ჭავჭავაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია ჭავჭავაძე

ჭავჭავაძე ილია − (დ. 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი). 1837, ყვარელი, – გ. 30 აგვისტო (12 სექტემბერი). 1907, წიწამური, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში), მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, XIX ს. II ნახ. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი.

რვა წლის ილიას წერა-კითხვა ყვარლელმა მთავარდიაკონმა ასწავლა, 1848 კი თბილისში, ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1851) ჩაირიცხა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მე-4 კლასში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1857–1861).

სტუდენტობის წლებში ილია ჭავჭავაძემ საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ასევე – რუსული და ევროპული ლიტერატურა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია. ამავე ხანებში ის გაეცნო რუს რადიკალურ დემოკრატთა ნააზრევს, ფრანგ განმანათლებელთა იდეებს. გერმანულ ფილოსოფიას და ყოველივე ამის საფუძველზე გამოიმუშავა საკუთარი მსოფლმხედველობა, რომლის ღერძსაც წარმოადგენდა ქართველი ხალხის ეროვნული დამოუკიდებლობისა და სოციალური თავისუფლების იდეა. ამ იდეისათვის ბრძოლაში ილიას გარშემო დაირაზმა იმდროინდელი ქართველი სტუდენტობა და ინტელიგენციის ახალგაზრდა თაობა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა „პირველი დასის“, ანუ „თერგდალეულების" სახელწოდებით. ილია ჭავჭავაძეს მხარში ედგნენ სხვა გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი: ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი და სხვ.

ი. ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ზრუნვა ქართული ენის უფლებების დაცვისათვის, მისი ფუნქციების გაფართოების, შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის. „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ – წერდა ილია თავის პირველსავე კრიტიკულ წერილში – „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდამ „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, №4, აპრილი, 1861). ამ წერილმა სათავე დაუდო პოლემიკას „მამებსა“ და „შვილებს“ შორის („მამათა“ და „შვილთა“ ბრძოლა). პოლემიკა როგორც მხატვრული ლიტერატურის, ისე სალიტერატურო ენის მრავალ საჭირბოროტო საკითხს მოიცავდა, რომელთა შესახებაც ილიას თავიდანვე მკაფიოდ გამოკვეთილი, მართებული თვალსაზრისი ჰქონდა ჩამოყალიბებული. რაც მთავარია, მწერალი თავის შეხედულებებს განამტკიცებდა და პრაქტიკულად განახორციელებდა მთელი თავისი შემოქმედებით. „თერგდალეულთა“ მიერ გატარებული ენობრივი რეფორმის არსს შეადგენდა სალიტერატურო ენის დემოკრატიზაცია – მისი დაახლოება სასაუბრო ენასთან. პირველი გაბედული ნაბიჯი, რომელიც ი. ჭავჭავაძემ გადადგა ამ მიმართულებით, იყო ორთოგრაფიის გამარტივება და ხელის აღება ფონეტიკურ საფუძველს მოკლებულ რამდენიმე ასოზე (ჱ, ჲ, ჳ,Uuuu.JPG, ჴ, Ⴔ, ჵ). „მამების“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ილიას თვალსაზრისმა გაიმარჯვა და მის მიერ შემოთავაზებული რეფორმა სულ მალე ბოლომდე გატარდა სალიტერატურო ენაში.

„მამათა“ თაობის შეხედულებებს სალიტერატურო ენაზე საფუძვლად ედო ე. წ. სამი სტილის თეორია, რომლის მიხედვითაც მეტყველების ფორმა უნდა შეეფერებოდეს მსჯელობის ობიექტს. ი. ჭავჭავაძემ მკაცრად გაილაშქრა ამგვარი დაყოფის წინააღმდეგ: „არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი. ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზედ და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა. მაშასადამე, ყოველი საგანი ერთნაირად გამოითქმის. ეგ სამგვარად განყოფა ენისა ძველი უსაფუძვლობაა, და გთხოვთ ნუღარ გააღვიძებთ კანონს, რომელიც დიდი ხანია რაც დაიმარხა და რომელიც, ვიდრე იყო თავის მოქმედებაში, რკინის სალტესავით ავიწროებდა კაცის მეტყველებასა და აზრსა“.

სამი სტილის თეორიის უკუგდება თავისთავად ნიშნავდა მაღალფარდოვანი სტილის უარყოფას და სალიტერატურო ენის გადახალისება-გახალხურებას.

ერთ-ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც დაისვა „ცისკარში“ გამართული პოლემიკის დროს, იყო უცხო სიტყვების სესხება. ი. ჭავჭავაძე მკაცრად ილაშქრებდა უცხო სიტყვებით ქართული ენის დანაგვიანების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს ზრუნავდა და ყოველმხრივ ხელს უწყობდა უცხოური წარმომავლობის ისეთი სიტყვების შემოტანას, რომლებიც ყველა ცივილიზებული ხალხის ენაში გვხვდება. მრავალი ასეთი სიტყვის დამკვიდრება ქართულ ენაში უშუალოდ ილიას სახელს უკავშირდება.

ი. ჭავჭავაძემ გააცოცხლა ბევრი ძველი სიტყვა, დააზუსტა და საყოველთაო ტერმინებად აქცია, ბევრიც ხალხურ მეტყველებაში მოიძია და გზა გაუკაფა სალიტერატურო ენაში, თვითონაც შექმნა ქართულისათვის დამახასიათებელი ყალიბის მიხედვით. საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა „მამული“ XIX ს. 60-იან წლებამდე თითქმის მივიწყებული იყო და მხოლოდღა მიწა-წყლის, ადგილ-მამულის მნიშვნელობით იხმარებოდა. ილიამ და მისმა თაობამ დაუბრუნა ამ სიტყვას ძველი მნიშვნელობა, რის შესახებაც თვითონ ილია წერდა: „სამოციან წლებში ყველაზე უწინარეს გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა „მამული“ მთელის თავის გულით მიმზიდველი და დიდებულ მნიშვნელობით. ვისაც კი რაიმე ნიშანწყალი ჰქონდა ღმრთის მიერ მინიჭებული მადლისა და კალამი ხელთ ეპყრა, თითქმის ყველანი იმ გზას დაადგნენ, რომ ქართველს გულში ჩაუსახონ მამული, რომელიც ჟამთა ვითარებამ უძრავ ქონების სახელამდეღა დააქვეითა და დაამდაბლა. აგრე გაუპატიურებულმა სიტყვამ სამოციან წლების მოღვაწეთა მეოხებით და ღვაწლით კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი, ვითარცა მზემ, და თავისი სხივოსანი შუქი მოჰფინა მთელს სივრცეს ჩვენის ცხოვრებისას“. ამ სიტყვის გამოცოცხლებას და გააქტიურებას მოჰყვა მისგან ახალი სიტყვების წარმოქმნა, როგორიცაა: მამულიშვილი, მამულიშვილობა, მამულიშვილური, სამამულო, სამამულიშვილო და სხვ. ამგვარი მაგალითები მრავალია.

ი. ჭავჭავაძე იყო ქართული სალიტერატურო ენის განმაახლებელი და ნორმათა კანონმდებელი, განმსაზღვრელი მისი განვითარების ძირითადი გეზისა XIX ს. 60-იანი წლების დასაწყისიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ი. ჭავჭავაძე იყო მოთავე მრავალი ეროვნულ-კულტურული წამოწყებისა, როგორიცაა ქართული თეატრის განახლება, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსება, საადგილმამულო ბანკის გახსნა და სხვ.

ზ. ჭუმბურიძე



ლიტერატურა

  • შანიძე ა. ილია ჭავჭავაძე როგორც მებრძოლი ახალი სალიტერატურო ქართულის დამკვიდრებისათვის– ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული (1837–1937), თბ., 1939;
  • ჩიქობავა არნ. ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, თბ., I938;
  • გიგინეიშვილი ივ. ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. – „თსუ შრომები“, 1958, ტ. 69;
  • შალამბერიძე გ. ილია ჭავჭავაძის ენა, თბ., 1966;
  • ჭუმბურიძე ზ. ილია ჭავჭავაძის ენა და ტექსტის დადგენის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1994.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები