კეკელიძე კორნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორნელი კეკელიძე

კეკელიძე კორნელი სამსონის ძე - (1879, სოფ. ტობანიერი - 1962, ქ. თბილისი) - ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს აკადემიის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).

სარჩევი

ბიოგრაფია

იგი სხვადასხვა დროს სწავლობდა ქუთაისისა და თბილისის სასულიერო სემინარიებში. 1904 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია, 1905-1906 წლებში მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და თბილისში; აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას.

იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 1918 წლიდან გარდაცვალებამდე - ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1919 წლის 4 იანვარს უნივერისტეტის პროფესორთა საბჭომ კორნელი კეკელიძე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად აირჩია. მან ამ თანამდებობაზე რექტორად არჩეული ივანე ჯავახიშვილი შეცვალა. კორნელი კეკელიძე სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად პოლიტიკურადაც აქტიური პერსონა იყო. 1919 წლის თებერვალში გამართულ დამფუძნებელი კრების არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საკანდიდატო სიაში სიაში მე-20 ნომერი იყო.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო

  • თსუ-ის სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პრორექტორი (1926-1930 ),
  • თსუ-ის სიძველეთა მუზეუმის ხელმძღვანელი (1921-1930),
  • ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (1933-1936 ),
  • რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი (1942-1949),
  • სხვადასხვა დროს განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და
  • სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

კორნელი კეკელიძის ღრმა განსწავლულობამ ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალობის საკითხებში განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა. მოგვიანებით მის საფუძველზე შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“- რუსულ ენაზე. რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მ. თამარაშვილისა და ი. ასფალგის მიერ გადამუშავებული კ. კეკელიძის ორტომეულის I ტომი (1955).

მან ასევე დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. მისმა ადრეული ეტაპის სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“-1912 „ძველი ქართული არქიერატიკონი“ - 1912 წ.) გამოიწვია ბევრი უცხოელი მკვლევრის დაინტერესება უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლებით. კ. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905) და სვანეთში (1911) დაცული ქართული ხელნაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომში (1948-1954).

განუზომელია მისი ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული. 1930 - ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 - იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ და სხვა. პარალელურად იკვლევდა ქართულ-ბიზანტიური და ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობებს.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

  • ა. ბარამიძე, „ჩვენი დიდი მეცნიერი“, თბ., 1979;
  • ს. ყუბანეიშვილი, „დიდი მეცნიერი აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე“, 1965.


იხილე აგრეთვე

კორნელი კეკელიძე


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები