ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - კულტურული-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია; დააარსეს მოწინავე ქართველმა, მოღვაწეებმა 1897, თბილისში. საზ-ბის შექმნის იდეა ჩაისახა ვიწრო წრეში (ი. მამაცაშვილი, დ. ბაქრაძე, ი. გოგებაშვილი, ვ. თულაშვილი, ა. ფურცელაძე, ნ. ცხვედაძე, გ. მაღალაშვილი და სხვ.) აღნიშნულმა წრემ დ. ყიფიანს, ნ. ცხვედაძეს, ი. გოგებაშვილსა და ე. თულაშვილს დაავალა წესდების შედგენა და მის დამტკიცებაზე ზრუნვა. 1878 წ. 30 იანვარს გ. ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე წაიკითხეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენაც კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში დაევალათ დ. ყიფიანს, ი. ჭავჭავაძესა და ბ. ღოღო- ბერიძეს. 1879 წ. 31 მარტის წესდებით საზ-ბა 1907 მარტამდე მოქმედებდა.

საზოგადოების პირველი (დამფუძნებელი) სხდომა გაიმართა 1879 წლის 15 მაისს. საზოგადოებისა და გამგეობის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დ. ყიფიანი, მის მოადგილედ – ი. ჭავჭავაძე, წევრებად – ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, ი. მაჩაბელი, ა. სარაჯიშვილი და რ. ერისთავი. 1882-85 თავმჯდომარე იყო ი. მუხრანსკი. 1885-იდან საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ი. ჭავჭავაძე. ახალარჩეული გამგეობის წევრები იყვნენ: ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, გ. ქართველი შვილი, გ. იოსელიანი, ა. მირიანაშვილი, ნ. ცხვედაძე, ვ. ყიფიანი, ე. გაბაშვილი, ა. ჩოლოყაშვილი, ა. ფურცელაძე და ა. ჭყონია. საზოგადოების მდივნებად ამ პერიოდში მუშაობდნენ ი. მეუნარგია, გ. ყიფშიძე, ა. სარაჯიშვილი, დ. კარიჭაშვილი.

საზოგადოების სასარგებლოდ თბილისში, სხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში იმართებოდა სხვადასხვა ხასიათის საღამოები. წარმოდგენები, ლატარიები და სხვ. ბევრი ქართველი მწერალი თავის თხზულებათა გამოცემას სწირავდა საზოგადოებას., ძმებმა ზუბალაშვილებმა და დ. სარაჯიშვილმა დიდძალი თანხა შეიტანეს საზოგადოების სალაროში. თბილისის საადგილმამულო ბანკმა (თავმჯდ. ი. ჭავჭავაძე) 11 ათასი მან. ჩარიცხა საზოგადოების ფონდში: ასეთივე თანხა გაიღო ქუთაისის ბანკმა, რომლიდანაც 8 ათასი მან. გადაინახეს ქუთაისში ქართ. სკოლის გასამართავად.

მოღვაწეობის დასაწყისშივე საზოგადოებამ შეისწავლა სკოლების მდგომარეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღრიცხა სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა, შეკრიბა ცნობები, რამდენად იყვნენ ჩაბმული მოზარდები სასწავლო პროცესში. ამასთან, იმთავითვე დაიწყო ზრუნვა თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარეთაც (სადაც ქართველი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობდა, მაგ: ვლადიკავკაზში, ალაგირში, მოზდოკში, ნალჩიკში, ბაქოში და სხვ.) სახალხო სკოლების დაარსებაზე. დიდი შრომა გასწია საზოგადოებამ ბათუმის სკოლის ორგანიზაციისათვის, რადგან იგი უნდა ყოფილიყო ქართული ენის საყრდენი და გამავრცელებელი ახალშემოერთებული აჭარის გამაჰმადიანებულ ქართველ მოსახლეობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სკოლების გახსნას ბორჩალოში (ახლანდ. მარნეული), საინგილოში, მესხეთ-ჯავახეთში. საზოგადოებამ მრავალი ქართული ხელნაწერი შეაგროვა ეკლესია-მონასტრებისაგან, ბევრი იყო კერძო შეწირულებაც: შედგა ძვირფასი მანუსკრიპტების მდიდარი ფონდი (რომელიც ახლა შეადგენს ხელნაწერთა ინსტიტუტის ე. წ. S ფონდს). ა. ჭავჭავაძის შვილიშვილმა ნ. დადიანმა საზოგადოებას შესწირა სამეგრელოს მთავართა ბიბლიოთეკა.

საზოგადოების მუშაობაში დიდი ადგილი დაეთმო ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნასა და დაბეჭდვას. იბეჭდებოდა ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „რუსსკოე სლოვო“, აგრეთვე სხვა ავტორების გეოგრაფიული, ბუნებისმეტყველების, არითმეტიკის, საქართველოს ისტორიის და სხვ. სახელმძღვანელოები, ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუშები, მაშინდელ ქართველ მწერალთა თხზულებები, თარგმნილი ლიტერატურა.

ი. გოგებაშვილმა და პ. უმიკაშვილმა შეადგინეს ინსტრუქცია ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შესაკრებად. ფოლკლორული მასალის შეკრებაში მონაწილეობა მიიღო ა. წერეთელმა. საზოგადოების წიგნსაცავში დაგროვდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი მასალების ძვირფასი ფონდები. საზოგადოება აწყობდა ექსპედიციებს ქართული მუსიკისა და გალობის ნიმუშების შესაგროვებლად.

საზოგადოების ინიციატივით დაარსდა ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, დაიდგა რამდენიმე ძეგლი ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად (დ. ბაქრაძის, ა. როინაშვილისა და სხვ… 1893 განჯიდან თბილისში გადმოასვენეს ნ. ბარათაშვილის ნეშტი; 1895 მოეწყო საქართველოში პირველი იუბილე რ. ერისთავის სამწერლო მოღვაწეობის 50-ე წლისთავზე, აღინიშნა მ. ბროსეს დაბადების 100 წლისთავი და სხვ.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცარიზმის სასტიკი რეჟიმის პერიოდში იღვაწა ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, მწერლობისა და, საერთოდ, კულტურულ ტრადიციათა არა მხოლოდ დასაცავად, არამედ განსავითარებლადაც.

1922-იდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება“ უწოდეს, ხოლო 1946 – „მწიგნობარი“ (წიგნების გამომცემელი კოოპერატიული ამხანაგობა). 1927 წლის 24 აპრილს საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.


იხილე აგრეთვე

სამსონ ფირცხალავა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები