გაუყო თავისი სამფლობელო და სწორედ მათგან მოდიან კავკასიაში მცხოვრები ხალხები: ჰაოსიანნი (სომხები) - ჰაოსისგან, ქართველნი - ქართლოსისგან, ლეკები - ლეკიდან, ბარდოსისგან - რანნი, მოვაკნისგან - მოვაკნელნი, ჰერნი - ჰეროსისგან, კავკასიელები - კავკასისგან და მეგრელნი - ეგროსისგან.

ლენორმანი და მასპერო

XIX ს. ევროპელმა მეცნიერებმა (ლენორმანი, მასპერო) მიაქციეს ყურადღება იოსებ ფლავიუსის ცნობას და ახლადაღმოჩენილი ასურული ლურსმული წარწერების მონაცემებს, რომელთა მიხედვით თბაული და მეშეხი წარმოჩნდნენ რეალურ და კონკრეტულ ტომთა დიდ გაერთიანებებად და გამოთქვეს მეცნიერული ვარაუდი, რომ ეს ქართველური ტომები მათი გაერთიანებების განდადგურების შემდეგ მცირე აზიიდან კავკასიაში წამოვიდნენ და იქ დამკვიდრდნენ. მათი აზრით, სწორედ ესენი იყვნენ იბერების და მესხების წინაპრები. იგივე ასურული და აგრეთვე ხეთური წყაროების ქაშქები, რომლებიც აღმოსავლეთ მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, მიიჩნიეს კოლხების წინაპრებად.

კ. ლემან-ჰაუპტმანი

XX ს-ის პირველი ნახევარში კ. ლემან-ჰაუპტმანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართველები (იბერები) ჩამოყალიბდნენ ჩრდ. მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად.

ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილმა კავკასიური ენების ნათესაობის პრობლემას მიუძღვნა მონოგრაფია „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“. უზარმაზარი სამუშაოს ჩატარების, მცირე აზიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ტოპონიმების შესწავლის და ურთიერთშედარების საფუძველზე ივანე ჯავახიშვილი მივიდა თვალსაზრისამდე, რომ სამხრეთ კავკასიური ტოპონიმების დიდი ნაწილი ჩრდილოკავკასიური წარმოშობისაა, ხოლო მცირეაზიული ურარტული ტოპონიმები მსგავსია, როგორც ზოგადკავკასიურის, ასევე ქართულის. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ჩრდილოკავკასიელები უფრო ადრე სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ, თავდაპირველად კი მცირე აზიაში, ასევე ქართველების პირველსაცხოვრისიც ივ. ჯავახიშვილის აზრით მცირე აზია იყო და ისინი სამხრეთ კავკასიაში ქ.შ-მდე VII ს-ში გადმოსახლდნენ.

ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას კავკასიის ხალხების და ენების ნათესაობის შესახებ დღესაც არ დაუკარგავს თვისი მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონცეფცია ძირითადად უარყოფილია.

სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშიას კონცეფციის მიხედვით, ქ.შ-მდე IV ათასწლეულში წინა აზიისა და სამხრეთ ევროპაში ბინადრობდნენ ერთი მოდგმის ხალხები. მათი საცხოვრისის ტერიტორია ათასწლეულების განმავლობაშ იზღუდებოდა და მცირდებოდა ინდოევროპელების და სემიტური მოდგმის ხალხების მიერ. ამ ტერიტორიულად „შეზღუდული“ ხალხების - ხეთების და სუბარების მონათესავე ეთნოსს წარმოადგენდნენ ქართველები. ხეთები ცხოვრობდნენ მცირე აზიაში, ხოლო სუბარები ჩრდილო მესოპოტამიიდან კავკასიონის ქედამდე. ქ.შ-მდე II ათასწლეულში მათ შექმნეს ორი უძველესი - ხეთებისა და მითანის სამეფოები, რომლებიც I ათასწლეულში დაეცნენ და ხეთურ-სუბერული სამყარო დაიქსაქსა უფრო წვრილ ერთეულებად, კერძოდ, სამხრეთ ამიერკავკასიაში შეიქმნა ორი ხეთურ-სუბარული სახელმწიფო: ურარტუ და მანა. VI საუკუნეში ეს სახელმწიფოები განადგურდნენ და ხეთურ-სუბერული მოდგმის ხალხმა ახალი სახელმწიფოები შექმნეს უფრო ჩრდილოეთით, საქართველოს ტერიტორიაზე. ეს სახელმწიფოები იყო იბერია და კოლხეთი. ს. ჯანაშიას კონცეფციის თნახმად ქართველები საქართველოს ავტოქტონური მოსახლეობაა და ენის მიხედვით ენათესავებიან წინა აზიის უძველეს ხალხებს. მათი ცივილიზაციის პირველი კერა იყო შუმერი, უკანასკნელი კი კოლხეთი და იბერია.

კ. კრამელი

შუმერულ და ქართველურ ენების ნათესაობის მტკიცების პირველი ცდა ეკუთვნის კ. კრამელს (1904). მას შემდეგ ამ საკითხზე ბევრი ქართველი თუ უცხოელი მეცნიერი მუშაობდა (მ. წერეთელი, ს. ჯანაშია, ჯ. შარაშიძე, ჰ. ფერიხი, თ. მიბჩუანი, გ. გიორგაძე, ნ. ხაზარაძე). შუმერულსა და ქართველურ ენათა კონტაქტებს ადგილი უნდა ჰქონოდათ წინარე ქართველური ენის არსებობის პერიოდში. რაც შეეხება ამ კონტაქტების რეგიონს, ეს უნდა ყოფილიყო „ან სამხრეთ შუამდინარეთი, სადაც ძვ.წ. IV ათასწლეულიდან წერილობით დასტურდება შუმერების ყოფნა და საიდანაც კავკასიის მიმართულებით უნდა გადასახლებულიყვნენ შუმერებისაგან გამოყოფილი ქართველური ტომები, ან კავკასია, საიდანაც ადრეულ ხანებში უნდა მომხდარიყო ქართველურ ტომთაგან გამოყოფილი შუმერების მიგრაცია სამხრეთ მესოპოტამიაში, ან სამხრეთ ამიერკავკასია, სადაც მოგვიანებით მართლაც დასტურდება ქართველურ ტომთა ბინადრობა (გ. გიორგაძე, ნ. ნაზარაძე). გასათვალისწინებელია ისიც, რომ შუმერები შუმერში არ იყვნენ მკვიდრი მოსახლეობა, არამედ აქ გადმოსახლებულნი სხვა მხარიდან. ეს მხარე სავსებით შესაძლებელია იყო კავკასია (ეს ვარაუდი ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისში გამოაქვეყნა ქართველმა მეცნიერმა მ. წერეთელმა.

ოთარ ჯაფარიძე

ქართულ-ბასკურ ურთიერთობათა კვლევა ფართოდ გაიშალა XIX-XX საუკუნეებში გრძელდება დღესაც. აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის აზრით, „უფრო მეტად ისაა სავარაუდო, რომ ურთიერთობა ადრეულ პერიოდში ჯერ კიდევ ქვის ხანაში მიმდინარეობდა და მიგრაციული პროცესები ხმელთაშუა ზღვის აუზში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ხორციელდებოდა. ეს პრობლემა უთუოდ მეტად რთული და ძნელად შესასწავლია, რომელიც შორს ათასწლეულების სიღრმეში გადადის... შემდეგში უფრო ფართო კომპლექსური ხასიათის კვლევა-ძიება გარკვეულ სინათლეს შეიტანს ამ ძნელად გადასაჭრელი, მაგრამ უთუოდ პერსპექტიული ჰიპოთეზის შესწავლაში“.

გ. მელიქიშვილი

გიორგი მელიქიშვილი აღნიშნავდა, რომ „ქართული ტომები ეთნიკურად (ენით, კულტურით, ანთროპოლოგიური ტიპით) მჭიდროდ უკავშრდებიან უძველესი ხანების მესოპოტამიის, მცირე აზიისა და ირანის მოსახლეობას. შუმერების, ხეთების, ხურიტებისა და და ამ ადგილებში მცხოვრები სხვა ხალხებისათვის, რამდენადაც სახვითი ხელოვნების ძეგლებზე მათი გამოსახულებების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ, ანთროპოლოგიურად სწორედ კავკასიელი ხალხებისთვის ნიშანდობლივი ფიზიკური ტიპია დამახასიათებელი. ამავე დასკვნამდე მივყავართ ამ ტერიტორიაზე უძველეს ხანებში მცხოვრები ადამიანების თავის ქალის შესწავლასაც. მატერიალური და სულიერი კულტურის მხრითაც, ქართველ ტომები მჭიდრო კავშირში იმყოფებიან უფრო სამხრეტით უძველეს ხანებში მცხოვრებ ხალხებთან“.

ბ. კუფტინი

„მტკვარ-არაქსის“ და თრიალეთის „დიდი ყორღანების“ ბრწყინვალე კულტურების შემსწავლელმა, ცნიობილმა არქეოლოგმა ბ. კუფტინმა პირველმა დააყენა საკითხი ქარტული კულტურის ავტოქტონობისა და ქართველი ხალხის ადგილობრივი (აბორიგენული) წარმომავლობის შესახებ.

გარეგნობა და ხასიათი

ალექსანდრე დიუმა

„ევროპაში წარმოდგენაც არ აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს. …ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორ სხვა ხალხებს საჩუქრების მიღება. …ქართველი – ეს არის თავით ფეხებამდე აბრეშუმისა თუ ხავერდის ტანისამოსში გახვეული მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი.“

ჯუზეპე ძამპი

თეატინელთა (კათოლიკური საბერმონაზვნე ორდენი) პრეფექტი ჯუზეპე ძამპი აღრფთოვანებას ვერ მალავს: „ქათველი ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და შეგიყვარდეთ. ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახის და ტანის დანახვაც კი შეუძლებელია. არიან მაღალნი, კოხტა და მოქნილი ტანისა და საოცრად წელწვრილნი“.

ჯონ ოლივერ უორდროპი

„საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია... ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის! როდესაც სტუმართმოყვარეობას ვამბობ, ამ სიტყვას ისე კი არ ვხმარობ, როგორც საზოგადოდ არის მიღებული. ქართველი კაცი ისე თავაზიანად და ისეთი სიყვარულით ეკიდება თავის სტუმარს, რომ ევროპელთ არც კი დაგვესიზმრება.“

იმანუელ კანტი

„ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების გამორჩეულ მშვენიერებაზე“.

პიეტრო დელა-ვალე

„ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.“

ჟან შრდენი

„ქართველების ტომი უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა, რომ მთელს ქვეყანაზედაც. აქ არ მინახავს არცერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუჯილდოვებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავთ, რომ ქალი უშნოდ იყოს გასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველ ქალებს, რომ ფერ-უმარულს იცხებენ, უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცხებენ ფერ-უმარულს.“

ვახუშტი ბატონიშვილი

ვახუშტი ბატონიშვილი ქართველთა დახასიათებისას წერს, რომ „ანაგებით (აღნაგობით) არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანი... წერწეტნი, უმეტეს ქალნი, მხნენი მუშაკნი, ჭირთ მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა ახოვანნი, ამაყნი, ლაღნი, სტუმართა და უცხოთ მოყვარენი, მხიარულნი... გონიერნი, სწავლის მოყუარენი...“თუმცა, ბატონიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ქართველები „თავხედნი“ და „დიდების მოყვარულნი“ არიან.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც აღნიშნავს ქართველთა ხასიათის ერთ უარყოფით მხარეს: „რაჟმს განდიდნენ, განსუქენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა“.

კულტურა

ქართველები და მათი წინაპრები მსოფლიო მნიშვნელობის მონაპოვრის - მტკვარ-არაქსის, თრიალეთის, კოლხეთის უნიკალური კულტურის - შემქმნელები არიან. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, მთელი შუა საუკუნეების ჩათვლით, საქართველომ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მიიღო. მის ისტორიას ამშვენებს დიდებული ტაძრები: გელათი, იკორთა, ბეთანია, ყინწვისი, ოშკი, სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, ბიჭვინთა და ა.შ., კლდეში ნაკვეთი ვარძიისა და უფლისციხის სამონასტრო კომპლექსები მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშებით. განვითარების მაღალ დონეზე ადის ხელოვნების მრავალი დარგი, მათ შორის მინანქარი, ოქრომჭედლობა. მსოფლიო ხელოვნების საგანძურშია შესული ბექა და ბეშქენ ოპიზართა შემოქმედება.

წერილობითი მემკვიდრეობა

ფეოდალური საქართველოს წერილობითი მემკვიდრეობა მდიდარია როგორც ორიგინალური, ასე თარგმნილი ქრისტიანული ნაშრომებით, ასევე მხატვრული, ისტორიული, ფილოლოგიური, ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურით. უძველესთა შორის შეიძლება დავასახელოთ V საუკუნის ლიტერატურული ძეგლი „შუშანიკის წამება“, VIII საუკუნის „აბო თბილელის ცხოვრება“, საგალობელთა კრებული „იადგარი“, X საუკუნის „სიბრძნე ბალავარისა“, XII საუკუნის „აბდულ-მესია“, ეფრემ მცირის ფილოლოგიური და გრამატიკული გამოკვლევები იოანე პეტრიწის ფილოსოფიური კომენტარები და მრავალი სხვა.

ქართული საერო ლიტერატურის მწვერვალია შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ (XII ს.), რომელსაც საპატიო ადგილი უკავია მსოფლიო ლიტერატურის გენიალურ ქმნილებათა შორის. ისტორიული აზროვნების მაღალი დონის ნიმუშია ქართლის ცხოვრების კრებული, ლეონტი მროველის, ჯუანშერის, სუმბატ დავითის ძის, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვარისა და სხვათა თხზულებები.

სამართლებრივი აზროვნება

ქვეყანაში სამართლებრივი აზროვნების განვითარებაზე მეტყველებენ 1103 წლის რუის-ურბნისის კრების ძეგლისდება, XI-XII საუკუნეების ნომოკანონი არსენ იყალთოელისა, XIII-XIV საუკუნეების ბექასა და აღი ბუღას სამართალი, XIII საუკუნის ხელმწიფის კარის გარიგება, ვახტანგ VI-ის კანონთა კრებული და ა.შ.

მეცნიერება

მეცნიერების განვითარებას ადრევე ჩაუყარეს საფუძველი ეფრემ მცირემ, იოანე პეტრიწმა, არსენ იყალთოელმა. საქართველოში შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრები: ფაზისის, იყალთოსა და გელათის აკადემიები.

რელიგია

უძველეს ცნობებზე დაყრდნობით, წინაქრისტიანულ საქართველოში არსებობდა ღვთაებათა უმცროს-უფროსობაზე აგებული პანთეონი, რომელსაც ციური სხეულები შეადგენენ. უფრო მოგვიანებით ჩანს გაცისა და გაიმის კულტები, რომელიც ფარნავაზ I-ის რელიგიური რეფორმით არმაზის კულტის წრეში ჩაეწერა. ქართულ წარმართულ ღვთაებათა პანთეონი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყალიბდებოდა. მის სათავეში არმაზი იდგა, შემდეგ მოდიოდნენ გაცი, გაიმი, აინინა, დაინინა, ზადენი. ამავე დროს ქართველები იცნობდნენ მითრას კულტს, ცეცხლთაყვანისმცემლობას, იუდაიზმს.

ერთიანი ქართველი ხალხის ფორმირებისა და ეროვნული თვითშეგნების განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქრისტიანობამ. ქრისტიანობას საქართველოში პირველი საუკუნეებიდანვე გამოუჩნდნენ მიმდევრები. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, აქ უქადაგიათ იესო ქრისტეს მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულსა და სიმონ კანანელს. ქართული საისტორიო ტრადიცია ქართლის განმანათლებლად ნინო კაპადოკიელს მიიჩნევს, რომელსაც მიაწერს ქართლის სამეფო სახლის მონათვლასა და ქართლის გაქრისტიანებას. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ქართველი ხალხის ცხოვრებაში ეს იყო უმნიშვნელოვანესი სოციალ-პოლიტიკური და კულტურულ-მსოფლმხედველობრივი მოვლენა. მან ხელი შეუწყო ეთნიკურ და სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას, ცალკეული კუთხეების შემომტკიცებას, ხელოვნების, დამწერლობის, წიგნიერების, მეცნიერების განვითარებას. შუა საუკუნეებში ქართული ქრისტიანული მონასტრები და საყდრები საქართველოში (გელათი, იყალთო, გრემი) და საქართველოს ფარგლებს გარეთ (ივერიის მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე სირიაში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში, ჯვრის მონასტერი იერუსალიმში და სხვ.) იქცნენ საგანმანათლებლო და სამწერლობო კერებად, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული განვითარება.

დასახლების ტიპები

საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბდა დასახლების სამი ტიპი: მთური - ფერდობზე შეფენილი სახლების მცირე რაოდენობა, მჭიდრო მსხვილი დასახლებული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, საკარმიდამო ტიპის დასახლება დასავლეთ საქართველოში. დასახლების ამ ტიპებს შეეფარდება საცხოვრებელ ნაგებობათა სახეობები: მთური, დარბაზული და კოლხური.

საქართველოს მთიანეთის საცხოვრებელი ნაგებობა წარმოადგენს 2-4-სართულიან ქვის ნაგებობას, აგებულს მშრალი წყობითა და დუღაბით. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი განლაგებულია ვერტიკალურ სიბრტყეზე და ჩაკეტილი კომპლექსის სახით წარმოგვიდგება (ხევსურული კალოიანი სახლი, სვანური „ქორ“-ი, მთის რაჭის დუროიანი სახლი, თუშური ჩარდახიანი სახლი, მოხეური სახლი).

აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელია შეჯგუფული, უკარმიდამო დასახლება. საცხოვრის არქაული ფორმაა მიწური, რომლის განვითარების შედეგად წარმოიქმნა „დარბაზული სახლი“ - კომპლექსური ხასიათის, მიწისზედა შენობა, ერთ ჭერქვეშ, ჰორზონტალურად განლაგებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით. დარბაზი გადახურულია გუმბათისებრი, საფეხურებრივი გვირგვინით (ქართლი, მესხეთი).

დასავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელია განცალკევებული კარმიდამოები საცხოვრებელი ხის სახლით და გაფანტული სამეურნეო ნაგებობებით. დასავლურ საცხოვრებელში ვლინდება თანდათანობითი განვითარების რიგი. საცხოვრებლის პირველი არქაული სახეობაა წნული (ფაცხა) და ძელური (ჯარგვალი). საცხოვრისის ადრინდელი ფორმები განვითარებას ჰპოვებს ფიცრულ სახლში (ბოყვიანი სახლი), შემდგომ - საძირკველზე მდგომ ოთხკუთხოვან ფიცრულ ოდა სახლში.

საქართველოში ნაირსახოვანი საცხოვრებელი ნაგებობები შენდებოდა, რაც შეესაბამებოდა ქვეყნის ბუნებრივგეოგრაფიულ პირობებსა და საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების დონეს.

სამოსი

სამოსი. ქართული კულტურის უძველესსა და მნიშვნელოვან მონაპოვარს ეროვნული სამოსლის დამზადება-გამოყენება წარმოადგენს. საოჯახო მეურნეობაში ქსოვილების დამზადების ტრადიციული, შინამრეწველური წესით მზადდებოდა შალი, ბამბა, სელი, აბრეშუმი, კანაფი. ქსოვისა და ქსელვის რთულ და მრავალფეროვან ხალხურ ტექნიკას ფლობდა საქართველოს მთის ზოლის მოსახლეობა. ჰეროდოტეს ცნობით, მაშინდელ მსოფლიოში კოლხეთში წარმოებული სელის ქსოვილი, ეგვიპტურთან ერთად, საუკეთესოდ ითვლებოდა.

საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩაცმულობის სხვადასხვა ვარიანტი ყალიბდება, ხოლო მისი ძირითადი ტიპები - ქართული კაბა და ქართული ჩოხა - დაიხვეწა და თავისი საბოლოო სახე ბოლო საუკუნეებში მიიღო. ქართული ეროვნული კოსტიუმის ძირითადი მახასიათებელი ელემენტებია: ფორმის დახვეწილობა და სინატიფე, წელზე გაწყობა, ასაკთან, პირისახის, კანისა და თვალის გუგის ფერებთან სამოსლის ფერთა შეხამება, ტარების მანერა. ქართულ კაბას ესადაგება ქართული თავდახურვაც: ჩიხტი, კოპი, ლეჩაქი და ბაღდადი.

ქართველი მამაკაცის ეროვნული კოსტიუმის ძირითადი ტიპი ჩოხა-ახალუხის კომპლექსია, ვერცხლისთავიანი მასრებითა და ვერცხლისქარქაშიანი ხანჯლით გაწყობილი.

საერთო ეროვნული ჩაცმულობის გარდა, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში კოსტიუმის თავისებური ტიპები გამომუშავდა: სამოსი სხვადასხვა წოდებისა და პროფესიის ხალხისთვის - ხელოსნისათვის, გლეხისათვის, მოქალაქისა და ვაჭრისათვის, სასულიერო პირისათვის, მგზავრისათვის, მხედრისათვის, ფალავნებისათვის, გათხოვილი და გაუთხოვარი ქალისათვის, აგრეთვე - სამუშაო, საზეიმო, საქორწილო, სამგლოვიარო, სამონადირეო და სხვა ტანსაცმელი.

ქართული კოსტიუმის ძირითადი ტიპები, ისტორიულად, სამეურნეო-ყოფითი, სოციალურ-წოდებრივი და ტერიტორიულ-ეთნიკური ნიშნების მიხედვით იქმნებოდა.

ქართული ეროვნული ტანსაცმლის პარალელურად არსებობას განაგრძობდა ძველი ქართული ეთნიკური წარმომავლობის ტანსაცმელიც. მათ შორის წარმოდგენილი იყო უნიკალური, ზოგჯერ სულ მცირე მიკრორაიონში გავრცელებული სამოსი, რომელიც ძველი ქართული ჩაცმულობის საწყის ფორმებს ენათესავება. ასეთია, მაგალითად, ხევსურული „ტალავარის“ ელემენტი პერანგი, რომელიც თარგით ძველი კოლხეთისა და მცირე აზიის კულტურულ სამყაროს უკავშირდება.

დასავლეთ საქართველოში, ქართული კოსტიუმის თავისებური სახეა რაჭული ტანსაცმელი, ასევე აჭარულ-გურული და ლაზური სამოსი ჩაქურა, რომლის შემადგენელი ელემენტია ყაბალახი. საერთო ქართული ჩაცმულობისათვის დამახასიათებელი იყო ნაბადი და ცხვრის ქურქისგან შეკერილი ჩასაცმელი. ეროვნული კოსტიუმის მრავალფეროვნებას კარგად შეესაბამება თავდახურვაც: თუშური, ხევსურული, სვანური, იმერული და მეგრული ქუდი, ყაბალახი, ფაფანაკი; საზამთრო ქუდებიდან: ყალმუხის ქუდი, გალიბანდი, ბუხრის ქუდი, დაბალი ბოხოხი.

XIX საუკუნიდან ტანსაცმელის ძირითად მასალად ფაბრიკული ქსოვილების გამოყენებამ დააკნინა შინამრეწველობა და კუსტარული შინარეწვა, რამაც ზეგავლენა მოახდინა ქართული ჩაცმულობის ტრადიციულ ფორმებზე. საქართველოში ვრცელდება ევროპული მოდა. სოფლის მოსახლეობა ჩოხას რუსულ მაზარაზე ცვლის, მაღალი კლასის წარმომადგენლები - ევროპულ ფრაკებსა და კოსტიუმებზე.

სოციალური ურთიერთობები

ისტორიულად საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი პატრიარქალური ოჯახი, ერთობის სახლი, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები, დაუყოფელი 3-4 თაობა. დიდ ოჯახს განაგებდა უფროსი მამაკაცი, რომელიც სათავეში უდგა შთამომავლობას და რომლის სახელსაც ატარებდა ოჯახი. ის იყო მთელი ოჯახისათვის საერთო გეზის მიმცემი ყველა საკითხში, პასუხისმგებელი, ფლობდა ხაზინის (ქისის) შენახვის, სხვა სამუშაოებით ნაშოვნი ფულის ცენტრალიზაციისა და ხარჯვის უფლებას, ოჯახს შიგნით იყო მოსამართლე და განმსჯელი. სოფლის ყრილობაზე, სადაც სოფლისათვის საერთო საკითხებზე მსჯელობდნენ, ოჯახს წარმოადგენდა უფროსი მამაკაცი: სახლის უფროსი (ხევში), ქორა მახვში (სვანეთში), უფროსი კაცი (ქართლში) ბაბუა (რაჭაში), ბერო (ფშავსა ერწდა თუშეთში), უფროსი მამაკაცი (მთიულეთში), სახლის დიდი (აჭარაში). უხუცესი მამაკაცის ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამომხატველია საპატიო სკამ-სავარძელი - სვანური „საკურცხილ“, მთის რაჭული „საკარცხულ“, მთიულური „საუფროსო სკამი“, მოხეური „სამარტო სკამი“, როგორც ოჯახის უფროსის რიტუალური და სოციალური ყოფის გარკვეული ატრიბუტი.

ოჯახის შიდა საქმეებს, ძირითადად, სამეურნეო საკითხებს განაგებდა უხუცესი ქალი: ბებია (რაჭაში), მერბიელ (სვანეთში), უფროსი ქალი (ქართლში), ბებო (ფშავში), უფროსი დედაკაცი (მთიულეთში), ბერდედა (თუშეთში), დიასახლისი (ხევში), ზარეული (აჭარაში). მას ევალებოდა პურის ცხობა, მთელი წლის მოსავლის განაწილება-გაყიდვა, ოჯახის დანარჩენ ქალთა შორის სამუშაოს განაწილება და სხვ. ოჯახის დედასთან ინახებოდა სკივრებისა და ბეღლების გასაღებების ასხმულა - ოჯახის შიდა სამეურნეო საქმიანობის სიმბოლო. ქალი დედა ოჯახის ერთიანობის, სითბოს, სიმ-ყუდროვის გამომხატველი და ოჯახის ბურჯი იყო.

დიდი ოჯახი გვიანობამდე (XX ს-ის 30-იანი წლებამდე) შემორჩა, უპირატესად იქ, სადაც მრავალდარგოვანი მეურნეობა (მიწათმოქმედება-მესაქონლეობის სიმბიოზი) იყო, რომელიც დიდ მუშახელს მოითხოვდა (სამხრეთ საქართველო) და ნაკლებად - ისეთ რეგიონებში, სადაც ამგვარი მეურნეობისთვის ხელსაყრელი კლიმატურ-გეოგრაფიული და სამეურნეო პირობები არ არსებობდა (ხევსურეთი). ამას გარდა, დიდი ოჯახის შიგნით, არსებობდა ოჯახის ცალკეულ წევრთა კერძო (პირადი) საკუთრება, რომლის ხელყოფის უფლება სხვა წევრს არ ჰქონდა, და ოჯახის გაყრისას ის გასაყოფ ქონებაში არ შედიოდა. ასეთი იყო ქალის მზითევი, რომელიც ქალის პირად საკუთრებად რჩებოდა. ოჯახის გაყრის დროს ძმებს შორის იყოფოდა უძრავი (მიწა, ნაგებობა) და მოძრავი (საქონელი) ქონება. საოჯახო სამართლებრივ უფლებებს ექვემდებარებოდა გაყრის დროს ოჯახის ამა თუ იმ წევრისთვის საერთო წილის ზევით ქონების გარკვეული ნაწილის მიკუთვნების ფორმები: უფროსი ძმისთვის - „საუფროსო“, უმცროსი ძმისთვის - „საუმცროსო“, დაუქორწინებელი ძმისთვის - „საქორწინო“, გასათხოვარი დისთვის - „სამზითვო“, მშობლებისათვის - „სამარხო“. დიდი ოჯახის დაშლა, უპირველესად, სოციალ-ეკონომიკური განვითარების შედეგი იყო - გაძლიერდა ოჯახის წევრების ლტოლვა დამოუკიდებელი მეურნეობის შექ-მნისაკენ. როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, პირადი ქონების წყარო შეიძლება ყოფილიყო პირადი ნივთები. შემდეგ ქონება თანდათან იზრდება და ასე წარმოიშობა საოჯახო თემში ასაკოვანი მამაკაცის ცალკე საკუთრება, რომლის წარმოქმნაში დიდი როლი შეასრულა ქალის მზითევმა და მისმა მონაგებმა (სათავნო). საკუთრების წარმოშობის გვერდით მიმდინარეობდა დიდი ოჯახის დიფერენციაცია პატარა, მხოლოდ მშობლებისა და შვილებისაგან შემდგარ ოჯახებად.

წყარო

  • ეთნოსები საქართველოში
  • საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი)
  • ჩიქოვანი, ნინო. რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში:] სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ.; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 :

იხილე აგრეთვე

ქართველი ხალხის წარმოშობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები