ოქრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქროს ზოდები

ოქრო − (ლათ. aurum ყვითელი), რბილი, კეთილშობილი, ძლიერპლასტიკური, მბზინვარე ყვთელი ფერის ინერტული, მძიმე ლითონი.

სიმბოლო – Au;
სიმკვრივე (სუფთა ოქროს) – 19300 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 1064,18°C,
დუღილის ტემპერატურა – 2856°C.

წმინდა ოქროს კაშკაშა ყვითელი ფერი და ელვარება აქვს და ტრადიციულად ითვლება მომხიბვლელად, რასაც ის აღწევს კოროზიისადმი მდგრადობით ჰაერსა თუ წყალში. ოქრო მიჩნეულია სიმდიდრის სიმბოლოდ და დაგროვების ობიექტია. ის საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციასაც ასრულებს. როგორც ფულად საქონელს, მასაც აქვს საუკეთესო ფიზიკური და ქიმიური თვისებები: ერთგვაროვნება, გაყოფადობა, პორტატიულობა (მცირე მასა და მოცულობა და დიდი ღირებულება) და სხვ. გააჩნია ძალიან მაღალი თბოგამტარობა და დაბალი ელექტროწინაღობა. მოიპოვება ძირითადად თვითნაბადი სახით, თუმცა გვხვდება ალუვიონურ საბადოებში სულფიდებისა და არსენიდების შემადგენლობაში.

ყველაზე ადრეული პირველი ოქროს სამკაულები, დათარიღებული ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით, ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში დედოფალ ზერასა და დედოფალ პუაბი ურის (შუმერების ცივილიზაცია) სამაროვნებში. ბუნებაში ცნობილია ოქროს შემცველი 15 მინერალი: თვითნაბადი ოქრო ვერცხლის, სპილენძის და სხვა მინარევით; ელექტრუმი (Au და 25-45 % Ag); პორპესიტი (AuPd); სპილენძიანი ოქრო; ბისმუტოაურიტი (Au, Bi); როდიუმიანი, ირიდიუმიანი და პლატინისტური ოქრო; კალავერიტი (AuTe2); კრენერიტი (AuTe2); სილვანიტი (AuAgTe4); პეტციტი (Ag3AuTe2); მუტმანიტი (Ag, Au)Te; მონტბრეიიტი (Au2Te3) და ნაგიაგიტი (Pb5AuSbTe3S6).

ოქროს სტანდარტები განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის საფუძვლებს. მას მრავალგვარი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს. ოქროს გამოყენების სფეროებია: საიუველირო ნაკეთობები და მონეტები, დეკორატიული დაფარვები, სხვა ლითონებთან შენადნობები, ქიმიურად მდგრადი აპარატურის დამზადება, ელექტროტექნიკა, სტომატოლოგია, ფარმაკოლოგია და სხვ. ყველა ქვეყანაში ოქროს რაოდენობა შენადნობებში კონტოლდება სახელმწფოს მიერ. მაგ., რუსეთის ფედერაციაში საიუველირო ოქროს შენადნობის ხუთი სინჯი არსებობს: სინჯი 375 (ძირითადი კომპონენტები – ოქრო 38%, ვერცხლი, სპილენძი); სინჯი 500 (ოქრო – 50,5%, ვერცხლი, სპილენძი); სინჯი 585 (ოქრო – 58,5%, ვერცხლი, სპილენძი, პალადიუმი, ნიკელი); სინჯი 750 (ოქრო – 75,5%, ვერცხლი, პლატინა, სპილენძი, პალადიუმი, ნიკელი); სინჯი 958 (ოქრო 96,3%). სუფთა ოქროს სინჯია 999. ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოიყენება „კარატული” სინჯი, რომელიც გამოხატავს ოქროს რა ნაწილი მოდის შენადნობის 24 ნაწილზე. ბაჯაღლო ოქროს (100%-იანი ოქრო) აქვს სინჯი 24 კარატი, შესაბამისად, ყველა დანარჩენ ფერად შენადნობს აქვს ნაკლები სინჯი, მაგ., 9 კარატი (ოქრო – 37,5%), 14 კარატი (ოქრო – 58,5%), 18 კარატი (ოქრო – 75%). ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობით მომპოვებელი ქვეყნებია: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ, ავსტრალიის კავშირი, პერუს რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, კანადა, ინდონეზიის რესპუბლიკა და ა.შ., ხოლო ოქროს მარაგის მიხედვით (ტონებში) ქვეყნები ასე ნაწილდება (2016 წლის მონაცემების მიხედვით): აშშ – 8134, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – 3387, საერთაშორისო სავა-ლუტო ფონდი (IMF) – 2814, იტალიის რესპუბლიკა – 2452, საფრანგეთის რესპუბლიკა – 2435, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – 1788, შვეიცარიის კონფედერაცია – 1040, იაპონია – 765, რუსეთის ფედერაცია – 669, ნიდერლანდების სამეფო – 613 და ა.შ. (მონაცემები მოცემულია 1016 წლის მდგომარეობით). ოქრო მოპოვება საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა, რასაც ადასტურებს ოქროს საწმისის ლეგენდა, რომელშიც ბერძნები კოლხეთს ოქრომრავალ ქვეყნად მოიხსენიებენ. ამჟამად (ბოლნისის მადნეული) საქართველო მოიპოვებს წელიწადში დაახლოებით 2 ტ ოქროს.


იხილე აგრეთვე

აბისინიური ოქრო
ბაჯაღლო ოქრო
ვარდისფერი ოქრო
თეთრი ოქრო
ლურჯი ოქრო
მეწამული ოქრო
მწვანე ოქრო
შავი ოქრო
წითელი ოქრო

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები