დარბაზული სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

დარბაზული სახლი – დარბაზი, ერდოიან-გვირგვინიანი ხალხური საცხოვრებელი სახლი. ცნობილია მისი ორი სახეობა: ერთთვალიანი (დიდი ზომის, წინ დერეფნით), რომელიც გავრცელებული იყო ქართლ-კახეთში და კომპლექსური, გავრცელებული სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთში, სადაც ყველა საცხოვრებელი სამეურნეო სათავსი (დარბაზი, ოდა, ბოსელი, საბძელი, სათონე, ბეღელი, მარანი და სხვ.) ჰორიზონტალურად ერთ ჭერქვეშ იყო განლაგებული. ქსნის ხეობაში დარბაზული სახლის ტიპის საცხოვრებელს „ერთობის სახლი” ეწოდება, ფშავში – „მოქცეული სახლი”.

ობოლაშვილების/მაისურაძეების გვირგვინიანი დარბაზი, სამცხე-ჯავახეთი, სოფ. უდე

დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვა იყო, რომელიც ხის მრავალსაფეხურიან გუმბათს წარმოადგენდა და საშუქე და ბოლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა. დარბაზული სახლის შუაში კერა იყო გამართული, მის თავზე კი – აყარი (მოგვიანებით, სამხრეთ რაიონებში კერა კედლის ბუხარმა შეცვალა). ქართლ-კახეთში გავრცელებული დარბაზული სახლი შინაგანი სივრცის სტრუქტურისათვის დამახასიათებელი იყო სიღრმეში წაგრძელებული გეგმა (შუა კერა, ორ-, სამ- ან ოთხჩუქურთმიანი ხის ბოძი, ზუსტად საცხოვრებლის შუა ნაწილში აღმართული წალოები, განჯინები, თაროები და ქილები); სამცხე-ჯავახეთის დარბაზულ სახლს კი – კვადრატული გეგმა (8-დან 12-მდე კედლისპირა ხისავე ბოძი, მთელ საცხოვრებელ ფართობზე გადაჭიმული გვირგვინი და მდიდრულად მოჩუქურთმებული ბუხარი).

დარბაზული სახლის ინტერიერის ხუროთმოძღვრული მხატვრული თავისებურების მთავარი კომპონენტია შინაგანი სივრცის მდიდრული, პლასტიკური სტრუქტურა, კოჭების (ნიყურების) პარალელური ან კუთხური წყობით ნაგები საფეხუროვანი გვირგვინი, ორიგინალური ბოძ-ბალავარი, მდიდრულად მოჩუქურთმებული დედაბოძი და ბალიში. ხალხური გადმოცემით, ძველად დედაბოძად ცოცხალ, ფესვებიან ხეს იყენებდნენ. კონსტრუქციული თავისებურების გამო ამგვარი ერდოიან-გვირგვინიანი ნაგებობა კარგად უძლებდა სეისმურ მოვლენებს.

საქართველოს გარდა დარბაზული სახლი ფართოდ იყო გავრცელებული სომხეთსა და აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ფერეიდანში, ავღანეთსა და ინდოეთში. გვირგვინული გადახურვა (ხე, ქვა) გავრცელებული იყო ძველ სამყაროში, კორეადან ეგეოსის ზღვის ნაპირებამდე, მაგრამ ისეთი მრავალნაირი და მხატვრულად დამუშავებული გვირგვინი, როგორც საქართველოში იყო, არსად ჰქონიათ. ვარაუდობენ, რომ გვირგვინი უნდა ჰქონოდა აგრეთვე ეგეოსურ (ძველბერძნულ) ერდოიან, მიწურიან, დერეფნიან საცხოვრებელს – მეგარონს. საქართველოში დარბაზული სახლის უძველეს ტრადიციაზე მიუთითებს ურბნისის (ქვაცხელების) არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი ფორმის ერდოიან-ბანიანი მეგარონი; დარბაზული სახლთა ნაშთების სიმრავლე ქართლის რაიონებში, მარტივი სახის ქვის გვიგვინების გამოყენება მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლებში. დარბაზული სახლი იყო ხალხური საფუძველი, რომლიდანაც განვითარდა ქართული ცენტრალურგუმბათოვანი ტაძრის სტრუქტურა. XIX საუკუნის შუა წლებში დარბაზული სახლი ბანიან-ბუხრიან-სარკმლიანი და სხვენიან-აივნიან-ფანჯრიანი სახლით შეიცვალა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები