ათონის ივერთა მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ივერიის მონასტერი ათონის მთაზე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივერიის მონასტერი ათონის მთაზე

ივერიის მონასტერი ათონის მთაზე - ათონის ქართველთა მონასტერი, „ივირონი“, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი ათონზე, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. თანამედროვე ეტაპზე ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი ათონის ბერძნნულ მონასტერთა შორის – დიდი ლავრისა და ვატოპედის შემდეგ იგი მესამეა თავისი მნიშვნელობით. დაარსებულია 980-983 წლებში წმ. იოანე მთაწმინდისა და ღირსი მამა იოანე-თორნიკეს (ჩორჩანელი//ჩორდვანელი) მიერ. 1015 წლამდე ივერთა მონასტერი იწოდებოდა კლიმენტის ლავრად (Λαυρα του Κλπμπ), შემდეგ კი ეფთვიმეს მონასტრად ან ლავრად (Λαυρα Του κυρ Ευθυμιου), ხოლო 1020 წლიდან – ივერიის ლავრად (Λαυρα του ΙΒπρος), ე. ი. წმ. იოანე მთაწმინდის სახელით იყო ცნობილი და იწოდებოდა ქართველთა, ივერთა მონასტრად (μονπ των ΙΒπρων). შემდეგში ეს სახელწოდება შემოკლდა და დარჩა ივირონი.

ათონის ქართველთა მონასტერი მდებარეობს ა(გ)იონ-ოროსის, იგივე ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მცირედ ამაღლებულ ადგილზე, სადაც ადრე განლაგებული იყო ანტიკური ქალაქი კლეონი პოსეიდონისადმი მიძღვნილი საკულტო ნაგებობით. გადმოცემით, აქ გადმოვიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე ღვთისმეტყველთან ერთად, როდესაც მათი ხომალდი ქარიშხალმა ათონის ნაპირებთან გამორიყა. ამ ქალაქის მცხოვრებნი გაქრისტიანდნენ იერუსალიმიდან მოსული ეპისკოპოსის, კლიმენტის, მიერ III-IV საუკუნეების მიჯნაზე. ამიტომ ნავსადგურმა და ამ ადგილზე წარმოქმნილმა სადგომმა მისი სახელი დაიმკვიდრა. ტაძარი კი წმ. იოანე წინასწარმეტყველის სახელზე აიგო. მასში დასვენებული იყო წმ. პეტრე ათონელის ნაწილები.

სარჩევი

ისტორიული წყაროები

პირველწყაროებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ივერთა და ათონის სხვა მონასტერთა ისტორიის შესასწავლად, არამედ საქართული და ბიზანტიური ისტორიის, ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების, შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური სამყაროს სამონასტრო ცხოვრებისა და წესდებების შესასწავლად, ივერთა მონასტრის ისტორიის და განსაკუთრებით კი მისი ადრეული პერიოდის საკვლევად; უმნიშვნელოვანეს პირველწყაროებად მიჩნეულია ქართული და ბერძნული ჰაგიოგრაფიული ძეგლები: ქართული – წმ. გიორგი მთაწმინდის თხზულება „ცხორებამ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთვიმესი“ (შექმნილი 1042-1044 წწ.) და წმ. გიორგი მთაწმიდლის მოწაფის, გიორგი მცირის, თხზულება – „ცხორებად და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ (გიორგი შეყენებულის დაკვეთით დაწერილი 1066-1068 წწ.). აგრეთვე XVIII ს-ში უცნობი ავტორის მიერ შედგენილი ბერძნული მონათხრობი ქართულ წყაროებზე დაყრდნობით (ეფთვიმე, იოანე და გიორგი ივერიელების შესახებ), რომელიც მოღწეულია XVIII საუკუნის I ნახევრისის ორი ხელნაწერით.

ათონის ქართველთა მონასტერის ისტორიისათვის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სავანის საცავებში დაცული ძველი ბერძნული აქტების კრებული, ბიზანტიის იმპერატორების – კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (946 და 957/8), რომანოზ II-ის (960), ბასილი II ბულგართმმუსვრელის (979/980), XI ს. იმპერატორებისა და სხვ. დადგენილებები, აგრეთვე კონსტანტინოპოლელი პატრიარქების, ბიზანტიელ სასულიერო და საერო მოღვაწეთა დოკუმენტები, კერძოდ, იოანე ხალდის (995), თეოდორე დალასინის (1063), სერის მიტროპოლიტის, სტეფანეს (1071), ეზევის ეპისკოპოსის, თეოდორეს (1085), ანკვირის მიტროპოლიტის, ვავილასის (1300), აგრეთვე სუმბატ ბაკურიანისა (1090) და მისი მეუღლის, მონაზონ მარიამის (1098), სევასტოს იოანე კომნენოსის (იმპერატორი იოანე II) პრაქტიკონები (1103), სევასტოს დიმიტრი აპელმენეს (1301) და სხვათა მიერ გაცემული დოკუმენტები. მათი უმრავლესობა დედნის სახითაა შემონახული. ათონზე პირველმა იმოგზაურა (1744) და ივირონის არქივებს გაეცნო ვ. გ. გრიგოროვიჩ-ბარსკი. XIX ს-ში ეპისკოპოსმა პორფირიმ (უსპენსკი], ი. მიულერმა, შ. ვ. ლანგლუამ, ზ. ცახარიე ფონ ლინგენტალმა, მიტროპოლიტმა ევლოგიმ (კურილასი), აგრეთვე სხვებმა შეისწავლეს და გამოსცეს ივირონისა და ათონის სხვა მონასტრების აქტები.

XX საუკუნეში ათონის ქართველთა მონასტერის არქივების ფოტომასალის მომზადება უზრუნველყვეს კ. ხრისოდიოსმა (ნაციონალური კვლევების ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის ცენტრი ათონზე) და ფ. ი. დელგერმა. მეცნიერული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ათონის ქართველთა მონასტერიის აქტების პარიზული გამოცემის ოთხტომეული, რომელიც მოამზადეს ფრანგმა ბიზანტინოლოგებმა ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით, რომელსაც თან ერთვის ცნობილი ფრანგი ბიზანტინისტის, ჟაკ ლეფორის, ნარკვევი. 2008 წ. თბილისში გამოიცა ივირონის აქტების ქართლიუ თარგმანის ოთხტომეული.

ათონის ქართველთა მონასტერის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია შემონახული „ათონის ივერიის მონასტრის სააღაპე წიგნში“, რომელშიც X ს-იდან XVII ს-მდე კალენდარული წლის მიხედვით განლაგებული 167 მოსახსენებელია შეტანილი, X-XVIII სს. ათონური კოლექციის ხელნაწერთა კოლოფონებში დაცულ ქრონოლოგიურ და პროსოპოგრაფიულ ცნობებსა და მონასტერთან დაკავშირებულ სხვა ხელნაწერთა მასალებში.

ათონის ქართველთა მონასტერის X-XI სს. და ცოტა უფრო გვიანდელი ისტორიის შესახებ ცნობები შემონახულია ათონის სხვა მონასტრების დოკუმენტებში, კერძოდ, წმ. ათანასე ათონელთან დაკავშირებულ მასალებში, აგრეთვე რამდენიმე ბიზანტიურ და ქართულ ქრონიკაში („ქართლის ცხოვრება“, იოანე სკილიცას „ქრონოგრაფია“ და სხვ.).

1511-1674 წწ. თარიღდება ბერძნულად დაწერილი თხზულება „თხრობა ივერთა უმშვენიერესი მონასტრის შესახებ. იგი ყველა მონაზონმა აუცილებლად უნდა იცოდეს“, ქრონიკა, რომელიც XVIII საუკუნეში ქართულად ითარგმნა და შეივსო, მის პირველ ნაწილში, რომლის ავტორი მითითებულია ვინმე მღვდელმონაზონი თევდოსი (აკად. კ. კეკელიძის აზრით, შესაძლოა, ქართველი), მოკლედაა აღწერილი ივირონის მონასტრის მოვლენები 1259-1264 წწ. პირველ პირში მოთხრობილი მეორე ნაწილი დაწერილია კონსტანტინოპოლიდან გამოსული ბერძენი იერემიას მიერ და 1592-1626 წწ. ამბებს ასახავს; მესამე ნაწილის ავტორიც ბერძენია და აღწერს 1659-1674 წლების ამბებს. XIX ს. ბოლოს ეს „ქრონიკა“ გამოაქვეყნა ბერძენმა ისტორიკოსმა მ. გედეონმა 1947-1955 წწ. იგი შეისწავლა და გამოსცა კ. კეკელიძემ, რომელმაც ამის საფუძველზე შეადგინა ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვართა სია XVII საუკუნემდე.

XVIII-XIX სს. წყაროებს ძირითადად სამოგზაურო შენიშვნები, მოგზაურთა და მკვლევართა ცნობები წარმოადგენს. მათ შორის არიან: ვ. გრიგოროვიჩ-ბარსკი, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი), მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი). 1845 წ. ა.ქ.მ-ში იმყოფებოდა და აღწერა არქიმანდრიტმა პორფირიმ (უსპენსკი), XIX ს. ბოლოს – დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა (1905 წლიდან – ალავერდელი ეპისკოპოსი).

მონასტრის ისტორია ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე

პირველი ქართული კოლონია ათონზე და მონასტრის დაარსება

ეპისკოპოსი პორფირი [უსპენსკი] ათონურ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით უთითებს, რომ 787 წ. შემდეგ ქართველებმა წმ. კლიმენტის სავანესთან ახლოს ათონის მთაზე დააარსეს ქართული მონასტერი ათო (Αθω), რომლის სიახლოვეს ცხოვრობდა განდეგილი ბერი გაბრიელ ქართველი. მოგვიანებით აქ დაარსდა წმ. იოანე ნათლისმცემლის ივერთა სავანე, ბიზანტიის იმპერატორ ხატთმებრძოლ თეოფილეს (829-842) მეფობის დასაწყისში ათონზე ბერად აღიკვეცა ერთი ახალგაზრდა, რომლის დედამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხატთმებრძოლთაგან შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით, ხატი ყველასაგან მალულად ქ. ნიკეასთან ახლოს ზღვაში შეუშვა. სწორედ ამ მოვლენის ამსახველი ამბავი დაედო საფუძვლად ივირონის მონასტრის უმთავრეს სიწმინდეს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, პორტაიტისას. ჩვენამდე შემონახულია 943 წ. დოკუმენტი „ათონელთა და იერისელთა შორის მიწების განაწილების შესახებ ათონის ნახევარკუნძულზე“, რომელიც ათონის წინამძღვარ იოანეს მიერ არის ხელმოწერილი.

ათონის ქართველთა მონასტერის დაარსება ორი ქართველი მხედართმთავრის სახელს უკავშირდება, ისინი ტაო-კლარჯეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული ერისთავები – იოანე (წმ. იოანე მთაწმინდელი) და თორნიკე (იოანე-თორნიკე) არიან. იოანე X საუკუნის 60-იან წწ. ბერად აღიკვეცა და იმიერტაოში, ოთხთა ეკლესიაში დამკვიდრდა. იგი გაურბოდა ნაცნობ გარემოს, ოჯახს, თავს არიდებდა ამა სოფლის ინტერესებს, კაცთა ყოფისათვის დამახასიათებელ შფოთს და ეძიებდა მარტოობას. მას ერისკაცობაშივე მძაფრად წაეკიდა „ცეცხლი იგი ქრისტეჲს სიყუარულისაჲ... ყოველი დიდებაჲ ამის სოფლისაჲ შეურაცხყო და ნაგევად შეჰრაცხა და მონაგებნი და სიმდიდრე და განსუენებაჲ, მეუღლე და შვილნი და ნათესავნი... სიტყჳსაებრ უფლისა და აღიღო ჯუარი მჴართა თჳსთა ზედა და ფარულად ყოველთაგან სივლტოლაჲ იჴუმია და იჯმნა ყოველთაგან და მხოლოჲ ლავრასა დიდებულსა ოთხთა ეკლესიათასა შევიდა“. სულიერი სიმშვიდე მაინც ვერ მოიპოვა, ვინაიდან ბერმონაზონთათვის მალე გაცხადდა მისი ვინაობა, ხოლო ადგილსამყოფელი – საერო პირთათვის, მან სახელი გაითქვა, როგორც ასკეტმა და განდეგილმა ბერმა, მასთან სიარული დაიწყო ხალხმა. წმ. იოანემ კურთხევა მიიღო თავის ხელდამსხმელთაგან, მამა მოსესა და მამა გელასისაგან, და განმარტოების მაძიებელი იოანე, ბითვინიის ოლიმპზე მდებარე ულუმბოს მონასტერში გადავიდა, სადაც ერთხანს თავის არისტოკრატიულ ჩამომავლობას მალავდა და შავ სამუშაოს ასრულებდა; სამშობლოს მოშორებულმა ბერმა „მონასტერსა ერთსა შინა“ დაივანა და სულიერ სიმშვიდეს მიაღწია. სულიერი სიმშვიდის ძიების გზაზე მყოფმა „ჟამთა არამცირედთა ჯორთა მსახურებისა ღუაწლი ახოვნად თავს-იდვა“, სიმდაბლით აღასრულებდა შეურაცხ და უნდო მსახურებას, მაგრამ ოლიმპზე მისი ამგვარი სულიერად ნეტარი ყოფნა დროებითი აღმოჩნდა, რადგან მან შეიტყო თავისი მცირეწლოვანი ვაჟის, ეფთვიმეს, კონსტანტინოპოლში მძევლად წაყვანის ამბავი. იმხანად ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ II-მ დავით კურაპალატს დაუთმო „ზემონი ქუეყანანი“, სანაცვლოდ მისგან უფლისწულები და დიდგვაროვან აზნაურთა შვილები წაიყვანა მძევლად, როგორც გარანტი ბიზანტიის იმპერიისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოს კავშირისა. პაპამ, იოანეს სიმამრმა აბუჰარბმა და მისმა ცოლისძმებმა ეფთვიმე იმპერატორს მიჰგვარეს. როგორც კი გაიგო იოანემ სიმამრისა და ცოლისძმებისაგან მცირეწლოვანი შვილის მძევლად წაყვანის ამბავი, იძულებული გახდა კონსტანტინოპოლს გამგზავრებულიყო, ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ II-ს ხლებოდა, საკუთარი თავი გაემჟღავნებინა და შვილის ინტერესი დაეცვა. მან მკაცრად უსაყვედურა სიმამრს, რომელსაც „არა ენება მოცემაჲ მისი, და ფრიად აბრალა მას იოვანე, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა, და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმა შეგინდვენ თქუენ!“ წმ. იოანემ შვილი ბითვინიის ოლიმპზე (ულუმბო) წაიყვანა, ხოლო სიმამრს ცოდვა დიდსულოვნად შეუნდო: „გარნა უფალმა შეგინდვენ თქუენ!“. წმ. იოანე ბითვინიიდან ათონზე გადავიდა, სადაც 963 წ. ათონის მონასტერი, დიდი ლავრა დააარსა წმ. ათანასე ათონელმა, რომლის დედა კოლხეთიდან იყო.

წყაროთა მონაცემების მიხედვით, წმ. იოანეს ათონზე გადასვლას 963-969 წწ.-ით ათარიღებენ (უმრავლესობა 965 წ. ვარაუდობს), რადგან სწორედ ამ წლებში უნდა სწვეოდა ათონს ბიზანტ. იმპ. ნიკიფორე II ფოკა (963-969). წმ. იოანე და მისი თანმხლები ქართველები ერთხანს დიდ ლავრაში (ათანასეს ლავრა) მოღვაწეობდნენ, მაგრამ ბოლომდე აქ არ დარჩენილან. წმ. იოანემ 969 წ. შემდეგ ბიზანტ. იმპ. იოანე I ციმისხისაგან (969-976) მიიღო ოქრობეჭედი, რომლის მიხედვით, კ. ლემნოსიდან წლიური შემოსავალი – 244 ნომიზმა – გადაეცემოდა დიდ ლავრას.

X საუკუნის 70-იან წწ. ნათესავის მაგალითს მიჰბაძა თორნიკე ერისთავმა და იოანეს სახელით ოშკის მონასტერში ბერად აღიკვეცა. იოანე-თორნიკემ, ქართველი დიდებულის – ჩორჩანელი/ ჩორდვანელის – შთამომავალმა, იოანეს მეუღლის ნათესავმა, თავდაპირველად ოლიმპოს (ულუმბო) მთაზე მოიკითხა წმ. იოანე, ხოლო შემდეგ, რაკი იქ ვერ პოვა, გაიგო მისი ადგილსამყოფელი, ათონის მთას მიაშურა. დიდ ლავრაში მას სიხარულით შეხვდნენ. აქ უკვე ყალიბდებოდა ქართველ ბერმონაზონთა კრებული. წმ. ათანასეს რჩევით დიდი ლავრიდან 1.5 კმ დაშორებით აშენდა წმ. იოანე წინასწარმეტყველის ქართული ტაძარი და სენაკები, სახელწოდებით – „იოანე ქართველის კელიები“. წმ. ათანასე დიდის მიერ შედგენილ ლავრის წესდებაში (973-975) მითითებულია, რომ ქართველთა სენაკი 8-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, რაც ბერმონაზონთა რაოდენობასაც ზღუდავდა და განსაზღვრავდა: ისინი მხოლოდ რვანი უნდა ყოფილიყვნენ. კელიების მკვიდრნი დიდი ლავრის წინამძღვარს ექვემდებარებოდნენ, კელიების ყიდვა-გაყიდვა ან გაქირავება არ შეიძლებოდა.

ამავე პერიოდს უკავშირდება წმ. იოანეს ძის, წმ. ეფთვიმე მთაწმინდის, შემოქმედებითი მოღვაწეობის დაწყებაც; მან ბერძნულიდან ქართულად თარგმნა კანონიკური, ჰაგიოგრაფიული, დოგმატიკური, აპოკრიფული და სხვა საღვთისმეტყველო ჟანრის ლიტიტერატურა. ხელნაწერ Ath. Iver. georg. 16-ის კოლოფონში ჩამოთვლილია წმ. მამათა სახელები: იოანე, იოანე-თორნიკე, ეფთვიმე, აგრეთვე არსენი, თეოდორე, გიორგი და საბა (ხელნაწერის გადამწერი). 979 წ. ქართველ ბერმონაზონთა შორის იყო ილარიონი, რომელიც შემდგომში სამეურნეო მმართველი გამხდარა. მიიჩნევენ, რომ მან, ხსენებულ მამებთან ერთად – მათ ათონზე პირველი რვაკაციანი ჯგუფი შეადგინეს – დააარსა წმ. იოანე მახარებლის (ღვთისმეტყველის) სენაკები, სადაც ქართველი ბერმონაზვნები დამკვიდრდნენ.

ივერთა მონასტრის დაარსებაზე გავლენა იქონია 976 წ. ბიზანტიის იმპერიაში მცირეწლოვან იმპერატორთა, ბასილი II ბულგართმმუსვრელისა და კონსტანტინე VIII-ის, გამეფებისას განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა. აღმოსავლეთ ბიზანტიის ჯარების სარდალმა, ბარდა სკლიაროსმა, თავი ბიზანტიის იმპერატორად გამოაცხადა, აჯანყდა და 978 წ. ანატოლია დაიკავა, მან ქ. ამორიონის მახლობლად პანკალიის ომში 978 წ. 18 ივნისს დაამარცხა ბიზანტიელთა ჯარი ბარდა ფოკას მეთაურობით.

მცირეწლოვანმა იმპერატორებმა და მათმა დედამ, დედოფალმა თეოფანიამ, დახმარებისათვის მიმართეს ტაო-კლარჯეთის მეფეს, დავით III კურაპალატს, მაგრამ, რადგან საქართველოში მოციქულის გაგზავნის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, გადაწყვიტა ათონელ ქართველ ბერმონაზონთა დახმარებით ესარგებლა და ემოქმედა. 978 წ. ზაფხულში ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი წარჩინებული დიდგვაროვანი ფეოდალი სევასტოფორი ავიდა ათონზე დიდ ლავრაში და გადასცა წმ. ათანასეს, წმ. იოანესა და ღირსი მამა იოანე-თორნიკესათვის განკუთვნილი, იმპერატორთა მიერ გაგზავნილი სამი წერილი. იოანე-თორნიკეს კონსტანტინოპოლში მისვლას სთხოვდნენ, რაზედაც ბერმა უარი განაცხადა. ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ წმ. მამები – წმ. ათანასე და წმ. იოანე – იოანე-თორნიკეს დარწმუნებას დედოფლის თხოვნის შესრულების აუცილებლობაში, რასაც ბოლოს მიაღწიეს და იოანე-თორნიკეც იმპერატორთა წინაშე წარდგა.

კონსტანტინოპოლში იოანე-თორნიკეს დაავალეს, ქართველთა მეფე დავით III-სთან წაეღო იმპერატორებისა და დედოფლის წერილი, რომლის მიღების შემდეგ ქართველთა მეფემ ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩასახშობად თორმეტათასიანი ცხენოსანი ჯარი გაგზავნა, რომელსაც სათავეში იოანე-თორნიკე და სარდალი ჯოჯიკი ჩაუყენა.

ბიზანტიის იმპერატორები გამარჯვების შემთხვევაში ქართველთა მეფე დავით III-ს აღუთქვამდნენ „ზემოთა ქუეყანათა“, ე. ი. იმიერ-ტაოს, პირად მფლობელობაში გადაცემას მეფის სიცოცხლეშივე, ხოლო იოანე-თორნიკეს ომის შედეგად მოპოვებული მთელი ალაფი აღუთქვეს.

979 წ. 24 მარტს პანკალიასთან მეორე ომისას აჯანყებული სარდალი დამარცხდა. ქართველთა მეფე დავითმა მიიღო შეპირებული მიწები და კურაპალატის წოდება (ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მას ეს ტიტული გამეფების დროიდან, ე. ი. 966 წლიდან ჰქონდა), ხოლო იოანე-თორნიკემ – ნადავლი, რომლის ერთი ნაწილი გადასცა მეფეს და ჯარს დაურიგა, მეორე ნაწილი ქართული მონასტრის დაარსებისა და კეთილმოწყობისათვის გამოიყენა.

იოანე-თორნიკე ათონზე ავიდა ქართველთა ჯგუფთან - ერთად, რომელსაც სურდა ათონის წმ. მიწაზე დამკვიდრება. სწორედ მაშინ გაჩნდა ცალკე, დამოუკიდებელი მონასტრის დაარსების აუცილებლობა. ცხადია, ამისთვის ქართველთა მეფე დავით III-მ ბიზანტიის იმპერატორის წინაშე იშუამდგომლა; თავად დავითმა რამდენიმე მონასტერი ააშენა ტაოში: ოშკი, ხახული, ოთხთა, პარხალი.

იოანე-თორნიკემ ბარდა სკლიაროსზე გამარჯვებისათვის მიიღო 1,2 ათას ლიტრაზე მეტი ოქრო, რომელიც მთლიანად მოხმარდა ქართული მონასტრის აშენებასა და მაკედონიაში მონასტრის კუთვნილი მამულების („დომენები“) შეძენა-ათვისებას.

ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II ბულგართმმუსვრელის (979/980) ოქრობეჭდის თანახმად (დაკარგულია, ფრაგმენტები ჩართულია მოსამართლე ლეონის მიერ 1059 ან 1074 წ. ივირონის აქტებში), იოანე-თორნიკემ მანამდე ქართველთა ხელში არსებული მონასტრები: ივერთა – კონსტანტინოპოლში და წმ. ფოკასი – ტრაპეზუნდში გაცვალა წმ. ლეონტის მონასტერზე თესალონიკეში, იოანე კოლოვოსისა – ქ. იერისში და წმ. კლიმენტისაზე – ათონზე, რაც შეადგენდა 80 ათას მოდამდე ფართობს.

მონასტრისათვის უხვი შესაწირავი გაიღო ქართველთა მეფე დავით III-მ. ამრიგად, ივერთა მონასტრის დაარსებისას მისი მიწები აღემატებოდა დიდი ლავრის სამფლობელოს მისი აყვავების პერიოდშიც კი – XI ს. შუა წლებში.

წმ. მამები, იოანე მთაწმინდელი და იოანე-თორნიკე, ათონზე თავიანთი უფლებების განსამტკიცებლად და ათონელთა შორის ადგილის მოსაპოვებლად ათონის სხვა მონასტრებს უხვ, მნიშვნელოვან შესაწირავს უძღვნიდნენ. ასე მაგალითად, იმპ. ბასილი II-ისაგან ბოძებული კუნძული ნეონი (ამჟამად აიოს-ევსტრატიოსი), რომლის შემოსავალი წელიწადში 14-იდან 20 000-მდე ლიტრ ოქროს შეადგენდა, აგრეთვე მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვარპატიოსნის ნაწილი, ძვირფასი საღვთისმსახურო ჭურჭელი, ხატები, საღვთისმსახურო წიგნები, შესამოსელი და სხვ. გადასცეს დიდ ლავრას ქართვ. ძმების თანადგომისათვის. შეწირულობა არ შემცირებულა წმ. მამათა გარდაცვალების შემდეგაც, რაც ათავისუფლებდა ათონის ქართველთა მონასტერის ძმობას სხვა მონასტრების წინაშე პასუხისმგებლობისაგან. 979-980 წწ. ათონის ქართველთა მონასტერი კარეაში მონაზონთათვის დასარიგებლად ათონის პროტატს გადასცა 14 ლიტრა ოქრო, 982-983 წწ. – ამდენივე, 984-985 წწ. - 28 ლიტრა. ამათგან ერთი ლიტრა ოქრო შესწირეს კარეაში პროტატს ტაძრის საკურთხებლად. თავის მხრივ, ათონელებმა საგარანტიო აქტით დაამტკიცეს, რომ პრეტენზია არ ექნებოდათ მდ. სტრიმონისა და ერისის ველის მიდამოებში მდებარე წმ. იოანე კოლოვოსის მონასტრისა და მისადმი დაქვემდებარებულ ლეონტიასა და პოლიგირის მონასტრების მიმართ, რომლებიც ათონის მონასტრებს შორის დიდი ხნის განმავლობაში უთანხმოებისა და წინააღმდეგობის საგანი იყო.

ათონის ქართველთა მონასტრის მშენებლობის პირველი ეტაპი

წმ. ეფთვიმეს წინამძღვრობა

980 წ. ქართველებმა საბოლოოდ დატოვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის კელია და ათო (Αθω), გადავიდნენ კლიმენტის მონასტერში და იქ დამკვიდრდნენ, რომელსაც იმ მომენტში ჰქონდა მცირე სავანე ტაძრითურთ, რამდენიმე ნაგებობა და მცირე რაოდენობის სამეურნეო მიწა. მცირეწყლიანობის გამო მოხერხებული მეურნეობის გამართვა ჭირდა, თუმცა ჩრდ-ის მხრიდან მთები იცავდა, რაც მინდვრების დამუშავების საშუალებას იძლეოდა.

მონასტრის მკვიდრთა შორის ფუნქციები წესდების მიხედვით გადანაწილდა: ძმობის იღუმენად და სულიერ მამად არჩეულ იქნა წმ. იოანე მთაწმინდელი (979/980-1005 წწ.); ღირსი მამა,იოანე-თორნიკე იკონომოსი იყო (მოგვიანებით ეს თანამდებობა მისმა ძმისწულმა, წმ. გიორგი მაშენებელმა, დაიკავა); წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. წმ. ათანასე ძველებურად მზრუნველობდა ქართველ ბერმონაზვნებზე, უდიდესი პატივისცემით, და ნდობით ეკიდებოდა მათ. გარდაცვალების წინ მან მოისურვა, რომ სამი წლით წმ. ეფთვიმეს დაეკავებინა დიდი ლავრის ეპიტროპოსის თანამდებობა, რომელზედაც ივირონის მონასტრის წინამძღვრობიდან გადადგომის შემდეგაც იმყოფებოდა.

წერილობითი წყაროების ცნობებისა და არქეოლოგიური კვლევების მიხედვით, რომელიც პ. მილონასის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მშენებლობის პირველ ეტაპზე მონასტერში აღიმართა კათოლიკონი (XI ს. შუა წლებამდე), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი ნართექსით (980-983). ეს უკანასკნელი მიჩნეულია ათონის უძველეს სიწმინდეთა ნიმუშად. 1005 წ. წმ. ეფთვიმემ წმ. იოანე მთაწმინდლის ნაწილების დასაკრძალავად ათოის ქართველთა მონასტერს ჩრდილოეთიით მიუშენა მთავარანგელოზთა ეკვდერი. 1014-1029 წწ. ივირონის მონასტრის კათოლიკონს კიდევ გაუკეთდა მინაშენები. 1045-1056 წწ. ტაძრის სახურავი დაიფარა ტყვიის ფირფიტებით, რომლებიც წმ. გიორგი მთაწმინდლის თხოვნით კონსტანტინე IX მონომახმა გამოყო იმპერიის სახელმწიფო ხაზინიდან. ამავე პერიოდში, როგორც ჩანს, მიშენებულია გარეთა ნართექსი. XI ს. შუა წლებამდე ტაძრის იატაკი მოზაიკით დაიფარა (შემონახულია ფრაგმენტულად).

როგორც ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი) მიუთითებს, მონასტრის მშენებლები იყვნენ არა მხოლოდ წმ. მამები, იოანე მთაწმინდელი და იოანე-თორნიკე, არამედ აგრეთვე „ვინმე ქართველი ვარაზვაჩე“, რომელსაც ა. ნატროევი აიგივებს იოანე-თორნიკეს ძმასთან, იოანე ვარაზ-ვაჩესთან (ჩორდ ვანელი). ხელნაწერი წმ. იოანე ოქროპირის თხზულებათა კრებულისა და წმ. ეფრემ ასურის „სამოთხის“ (977, პერგამენტი) კოლოფონების საფუძველზე. ეპისკოპოსი პორფირი მიუთითებს, რომ კათოლიკონისა და კელიის მშენებლობის დასრულების შემდეგ წმ. ათანასემ ივერთა მონასტერს გადასცა ბასილი მეორის ოქრობეჭედი, რომელიც ნებას რთავდა ქართველებს, ჰქონოდათ საზღვაო ხომალდი.

ივერთა მონასტრის დაარსების პირველ ათეულ წლებში ათონზე გამოჩნდნენ ჩრდილორთ იტალიისა და სიცილიის მცხოვრებნი; წმ. იოანე და წმ. ეფთვიმე მთაწმინდლების „ცხოვრებაში“ მოთხრობილია ლეონ ბენევენტელის, ვენეციელი დოჟის, ბენევენტო პანდოლფის, ძმის მოსვლის შესახებ, რომელსაც ექვსი მოწაფე ახლდა; ისინი ივერთა მონასტერში მიიღეს. ლეონი სულიერად წმ. გაბრიელ ივერიელთან იყო დაკავშირებული. მათ ხშირად ხედავდნენ ერთად მოსაუბრეთ, თუმცა ერთმანეთის ენა არ იცოდნენ. როდესაც ლეონის თანმხლებ ბერთა რიცხვი გაიზარდა, ქართველმა ბერმონაზვნებმა მათ ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს მონასტრის ასაშენებლად, იგი ერთადერთი ლათინური მონასტერი იყო ათონზე და პაპ გრიგოლის „დიალოღონში“ აღწერილი წმ. ბენედიქტე ნურსიელის წესდების მიხედვით მოქმედებდა.

984/985 წწ. ახლო ხანებში გარდაიცვალა წმ. იოანე-თორნიკე. წმ. იოანე მთაწმინდელმა გადაწყვიტა შვილსა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ესპანეთის იბერიაში გამგზავრება. მას იქაურ ქართველებთან, იბერიელებთან, შეხვედრა სურდა. „ცხორებაში“ მითითებულია მისი მისწრაფება ამქვეყნიური საზრუნავისაგან გათავისუფლების თაობაზე: „შემდგომად თორნიკის მიცვალებისა განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოვანე, რაჲთა აღიღოს ძე თჳსი და რავდენნიმე მოწაფენი და ივლტოდის სპანიად, რამეთუ პირველითგანვე უძნდა შუღლიანობაჲ და შფოთი, გარნა თავს-ედვა მუნ ჟამამდე თორნიკის აშენებისათჳის და რაჲთა შეიძინის სული მისი, რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკჳდრ არიან მუნ“. წმ. იოანემ დატოვა ათონის ქართველთა მონასტერი, მაგრამ ავიდოსის ნავსადგურში მისმა მეგობარმა ქალაქის მმართველმა წინააღმდეგობა გაუწია და მისი განზრახვის შესახებ კონსტანტინოპოლში საიმპერატორო კარს აუწყა. ბიზანტიის იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა ივერთა მონასტრის დაცემა, წმ. იოანე თავისთან იხმო, მას წასვლის ნება არ დართო, დაარწმუნა, ათონზე დაბრუნებულიყო და თავისი მოვალეობის შესრულება გაეგრძელებინა, რის შემდეგაც წმ. იოანე მთაწმიდელი ავიდოსიდან კვლავ ათონზე მიბრუნდა. შემონახულია 996 წლის ნოემბერში გაცემული სიგელი, რომელშიც საუბარია ყოფილი მანდატურის, ზაქარია მიხეილის ძის, შეწირულობის შესახებ, რომელიც თავის სულიერ მამას, წმ. იოანესა, და მის დიდ ლავრას უძღვნა. ეს იყო მამული კუნძულ ლემნოსზე, მასში შედიოდა ფერმა, ათი სახლი, წისქვილი, ოთხი თიხის დოქი, თითო 500 ტეტარდის მოცულობისა (1/25 ათასი ლიტრი), ოცი პლინთიის (1/2 ჰა) ვენახი, სახნავ-სათესი მიწა და საძოვრები (2 000 მოდის ფართობი), სამი წყვილი ხარი, ორი ძროხა, ორი ვირი.

წმ. იოანემ ავადმყოფობის გამო წინამძღვრობაში დაიხმარა შვილი, წმ. ეფთვიმე, რომელიც ივირონის მონასტრის იკონომოსი გახდა. „ცხოვრებაში“ ციტირებულია წმ. მამების – იოანესა და ეფთვიმეს – წერილი, რომელიც მათი ერთად მმართველობის პერიოდს განეკუთვნება და რომლის ადრესატები არიან წმ. არსენ ნინოწმინდელი და წმ. იოანე გრძელისძე. ისინი ოთხთა ეკლესიაში მოღვაწეობდნენ. მამა-შვილი მათ სთხოვდა ათონზე მისვლას და წმ. ეფთვიმესთვის მთარგმნელობით საქმიანობაში დახმარების გაწევას, რადგან საწინამძღვრო საქმიანობით დატვირთულს თარგმნისათვის დრო არ რჩებოდა. წმ. იოანე და წმ. არსენი თავდაპირველად დამკვიდრდნენ მათთვის აშენებულ სენაკებში, კარეის ახლოს, კარავში, სადაც წმ. სვიმეონ მესვეტის სავანე დააარსეს, ხოლო მოგვიანებით გადავიდნენ ათონის ქქართველთა მონასტერში.

წმ. იოანე 1005 წ. 14 ივნისს გარდაიცვალა (საეკლ. ტრადიციით – 998 წ.). წმ. იოანეს წერილობითი ანდერძის თანახმად (თავად ტექსტის დედანი არ შემონახულა, იგი შეტანილია წმ. გიორგი მთაწმინდლის თხზულებაში „წმ. იოანე და ეფთვიმე მთაწმიდელების ცხორება“), მონასტრის წინამძღვრობა გადაეცა წმ. ეფთვიმეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ ივირონის მონასტრის წინამძღვარი უნდა გამხდარიყო წმ. გიორგი მაშენებელი. ჩანს, რომ ივერთა მონასტრის ეპიტროპს ამტკიცებდა ბიზანტიის იმპერატორი. წმ. იოანე ივერთა მონასტერში დაკრძალეს, ხოლო წმ. ეფთვიმემ მის საფლავზე ყველა წმინდანის სახელობის ტაძარი ააგო.

წმ. ეფთვიმეს წინამძღვრობის პერიოდში (1005-1019) ათონის ქართველთა მონასტერი ყველაზე დიდი და ძლიერი იყო ათონის მონასტრებს შორის. აქ 300 ბერმონაზონი მკვიდრობდა, წმ. მამა სიამოვნებით იღებდა სამეურნეო საქმეებში გამოცდილ ბერმონაზვნებს, რომელთა უმრავლესობა ეროვნებით ბერძენი იყო. ივერთა მონასტრის იმ დროს ჩამოყალიბებული და გავრცელებული სახელწოდება „ივერთა ლავრა, ივერთა მონასტერი“ (μονπ των, Λαυρα των) მტკიცედ დამკვიდრდა დოკუმენტებში, ასე რომ, ივერთა მონასტერი, რომელიც წმ. იოანე-თორნიკემ დააარსა, როგორც საგვარეულო მონასტერი, დოკუმენტებში მოიხსენიება ათონის ქართველთა მონასტრად, ლავრად, ივირონის მონასტრად. წმ. ეფთვიმე მონასტერს წინამძღვრობდა 14 წლის განმავლობაში, მისი ხელმოწერა დოკუმენტებში 1007-2015 წწ. დასტურდება. ამ პერიოდის შემდეგ მხოლოდ ერთი დოკუმენტია ცნობილი, ესაა ანდრონიკეს 1017 წ. ვოლერონის, სტრიმონისა და თესალონიკის თემის პროტოსპა-ფარიუსისა და მოსამართლეთა აქტები, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ მონასტერში მმართველობას ინაწილებდა წმ. გიორგი მაშენებელიც. წმ. ეფთვიმეს ხელმოწერილი ბოლო დოკუმენტი 1018 წ. იანვრით თარიღდება, გიორგი მაშენებლის ხელმოწერა დოკუმენტაციებზე ჩნდება 1019 წ. იანვრიდან.

XIX საუკუნის საეკლესიო ტრადიცია ათონზე ქართულ მონასტერში კარის ღვთისმშობლის (პორტაიტისა) ხატის გამოჩენას უკავშირებს წმ. იოანესა და წმ. ეფთვიმეს წინამძღვრობის პერიოდს, თუმცა ცნობა ამის შესახებ წმ. გიორგი მთაწმინდლის თხზულებაში არ მოგვეპოვება. ეს შეხედულება ემყარება ხატის ზღვიდან გამომყვანის, მომპოვებლის გაიგივებას წმ. იოანესა და წმ. ეფთვიმეს თანამედროვე გაბრიელთან, რომელიც მოიხსენიება „ცხორებაში“. ბერძნული თქმულებების თანახმად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ, რომელიც XVI ს. ხელნაწერებშია დაცული, ხატი ზღვის ტალღებს მისცა ნიკეის მკვიდრმა ქვრივმა ქალმა ხატთმებრძოლობის პერიოდში მისი გადარჩენის მიზნით. ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი იყო ხატთმებრძოლი თეოფილე. ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი) მიიჩნევდა, რომ ამ თქმულებებში მოხსენიებული პავლე, რომლის დროსაც იქნა მოპოვებული ხატი, წმ. ეფთვიმეს თანამედროვე და ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი იყო. მისივე თქმით, ხატის აღწერილობა და ისტორია ქართველ ბერმონაზვნებისათვის ცნობილი იყო ნიკეელი ქვრივი ქალის შვილის მონათხრობით, რომელიც ათონზე ბერად აღიკვეცა.

ა. ნატროევი წმ. იოანესა და წმ. ეფთვიმეს „ცხორებაში“ მოთხრობილ წმ. ეფთვიმეს სასწაულებრივი გამოჯანმრთელების ამბავზე დაყრდნობით ვარაუდობდა, რომ იმ ადგილას, სადაც საუბარია წმ. იოანეს ვედრებაზე შვილის გამოჯანმრთელებისათვის ღვთისმშობლის ხატის (გამოსახულების) წინ, სწორედ პორტაიტისა უნდა იგულისხმებოდეს. ასე რომ, მან ხატის გამოჩენა ივირონის მონასტერში უფრო ადრეულ ხანას მიაკუთვნა, კერძოდ, წმ. იოანეს იღუმენობის პერიოდს და ამის დასადასტურებლად დაიმოწმა ციტატა საქართველოს საეგზარქოსოს საეკლესიის მუზეუმის მიერ გამოცემული ათონის კრებულიდან, რომელიც შეიცავს წმ. იოანესა და წმ. ეფთვიმეს „ცხორების“ ტექსტს. მასში არ არის დაცული თხრობა ხატის სასწაულებრივი მოპოვების შესახებ წმ. ეფთვიმეს წინამძღვრობისას, მაგრამ საუბარია მასზე უკვე წმ. ეფთვიმეს წინამძღვრობის დასაწყისში: „ტაძარში შესვლამდე მუხლს იყრიდნენ და ლოცვას აღავლენდნენ ღვთისმშობლის ხატის (გამოსახულების) წინ, რომელიც ტაძრის კარებზე იყო“. მკვლევრის აზრით, იმავე წელს, როდესაც ნიკეის მკვიდრმა ქვრივმა ქალმა გაუშვა ხატი ზღვაში, განდეგილმა გაბრიელმა (ა. ნატროევი ვარაუდობს, რომ ის და წმ. იოანე მთაწმინდის თანამედროვე გაბრიელი სხვადასხვა პირია) ათონის იღუმენის ბრძანებით ზღვიდან გამოაბრძანა ხატი და მონასტერში დააბრძანა (მონასტერში ხატი 160 წელი იმყოფებოდა). 982 წ. ახლოს ივერთა მონასტრის განახლებასა და წმ. იოანეს მიერ კათოლიკონის აღმართვასთან დაკავშირებით წმ. იოანემ ხატი გადაიტანა მონასტრის კართან.

წმ. ეფთვიმეს იღუმენობის დროს ათონის მონასტერმა ათონზე და მის შემოგარენში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც, დიდი მამულები შეიძინა, მაგულას (მონაზონ ანდრიას საგარანტიო აქტი, 2007 წ. დეკ.; წმ. ეფთვიმეს ჩუქების წიგნი-საბუთი თავისი სულიერი შვილისთვის, იოანესთვის, 2012 წ. აპრ.), პალეოხორის (პროტ ნიკიფორეს 1013 წ. აპრ. აქტი), წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის მონასტერი (1015 წ. აპრ. პროტ ნიკიფორეს აქტი) თესალონიკეში, სისიკონი, სისიკონის მონასტრის სამემკვიდრეო მამული, იერისის მახლობლად ყანა და სხვ. წმ. ეფთვიმემ იოანე გრძელისძისა და არსენ ნინოწმინდლის რჩევით გააგრძელა მთარგმნელობითი საქმიანობა და გადადგა წინამძღვრობიდან, უარი თქვა ბასილი II ბულგართმმუსვრელის წინადადებაზე, დაეკავებინა კვიპროსის არქიეპისკოპოსის დაქვრივებული კათედრა და გადავიდა წმ. ეფთვიმე დიდის სავანეში, რომელიც ივირონისათვის შეიძინა თესალონიკეში. დიდი ლავრის ეპიტროპის თანამდებობა კი მას სიცოცხლის ბოლომდე ეკავა. მან სწორედ აქ, ათონის მონასტერში, შემოიღო მკაცრი ტიპიკონი და წესები, რამაც ბერმონაზონთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათი პროტესტის გამო იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ საქმისა და გარემოებების გასაცნობად წმ. ეფთვიმე კონსტანტინოპოლში დაიბარა. წმ. მამის სატახტო ქალაქში ჩასვლა ტრაგიკულად დასრულდა, 1028 წ. 13 მაისს წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. იგი გადმოაგდო ჯორმა, რომელიც გლახაკის დანახვამ დააფრთხო. წმ. ეფთვიმეს ნეშტი ივირონში გადაასვენეს და დაკრძალეს წმ. იოანე წინასწარმეტყველის ტაძარში.

წმ. ეფთვიმეს ტიპიკონი

ჯერ კიდევ წმ. იოანე მთაწმინდლის სიცოცხლეში წმ. ეფთვიმემ დაამუშავა და შეიტანა მონასტრის ბერმონაზონთა ყოველდღიურ ცხოვრებაში „წესნი და განგებანი“, საიდანაც წმ. იოანესა და წმ. ეფთვიმეს „ცხორებაში“ ციტირებულია წესდების 42 მუხლი (წესი), იგი წმ. ეფთვიმეს ტიპიკონის ნაწილია და წმ. გიორგი მთაწმინდელმა შეიტანა „ცხოვრებაში“.

წმ. ეფთვიმეს მიერ შედგენილ „წესზე“ დიდი გავლენა იქონია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საკანონმდებლო კოდექსმა – მცირე სჯულის კანონმა, რომელიც აერთიანებს ბერძნულ კანონმდებლობის ძეგლებს. ისინი წმ. ეფთვიმემ გადაამუშავა და შეავსო.

ათონის ქართველთა მონასტერის თანამდებობათა შორის განსაკუთრებული უფლებამოსილება ჰქონდათ სკევოფილაქსს, კელარსა და იკონომოსს, სკევოფილაქსი სამონასტრო ქონებას განაგებდა, იცავდა საეკლესიო ქონებასა და მონასარის დოკუმენტაციას, უძღვებოდა სხვა მონასტრებსა და კერძო პირებთან ურთიერთობის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობას. გრამატევსი (მდივანი) ბერმონაზონთა შეკრებისას ადგენდა სხდომის ჩანაწერებს, ოქმებს, დამსწრეთა და მცხოვრებთა სიებს, აწარმოებდა მიმოწერას. კელარისა და მისი დამხმარეების საქმიანობაში შედიოდა ღვინის დამზადება, ბეღლის, ბაღებისა და წისქვილების მოვლა, აგრეთვე მეტოქებიდან მონასტერში მარცვლეულის, ხილის, ზეთის, კაკლის შემოტანა და სავანეში პროდუქტების განაწილება. იკონომოსი ან ხუცესთა საბჭო მონასტერს მართავდა იღუმენის მონასტერში არყოფნის ან ავადმყოფობის დროს, აგრეთვე მისი გარდაცვალებიდან ახლის არჩევამდე. იღუმენი ბერმონაზონთა საბჭოსთან ერთად განიხილავდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს; ნაკლებმნიშვნელოვანს, რაც სამონასტრო მეურნეობის ყოველდღიურ ყოფას შეეხებოდა, იკონომოსი განაგებდა და აწესრიგებდა. იკონომოსის თანაშემწე მონასტრის ქონებას, ფეხსაცმლის სახელოსნოებს, თავლას, სამჭედლოს, ვენახს განაგებდა, მიწისმოქმედთ, მწყემსებს, ქვის დამმუშავებლებს, მევენახეებს, მეზღვაურებს ხელმძღვანელობდა, აგრეთვე მონაზონთა შორის ავეჯ-ჭურჭელს ანაწილებდა.

კათოლიკონის შენახვასა და საღვთისმსახურო საკითხებს ხელმძღვანელობდა ეკლესიარხი (ტიპიკარისი), რომელსაც მნათე ეხმარებოდა. ღვთისმსახურებისას ახალგაზრდა ბერები ცენტრში 2-3 რიგად იდგნენ, უფროსი ასაკისანი – კედლებთან ახლოს, ხოლო მოხუცს, ავადმყოფსა და ხეიბრებს შეეძლოთ ნართექსში ყოფნა და ჯდომა. ორი ზედამხედველი, ეპიტირიტისი თვალყურს ადევნებდა დისციპლინას. ღვთისმსახურებისას მკაცრად იცავდნენ სიჩუმეს, თუ რაიმეს თქმა აუცილებელი იყო, ნართექსში გადიოდნენ. იღუმენი ბერმონაზვნებს თავს უყრიდა ტაძარში სამართლებრივი ან ადმინისტრაციული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე იმპერატორთან გასაგზავნი წერილის განხილვასთან დაკავშირებით.

სატრაპეზოს მართავდა მეტრაპეზე, რომელსაც ეხმარებოდნენ მონაზვნები, მორჩილები, დიაკვანი და ყველა, ვისაც რაიმე განსაკუთრებული საქმე არ ჰქონდა. ტრაპეზობდნენ დღეში ორჯერ, ერთ მაგიდასთან 9 კაცი ჯდებოდა, თითოეულთან უსათუოდ მეღვინე იჯდა. საკვებსა და ღვინოს პირველი იღუმენი სინჯავდა. გამორჩეულ, ცნობილ დიდგვაროვან სტუმრებს მონასტრის წინამძღვარი თავის რეზიდენციაში მასპინძლობდა. ავადმყოფებისათვის საკვები ცალკე მზადდებოდა.

პილიგრიმებს მეკარეები, იღებდნენ და 3 დღის შემდეგ მათ მონასტრიდან ისტუმრებდნენ, რადგან გარეშე პირთათვის მონასტერში ყოფნა სამ დღეზე მეტხანს ნებადართული არ იყო და იკრძალებოდა (ეს წესი დღემდე სრულდება). სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ეპისტატი, რომლის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა 30-40 მუშახელი, მათ შორის საერო პირიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

მონასტერში დამკვიდრების მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ცნობილი, პატივსაცემი პიროვნების დახასიათება. სხვა მონასტრის ბერმონაზონს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ეს უკანასკნელი წარადგენდა ძველი მონასტრის იღუმენის წერილობით თანხმობას. ბერი, რ-იც მონასტერში შესვლისას მდიდარი იყო, ნახევარ ქონებას სავანეს გადასცემდა, ხოლო მეორე ნახევარს მონასტერი მის სახელზე ინახავდა. ბერს ეკრძალებოდა თავისი ნებით სამოსლის ყიდვა (ახალმოსულს აუცილებელი და საჭირო ყველა ნივთი ან სამოსელი ეძლეოდა); „ცხორებაში“ ნათქვამია, რომ წმ. ეფთვიმეს არაერთხელ დაუწვავს ის სამოსელი, რომელსაც ბერი მისი კურთხევის გარეშე შეიძენდა. ბერებს ეკრძალებოდათ სენაკში ნავთის ლამპის შეტანა (როგორც ჩანს, ხანძრის თავიდან ასაცილებლად), სენაკში მათ ერთზე მეტი ჯვრისა და ხატის ქონის უფლება არ ჰქონდათ. სკრიპტორიუმში მკითხველებსა და გადამწერებს მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის ზეთი ეძლეოდათ. ყველაზე მკაცრი სასჯელი ცრუმოწმეობისათვის იყო დაწესებული: სიცრუეში შემჩნეულ ბერს მონასტრიდან სამუდამოდ აძევებდნენ.

ბერმონაზვნები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფოდნენ შემდეგი პრინციპით: „ისინი, რომლებიც ფიზიკურად ყოველდღიურად შრომობდნენ და დროს ვერ პოულობდნენ ძილისთვის“, და ისინი, რომლებიც „მსუბუქ სამუშაოს ასრულებდნენ: მღვდლები, მღვდელმთავრები, მეფსალმუნეები.“ ბერმონაზვნები, რომლებსაც მოწაფეები ჰყავდათ, ძირითადად სენაკებში ცხოვრობდნენ და მონასტრიდან ღებულობდნენ საკვებს (ღვინო, ზეთი, ყველი და პური). წმ. გიორგი მაშენებელმა გააუქმა იმ ბერებისათვის საკვების მიცემის პრაქტიკა, ვინც მონასტერში არ ცხოვრობდა, თუმცა ეს წესი შემდეგში მაინც აღდგა. განდეგილებს მონასტერში ყოველდღიურად შეეძლოთ პურის მიღება (ზოგი მათგანი ათონის სანახებში იმყოფებოდა, მაგ., კარავას სენაკებში). კვირადღეს ისინი ძმობის სხვა ბერმონაზვნებთან ერთად ლოცულობდნენ და ტრაპეზობდნენ.

ბერმონაზონთა ახალგაზრდა ნათესავებს, რომელთაც სურდათ ბერად აღკვეცა შეეძლოთ, ათონის ფარგლებს გარეთ, მეტოქიონებში დამკვიდრებულიყვნენ, სადაც იკონომოსი მათ გააცნობდა რწმენის საფუძვლებს და ასწავლიდა ხელოსნობას (იქ მისული ყველა პირი ბერი არ ხდებოდა).

შესაძლოა, ახალი ტიპიკონის სიმკაცრესა და ძმათა შორის აშკარა უკმაყოფილებასთან იყო დაკავშირებული ათონის ქართველთა მონასტერში წმ. ეფთვიმეზე ორგზის თავდასხმა.

გავლენის გაძლიერება ივირონის მონასტერში

წმ. გიორგი მაშენებელი

ივირონის მონასტრის იღუმენთა ქრონოლოგიის მიხედვით, გიორგი I-მა შეცვალა წმ. ეფთვიმეს მიერ შემოღებული რამდენიმე წესი. კერძოდ, მან მფარველობა გაუწია და უპირატესობა მიანიჭა კინოვიალური ცხოვრების წესს. „ცხორებაში“ მითითებულია, რომ წმ. ეფთვიმე ამ ახალშემოღებული წესის თაობაზე „გაჩუმდა“, რადგან იგი მთარგმნელობითი საქმიანობით იყო დაკავებული. თუმცა გიორგი I-ის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ივირონის მონასტერში შეცვალა ურთიერთობები ქართველ და ბერძენ ბერმონაზვნებს შორის. უპირატესობა ენიჭებოდათ მონასტერში მოსულ კინოვიალური წესების მიმდევარ ბერძენ ბერმონაზვნებს, რ-ებმაც სხვადასხვა თანამდებობა დაიკავეს. ქართველ და ბერძენ ბერებს შორის კონფლიქტი, არცთუ იშვიათად, ღიად მიმდინარეობდა, ზოგჯერ ხელითაც კი ეხებოდნენ ერთმანეთს.

გიორგის წინამძღვრობისას მონასტრის ქონება გაიზარდა, სამფლობელოც გაფართოვდა. 1020 წ. პროტატმა ივირონს მოუპოვა 2 წყვილი ხარის გამართვის უფლება (ერთის გამართვის უფლება მათ ჯერ კიდევ ბასილი II ის დროს მოიპოვეს) ოღონდ არა სახნავად, არამედ ხეტყისა და ქვების გადასატანად, რაც დასტურდება ლეონტიას პროტის 1020 წ. დეკემბრის აქტების მიხედვით. წმ. გიორგი მაშენებლის ქტიტორობით დასრულდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდი ტაძრის მშენებლობა.

1042 წ. ივნისში შედგენილ იქნა აქტი ათონის ქართველთა მონასტერისა და დიდი ლავრის მიწების გამიჯვნის შესახებ: ქართულმა მონასტერმა 1020 წ. ახლო ხანებში შეიძინა მინდვრები იერისთან ახლოს და კასტრის წმ. ილიას სახელობის ხილის ბაღი დეველიკიაში; 1024 წელს ახლო ხანებში – მელისურგიის ათონის მონასტერი; 1029 წლამდე – შობის მონასტერი და პანგეის მთის მასივების რაიონში სოფელი დოვროვიკიაში. 980 წ. შემდეგ ეს მონასტრის ყველაზე დიდი შენაძენი იყო.

1029 წ. გიორგი მაშენებელს ბრალად დასდეს ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III არგვიროსის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა თესალონიკის დუკა კონსტანტინე დიოგენეს სასარგებლოდ. წმ. გიორგი მაშენებელი დააპატიმრეს, გაასამართლეს და გაასახლეს კუნძულ მონოვატზე მონასტერში, სადაც ძალიან მალე გარდაიცვალა. სხვადასხვა სასჯელი დაუწესეს შეთქმულების სხვა მონაწილეებსაც. ფერსოს, მხედართმთავარ ჯოჯიკის ძეს, თავი მოჰკვეთეს. ივირონის მონასტერმა იმპერატორის მხარდაჭერა დაკარგა, ქართველებმა სახელმწიფო კონფისკაციის შედეგად დაკარგეს მონასტრის კუთვნილი მიწების ნაწილი. ამ მდგომარეობით ისარგებლეს ათონელმა მეზობლებმა და მაკედონიელებმა: მიწების გამიჯვნის შესახებ შედგენილ აქტში მითითებულია, რომ დიდი ლავრის ბერებმა ივირონს წაართვეს მამულები, კერძოდ, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათი კუთვნილი მიწები – ზევგელატიონის მინდვრები დეველიკიაში. ქალაქ ეზევაში (ეზოვი, ეზივი) ადგილობრივმა ეპისკოპოსმა მიითვისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მეტოქი. ივირონის მონასტერში ძალაუფლება ბერძნებს გადაეცათ, იღუმენს ყოველგვარი უფლება ჩამოერთვა.

სავანის ბერძენმა ბერებმა, რომლებიც მაინც ვერ ბედავდნენ ბერძენი წინამძღვრის დადგენას, და მათ მხარეზე გადასულმა ქართველმა ბერებმა იღუმენად აირჩიეს ბერძნული ორიენტაციის მომხრე ქართველი გიორგი II (1027-1035), რომელსაც ქართველი თანამემამულეები „უვარგისად, მოღალატედ“ თვლიდნენ, ხოლო მონასტრის სულიერ წინამძღვრად გრიგოლ მონაზონს მიიჩნევდნენ (როგორც ჩანს, წმ. გრიგოლ ივერი, ქართველი). ცნობილია 2 დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს გიორგი II, ისინი დათარიღებულია დაახლ. 1030 წ. (შემონახულია მოსამართლე ლეონ ფილაკსის 1056 წ. სექტ. და 1035 წ. აპრ. აქტებში).

ფინანსური და პოლიტიკური ვითარების გამოსასწორებლად ივირონის ბერმონაზვნები ხშირად მიემგზავრებოდნენ კონსტანტინოპოლში იქ მცხოვრებ გავლენიან ქართველებთან დახმარების სათხოვნელად [მაგ., ძმებთან – გიორგი და ფარსმან ჩორჩანელებთან (ეს უკანასკნელი იყო შემდეგში ივირონის წინამძღვარი არსენი), ქართველთა მეფე ბაგრატ IV-სთან, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III-ს ენათესავებოდა, და სხვ. თუმცა მათი მცდელობა იმპერატორის გარდაცვალებამდე უშედეგო რჩებოდა.

ბიზანტიის იმპერატორის ტახტზე რომანოზის შეცვლის შემდეგ მიხეილ IV პაფლაგონელმა (1034-1041) აღადგინა წმ. გიორგი მაშენებლის სახელი, 1034 წ. რომანოზ III-ის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეები შეიწყალა, რაც მოგვიანებით ოქრობეჭდით განამტკიცა ბიზანტიის იმპერატორმა, მიხეილ V კალაფატმა (1041-1042), ივირონს დაუბრუნა ქონება და მისთვის წართმეულ მიწებზე უფლება – ქალკედონის ნ.-კ-ზე ლეონტარიის მამულები, მდ. სტრიმონის ხეობაში მელიძიანის ველი, სტილიარი, წმ. იოანე წინასწარმეტყველის სავანე, სოფელი დოვროვიკია (მოსამართლე ლეონის აქტები – 1059-1074 წ. აპრ.), აგრეთვე განმტკიცებულ იქნა ქართველთა უფლებები ათონის ქართველთა მონასტერის კათოლიკონზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარზე. მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენებში გადამწყვეტი როლი შეასრულა მონასტრის სახელწოდებამ – „ივერთა მონასტერი“. იმპერატორ მიხეილ IV-მ ივირონის იღუმენად დანიშნა გრიგოლი (დაახლ. 1035-1041). წმ. გიორგი მაშენებლის ნაწილები კუნძულ მონოვატის მონასტრიდან გადაასვენეს ივირონში და კათოლიკონში დაკრძალეს. დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ მონასტერს დაჰბრუნებოდა თავისი კუთვნილი მიწები, გლეხები და გამოსაღები შემოსავლები (ნაწილობრივ).

ბერძნული თემის ნაწილმა მიაღწია იმას, რომ წმ. იოანე წინასწარმეტყველის ტაძარში ღვთისმსახურება ბერძნულ ენაზე სრულდებოდა, ძმობის ენობრივი პრინციპით დაყოფა დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის საფუძველს ქმნიდა. მონასტრის იღუმენებად ძველებურად ერთხანს კიდევ ქართველები ინიშნებოდნენ. ცნობილია სვიმეონი (1041-1042), რომელიც მოიხსენიება ვოლვოსში მარიამის მონასტრის მამულის გაყიდვის აქტში (თებ. 1042) და სტეფანე (1042 - დაახლ. 1044), რომლის დროსაც (1042) დაიდო ხელშეკრულება დეველიკიის მიწების გამიჯვნის შესახებ. 1041 წ. პროტატმა საიმპერატორო სასამართლოზე განსახილველად გაიტანა საკითხი ივირონის მონასტრის ახალი სტატუსის შესახებ, თუმცა იმპერატორმა ათონის იერარქიაში მონასტერს შეუნარჩუნა ძველი სტატუსი – მონასტრის იღუმენები დოკუმენტებზე ხელს აწერდნენ დიდი ლავრის იღუმენისა და პროტის შემდეგ, ვათოპედის იღუმენის წინ ან შემდეგ (ეს წესი შენარჩუნებულია ამჟამადაც). გრიგოროვიჩ-ბარსკის ჩანაწერებში ციტირებულია მიხეილ IV-ის სიგელი ათონზე სტუმრობის შესახებ.

ათონის ქართველთა მონასტის აყვავება წმ. გიორგი მთაწმინდლისა და მისი მემკვიდრეების პერიოდში

1044-1056 წწ. ათონის ქართველთა მონასტერის წინამძღვრის თანამდებობა ეკავა წმ. გიორგი მთაწმინდელს (ივირონის მონასტრის იერარქებს შორის – გიორგი III), რომელმაც მონასტრის ისტორიაში არსებითი როლი შეასრულა. წმ. გიორგი მთაწმინდელი წმ. გიორგი შეყენებულის მოწაფე იყო რომანაწმინდის ქართულ მონასტერში შავ მთაზე (ანტიოქიის მახლობლად სირიაში). წმ. გიორგი მთაწმინდელი მისმა მოძღვარმა წმ. გიორგი შეყენებულმა ათონის ქართველთა მონასტერში, ივირონში, სამონასტრო საქმეების მოსაწესრიგებლად და წმ. ეფთვიმე მთაწმინდის მიერ დაწყებული მთარგმნელობით სამწერლო მოღვაწეობის გასაგრძელებლად გაგზავნა. წმ. გიორგი მთაწმინდელი 1042 წ. ახლო ხანებში დეკანოზი გახდა (1042-1044), რამაც მას საფუძველი მისცა, ივირონის სკრიპტორიუმის საქმიანობა გამოეცოცხლებინა, ხოლო 1044 წლიდან მონასტრის წინამძღვარია. წმ. გიორგი მთაწმინდელმა დეკანოზობისას დაიწყო საღვთისმეტყველო-სამწერლო საქმიანობა. მან ათონზე ყოფნისას შეკრიბა ცნობები წმ. იოანესა და წმ. ეფთვიმეს, ივირონის მონასტრის დაარსებისა და მშენებლობის, საბერმონაზვნო ცხოვრების ჩამოყალიბების შესახებ და დაწერა ივირონის მონასტრის დამაარსებელთა შესახებ ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი“; მისი თხზ. მთაწმინდელ მამათა ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ ივირონის მონასტრის არსებობის პირველი პერიოდის დაწვრილებითი ისტორიის საუკეთესო პირველწყაროს წარმოადგენს.

ეს ნაწარმოები მიზნად ისახავდა, რომ ბერძნებისათვის ყოველთვის შეეხსენებინათ და არ დაევიწყებინათ ქართველთა უფლებები ივირონზე, რომ იგი ქართველებმა ააშენეს და მათი კუთვნილება იყო, ბერძნებს აქ მხოლოდ შავი სამუშაოების შესასრულებლად თუ შეიყვანდნენ. ეს თხზულება იყო შემადგენელი ნაწილი სამახსოვრო წიგნისა, რომელიც ქართველთა მონასტერში დაიდო. იგი მოგვითხრობს მამა-შვილის – წმ. იოანე და წმ. ეფთვიმე მთაწმინდლების – იოანე-თორნიკეს მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე მონასტრის აგებისა („მსგავსი მისი არა იპოებოდა“) და საღვთისმეტყველო-ლიტეტრატურული ცენტრის დაარსების შესახებ; აჩვენებს საქართვოლოს სიძლიერეს X ს. ბოლო მეოთხედში, როდესაც გაჭირვებაში ჩავარდნილ ბიზანტიის უზარმაზარ იმპერიას ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიეს ქართველებმა. გიორგიმ დიდი ღვაწლი დასდო სამონასტრო და საეკლიოეს ცხოვრების მოწესრიგებას როგორც ათონზე, ისე საქართველოში. ათონზე მან განამტკიცა წმ. ეფთვიმე მთაწმინდის მოღვაწეობის შემდეგ შერყეული მდგომარეობა და კონტაქტები დაამყარა ბიზანტიის საიმპერატორო კართან, მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-სთან. ათონზე მან შეაკეთა ქართული მონასტრები, აღნუსხა და შექმნა ქართული სამონასტრო ცხოვრების ისტორია, რითაც შთამომავლობას შემოუნახა უძვირფასესი ცნობები ქართველთა პოლიტიკური და კულტურული სიძლიერის შესახებ.

გიორგი მთაწმინდელმა ეფთვიმეს წმინდა ნაწილები წმ. იოანე წინასწარმეტყველის ტაძრიდან გადააბრძანა კათოლიკონში, რომელსაც მიუშენა ნართექსი. აქ იყო დაბრძანებული მთავარანგელოზის ეკვდერიდან გადმოსვენებული იოანე-თორნიკეს ნაწილები. მან შეძლო სხვა ათონელ ქართველ მამათა წმ. ნაწილების მოძიებაც. მაგ., წმ. სვიმეონის სავანეში წმ. არსენი ნინოწმინდლისა და წმ. იოანე გრძელისძის უხრწნელად ნაპოვნი ნაწილები კათოლიკონის ნართექსის სამხრეთ ნაწილში გადაასვენეს და დაკრძალეს. წინამძღვარმა დააწესა, რომ საფლავებზე მუდმივად ყოფილიყო ანთებული სამი სანთელი. 1066 წ., გიორგი მთაწმინდლის გარდაცვალების შემდეგ, წმ. ეფთვიმეს საფლავის მარცხნივ დაკრძალეს წმ. გიორგი I მაშენებლის ნეშტიც. ცხადია, ივირონის მონასტრის გამოჩენილი სულიერი მოღვაწეების წმ. ნაწილებისა და ნეშტის კათოლიკონში გადატანა ემსახურებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის ქართველ ბერმონაზვნების უფლებების განმტკიცებას. გიორგი მთაწმინდელმა ეფთვიმეს მარჯვენა, როგორც ივირონის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდე, გვადრუცში მოათავსა და თან დაატარებდა ათონის წმ. მთაზე თუ კონსტანტინოპოლში, იერუსალიმში, სირიაში, საქართველოში და სხვ.

წმ. გიორგი მთაწმინდლის მოღვაწეობის მთავარი მიმართულება იყო მონასტრის მატერიალური უზრუნველყოფა: დაკარგული მამულებისა და პრივილეგიების დაბრუნება და ახლების შეძენა. იგი ხშირად სტუმრობდა ბიზანტიის საიმპერატორო კარს, სადაც სხვადასხვა სახის სუბსიდიას იღებდა. 1042 წ. თებერვალში ივერთა მონასტერმა ნახევარ ფასად (20 ნომისმა) შეიძინა ვოლვოსის მახლობლად ისუნას მიწები მონაზვნების – მარიამის, ანასა და აგათიასაგან; 1042 წ. ივნნისის აქტის მიხედვით, რომელიც მიწების გამიჯვნას შეეხება, მონასტერმა დაიბრუნა დიდი ლავრის ბერმონაზონთა მიერ წართმეული მიწები დეველიკიაში; 1044 წ. ივლისში კიპარისიუს მონასტრის წინამძღვარმა მარკოზმა თავისი სავანე წმ. გიორგის გადასცა მმართველობაში, რადგან მისი აღზრდილი ბერმონაზვნებიდან არავის შეეძლო მისი შეცვლა. მოსამართლე ლეონ ფლაქსის აქტის თანახმად (1056 წ. სექტ.), ამავე პერიოდში საქმე აღიძრა ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III-ის დროს მონასტრის დაკარგული მელისურგიის მამულების დაბრუნების თაობაზე. 1056 წ. მონასტერს გადაეცა მისთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა საქმე დასრულებული არ იყო. გამიჯვნის შესახებ 1042 წ. ივნისში შედგენილი აქტები და კიპარისიუს მონასტრის იღუმენის მარკოზის (1044 წ. ივლ.) აქტები გვამცნობს, რომ 1042-1044 წწ. იკონომოსმა იოანემ აღწერა მიწები მაკედონიაში, რომლებიც მონასტრისათვის იყო ნაჩუქარი და დამტკიცებული იმპერატორის ოქრობეჭდებით. აგრეთვე მან შეადგინა სია, რომელშიც მითითებული იყო 60-დან 40 გლეხის სახელი, რომლებიც ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ, გადასცა ივერთა მონასტერს. იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახის ბრძანებით, პროტოსპათარმა ანდრონიკემ ხელახლა შეადგინა მონასტრის მამულების აღწერილობა, რომელშიც მითითებული იყო პრიავლაკის მახლობლად მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სპილეოტუს საპატრიარქო მონასტერი, აგრეთვე წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი (Του κυρ Ιοαννου) და სხვ. ივერთა მონასტრის უფლებები დამტკიცდა ეზევის სავანეზე, თუმცა 1062 წლამდე ის ივირონს არ დაჰბრუნებია. წმ. გიორგი მთაწმიდელმა ივირონის კუთვნილ ყველა მამულზე მიიღო ახალი ოქრობეჭდები (ამჟამად ისინი დაკარგულია), მათ შორის – დიდ მინდვრებზე მეზოლიმნში, სადაც ივირონს უკვე ჰქონდა მეტოქი – წმ. იოანე კოლოვოსის მონასტერი – და ჰყავდა ნახირი. 1054 წ. ახლო ხანებში წმ. გიორგი მთაწმინდლის კონსტანტინოპოლში ერთ-ერთი მოგზაურობისას ივირონის მონასტრის კუთვნილ ლივიზასდაში დაანგრია ბულგარელთა მიერ აგებული ქალის წარმართული კერპი (Σκλαβοι Βουλγαροι). ამის შესახებ ცნობები დაცულია პროტოსპათარ ანდრონიკეს აქტებში (1047 წ. აგვ.).

1054 წ. გიორგი მთაწმინდელი კონსტანტინოპოლში შეხვდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს და მის დედას, დედოფალ მარიამს. ეს უკანასკნელი მან მონაზვნად აღკვეცა. მეფემ მას ჭყონდიდის [[მთავარეპისკოპოსი]ს იმ დროისათვის თავისუფალი კათედრა შესთავაზა, მაგრამ წმ. გიორგი მთაწმინდელმა უარი განაცხადა. მეფისა და დედოფლის თანადგომის შედეგად ათონის ქქართველთა მონასტერმა ბიზანტიის იმპერატორისაგან მიიღო პრივილეგია, დედაქალაქის უწყებებისათვის თავად ჩაებარებინა გადასახადები. იმპერატორმა ივირონს ნება დართო, გადასახადების ამკრეფები თავის ტერიტორიაზე არ შეეშვა. ბიზანტიის იმპერატორი მარიამ დედოფლისა და კონსტანტინოპოლში მცხოვრები დიდებულის, ფარსმანის (არსენი), თხოვნით ივირონს გადასცა ორი ყოველწლიური რენტა, თითოეული 1 ლიტრა ოქროს ოდენობით, რაც ჯამურად, იმპერატორისაგან უკვე ბოძებული დოტაციის მიხედვით, სხვა შემოსავლებთან ერთად მონასტერს უზრუნველყოფდა და მის მატერიალურ კეთილდღეობას ზრდიდა.

არსებითი შემოსავალი შემოჰქონდა სკრიპტორიუმს – მხოლოდ თეოფილე ხუცესმონაზვნის გადაწერილი ხელნაწერებით მონასტერმა მიიღო შემოსავალი 1 500 ოქროს ოდენობით.

ათონის ართველთა მონასტერს მფარველობდნენ ბიზანტიაში მცხოვრები ქართველი დიდგვაროვნები: ძმები ფარსმან (არსენი) და გიორგი ჩორჩანელები; ძმები პეტრიკი (შემდეგში ივირონის მონასტრის მონაზონი პეტრე) და იოანე (შემდეგში ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი, რომელმაც წმ. გიორგი მთაწმიდლის რეკომენდაციით დაიკავა კათედრა), აგრეთვე ბიზანტიაში და ათონზე ჩამოსული ქართველები, რომელთა შესაწირავები დამოწმებულია აღაპთა წიგნში (ფარსმან თმოგველი, გრიგოლ აბუსერისძე და სხვ.). ბევრი მათგანი ივირონის მონასტრის მკვიდრი ხდებოდა.

1056 წ. გარდაიცვალა ივირონის მფარველი ბიზანტიის დედოფალი თეოდორა. წმ. გიორგი მთაწმინდელმა ქართველთა დედოფლის, მარიამის, მხარდაჭერით ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VI სტრატიოტიკეს გამოსთხოვა ნებართვა, დაეტოვებინა ივირონში დაკავებული თანამდებობა, და გადავიდა წმ. სვიმეონის მონასტერში ანტიოქიის მახლობლად. 1060 წ. წმ. გიორგი მთაწმინდელი მეფე ბაგრატ IV-ის თხოვნით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც შეუდგა ტახტის მემკვიდრის, გიორგის, აღზრდას. იგი გახდა მეფისა და მისი ოჯახის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, გიორგი III ტაოელის (XI ს. 50-60-იანი წწ.), მრავალი ქართველი დიდებულის სულიერი მამა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან შემოიარა მთელი ქვეყანა, შეკრიბა 80 ობოლი და ღატაკი ოჯახის შვილი, რათა ივერთა მონასტერში აღეზარდა და შეევსო ქართელთა საძმოს სავანე (ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ მათთვის წმ. გიორგი მთაწმინდელმა ივირონში სასწავლებელი შექმნა). მოზარდები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ათონის მონასტრის ზეციური მფარველის მეოხებისა და წყალობის ქვეშ იმყოფებოდნენ. 1064 წ., თურქ-სელჩუკთა მიერ სულთან ალფ-არსლანის მეთაურობით ახალქალაქის აღებამდე სამი დღით ადრე – იმ დროს წმ. გიორგი და მოზარდები ახალქალაქში იყვნენ – წმინდანს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უბრძანა ქალაქის სასწრაფოდ დატოვება. 1065 წ. იგი ჩავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც რამდენჯერმე მიიღო იმპერატორმა, კონსტანტინე დუკამ, რომელიც აღფრთოვანდა ბავშვების საეკლესიო გალობით. წმ. გიორგი მთაწმიდელმა მას ობოლთა დაბინავება და ქართველთა მონასტრის განმტკიცება სთხოვა. იმპერატორმა 1 000 არგირი (წვრილი ვერცხლის მონეტა) უწყალობა. 1065 წ. 29 ივნისს 56 წლის ასაკში წმ. გიორგი მთაწმინდელი გაცივებისაგან გარდაიცვალა. მომდევნო დღეს იმპერატორმა დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და ივირონს 2 ოქრობეჭედი უბოძა: პირველით ათონის ქართველთა მონასტრის აქამდე არსებული ყველა სიგელი ხელახლა იყო დამტკიცებული, ე. ი. განახლებული, რაც ადასტურებდა მონასტერზე ქართველთა უფლებებს, მეორე კი განკუთვნილი იყო ახალგაზრდების მომავლზე ზრუნვისათვის, მათი საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისა და აღზრდისათვის, რაზედაც ათონის ქართველთა მონასტერს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, მათ გაძევებას მონასტრიდან ვერავინ გაბედავდა.

1066 წ. 24 მაისს წმ. მამის ნაწილები ივერთა მონასტრის კათოლიკონში გადააბრძანეს და მარმარილოს სარკოფაგში წმ. ეფთვიმეს სარკოფაგის გვერდით დაკრძალეს.

ივირონის მონასტრისათვის წმ. გიორგის წინამძღვრობა აყვავების ეპოქა იყო: 1062 წ., როდესაც რამდენიმე წლის დატოვებული ჰქონდა წინამძღვრობა, მონასტერს სტუმრობდა ქართველ დიდებული ლიპარიტი (მონაზონი ანტონი), ივირონში მოღვაწეობდა 300 ბერმონაზონი, როგორც ეს წმ. ეფთვიმეს დროს იყო. ივირონის წინამძღვარი ათონის მონასტრის მეტად პატივდებულ წინამძღვართა რიცხვს მიეკუთვნებოდა: დიდი ლავრის წინამძღვარს კარეაში შეკრებაზე შეეძლო წაეყვანა 6 მონაზონი, 4-4 – ვათოპედისა და ივირონის წინამძღვრებს, დანარჩენებს კი – თითო-თითო.

XI ს. II ნახევარში ივირონის წინამძღვრის თანამდებობა ეკავათ: არსენს (1056-1059), თეოდორეს (1061-1065), ნიკოლოზს (1080-1081). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო გიორგი ოლთისარის წინამძღვრობა (წინამძღვართა ქრონოლოგიური თანამიმდევრობით – გიორგი IV - 1066-1077). აღაპთა წიგნის თანახმად, მის დროს ივირონის მონასტერს ძლიერი გალავანი შემოარტყეს, რომელმაც შეცვალა ჯერ კიდევ წმ. ეფთვიმეს დროინდელი მაღალი და განიერი გალავანი. ივირონი ძველებურად ცდილობდა მამულების გაფართოებას ათონსა და მაკედონიაში. შემონახულია სამი დოკუმენტი (ლეონ ფილაქსის, კონსტანტინე დუკისა და თეოდორეს აქტები), რ-ებიც მონასტრის საკუთრებას, ათონის საზღვართან მდებარე მელიზურგიას ეხება. ეს მამული 1029 წ. დავის საგანი გახდა და ივირონს დაუბრუნდა ოცდაათწლიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ, რისთვისაც საჭირო შეიქმნა თესალონიკის დუკის (შემდგომში – იმპ. ნიკიფორე III ბოტანიატესი) და დედოფალ თეოდორას ჩარევა.

გიორგი ოლთისარის ძმა, მიქელი, როგორც ჩანს, გავლენიანი პიროვნება იყო, რადგან ივირონის გაფართოებასა და განმტკიცებას უწყობდა ხელს. მისი დახმარებით გიორგი ოლთისარმა, როგორც ეს ნათქვამია სერის მიტროპოლიტ სტეფანეს აქტებში (1071 წ. იანვ.), იმპ. კონსტანტინე X-ისაგან მიიღო ოქრობეჭედი, რამაც ივირონს შესაძლებლობა მისცა, თავისი კუთვნილი მამულები დაებრუნებინა, კერძოდ, მელიძანიაში.

თესალონიკის დუკამ, ნიკიფორემ, რომელიც კარგად იცნობდა მონასტრის საქმეებს და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ, 1079 წ. ივლისში გაცემული ოქრობეჭდის თანახმად, ივირონს დაუბრუნა 1029 წ. შემდეგ დაკარგული 23 მამული მაკედონიაში, რომელთაგან 12 მეტოქიონი იყო. ივირონის იკონომოსი გლეხთა შრომას აქედან აკონტროლებდა. ნიკიფორემ აგრეთვე განაახლა ივირონის მონასტრისათვის იმპერატორ მიხეილ VII-ის მიერ შეწყვეტილი 4 ლიტრა და 16 ნომიზმის ოქროს გაცემა გადასახადების გადასახდელად, დაამტკიცა მონასტრის მამულების ხელშეუხებლობა და მიანიჭა მას ზოგიერთი სამართლებრივი პრივილეგია. ასე რომ, ამ ხანებში მონასტერი, იქნებოდა იგი მოსარჩელე თუ მოპასუხე, მხოლოდ კონსტანტინოპოლში თესალონიკის დუკის სასამართლოს ექვემდებარებოდა. ივირონს ჰყავდა ოფიციალური მფარველი – დრომის ლოგოფეტი – ან მისი პროტონოტარიუსი. იგი თავისუფლდებოდა ყველა ადგილობრივ მმართველზე, მათ შორის, ეპისკოპოსებზე დამოკიდებულებისაგან და მინიჭებული ჰქონდა წინამძღვრის არჩევის უფლება. მსგავსი პრივილეგიების გამო ივირონის მონასტერი საიმპერატორო მფარველობაში მყოფად მიიჩნეოდა, თუმცა იმპ. ალექსი I კომნენოსის (1081 - 1118) დროიდან აქტებში ასეთად უკვე აღარ მოიხსენიება.

ივირონის მონასტერი თურქ-სელჩუკების ბატონობის პერიოდში

XI ს. შუა წლებში ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკების შემოსევებისას საქართველოს გავლენა ახლო აღმოსავლეთზე შესუსტდა, რაც ივერთა მონასტერზეც აისახა. ბაგრატ IV-ის მემკვიდრე მეფე გიორგი II (1072-1089) იძულებული გახდა, ხარკი ეხადა სელჩუკებისათვის. იგი ვეღარ ზრუნავდა ივირონზე, ამიტომ მონასტერს საქართველო მხოლოდ ნაწილობრივ ინახავდა, ძირითადად კი კონსტანტინოპოლელი ბერძენი დიდებულები და ბიზანტიის ზოგიერთი ქალაქის წარჩინებულები ეხმარებოდნენ; მათი სახელები შეტანილია აღაპთა წიგნში. ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I კომნენოსის მეფობის პერიოდიდან ივირონისადმი ინტერესი თანდათანობით ქრება ბიზანტიის საიმპერატორო კარის მხრიდანაც, ვინაიდან მონასტერს საქართველოსა და ბიზანტიას შორის მაკავშირებლის ფუნქციის შესრულება უკვე აღარ შეეძლო.

მონასტერში სამშენებლო სამუშაოები განახლდა იოანე II ბუქაისძის წინამძღვრობისას (1085-1104), როდესაც აშენდა „კარგი დამცავი კოშკი“, თუმცა მისი ეკონომიური მდგომარეობა უარესდებოდა.

XII საუკუნეში, ისევე, როგორც X საუკუნეში, ივირონს ჰყავდა ფლოტი – იოანე II-ს წინამძღვრობისას ბერძენმა ნიკონმა (აღაპთა წიგნში 4 დეკემბერს დაწესებულია მისი და მისი მშობლების, ანასა და კონსტანტინეს ხსენების დღე) მონასტრისათვის ააშენა ხომალდი 400 მოდი წყალწყვით.

1081 წ. აპრილში ივირონი დაადანაშაულეს სისიკონის მიდამოებში, პროტატისა და რამდენიმე მონასტრის (სარავარი, პოლიტი, ვლიძიდი, ქსიროპოტამი) მამულებში შეჭრაში. პროტმა პავლემ და მონასტრების წინამძღვრებმა დაადგინეს, რომ ივირონის კანონიერი უფლებები სისიკონში არ ვრცელდებოდა აქ არსებული მდინარის დასავლეთ სანაპიროზე. იგი ეკუთვნოდა პროტატსა და ოთხ მონასტერს. დოკუმენტის საერთო ტონი და ივირონის ბერმონაზვნების მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოწმობენ, რომ ივირონმა დაკარგა იმპერატორის კეთილგანწყობა. მონასტერი თანდათანობით კარგავდა თავის მამულებს. 1085 წ. აქტის თანახმად, რომელიც შედგენილია ივირონისა და დიდი ლავრის კონფლიქტური სიტუაციების გამო და უკავშირდებოდა ქალკედონის ნ.-კ-ზე სოფელ კამენის მფლობელობას, მონასტერმა დაკარგა 75 000 მოდი მიწა, რომლიდანაც შემდეგში მხოლოდ 30 000-ის დაბრუნება შეძლო. 1104 წ. ივირონმა დაკარგა უფლება მაკედონიაში არსებულ 23 დომენიდან 11-ზე, რაც მას მინიჭებული ჰქონდა იმპერატორ ნიკიფორე III-ისაგან 1079 წ. ოქრობეჭდით. როგორც ჩანს, ეს დანაკარგები ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო. მან ივირონის „ზედმეტ“ მიწებს თავისი ნათესავების სასარგებლოდ გაუკეთა კონფისკაცია.

ივირონის მონასტრის ძირითადი მფარველები XI–XII სს. მიჯნაზე იყვნენ კურაპალატი სუმბატ ბაკურიანი, მისი მეუღლე კალი (აღკვეცის შემდეგ – მარიამი) და მისი ძმა, მაგისტრი სერგი. 1085 წ. 27 მარტს სუმბატმა და სერგიმ ხელი მოაწერეს ეზევის ეპისკოპოს თეოდულოსის საგარანტიო აქტს, რომელიც ეზევში არსებული სადავო ტერიტორიების საკითხებს არეგულირებდა. 1090 წ. 23 იანვრის ანდერძში სუმბატი ითხოვდა, რომ ივირონში დაეკრძალათ, სადაც იგი საბას სახელით აღიკვეცა. ის დაკრძალეს მთავარანგელოზთა კათოლიკონში, მარმარილოს სამარხში. მარიამმა 1098 წ. 4 ნოემბრის ანდერძით ივირონს გადასცა რადოლივის მამულები, პანგეის მთის მასივების სიახლოვეს (20 000 მოდი).

„აღაპთა წიგნის“ ცნობების მიხედვით, ქართული სახელმწიფო, რომელმაც თურქ-სელჩუკთა თავდასხმები მოიგერია და XII ს. მიწურულს ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო გახდა, კვლავ დაინტერესდა ივირონით. უკვე XII ს. შუა წლებში ივირონმა საქართველოდან მიიღო მნიშვნელოვანი შეწირულობანი, მათ შორის – არიშიანის, იოანე კოჯიხისძის, წმ. მეფე თამარის (1178/84-1213), გრიგოლ და იოანე ქობულისძის, ნიკოლოზ გულაბერისძის, ქუთ. ეპისკოპოს აბულასანისა და სხვებისა. ბევრი დიდებული ათონზე მიდიოდა და ივირონში მოღვაწეობდა.

XII საუკუნეში ხანძრის დროს გადაიწვა ივირონის სენაკები, დანაკარგის აღმოსაფხვრელად საქართველოდან შესაწირებით გაგზავნეს 3 ბერმონაზონი. „აღაპთა წიგნში“ მითითებულია შემწირველთა სახელები, მათ შორისაა თამარი, რომელმაც 20 დუკატი და 2 სტავრა შესწირა, თითოეული მათგანის ღირებულება 20 დრაჰკანს აღემატებოდა (მისი მოსახსენიებელი დღე 25 ივლისია); მწიგნობართუხუცესმა იოანემ შესწირა 4 ჰიპერპერა და ერთი ფარჩის ოქროქსოვილი; ივირონს თავიანთ დანაზოგს სწირავდნენ მისი მკვიდრები და ახლომახლო მცხოვრებნი, მაგ., კანონარხი მღვდელმონაზონი მიხეილი, რომელმაც 30 ჰიპერპერა შესწირა.

ამ პერიოდში ცნობილია ივირონის მონასტრის რამდენიმე წინამძღვარი: ევგენი (XII ს. I ნახ.), იოსები (დაახლ. 1108), იოანე III (კალაკალა, XII ს. შუა ხანებამდე), მიხეილი (XII ს. შუა წლები), იოანე IV (XII ს. III მეოთხ.), ბასილი (XII ს. III მეოთხ.), გიორგი V (1169), პავლე (1170-ის მარტიდან 1183/84-მდე), გიორგი VI (1183/1184), მაკარი (XII ს. ბოლო), თუმცა მათ შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. იოანე III კალაკალამ ეკლესიარხ იოანე თაფლაისძეს მითითება მისცა, შეეგროვებინა აღაპთა წიგნის გაბნეული ჩანაწერები და გადაეწერა ისინი წესისამებრ, საეკლესიო კალენდრის შესაბამისად. გამოტოვებული იყო თავისუფალი ადგილები, ზოგჯერ – მთელი გვერდები ახალი ჩანაწერების გასაკეთებლად, რომლებითაც შეივსებოდა აღაპთა წიგნი; მისი პირველი რედაქცია 1074 წ., გიორგი ოლთისარის წინამძღვრობისას, შეადგინა მიქაელ დაღალისონელმა.

„აღაპთა წიგნის“ მოსახსენიებელ-ჩანაწერში მოცემულია საკმაოდ ვრცელი ცნობები მონასტრის წინამძღვარ პავლეზე, რომელიც კონსტანტინოპოლში შესაწირავს აგროვებდა და მთელი ვალების გადახდა შეძლო. აგრეთვე მიიღო სიგელები, რომლებიც მონასტერს მამულებს უმტკიცებდა. მისი იღუმენობის პერიოდში აღდგენილ და მოხატულ იქნა ღვთისმშობლის პორტაიტისის ტაძარი; აშენდა დიდი კოშკი ივირონში და სენაკები კარეაში; გაიზარდა და გამაგრდა ივირონის გალავანი; შეიძინეს მონასტერი კანისში (του Κανισκα); ვოლვოსში დაარსდა მეტოქიონი და აშენდა ტაძარი, ორთვლიანი წისქვილი; მთელი რიგი სამეურნეო სამუშაოები ჩატარდა ივირონის მონასტრის მამულებში: რადოლივში, დოვოლიკიაში, მელიძინაში, ვოლვოსში, წმ. ბარბარეს სახელობის მეტოქიონში – პისონში – ქალკედონის ნახევარკუნძულზე, კალამოკონიაში თესალონიკესთან ახლოს, თესალონიკეში და სხვ. ათონის ქართველთა მონასტერის ივირონის მონასტრის აღწერილობაში (1183/84 წ.) ასახულია სავანის კარგი მდგომარეობა – სავანე მნიშვნელოვან მოძრავ და უძრავ ქონებას ფლობდა. პავლეს მემკვიდრე გახდა იკონომოსი გიორგი VI. მოსახსენიებელ ჩანაწერში №158 აღწერილია მისი არჩევის პროცესი. წინამძღვარმა დაასახელა კანდიდატი, ხოლო მთელი საძმოს კრებამ იგი დაამტკიცა. 1197 წ. ათონზე მოვიდნენ: სტეფანე ნემანია (წმ. სვიმეონი) და მისი ვაჟიშვილი (შემდეგში – საბა მოძღვარი). მათ ივირონიც მოიხილეს და მონასტერს შესაწირებიც შესწირეს. აგრეთვე ყველა ბერს მისცეს თითო ოქრო.

ივირონის მონასტერი XIII საუკუნეში

1204 წ. ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი შედეგი იყო თესალონიკის სამეფოს დაარსება, რომლის მეთაური გახდა ჯვაროსანთა ლაშქრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თესალონიკის მეფე ბონიფაციუს მონფერატელი. ამ ფაქტს უკავშირდება აგრეთვე ლათინთა გამოჩენა ათონზე. არაა გამორიცხული, რომ ლათინები ივირონში 1204 წ. შემდეგ მყისვე გამოჩნდნენ.

ივირონის ბერძნული ძმობის თავკაცმა, ბერძენმა გრიგოლ იკოდომოპულოსმა, 1217 წ. კითხვით მიმართა ოხრიდის მთავარეპისკოპოს დიმიტრიოს II-ს (1216/17-1236 წ. შემდეგ): შეიძლება თუ არა ურთიერთობა მათთან, ვინც უბედურების ჟამს ლათინებს დაუკავშირდა და მათი წესები მიიღო. მას მხედველობაში ჰყავდა ივირონის ქართული ძმობის ხელმძღვანელთა ქმედებანი პაპის, ინოკენტი III-ის წარმომადგენელ კარდინალ ბენუას მიმართ თესალონიკეში. ოხრიდის მთავარეპისკოპოსმა გაკიცხა ქართველთა საქციელი, მაგრამ არ გაუპროტესტებია ქართველების მიერ მონასტრის მართვა, რისი იმედიც ჰქონდა ბერძენთა საძმოს, და პასუხში განაცხადა: „საეკლესიო შენდობის ტრადიციის თანახმად, ისინი, რომლებიც საეკლესიო წესებს ეწინააღმდეგებიან, შეუძლიათ მონანიება და საეკლესიო წესებისაკენ კვლავ მიბრუნება“. ამ პასუხმა იხსნა ივირონი აშლილობისაგან.

1230 წ. მარტში კლოკოტნიცასთან ბრძოლაში დესპოტ თეოდორეზე გამარჯვება მოიპოვა ბულგარელთა მეფე იოანე ასენ II-მ, რის შემდეგაც რეგიონში 10 წლის განმავლობაში ბულგარული მმართველობა დამყარდა. ათონელებმა, მათ შორის ქართველმა ბერმონაზვნებმა, აღიარეს ახალი ხელისუფლება. იოანე ასენმა გასცა ოქრობეჭედი, რომლითაც დაკანონებულია ივირონის უფლებები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ელეუსას ძველ მონასტერზე სტრუმიცის მახლობლად.

1232 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს შემოესივნენ მონღოლები, საქართველოსა და ბიზანტიას შორის ურთიერთობები დიდი ხნით შესუსტდა. ივირონში ამ პერიოდში ქართველი ბერები უფრო ცოტანი იყვნენ, ვიდრე ბერძნები, და ის ფაქტი, რომ ივირონს კვლავ ქართველები მართვადნენ, ბერძენთა მუდმივ უკმაყოფილებას იწვევდა. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდებოდა საქართველოში ორმეფობის, მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური მოვლენების გამო.

1246 წლამდე, როდესაც იოანე ვატაციმ მაკედონია დაიმორჩილა, „იტალიელმა მეკობრეებმა“ გაძარცვეს ივერთა მონასტერი და, როგორც ამას გვაუწყებს იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგის 1259 წ. იანვრის ოქრობეჭედი, გაანადგურეს მისი არქივის ნაწილი. ამ წყაროებიდან ცნობილია ისიც, რომ ივირონის მონასტრის მამულები იმ პერიოდში ხელუხლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ივირონმა პოლიტიკური პერიპეტიებისას დაკარგა არსენიკია, ლივიზასდა და მესოლიმნა, აგრეთვე დაახლოებით 500 მოდი მიწა მელიძიანაში და 150 მოდიზე მეტი მიწა მდინარე გალიკთან, თესალონიკესთან ახლოს.

1250 წ. კონსტანტინოპოლის პატრიარქი მანუელ II და სინოდი კვლავ ადასტურებენ ივირონის უფლებას სტრუმიცის ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ელეუსას მონასტერზე, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა ადგილობრივი ეპისკოპოსი. სწორედ ამ დოკუმენტიდან ხდება ცნობილი ივირონის წინამძღვრის, ნიკოლოზ ქართველის, სახელი, რომელიც მონასტერს წინამძღვრობდა 1250 წ. მაისში. მონასტრის შემდეგდროინდელი წინამძღვრებიც ქართველები იყვნენ: ნეოფიტოსი, იოანიკე, იოანე, სერაპიონი, ანტონი, ნიკოლოზი, იოანე.

ცნობილია აგრეთვე ზოგი ბერძენი წინამძღვარი: იოანიკი (აგვისტო, 1273), იოანე (1279/80), ნიკოლოზი (1279/80 შემდეგ), იოანე (თებერვალი, 1287; აგვისტო, 1288), იოანიკი (მაისი, 1292), იოანიკი (ნოემბერი, 1324; მარტი, 1326). მათი მოღვაწეობის ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია. სავარაუდოა, რომ ეს პერიოდი 3-4 წელს არ აღემატებოდა.

1274 წ. 6 ივლისს ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგოსის დროს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა შორის შედგა ე.წ. ლიონის უნია. უნიატებმა, რომლებიც გადმოსხდნენ ათონზე და ცდილობდნენ ათონელი ბერების გადაბირებას, მიმართეს ძალადობას. ზოგრაფის 26 წამებულთა შესახებ თხრობაში არის ცნობები ათონის მონასტრის მრავალი ბერმონაზვნის დაღუპვის შესახებ. დიდი ლავრის ბერებმა, სადაც პირველად მივიდნენ უნიატები, განდგომილი მღვდლის ზეწოლით მიიღეს უნია. ივირონმა ლათინებს წინააღმდეგობა გაუწია. 200-ზე მეტი უხუცესი ბერი ჩასვეს მონასტრის ხომალდში და ჩაძირეს ზღვაში, ახალგაზრდა ბერები კი მონებად გაყიდეს.

ლათინთა ბატონობის შემდეგ ქართველთა და ბერძენთა ძმობებს შორის დაძაბული ურთიერთობა შედარებით გაუმჯობესდა. ქართველთა (3) და ბერძენთა (8) ხელმოწერები 1264 წ. ოქტ. აქტზე, რომელიც ნიკოლოზ კამუდოსისათვის თესალონიკეში წმ. კლიმენტის მონასტრის მეტოქიონის დროებით დათმობას ეხებოდა, მოწმობს, რომ მონასტრის მმართველობაზე პასუხისმგებლობას იღებდა ორივე მხარე. ბერძნები, როგორც ჩანს, აღემატებოდნენ ქართველებს რიცხობრივად, მაგრამ უკანასკნელნი ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ მონასტრის მმართველობას. ამ პერიოდის დოკუმენტებში მონასტერი მოიხსენიება, როგორც „საიმპერატორო“ ან „იმპერატორის დიდი მონასტერი“, რაც ადასტურებს მის დაქვემდებარებას ბიზანტ. იმპერატორისადმი და არა ათონის ხელისუფლებისადმი, მათ შორის – პროტისადმი.

ივირონის მონასტერი XIV საუკუნეში

1306 წ. და 1308 წ. ათონის ქართველთა მონასტერს თავს დაესხნენ კატალონიელი და არაბი მეკობრეები. გადმოცემით, მონასტერს მიუახლოვდა 15 ხომალდისაგან შემდგარი ფლოტი. ბერები სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად კოშკში შეიმალნენ. მეკობრეებმა გაძარცვეს მონასტერი, მაგრამ შემდეგ მათ ხომალდებს ქარიშხალმა მოუსწრო და თითქმის ყველა დაიღუპა. არაბთა წინამძღოლმა მოინანია თავისი საქციელი და შეეცადა მონასტრისათვის ქონების ანაზღაურებას. მეკობრეთა ერთ-ერთი თავდასხმისას არაბმა მეომარმა დანა დასცა პორტაიტის ხატს, რომელსაც ნაჭრილობევიდან სისხლი გადმოსდინდა. არაბმა იხილა რა სისხლმდინარი ხატი, ქრისტე იწამა, მოინათლა და მონასტერში დარჩა. შემდგომში იგი ბერად აღიკვეცა დამასკინონის სახელით, მაგრამ ძმობას სთხოვა, მისთვის ბარბაროსი ეწოდებინათ.

1325 წ. ახლო ხანებში, თურქთა თავდასხმების შიშით, ათონის ბერებმა გადაწყვიტეს ციხესიმაგრის აშენება წმინდა მთის საზღვართან, მელისურგიის ახლოს, ივირონის მეტოქიონთან. ივირონის ძმობამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ეს გამოიწვევდა მეტოქიონის დაკარგვას, პროტ. ისააკის შუამავლობით მოიპოვა იმპერატორ ანდრონიკე II-ის ოქრობეჭედი მონასტრის მელისურგიაზე უფლებების თაობაზე. 2 ნაკვეთის (მიწის 1 – მოდი ციხესიმაგრის ასაშენებლად და 50 მოდი – მისი დაცვის განლაგებისათვის) დათმობის სანაცვლოდ ათონის.ქართველთა მონასტერმა მიიღო განსაზღვრული რაოდენობის ფულადი ანაზღაურება.

XIV საუკუნის შუა წლებამდე ივირონში წინამძღვრებად ჯერ კიდევ ქართველები რჩებოდნენ: ცნობილია ანტონი (1340 წ. ქართულად ხელს აწერს წმ. გრიგოლ პალამას „ტომოსზე“) და ანდრია (მისი ხელმოწერები დასტურდება 1344 და 1345 წწ. ყუთლუმუშის აქტებსა და პროტ ნიფონტის 1347 წ. სიგელზე); იღუმენები: ხარლამპი, ნილოსი, მაქსიმე და გაბრიელი მოხსენიებული არიან ხილანდარის, დოხიარიუსა და დიდი ლავრის დოკუმენტებში.

XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება ივირონის რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც შეიცავს ზუსტ და ვრცელ ინფორმაციას მონასტრის იმ დროინდელი მფლობელობის შესახებ: მაკედონიის დომენის მონასტერს ეხება იოანე ვატაცის 1341 წ. 3 აქტი და ედესინის ორფანოტროფის 1344 წ. სიგელი; სერბთა მეფის, სტეფანე IV დუშანის 1346 წ. 2 ოქრობეჭედი და ბიზანტიის იმპერატორების იოანე VI კანტაკუზენისა და იოანე VII პალეოლოგის 1357 წლის ოქრობეჭედი.

1346 წლის აპრილში სკოპიეში სტეფანე დუშანის კორონაციისას მის მიერ გაცემული მეორე ოქრობეჭედი შეიცავს ივირონის მონასტრის სამფლობელოების ზუსტ სიას სერბეთისა და ბიზანტიის ტერიტორიებზე, რომელთა შორის დასახელებულია 7 ახალი სამფლობელო: სახლები რენტინსა (რენდინი) და ზიხნაში, წმ. გიორგი მთავარმოწამის.

მეტოქიონი „ტა კუვუკლია“, ზევგილატიები (საგლეხო მეურნეობა, რომელთაც ხარები ჰყავდათ) ზიხნის მახლობლად ვრესტიანში და პანაგეის მახლობლად კორემისში, ელეუსის ღვთისმშობლის მონასტრის ორი მეტოქიონი სტრუმიცის მახლობლად აგია კალი წმ. თეოდორესი (Αγιας Καλπς). ასევე აღნიშნული იყო ივირონის მონასტრის დანაკარგები: წმ. კირიაკიის სავანე, მალუკა და კოხტაკიის მიწათა ნაწილი მდინარე სტრიმონის ნაპირზე, წისქვილი ანძისტში პანაგეის მახლობლად – სტეფანე დუშანის მიერ გადაცემული დიდმოწამე პანტელეიმონის მონასტრისა და სერბული ხილანდარის მონასტრისათვის.

ათონის ქართველთა მონასტერის ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კალისტე I-ის (1350-1353; 1355-1363) ორმა აქტმა. მის 1351 წლის აქტში იმპერატორი იოანე VI კანტაკუზენის ოქრობეჭედთან ერთად, რომელიც ასევე 1351 წ. გაიცა, დადასტურებული იყო ივირონის მონასტრის ყველა უფლება მის ქონებაზე. 1353 წ. (აპრილამდე) პროტი არსენი ბერძენ ათონის ქართველთა მონასტრის ბერმონაზონთა მიწვევით მივიდა ივირონში იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ქართულ მხარეს მონასტრის მართვის რეალური შესაძლებლობა და მმართველობა და თანამდებობები გადასცა ბერძენ ბერებს, ქართველები ამას არ დაეთანხმნენ, ისინი თავის უფლებებს ასაბუთებდნენ იმით, რომ მონასტრის სახელწოდება „ივირონი“ ქართულის აღმნიშვნელია. როდესაც ივირონი მოინახულა პროტმა თეოდოსიმ, მხარეებმა შემდეგ კომპრომისს მიაღწიეს: წინამძღვრისა და ეკლესიარხის თანამდებობები – ბერძნებს, ხოლო დანარჩენი ქართველებს უნდა დაეკავებინათ. ეს შეთანხმება პატრიარქ კალისტეს 1355/1356 წწ. სიგელით იქნა გამაგრებული, რომლის საფუძველზედაც, იმის მომიზეზებით, რომ ქართული ძმობა მცირერიცხოვანი იყო და მონასტრის მმართველობის ცოდნა-გამოცდილება არ ჰქონდა, ბერძენ ბერებს, „რომლებიც რაოდენობითა და სულიერი ღირსებებით ქართველებს აღემატებოდნენ“, კათოლიკონის ფლობის უფლება მიეცა, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ქართველების ხელში ივირონის მონასტერი 5 საუკუნის განმავლობაში ყვაოდა, იგი გაძლიერდა, მისი მამულები (სამფლობელოები) გაფართოვდა და შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ ქართველებს მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პორტაიტის ტაძარი დაუტოვეს. კალისტემ მაშინ ივირონის მონასტერს სახელწოდება „ივირონი“ ჩამოართვა, როგორც „არაფრის მთქმელი და ამაო“.

ივირონის მონასტერი XV-XVI საუკუნეში

მიუხედავად ამისა, XV საუკუნის 90-იან წლებშიც ივირონის მონასტრის იღუმენები იყვნენ როგორც ბერძნები, ისე ქართველები. ამ პერიოდის პირველი ცნობილი ქართველი იღუმენი იოანე 1363 წელს აპრილში ქართულად აწერს ხელს დიდმოწამე პანტელეიმონის მონასტრის აქტებს. 1392-1394 წწ. იღუმენის თანამდებობა ეჭირა მიტროპოლიტ მაკარის, რომელიც ქართულად აწერს ხელს პანტოკრატორის მონასტრის აქტს. 1423 წელს მოიხსენიება ქართველი წინამძღვარი ეფთვიმე. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მონასტერს ამ პერიოდშიც, ადრინდელის მსგავსად, საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. როგორც წინა პერიოდებში, ივირონი ამ დროსაც მოიხსენიება, როგორც საიმპერატორო და ეწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პორტაიტის მონასტერი.

ოსმალთა მიერ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობა გახდა ათონის მონასტრების, მათ შორის, ივირონის, დაცემის მიზეზი. წმ. მთას მაღალი ხარკი დაედო (12 ათასი ტალერი წელიწადში). დიდი ლავრის შემდეგ ათონის ქართველთა მონასტერი იყო მეორე, რომელიც ყველაზე მეტ გადასახადს იხდიდა – თვეში 85 ტალერს. ზოგ შემთხვევაში სხვა გადასახადებიც ემატებოდა. კერძოდ, 1670 წელს ათონის ქართველთა მონასტერი დააჯარიმეს 8 000 ტალერით, რადგან მონასტერმა თურქთა წინააღმდეგ მებრძოლ ვენეციელებს გაუწია დახმარება. ამ პერიოდში ივირონის სამფლობელოები შემცირდა. ოსმალთა კადასტრებში ძვ. სამფლობელოების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი.

ცნობილია ამ პერიოდის რამდენიმე წინამძღვარი: იოაკიმე (XV ს. შუა წლები), რომელმაც თანამდებობა დატოვა და კუნძულ ლემნოსზე გაემგზავრა, სადაც დიმიტრი პალეოლოგისაგან (1406/1407-1470/1471) მიიღო მიწები მონასტრის ასაშენებლად; ქართველი ეფთვიმე აკაკიოსი, რომელიც კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა ივირონის მონასტრის საკუთრების საკითხის გასარკვევად. ბერძნები: დიონისე (იხსენიება 1496), ნათანაელი (1499, მარტი) და მალაქია (1501-1503).

1489 წ. ივირონში მხოლოდ 50 ბერი იყო, რაც სავანის დაცემას მოწმობს; ეს დამახასიათებელია აგრეთვე ამ პერიოდის ათონის სხვა მონასტრებისათვის. თუმცა, მუსლიმური საგამოსაღებო რეესტრის მიხედვით, 1520 წ. ივირონში უკვე 151 ბერი იმყოფებოდა.

XV საუკუნესა და XVI საუკუნის II ნახევრის ათონის დოკუმენტაცია მოწმობს, რომ ივირონის სტატუსი დროებით დაეცა. მისი იღუმენი ხელმოწერას აკეთებს პორტასა და დიდი ლავრის, ვათოპედისა და ხილანდარის იღუმენების ხელმოწერის შემდეგ, რაც, როგორც ჩანს, განპირობებული იყო სერბეთის მმართველთა მხრიდან თავისი მონასტრების აქტიური მხარდაჭერით. 1486 წელს ხილანდარი ცდილობს, მიითვისოს ათონის ქართველთა მონასტერის მინდვრები, საძოვრები, სათიბები კომიტისში ათონის ჩრდილო-დასავლეთით. ივირონის ბერები 1492 წელს და 1503 წელს იძულებული იყვნენ, დათმობაზე წასულიყვნენ და ხილანდარის ბერებთან ერთად ყოფილიყვნენ იმ ტერიტორიების მფლობელნი, რომლებიც XI საუკუნიდან ათონის ქართველთა მონასტერს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ხილანდარმა, შემდეგ ვათოპედმა, სამუდამოდ გამოაძევეს ათონის ქართველთა მონასტერი კომიტისიდან.

XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ათონის ქართველთა მონასტერის მფარველობდა ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური საგვარეულო. ამის შესახებ ცნობები დაცულია აღაპთა წიგნის 3 ჩანაწერში (№162-164) და მონასტრის არქივის სხვა დოკუმენტებში. ათაბაგი ყვარყვარე დიდი (1451-1498), მისი შვილები ქაიხოსრო (1498-500) და მზეჭაბუკი (1500-1515) მონასტრისთვის მნიშვნელოვან შეწირულობას გასცემდნენ, რითაც აღადგინეს კოშკი – ბასტიონი და სენაკების ნაწილი. თავიდან აშენდა მთავარი კოშკი, საავადმყოფო, კათოლიკონის გვერდითი მინაშენი, აშენდა და მოიხატა ტაძრის გალერეა. ტაძარი მოიხატა ქტიტორების – ქაიხოსროსა და მზეჭაბუკის – ასევე, იმ ქართველ მეფეების პორტრეტებით, რომელთაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღოდათ მონასტრის აშენება-გაფართოებაში. 1883 წელს მონასტრის ბერძენი წინამძღვრის მითითებით ტაძარი ახალი ფრესკებით მოიხატა, ხოლო წარწერები გადაკეთდა. „აღაპთა წიგნი“ ადასტურებს ბერძნულ წარწერას კათოლიკონის დასავლეთ კედელზე, სადაც აღნიშნულია, რომ 1513 წელს დამთავრებული იყო სამშენებლო სამუშაოები ეკლესიასა და კოშკში; ასევე გარემონტდა მონასტრის კედლების ღიობები და სათოფურები.

შემოწირულობა ივირონში, იერუსალიმსა და სინის მთაზე ხორციელდებოდა ქაიხოსროს აღზრდილი ამბროსის (შემდეგში – აწყურის მთავარეპისკოპოსი) მეშვეობით, რომელმაც ივირონის ბერებს გადასცა 25 500 თუმანი. საკუთარი ხარჯით ვერცხლით შეამკო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რაზედაც მეტყველებს მასზე ამოტვიფრული ასომთავრული წარწერა.

XVI საუკუნეში მონასტრის აღორძინებას ხელს უწყობდნენ ვლახეთის მთავრები. გოსპოდარ რადუ დიდის (1495-1508) შეწირულობით აღდგა კათოლიკონი. ნიაგოე ბასარაბამ (1512-1521) თანხა გაიღო მონასტერში წყლის გასაყვანად, მისმა თანამეცხედრემ, მილიცა დესპინემ, პორტაიტის ხატს საგანგებოდ მოქსოვილი საბურველი (ამჟამად დაკარგულია) შესწირა. ვოევოდა რადუ პაისისა და მისი ვაჟის, ვლადის, სახელები ამოქარგულია სხვა საბურველზე, რომელიც მონასტერს 1544-1545 წწ. შესწირეს.

კათოლიკონის სამხრეთ კედელზე გამოხატული ვლახეთის ვოევოდას მიხნი II პოტურჩენცისა (1577-1583; 1585-1591) და მისი ვაჟის, რადუ მიხნის (1611-1616; 1620-1623) პორტრეტები გვაფიქრებინებს, რომ ტაძარი მოიხატა ამ პირთა შეწირულობებით. არსებობს გადმოცემა, რომ მიხნი II-მ, რომელმაც დაკარგა ტახტი და იძულებული გახდა, მიეღო ისლამი, რადუ მიხნი ივირონს შეაფარა, საიდანაც ბერებმა ვენეციაში გაამგზავრეს, შემდეგ – პადუაში. მოგვიანებით რადუ მიხნი ვლახეთის ტახტზე ავიდა და უხვად დააჯილდოვა ივირონელები.

1582 წელს (შესაძლოა, უფრო ადრეც) ივირონმა სპაფარიუს სტელისაგან მფლობელობაში მიიღო ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი ბუქარესტში.

„ივირონის უმშვენიერესი მონასტრის შესახებ მონათხრობის“ თანახმად, ათონზე ქართველ მოსახლეთა რიცხვი კლებულობდა და მონასტერს ბერძნები დაეუფლნენ, თუმცა ივირონი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საქართველოს საკუთრებად, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მონასტრის ქართველი ბერები დახმარებისათვის ქართველ მეფეებსა და თავადებს მიმართავდნენ. კერძოდ, 1592 წელს ივირონის ბერებმა მორჩილების ნიშნად სავანის გასაღები გადასცეს ქართველ მეფეს, ალექსანდრეს (სავარაუდოდ, კახთა მეფე ალექსანდრე II (1574-1605)), ხოლო ამ უკანასკნელმა ივირონის ვალის გადასახდელად გაიღო 12 000 ფლორინი.

ივირონის მონასტერი XVII-XVIII საუკუნეში

1600 წელს ათონის ქართველთა მონასტერში 300 მოსაგრე იყო, ხოლო XVII საუკუნის ბოლოს – 400. 1604 წელს იღუმენ გაბრიელ ათენელის დროს, რომელიც საქართველოდან ათონზე დაბრუნდა, მონასტერში სენაკები და ყველაწმინდის ტაძარი აშენდა ქართველ ქრისტიანთა და თესალონიკის მიტროპოლიტ კოსმას ხარჯებით. 1605 წელს გოსპოდარმა რადუ შერბანმა სავანეს უფლება მისცა, მიეღო წლიური შეწირულობა – 15 000 ასპრი და 500 ასპრი იმ ძმათა ხარჯებისათვის, რომლებიც ვლახეთში მის კარს ეწვეოდნენ. 1610 წელს ვინმე კაკავას (შესაძლოა კა[ნ]კავას) შეწირულობიდან ააშენეს ახალი საავადმყოფო და წმ. მოდესტის ეკლესია. 1617-19 წლებში ივირონმა წყალმომარაგებითი სამუშაოებისათვის დახარჯა საქართველოდან მიღებული 6 000 ასპრი. 1619 წელს მონასტერში გაკეთდა ჭა, რისთვისაც ხარჯი გაიღო ქართველმა, ვინმე სერმაზანმა (ჩანს, შერმაზანმა) და ნიკოლოზმა – ვლახეთისა და შემდეგ მოლდავეთის გოსპოდარების მწიგნობარმა.

XVII საუკუნეში ათონის ქართველთა მონასტერმა მიიღო ახალი სამფლობელო თესალონიკეში – ვლატადონის მონასტერი, რომელიც ივირონს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, კირილე I ლუკარისმა გადასცა. ათონის მთის მონასტრებისადმი ქონების გადაცემა დაკავშირებული იყო ოსმალთა ბატონობის პერიოდში ბერძნების სურვილით, თავიდან აეცილებინათ ამ ქონების თურქთა ხელში გადასვლა (დიდი მონასტრებისადმი გადაცემული და შეწირული ქონება ხელუხლებელი რჩებოდა).

გარდა ამისა, ივირონმა მიიღო საკმაოდ დიდი სამფლობელოები ვლახეთში – ბუქარესტში წმ. სამების მონასტერი (რადუვოდე) და ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი, ხარების მონასტერი (ბოლინტინი) ჯურჯუში და ასევე ხარების მონასტერი (გლავაჩოკი) არჯეშში, წმ. ნიკოლოზის 1431 წელს დაარსებული მონასტერი ქ. ტირგოვიშტასთან. ყველა ეს მონასტერი ივირონს გადაეცა თავისი მიწებით, გლეხებით, წისქვილებითა და სავაჭრო ობიექტებით. ბუქარესტის რადუვოდეს მონასტერი ივირონის ყველაზე დიდი მეტოქიონი იყო ვლახეთში. მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იღუმენი იყო დიონისე ივირონელი (დიონისე ბერძენი). რადუვოდეს მონასტერში 1595 წელს დროებით გადაასახლეს სინან-ფაშას მიერ დანგრეული სტელიას მონასტრის ბერები. სტელის მონასტერი 1630 წ. თავიდან აშენდა და გადაეცა ივირონს გოსპოდარ ლეონ ტომშის სიგელით. სტელის – მონასტრის ნაგებობათა აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტმა გრიგოლ I-მა, თავის დროზე ივირონისა და რადუვოდეს იღუმენმა. მისი ძალისხმევით სტელიის მონასტერი ისევ ივირონის მეტოქიონი გახდა.

XVII საუკუნის დასასრულს ათონის ქართველთა მონასტერისთვის გულუხვი შეწირულება გაიღო სამეფო გვარის მუხრანბატონთა შტოს ცნობილიმა წარმომადგენელმა, აშოთან მუხრანბატონმა (1637-1692). მისი შეწირულობით 1672 წელს მოხატეს მონასტრის ტრაპეზი, ჭერის შეცვლისა და გადახურვის შემდეგ მოეწყო თაღები. 1680 წელს კათოლიკონის დასავლეთით აშენდა მცირე ზომის პორტაიტის ეკლესია, სადაც დასვენებულ იქნა სასწაულთმოქმედი ხატი. აშოთანის სიგელის მიხედვით, 1686 წლის 1 მაისს მან ათონის ქართველთა მონასტერს შესწირა შიდა ქართლის სოფელ ხვითის გლეხები. პორტაიტის ღვთისმშობლის ეკლესია მოიხატა 1680-1683 წლებში, ვლახეთის გოსპოდარ შერმან კანტაკუზინოს შეწირულობით. ქტიტორისა და ვინმე ანასტასიას (შესაძლოა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი) პორტრეტები, მოთავსდა ამ ტაძრის ერთ-ერთ კედელზე. XVII საუკუნის II ნახევრის სხვა ნაგებობათა შორის აღსანიშნავია ახალი საავადმყოფო (1673). 1675 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენისაგან ივირონმა მიიღო სტავროპაგიალური მონასტრის სტატუსი.

XVIII საუკუნეში ივირონმა შეიძინა რამდენიმე მონასტერი – მეტოქიონი – კორნოფოლაში (1747, სუფლიონთან ახლოს, თრაკიაში), მელნიკში (1760, ბულგარეთი), სამოთრაკის კუნძულზე (1774-1780), ბოსფორზე, ვევეკიონში (1796) და ტრიგში, კუნძულ ლემნოსზე (1797).

მაკედონიაში ათონის ქართველთა მონასტერი ფლობდა მეტოქიონს კალამარსა და ქალკედიკის ნახევარკუნძულზე, თრაკიაში – დიდიმოტიხონიში, ადრიანოპოლში, ირაკლიცეში, აგრეთვე ზეთისხილის ბაღს ტასოსის კუნძულზე. XIX საუკუნის დასაწყისამდე ქართველი მეფეები, სასულიერო პირები, თავადები ივირონს სწირავდნენ შესაწირებს: 1769 წ., 1772 წ., 1791 წ. - ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II; 1757 წ. – იმერეთის მეფე სოლომონ I და სხვ. შემონახულია ერეკლე II-ის მიერ 1775 წ. დამტკიცებული სიგელი, რომლის მიხედვით, თელავში მცხოვრებ მეწაღე დ. თემურაშვილს საკუთარი თავი და ოჯახი შთამომავლებითურთ შეუწირავს ივირონისათვის. XX საუკუნის დასაწყისისათვის ივირონს ჰქონდა 29 მეტოქიონი: 22 ოსმალეთში, 3 საბერძნეთში, 3 საქართველოში, 1 რუსეთში.

XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში ივირონში მსახურობდა მღვდელმონაზონი ათანასე ივირონელი, ხელნაწერთა გადამწერი, გალობის მასწავლებელი, შემდგომში ამ მონასტრის მთავარიღუმენი. ათანასეს მოწაფე ნეოფიტე ივირონელი მას უწოდებდა „საუკეთესო მუსიკოსს“. 1745 წელს ივირონის პროიღუმენმა იანინიდან, ქრისტეფორემ, საკუთარი ხარჯით ვენეციაში გამოსცა იოანე კომნენის თხზულება. ივირონში იღვწოდნენ სწავლული ბერები: ნეოფიტე, ნაფპაკტიის ყოფილი მიტროპოლიტი (გ. 1740), ღირსი იეროთეოს ივერიელი (გ. 1745) და მისი მოწაფე, ბიბლიოთეკარი მელეტი, წმ. მოწამე გრიგოლ V, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (გ. 1821), მონაზონი და მოძღვარი ონოფრე (კუნდურ-ოღლუ) დიმიცანიდან (გ. 1833), წმ. მოწამე ლუკა მიტილინელი (გ. 1802), ილარიონ მიკრაიანტი (გ. 1804), ეფთვიმე ახალი დიმიცანიდან (გ. 1814) და ახალმოწამე კონსტანტინე კავსოკა-ლივიტი (გ. 1819).

1740 წ. მონასტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა ხანძარმა (40 სენაკი და 2 ტაძარი), რომელიც დროულად მიღებული ზომების შედეგად არ გავრცელდა, რადგან მის ჩაქრობაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 1758 წელს ზღვის მხარეს ისევ აშენდა კედელი. ხანძრის შემდეგ, 1804 წელს, დასავლეთის კორპუსისა და სამი კოშკიდან ერთ-ერთის საფუძვლის ჩაყრაში მონაწილეობდა პატრიარქი გრიგოლ V. 1819-1821 წლებში გადაკეთდა ჩრდილო-დასავლეთ მხარე.

ივირონის მონასტერი XIX საუკუნეში

ივირონი, ისევე, როგორც ათონის სხვა მონასტრები, მონაწილეობდა საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1821-1829). ივირონის იღუმენი ნიკიფორე დაკავშირებული იყო საიდუმლო ორგანიზაციასა „ფილიკი ეთერია“ (მეგობრული გაერთიანება, საზბა) და აჯანყების ხელმძღვანელთან მაკედონიაში ე. პაპასთან. ივირონი არა მხოლოდ ეხმარებოდა ქალკედონის ნახევარკუნძულზე აჯანყებულებს, არამედ ფინანსურად ეხმარებოდა საბერძნეთის სამხრეთ რაიონებს. სავანის არქივში დაცულია გათავისუფლებული საბერძნეთის პირველი მმართველის, ი. კაპოდისტრიის (1830), სამადლობელი წერილი, რომელშიც ის ჩამოთვლის მრავალ ძვირფას შეწირულობას თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთის სახელმწიფოს საჭიროებისათვის მონასტრის მიერ გაღებული გადამდნარი ვერცხლის ჭურჭელი შეფასებულია 600 000 დრაჰმად, რის გამოც სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, ივირონისათვის ყოველწლიურად 600 დრაჰმა გადაეცა.

თურქთა მიერ ათონის ოკუპაციისას იქ მოსახლე ბერძნებმა დატოვეს ათონის ქართველთა მონასტერი იქ დარჩა მხოლოდ ორი მღვდელმონაზონი – ღირსი მამა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) და ბენედიქტე ქიოტიშვილი (გ. 1861 ან 1862). ილარიონი ათონის მონასტრის წარმომადგენლებთან ერთად წარგზავნეს თურქთა არმიის უფროსთან, აბდულა რობუთ-ფაშასთან; რომ არა ილარიონის შეგონებანი და საუბრები გამაჰმადიანებულ ქართველთან – რობუთ-ფაშასთან, ათონზე დიდი ხოცვა-ჟლეტა ატყდებოდა.

ილარიონმა შეადგინა ქართულ ხელნაწერთა კატალოგი და გამოსცა იქიდან ამორიდებული 12 თავი, სახელწოდებით „ყვავილნარი“.

1834 წელს ბერძნებმა ქართველები გაასახლეს წმ. იოანე წინასწარმეტყველის კელიაში და წირვა-ლოცვის უფლება დაუტოვეს მხოლოდ კარის ღვთისმშობლის ტაძარში. ყველასგან პატივცემულ მღვდელმონაზონ ბენედიქტეს გარდაცვალების შემდეგ ბერძნებმა აკრძალეს ქართველების არა მხოლოდ მონასტრის ძმობის წევრებად მიღება, არამედ აქ გაჩერებაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ივირონი სრულიად ბერძნული გახდა, ის იმ დროისათვის უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოსთან მაინც ინარჩუნებდა ურთიერთობას. 1874 წელს ოფიციალური უწყისებით დგინდება, რომ ივირონს საქართველოს ტერიტორიაზე (თბილისის და ქუთაისის გუბერნიების სხვადასხვა მაზრაში) ეკუთვნოდა 2440 დესეტინა მიწა, 174 სამონასტრო კომლი გლეხი, რომელსაც ყოველწლიურად 4 651 000 მანეთის შემოსავალი შემოჰქონდა, აგრეთვე - 350 კოდზე მეტი ხორბალი, ქერი, სიმინდი, ლობიო, ღომი და სხვ., 40 კოდ ღვინოზე მეტი და 10 კოდი თხილი.

1863 წელს მთავარ ალექსანდრე კუზას რეფორმების შედეგად მოხდა რუმინეთში ივირონის მონასტრის სამფლობელოთა სეკულარიზაცია (ისევე, როგორც სხვა ბერძნ. მონასტრების). ბესარაბიაში ივირონს ეკუთვნოდა 1658 დესეტინა მიწა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტყე და ზვრები. 1873 წელს კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოების ბესარაბიასა და კავკასიაში არსებული მონასტრების მამულები, მათ შორის – ათონის ქარტველთა მონასტრის, გადაეცა სახელმწიფო ქონების სამინისტროს, მიღებული შემოსავლებიდან გარკვეული თანხის გადახდის პირობით. 1881 წელს გამოიცა ბრძანება მათი კვლავ ათონის ბერძნულ მონასტრების მფლობელობაში გადაცემის თაობაზე. ამასთან ერთად, დაისვა საკითხი წმ. იოანე წინასწარმეტყველის ქართული კელიისათვის შემოსავლების ნაწილის გამოყოფის შესახებ. მონასტრის საბოლოო გაბერძნულება მას შემდეგ მოხდა, რაც ხატებისა და ფრესკების ქართული წარწერები ბერძნულით შეიცვალა. ქართველმა მეცნიერმა გ. ნადარეიშვილმა, რომელმაც ივირონი მოინახულა 1882 და 1887 წწ., მეორე მოგზაურობისას აღნუსხა ეს ცვლილებები. 1905 წელს მონასტრის ნაგებობები მიწისძვრამ დააზიანა. 1916 წ. ივირონმა საბოლოოდ დაკარგა სამფლობელოები საქართველოსა და ბესარაბიაში.

ივირონის თანამედროვე მდგომარეობა

XX საუკუნეში ივირონი, ისევე, როგორც ათონის სხვა მონასტრები, ეკონომიკურად შეჭირვებულ მდგომარეობაში იყო, რამაც ბერმონაზონთა რიცხოვნობაც შეამცირა. XX საუკუნის დასაწყისში სავანეში 200 ბერი მოღვაწეობდა (ძირითადად – მცირეაზიელები). 1965 წელს ივირონში მოსაგრეობდა 37 ბერი, მასზე დამოკიდებულ სავანეებში – 14, კელიებში – 47; 1975 წელს მთავარ მონასტერში იყო 30 ბერი, 35 – სკიტებსა და კელიებში.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ივირონი არსებობდა, როგორც იდიორითმული მონასტერი. 1990 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის, დიმიტრი I-ის, ბრძანებით ივირონს დაუდგინდა საერთო საცხოვრებელი მონასტრის სტატუსი და აქ სტავრონიკიტას მონასტრიდან გადმოასახლეს ძმობა არქიმანდრიტ ბასილის (გონდიკაკისი) მეთაურობით. მისი გარდაცვალების შემდეგ (23.10.2005) იღუმენად არჩეულ იქნა ნათანაილი (კოლაიძისი) (2005 წ. 31 ოქტ.). XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე მონასტერში მიმდინარეობს სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები. 1989 წლის 9 ოქტომბერს ათონიდან თბილისში, როგორც „ნიშანი ზეციური კურთხევისა და ნუგეშისა“, ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის (პორტაიტის) ხატის ასლი, რომელიც ივირონელ ბერთა მიერ იყო დაწერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის (ღუდუშაური-შიოლაშვილი), თხოვნითა და ლოცვა-კურთხევით. ხატი დასვენებულ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში. 2009 წელს ივირონში ცხოვრობდა 40 ბერი, მასზე დამოკიდებულ კელიებში – 34.

ათონის.ქართველთა მონასტრის სიწმინდეები

ივირონი ათონის წმ. მთის მონასტერთაგან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონასტერია წმ. ნაწილების ფლობის თვალსაზრისით. ესაა დაახლოებით 150 წმინდანის ნაწილები. პატიოსანი წმ. ნაწილები ამჟამად განთავსებულია წმ. მთავარანგელოზთა ეკვდერის გასწვრივ განლაგებულ ვიტრინებში და მათთან მიახლების საშუალება აქვთ არა მხოლოდ მონასტრის ბერმონაზვნებს ჟამისწირვისას, არამედ იქ მისულ მორწმუნეებსაც. აქ ინახება მაცხოვრის ჯვარცმის პატიოსანი ჯვრის ნაწილები, მაცხოვრის კვართის ნაწილი, ღრუბელი, ხელჯოხი, წმ. იოანე წინასწარმეტყველის, წმ. პირველმოწამე სტეფანეს; მოციქულთა: წმ. პეტრეს, წმ. ლუკას, წმ. ბართლომეს, აგრეთვე წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ეპიფანე კვიპრელის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმ. იოანე მმარხველის, უვერცხლოთა კოზმანდა დამიანეს, მთავარმოწამე გიორგის, წმ. თეოდორე სტრატილატის, 40 სებასტიელი მოწამისა და სხვათა მნიშვნელოვანი წმინდა ნაწილები: წმ. მოწამე ბასილი ამასიელის მარცხენა ხელი, სინადის ეპისკოპოსის ღირსი მამის, მიქელის, მარცხენა ტერფი, წმ. მთავარმოწამე პანტელეიმონის ხელი, წმ. მოწამე ფოტიოსის თავის დიდი ნაწილი, წმ. კვიპრიანეს ტერფი, წმ. იეროთეოზ ივირონელის თავი, წმ. გრიგოლ ნოსელისა და წმ. ელეფთერის თავის ნაწილები, დიდმოწამე დიმიტრი სოლუნელის მირონი და სხვ. წმ. ნაწილთა შესახებ წყაროებში დამოწმებული ცნობები შეკრიბეს და გამოაქვეყნეს ეპისკოპოსმა პორფირიმ (უსპენსკი), არქიმანდრიტმა გერასიმემ (სმირნაკესი), ა. ნატროევმა.

ივირონის სამონასტრო კომპლექსი

ათონის ქართველთა მონასტრის კომპლექსი რამდენიმე ტაძარსა და სხვა სახის ნაგებობას აერთიანებს. ივირონის მონასტრის მშენებლობა დაიწყო კლიმენტის ლავრის ტერიტორიაზე. ქართველი ბერები თავდაპირველად მთავარი მონასტრის, კირიაკონის, ირგვლივ შემოიკრიბნენ, რომელიც წმ. იოანე წინასწარმეტყველის ტაძრის ადგილზე მდებარეობდა, კირიაკონის საკურთხეველი ჩრდილოეთისაკენ გადახრით აღმოსავლეთისაკენ იყო მიმართული. კათოლიკონი X საუკუნის ბოლოს აშენდა, მისი ღერძი შეიცვალა, რის გამოც საკურთხეველი მკაცრად ორიენტირებული იყო აღმოსავლეთზე.

ივირონის ლავრაში რამდენიმე ტაძარი აშენდა: წმ. იოანე წინასწარმეტყველის ტაძარი, კათოლიკონი, კათოლიკონის ნართექსი, წმ. მთავარანგელოზთა ეკვდერი, წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკვდერი, კათოლიკონის გარეთა ნართექსი, კათოლიკონის სამრეკლო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი – პორტაიტისა, კოშკი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათოლიკონი ერთ-ერთი უძველესია ათონის მთაზე. იგი დიდი ლავრის, კათოლიკონის (963), შემდეგ აშენდა და ვათოპედის კათოლიკონის თანადროულია (972 და 985 წლებს შორის), რომელთანაც დიდი მსგავსება აქვს. სამივე ტაძარი ბიზანტიური არქიტექტურისათვის იშვიათი ჯვარგუმბათოვანი ტრიკონქის ტიპისაა. ამ დიდი ხუროთმოძღვრული ნიმუშის საფუძველია კლასიკური შუაბიზანტიური პერიოდის ერთგუმბათიანი ტაძარი, რომელიც სამნაწილიანი საკურთხევლით 4 სვეტს ემყარება. მასზე დამატებული გვერდითი მინაშენები ტაძრის სივრცეს ზრდის. ვათოპედისა და ივირონის კათოლიკონი დიდი ლავრის კათოლიკონისაგან განსხვავებულია. მისი ისტორიის განმავლობაში იგი რამდენჯერმე გადაკეთდა, 1492 წელს კი – ძირეულად, მას მიუშენდა სამრეკლო, სხვადასხვა დროს კიდევ რამდენიმე მინაშენი გაუკეთდა. მისი კედლები დაფარულია ფრესკებით.

კარის ღვთისმშობლის (პორტაიტის) ტაძარი კათოლიკონიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, იგი მიმართულია წმ. იოანე წინასწარმეტყველის ტაძრის საკურთხევლისკენ. ამჟამად არსებული ტაძარი აშენებულია იმ ადგილას, სადაც ადრე ძველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი იყო აგებული და მოხატული (X-XI სს). სწორედ აქაა დაცული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, აგრეთვე მთავარმოწამე წმ. გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი.

ივირონის საცავი

ათონის ქართველთა მონასტერში დაცულია ბერძნულ, ქართულ და სხვა ენებზე შედგენილი სამონასტრო აქტებისა და ხელნაწერი წიგნების უმდიდრესი კოლექცია, რომელთა უდიდესი ნაწილი დედნის სახითაა მოღწეული. არქივში დაცულია ბიზანტიური და პოსტბიზანტიური აგრეთვე შემდგომი ხანის სამონასტრო საბუთები – ბიზანტიის იმპერატორების მიერ გაცემული სიგელები (ოქრობეჭედი), სინოდის გადაწყვეტილებები, პრაქტიკონები (გლეხების, მამულებისა და ფისკალური გადასახადების აღწერები), შეწირულობის, ნასყიდობის, საგარანტიო, სადავო, საზღვრების დადგენის, გაცვლებისა და სხვა სახის დოკუმენტები. ამ აქტებზე შესრულებული ქართულ და ბერძნულ ჩანაწერები წარმოადგენენ აქტის დამტკიცებებს, ან გადმოსცემენ საბუთის შინაარსს, განკუთვნილს მონასტრის ქართულენოვანი ბერებისათვის.

ადრეული ხანის მოგზაურთა და მკვლევართაგან ვ. გრიგოროვიჩ-ბარსკი იყო პირველი, რომელმაც ივირონის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ მეტ-ნაკლებად ზუსტი ცნობები მოიძია. 1744 წ. მას მონასტერში აჩვენეს 12-მდე საბუთი, რომელთაგან 6 ბიზანტ. ხანის ოქრობეჭედს წარმოადგენდა (1. იოანე VI კანტაკუზენის 1351 წ. ოქრობეჭედი ოქროს ბეჭდით; 2. მისივე ოქრობეჭედი იმავე წლით დათარიღებული; 3. სტეფან (დუშანის) 1346 წ. ოქრობეჭედი ოქროს ბეჭდით; 4. იოანე V პალეოლოგის ოქრობეჭედი, 1357 წ. აგვ.; 5. მიხეილ IX პალეოლოგის ოქრობეჭედი, 1310 წ. აგვ.; 6. ანდრონიკე II პალეოლოგის 1283 წ. ოქრობეჭედი).

1846 წ. პორფირი უსპენსკიმ არქივში დაცული 30-მდე საბუთი გადმოწერა (უმეტეს შემთხვევაში – არასრულად), რომელსაც „ივირონის აქტების“ გამომცემელ-მკვლევრები „უსპენსკის ასლებად“ იხსენიებენ. 1847 წ. პორფირი უსპენსკის მიერ შედგენილ კატალოგში მითითებულ იქნა ივირონის არქივის 40-ოდე ბერძნული საბუთი.

XIX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული იზრდება ინტერესი ივირონის სამონასტრო დოკუმენტებისადმი და იწყება მათი ფოტოგადაღება. 1859 წ. პ. სევასტიანოსმა გადაიღო ივირონის 3 ბერძნული საბუთი, რომელთაგან 1309 წ. დათარიღებული შეწირულობის აქტი ამჟამად ათონის არქივში არ იძებნება. 1928-1931 წწ. ა. სიგალასმა, 1935 წ. – სერბიის სამეფო აკად. ექსპედიციამ, ხოლო 1941 წ. – დოელგერმა ფოტოებზე აღბეჭდეს ივირონის არქივის ბიზანტ. საბუთები. 1971-1977 წწ. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის მივლინებით „ივირონის აქტების“ გამომცემლებმა და მკვლევრებმა გამოსაცემად მოამზადეს X-XV სს. 130 საბუთი, რომელთა უმეტესობა სიძველით გამოირჩევა და 1500 წლის წინანდელია, რაც მათ ღირებულებას ივირონის ადრეული ისტორიისათვის კიდევ უფრო ზრდის. 1985-1995 წწ. ჟაკ ლეფორმა, ნიკოლაოს იკონომიდისმა, დენიზ პაპახრისანთუმ ე. მეტრეველის თანაავტორობით ფრანგულ ენაზე გამოსცეს ივირონის აქტების 4 ტომი, რომელშიც შევიდა ბერძნულენოვანი აქტები ივირონის დაარსებიდან, X საუკუნიდან XVI საუკუნის დამდეგამდე. ეს დიპლომატიკური გამოცემა საეტაპოა ათონის ქართველთა მონასტრის ისტ., საცავების, ხელნაწერების კვლევისათვის. მისი სრული ქართ. თარგმანი 2008 წ. გამოქვეყნდა.

საცავში სამონასტრო აქტების გარდა, ინახება ქართველ და ბიზანტიელ მეფეთა და წარჩინებულთა, სასულიერო და საერო პირთა მიერ მონასტრისთვის საუკუნეთა განმავლობაში შეწირული თუ ბოძებული საეკლესოპ დანიშნულების ძვირფასი ნივთები და ხელნაწერი წიგნები.

ივირონის ბიბლიოთეკა

ივირონის მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია X-XV საუკუნეების 100 ქართული, 2 000-ზე მეტი ბერძნული, 16 სლავური ხელნაწერი და დოკუმენტი, ამას გარდა – 15 000 ნაბეჭდი წიგნი. ს. ლამბროსის კატალოგში შეტანილი 1386 ბერძნული ხელნაწერიდან 123 პერგამენტზეა შესრულებული, 23 – აბრეშუმის მასალაზე, დანარჩენი – ქაღალდზე. ეს ძირითადად ის ბერძნული ხელნაწერებია, რომლებიც მონასტრის მიერ მოგვიანებით იქნა შეძენილი ან შეწირულების გზით მიღებული – XVII საუკუნეში მონასტერმა ეპისკოპოს მაქსიმე მარგუნიუსისაგან შეიძინა ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნები. 1654 წელს რუსი მოღვაწის, არსენი სუხანოვის, მიერ ათონის მონასტრებიდან წამოღებული 500-მდე ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნებიდან ივირონის მონასტერს ეკუთვნოდა 156; მათ შორის იყო ივირონის ბიბლიოთეკის კუთვნილი ადრეული ხანის ქართული ხელნაწერი წიგნები, მაგ., თეოფანე ივირონელის (ქართველის მიერ 1006 წ. გადაწერილი წმ. იოანე ოქროპირის „თარგმანება მათეს სახარებისა“. 1678 წელს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა დიონისე IV-მ მონასტერს გადასცა პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 1722 წელს შეივსო არტისა და ნავპაკიის ყოფილი მიტროპოლიტის, ნეოფიტეს, თხზულებებით. იგი მონაწილეობდა ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობაში.

ივირონის ქართული ხელნაწერები

საზღვარგარეთ დაცულ ქართულ ხელნაწერთა შორის ივირონის მონასტრის ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერთა კოლექცია სიძველით, ძეგლების შედგენილობითა და მრავალრიცხოვნებით ერთ-ერთი უმდიდრესი და საუკეთესოა. აქ ინახება ღირსი მამის, იოანე-თორნიკეს, დაკვეთით ოშკის მონასტერში 978 წელს გადაწერილი ბიბლია – უზარმაზარი წიგნი 2 ტომად; 913 წელს ოპიზაში გადაწერილი ოთხთავი; ივირონის ერთ-ერთმა ხელნაწერმა შემოინახა იოანე მოსხის თხზულების – „ლიმონარის“ - უძველესი რედაქცია და სხვ.

1836 წელს იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის (1790-1815), სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მამა ილარიონ ქართველმა (ყანჩიშვილი), რომელიც ათონზე მოღვაწეობდა მეფის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, საქართველოში ივირონის წარმომადგენლის, არქიმანდრიტ სერაფიმის, დავალებით შეადგინა კატალოგი „ქართული წიგნების სახელები ივერიის მონასტერსა შინა მდებარეთა მთაწმინდას“, სადაც შეიტანა ივირონის ბიბლიოთაკეში დაცული რამდენიმე ათეული ქართული ხელნაწერი. მისი და მისი თანამოღვაწის, მღვდელმონაზონ ლავრენტის (გოგელიძე), მინაწერები მრავალმა ათონურმა ხელნაწერმა შემოინახა, ასევე ცნობილია მათ მიერ ათონზე გადაწერილი ხელნაწერები. ილარიონის აღნიშვნით, მის მიერ შედგენილი კატალოგი სრულად არ მოიცავდა ივირონის ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერებს, რამდენადაც მის მიერ აღნუსხულ იქნა მხოლოდ ის, „რაოდენიცა იპოვებოდა სიძველისაგან და უდროებისაგან განრყვნილ და სხვა ავაზაკთაგან გარყვნილ-ამოხეული. თათრები იყვნენ მონასტერშიდ ათი წელიწადი. სად-სად მიმოეყარათ ბერძნულიც და ქართულიც, უდროება მრავალჯერ ქმნილ არს და ესრეთ მიზეზთაგან წიგნებს მრავალი აკლია და ...ძნელ არს გამოწვლილვით აღნუსხვა“. 1849 წ. ათონზე იმყოფებოდა ქართვ. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, რომელმაც განსაკუთრებით ნაყოფიერად იმუშავა მონასტრის წიგნსაცავში. მან ათონზე მივლინებით ყოფნისას შეადგინა ათონის 39 ქართ. ხელნაწერის აღწერილობა, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ხეც, S 3061). პ. იოსელიანის მიერ შედგენილი აღწერილობები არ გამოცემულა, რაც შეეხება ილარიონ ქართველის მიერ შედგენილ ქართულ ხელნაწერთა ნუსხას, ის გამოაქვეყნა ალ. ცაგარელმა.

XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება ათონის მონასტრების სიძველეებისა და წიგნსაცავების გაცნობა, რამაც ხელი შეუწყო ქართული მასალის გამოვლენასაც. 1880 წელს ს. ლამბროსმა შეადგინა ათონის მონასტრების ბერძნნულ ხელნაწერთა კატალოგი, რამაც ცხადყო, რომ ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა ივირონს ჰქონდა. 1883 წელს ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად იერუსალიმსა და ათონს ეწვია სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალ. ცაგარელი. მისი აღნიშვნით, არც ეს კატალოგი იყო სრულყოფილი, რადგან მან აღწერა მხოლოდ ის ხელნაწერები რომლებზედაც ხელი მიუწვდა. კატალოგში შევიდა 86 ხელნაწერი და 6 ნაბეჭდი წიგნი, მათ შორის – მათი პირები და ათონიდან წამოღებული ხელნაწერი. XIX ს. 80-90-იან წლებში. მან 3 ტომად გამოსცა თავისი ცნობილი „Сведения о памятниках грузинской письменности“, რომელშიც შეიტანა ივირონის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის კატალოგი. 1888 წელს ათონის ქართულ ხელნაწერებს გაეცნო დ. ბაქრაძე. ათონზე ყოფნისას მან აღწერა 15-მდე ისეთი ხელნაწერი, რომლის ნახვაც ა. ცაგარელმა ვერ მოახერხა (მაგ., ოპიზის ოთხთავი 913 წლისა) და გადმოიღო მათზე შესრულებული ანდერძ-მინაწერები. 1898 წელს რუსეთის საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიამ ათონზე ნ. კონდაკოვის ხელმძღვანელობით წარგზავნა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ნ. მარი. მან აღწერა რამდენიმე ხელნაწერი (5), იმავდროულად დააზუსტა და შეასწორა ა. ცაგარლისეული აღწერილობის ბევრი ადგილი. მანვე გამოაქვეყნა X საუკუნის უნიკალური ჰაგიოგრაფიული კრებულიდან 8 თავი ფრანგული თარგმანითა და გამოკვლევითურთ. რამდენიმე თხზულება ამავე კრებულიდან 1892 წ. ათონზე ყოფნის შემდეგ გამოსცა ა. ხახანაშვილმა (ხახანოვმა).

XX საუკუნის დამდეგს ქართველ ათონელთაგან ილია ფანცულაიამ შეისწავლა რა იქაური ქართული ხელნაწერები, გაასწორა ა. ცაგარლისეული აღწერილობის ზოგიერთი შეცდომა და შეადგინა „ათონის ივერთა მონასტრის წიგნების კატალოგი“, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ხეც, A: 1140; 1141); მანვე ათონიდან საქართველოში ჩამოიტანა რამდენიმე ხელნაწერი.

ივირონის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის პირველი სისტემატური აღწერილობა-კატალოგი, რომელშიც გათვალისწინებულია არქეოგრაფიული მონაცემები (თარიღი, ზომა, პალეოგრაფიული დახასიათება, მოცულობა, შინაარსი, ანდერძ-მინაწერები, ბიბლიოგრაფია და სხვ.) და დაძებნილია შესატყვისები ა. ცაგარლის კატალოგთან, 1931 წ. ათონზე ყოფნის დროს შეადგინა ამერიკელმა ქართველოლოგმა და ბიზანტინისტმა რობერტ ბლეიკმა. ესაა ათონის ქართული ხელნაწერების მეტ-ნაკლებად სრულყოფილი კატალოგი, რომელშიც შესულია 86 ქართ. ხელნაწერი.

1982 წ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა (დღეს ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი) მიიღო კინორეჟისორ გ. პატარაიასა და მკვლევარ ა. მიქაბერიძის მიერ ათონზე მოწყობილი ექსპედიციის დროს გადაღებული ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა მიკროფილმები, რამაც ისინი ხელმისაწვდომი გახადა ქართველი მეცნიერებისათვის. მეცნიერთა ჯგუფმა ე. მეტრეველის ხელმძღვანელობით გამოსცა ათონის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის I ტომი (1986), რომელშიც შევიდა სხვადასხვა დარგის, ძირითადად, X-XI სს. 18 უმნიშვნელოვანესი ხელნაწერის აღწერილობა. ეს ხელნაწერები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

1. მეტაფრასული საკითხავების კრებულები: დეკემბრის თვის მეტაფრასი, XII-XIII სს. (Ath. 2); სექტემბრის თვის მეტაფრასი, გადაწერილი 1081 წ. კონსტანტინოპოლის ტრიანდაფლივის მონასტერში მთარგმნელის, თეოფილე ხუცესმონაზვნის მიერ (Ath. 20); ნოემბრის თვის მეტაფრასი, თარგმნილი და გადაწერილი იმავე თეოფილეს მიერ (Ath. 36-37);
2. პატერიკული კრებულები: წინაათონური რედაქციის ასკეტიკური კრებული; X-XI სს. (Ath. 12); XI ს. კრებული, რომელშიც, წმ. მამათა შესახებ მასალის გარდა, მოთავსებულია წმ. ეფთვიმე მთაწმინდის მიერ თარგმნილი ჰაგიოგრაფიული თხზულებები, წმ. იოანე ოქროპირის „მარგალიტი“ და სხვ. (Ath. 17);
3. ჰაგიოგრაფიული კრებულები: გიორგი ალექსანდრიელის „წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრება“, 979-980 წწ. გადაწერილი ოშკში იოანე-თორნიკესა და იოანე ვარაზვაჩეს თაოსნობით (Ath. 3); გიორგი მცირის „წმ. გიორგი მთაწმიდლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ადრეული, XIII ს-ის ხელნაწერი (Ath. 72);
4. ჰაგიოგრაფიულ-ასკეტიკური კრებულები: X-XI სს-ის კრებული, რომელიც შეიცავს წმ. ეფთვიმე მთაწმიდლის თარგმნილი წმ. აბბა დოროთეს მოწაფის, წმ. დოსითეოსის, ცხოვრებასა და მოძღვრებას, აგრეთვე წმინდა მამათა სიტყვებსა და თხზულებებს (Ath. 40); მსგავსი შედგენილობის კრებული (Ath, 41);
5. ჰომილეტიკური კრებულები: 977 წ. ათონზე წმ. იოანე მახარებლის სახელობის მონასტერში (იოანე ღვთისმეტყველის კელია) გადაწერილი წმ. ეფთვიმე მთაწმიდლის მიერ თარგმნილი წმ. ბასილი დიდის „სწავლანი“ (ქადაგებები), წმ. ანდრია კრიტელის სიტყვები და სხვა თხზულებები, მათ ახლავთ კოლოფონები, რომლებშიც მოიხსენიებიან ათონის მთაზე მისული პირველი ქართვ. ბერმონაზვნები (Ath. 32); 1030 წ. ოლიმპის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სავანეში გადაწერილი წმ. ეფთვიმე მთაწმინდის მიერ თარგმნილი წმ. მაკარი დიდის 26 ჰომილია და ეპისტოლე (Ath. 21); XIII ს. ნუსხა, რომელიც შეიცავს ფსევდო-იოანე ოქროპირის ჰომილიებს (Ath. 6);
6. ნარევი კრებულები: 977 წ. ოშკში გადაწერილი „სამოთხე“, რომლის კოლოფონი შეიცავს უმნიშვნელოვანეს ცნობებს ჩორდვანელთა საგვარეულოსა და გენეალოგიის შესახებ (Ath. 9); XI ს-ში ივირონის მონასტრის ძმობის მიერ შედგენილი სასწავლო დანიშნულების კრებული (Ath, 79);
7. ლიტურგიკული კრებულები: წმ. გიორგი მთაწმინდლის მიერ თარგმნილი „დიდი სვინაქსარი“, გადაწერილი 1071 წ. ივირონში (Ath.30); „ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი“, XI (Ath. 85) და XIV-XV სს-ის (Ath. 3) ორი ხელნაწერი.

მზადდება ათონის ხელნაწერთა აღწერილობის შემდგომი ნაკვეთები. 2000 წ. ათონის სკრიპტორიუმის მანამდე აღუწერელი ქართული ხელნაწერთა ფრაგმენტები გამოვლენილ იქნა ვ. სილოგავას მიერ, რის შედეგადაც ათონის ქართულ ხელნაწერთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

ვ. სილოგავა

წყარო

იხილე აგრეთვე

ივერიის მონასტერი - იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები