ჩიქობავა არნოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნოლდ ჩიქობავა

არნოლდ ჩიქობავა − (დ. 14 (26) მარტი. 1898, სოფ. საჩიქობავო, სენაკის მაზრა, – გ. 5 ნოემბერი 1985, თბილისი), ენათმეცნიერი. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის, ფუძემდებელი.

არნ. ჩიქობავამ დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით (1922) და დატოვებულ იქნა საპროფესოროდ მოსამზადებლად. მან, პირველმა თსუ-ის კურსდამთავრებულთაგან, 1929 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“, (1928). ჩიქობავა თსუ-ის აღზრდილთაგან პირველი პროფესორია (1933); 1941 აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ შემადგენლობაში; იყო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (1950–63); საქართველოს (1946), დაღესტნის (1968), ყაბარდო-ბალკანეთის;. (1968), აფხაზეთის (1973), ჩაჩნეთ-ინგუშეთის (1981) მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1960), დიდი ბრიტანეთის ფილოლოგთა საზოგადოებისების საპატიო წევრი (1968).

არნ. ჩიქობავა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (I926–85) და ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1933–85). 1933 თსუ-ში დააარსა კავკასიურ ენათა კათედრა, რომელსაც განაგებდა 1960-მდე. 1960-იდან იყო მისი პროფესორი. 1936 იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით შექმნილ მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებას ჯერ ენიმკიში, შემდეგ კი – ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1950-52 ამავე ინსტიტუტის დირექტორი; ქართული ენის კათედრის გამგე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1933–37). არნ. ჩიქობავა იყო ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის თავმჯდომარე და მთავარი რედაქტორი (1950–63). „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1974-3835); იბერიული-კავკასიური ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილ რეგიონალურ სამეცნიერო სესიათა მუდმივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე (1965-იდან).

არნ. ჩიქობავა იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის, ქართული ენის სწავლების საკითხებს. მის პირველ მეცნიერულ შრომას ვინის რეფლექსები ფერეიდნულში“ (1923) მოჰყვა 500-მდე ნაშრომი, 20-მდე მონოგრაფია ქართულ და უცხოურ ენებზე.

არნ. ჩიქობავა ჩვენში ერთი პირველთაგანია, ვინც მთის იბერიული-კავკასიურ ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში (1929–41). ასე შეიქმნა არაერთი პირველხარისხოვანი შრომა ხუნძურის ფონეტიკა-მორფოლოგია და სინტაქსის“ საკითხებზე (1962 გამოქვეყნდა „ხუნძური ენა“ ილ. ცერცვაძის თანაავტორობით). ჩიქობავამ არაერთი ნაშრომი მიუძღვნა იბერიულ-კავკასიურ ენათა გენეზისური ურთიერთობის პრობლემას; გამოაქვეყნა შემაჯამებელი ხასიათის მონოგრაფია „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“ (1979).

არნ. ჩიქობავამ ძველი და ახალი ქართული ენის შესწავლის სხვადასხვა საკითხს მიუძღვნა შრომები: „რატომ არის აუცილებელი ბრუნვათა რიგის შეცვლა ქართულში” (1928), „მახვილის საკითხისათვის ძველ ქართულში“ (2 წერილად; 1942), „მარტივი წინადადების ევოლუციის ძირითადი ტენდენციები ქართულში“ (2 წერილად; 1941) და სხვ. ქართული ენასა და მისი სწავლების საკითხებს ეხება შრომათა ციკლი „რა თავისებურებანი ახასიათებს ქართული ენის აგებულებას“ (1929–30) და „სახელისა და ზმნის ანალიზის პრინციპები ქართულში“ (1933–38) – ორივე ცალკე წიგნად გამოვიდა (1998). არნ. ჩიქობავას მიერ შემუშავებულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენის პრინციპები; მის მიერვე დადგენილი 8 ენობრივი ნორმა შესულია „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში. I (1970). ჩიქობავას ეკუთვნის დაკვირვებანი მწერლის ენაზე (შოთა რუსთაველი, ი. ჭავჭავაძე), მისი დიალექტოლოგიური ხასიათის შრომები ეხება ფერეიდნულს, მთიულურსა და გარეკახურს, დიალექტიზმებს „ვეფხისტყაოსანში“, ისტორიული დიალექტოლოგიის საკითხებს და სხვ. ქართველურ ენათა კვლევის სფეროში განმაზოგადებელი ხასიათისაა ნაშრომი „ქართველური ენები, მათი ისტორიული შედგენილობა და ძველი ლინგვისტური სახე“ (1948: რუსულ ენაზე); მონოგრაფიაში,„ჭანურის გრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ“ (1936) ავტორი ამტკიცებს, რომ მეგრული და ჭანური ერთი ენის – ზანურის – ორი დამოუკიდებელი დიალექტია და არა ორი ენა; „ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი" (1938) ფაქტობრივად ქართველურ ენათა პირველი ისტორიულ-შედარებითი ლექსიკონია. ჩიქობავამ მონოგრაფიაში „სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში“ (1942), ერთი მხრივ, განავითარა ი. ჯავახიშვილის მიერ დაწყებული ძიება გრამატიკული კლას-ნიშნებისა ქართველურ ენათა სახელებში და, მეორე მხრივ, მოგვცა პირველი მეცნიერული თეორია სახელის ფუძის შედგენილობის შესახებ ამ ენებში. თანამედროვე ეტიმოლოგიური ძიების შემცველია ჩიქობავას არაერთი სპეციალური („ეტიმოლოგია ძველი ქართული ტერმინებისა „ბღუარი“, „სამხარი“, 1953) თუ არაეტიმოლოგიური ხასიათის ნაშრომი.

არნ. ჩიქობავა ენათმეცნიერების ცნობილი თეორეტიკოსია; მის მიერ 1940 ზოგადი ენათმეცნიერების საკვანძო საკითხებზე ლენინგრადში წაკითხული მოხსენების – „პრობლემა ენისა, როგორც ლინგვისტიკის საგნისა, საბჭოთა ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანების შუქზე“ (დაიბეჭდა 1941) ფაქტობრივ გაგრძელებას წარმოადგენდა 1950 წლის 9 მაისს გაზ. „პრავდაში“ მისივე წერილით გახსნილი საენათმეცნიერო დისკუსია, რის შემდეგაც აღიკვეთა ნ. მარის ე. წ. „ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების“ მონოპოლია. არნ. ჩიქობავას ეკუთენის ფუძემდებლური შრომები ზოგადი ენათმეცნიერების სფეროში: „ზოგადი ენათმეცნიერება“, (ტ.) I – პროპედევტიკული ნაწილი (1935; გამოცემა მე-3, თბ.,1946), (ტ-) 2 – ძირითადი პრობლემები (1945; გამოც. მე-2, თბ., 1983); „ენის, როგორც ენათმეცნიერების საგნის, პრობლემა“ (1959, რუს. ენაზე) და სხვ.

არნ. ჩიქობავას მიენიჭა მოსკოვის უნივერსიტეტის მ. ლომონოსოვის სახელობის პრემია (1951), საქართველოს სახელმწიფო პრემია „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ სხვა რედაქტორებთან ერთად (1971), ი. ჯავახიშვილის პრემია (1980). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

გ. ბურჭულაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები