ხეთები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეთები – ინდოევროპული წარმოშობის უძველესი ხალხი, რომელიც მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობდა. ბიბლიაში ხეთები მოიხსენიება, როგორც დიადი ხალხი, რომელთა მიწები ლიბანიდან ევფრატამდე და დიდ ზღვამდეა გადაჭიმული და როგორც ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ქანაანის ტერიტორიაზე სახლობდა ბიბლიური პატრიარქების ცხოვრებიდან სოლომონის მეფობამდე. ბიბლიაში ხეთებს „ხეთის შვილები“ ეწოდებათ, ხოლო ხეთი ქანაანის შვილი იყო.

ასურული და ბაბილონური წყაროების მიხედვით ხეთები აღმოსავლეთ ანატოლიაში დაახლ. ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში დასახლდნენ, ხოლო მათი სახელწოდება ამ ტერიტორიაზე უფრო ადრე მცხოვრები ტომებისაგან, ხათებისაგან მოდის. ძვ.წ. 1800 წელს ხეთები გაერთიანდნენ და ერთიანი სამეფო შექმნეს და დაახლ. ძვ.წ. 1600 წელს მეფე ხათუსილ I-ის მმართველობისას ანატოლიისა და ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიებს დაეუფლნენ. ხათუსილ I-ის შემცვლელმა, მურსილის I-მა დაარსა ხეთების სამეფოს ახალი დედაქალაქი, ხათუსა.

მურსილის I-მა ილაშქრა მესოპოტამიაში და შეუტია ბაბილონს, რითაც დააჩქარა პირველი ბაბილონური დინასტიის დაცემა. თავის სიძლიერის ხანა ხეთების იმპერიას მეფე სუფილულიუმა I-ის მმართველობისას ჰქონდა (დაახლ. ძვ.წ. 1380-1350 წ.), რომელმაც იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, მითანი, თავის ვასალად აქცია, დაიპყრო მესოპოტამიის ნაწილი და სირია ლიბანამდე (ფინიკია). სუფილულიუმას მემკვიდრის, მურსილის II–ის მმართველობისას კი ხეთებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს მცირე აზია.

ხეთების ყველაზე დაუძინებელი და ძლიერი მტერი ეგვიპტე იყო, რომელთან ბრძოლა ხეთებს სირიის დაპყრობის, შემდეგ მოუწიათ. ხეთებისა და ეგვიპტელებს ომები ძვ.წ. 1280 წელს, ქადეშთან სასტიკი ბრძოლის შემდეგ დასრულდა და საზავო ხელშეკრულება დაიდო. აქედან, დაახლოებით 80 წელიწადში ხეთების იმპერია დაეცა, რადგან დასავლეთიდან ძლიერმა მტრებმა შემოუტიეს, „ზღვის ხალხებმა“.

დაახლოებით ასი წლის შემდეგ, რაც ხეთების იმპერია განადგურდა, მის ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული ახალხეთური სამეფო წარმოიშვა. ახალხეთური სამეფო ბევრად უფრო მცირე სახელმწიფო იყო ხეთების იმპერიასთან შედარებით და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს და სირიის ჩრდილოეთ მხარეს მოიცავდა. ძვ.წ. X საუკუნის მეორე ნახევრიდან ახალხეთური სამეფოს უმეტესი ნაწილი არამელებმა ჩაიგდეს ხელთ.

მცირე აზიაში თითო-ოროლა მცირე ხეთური სახელმწიფო იყო შემორჩენილი, რომლებთანაც ისრაელის სამეფოს მეფე სოლომონის დროს გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა. სოლომონს რამდენიმე ხეთი ცოლიც ჰყავდა. ძვ.წ. IX საუკუნეში უკვე დასუსტებული ხეთების სამეფოს სამხედრო ძალა მაინც შიშის ზარს სცემდა სირიელთა ძლიერ სახელმწიფოს, ეს ბიბლიური ისტორიიდან ჩანს, სადაც არამელთა არმიას, რომელიც ისრაელს ებრძვის უბრალოდ ებრაელების მაშველი ხეთების რაზმის გამოჩენის შეეშინდება და უკან დაიხევს. ძვ.წ. VIII საუკუნეში ხეთების სამეფოები ასურელებმა დაიპყრეს (ძვ.წ. 720 წელს ხამათი, ძვ.წ. 717 წელს ქარხემიში).

საინტერესოა, რომ ასურულ და ბაბილონურ დოკუმენტებში მთელი სირია და ერეც-ისრაელი (პალესტინის ნაწილი) მოხსენიებულია, როგორც ხეთების ქვეყანა, ხოლო ასურეთის მეფე სარგონ II ძველ ასურულ დოკუმეტში ფილისტიმელთა ქალაქის, აშდოდის მცხოვრებლებს „ურწმუნო ხეთებს“ უწოდებს. ბაბილონურ ქრონიკაში მეფე ნაბუქოდონოსორის იერუსალიმზე ლაშქრობის შესახებ წერია, რომ მეფე ხეთების ქვეყნის მიწაზე წავიდა. ამ ცნობებზე და კიდევ სხვა ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაჩნდა აზრი, რომ იერუსალიმის მოსახლეობის ნაწილს ხეთები შეადგენდნენ.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები