სიგელი (საბუთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიგელი (< ბერძნ.-ბიზანტ. sigcllio – საბუთი), იურიდიული საბუთების (აქტების) გარკვეული სახეობის აღმნიშვნელი ძველი ქართული დიპლომატიკური ტერმინი.

საქართველოში მისი არსებობა დოკუმენტურად დასტურდება X ს-იდან, კერძოდ, ბაგრატ IV-ის სიგელში ოპიზარ და მიჯნაძოროელი მამებისადმი აღნიშნულია, რომ სამეფო კარზე დავის გასარჩევად მისულმა მიჯნაძოროს მონასტრის (ტაო-კლარჯეთში) მამებმა „მოიხუნეს სიგელნი გურგენ ერისთავთა ერისთავისაი, გურგენ მეფეთა მეფისაი, პაპისა ჩემისა ბაგრატ კურაპალატისაი და მამისა ჩემისა გიორგი მეფისაი“. XI- XV სს. სიგელი, აღნიშნავდა მხოლოდ მეფეთა მიერ გაცემულ. საბუთებს (ი. ჯავახიშვილი), ხოლო XV ს-იდან სიგელი ეწოდება არა მარტო მეფეთა, არამედ მათ ქვეშევრდომთა მიერ გაცემულ საბუთებსაც. ზოგჯერ სიგელი გვხვდება შეწყვილებული მეორე დიპლომატიკურ ტერმინთან – „ბრძანებასთან“ მაგ., ბაგრატ IV ზემოდასახელებული საბუთის ბოლოს წერს: „აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი“; ხოლო, შიომღვიმის მონასტრისადმი 1057 გაცემული საბუთის ბოლოს იგი წერს: „დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩემისასა მეო-ლა-სა“. სიგელი როგორც დიპლომატიკური ტერმინი, გამოიყენებოდა XVIII ს-ის დასასრულამდე და თვით XIX ს-შიც: მაგ. XVIII ს. ერთ-ერთ უკანასკნელ საბუთს, გაცემულს 1793 ერეკლე II-ის მიერ, ეწოდება „წყალობის სიგელი“; სიგელი გვხვდება სამეგრელოს მემკვიდრე-მმართველის დავით დადიანის მიერ 1841 შედგენილ „სჯულის დადებაში“. კერძოდ, იგი წერს, რომ „სინამდვილე ანუ სიყალბე მათ სიგელთასა ძნელად გამოსაცნობელი არს“. XV ს-იდან სიგელს უჩნდება მსაზღვრელი სიტყვები – „ერთგულების სიგელი“, „თანხმობის სიგელი“, „მამულის სიგელი“ და მისთ. ერთი ასეთი შემთხვევა თვით XII ს-შიც დასტურდება, როდესაც დავით IV აღმაშენებელი 1124 წლის ანდერძში შიომღვიმის მონასტრისადმი ახსენებს „შეუვალობის სიგელს".

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ. 1926 (თხზ., ტ. 9. თბ. 1996);
  • ბერძენიშვილი ნ.მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში. იხ. მისი: საქართველოს ისტორიის საკითხები, სგ- 2. თბ. 1966.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები