დიალექტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიალექტიზმი – ერთი (ან რამდენიმე) დიალექტისათვის დამახასიათებელი ენობრივი ფორმა ან მოვლენა, რომელიც სხვადასხვა გარემოებაში თავს იჩენს სალიტერატურო ენაში. იგი ფასდება სალიტერატურო ენის პოზიციიდან. დიალექტიზმს არ ცნობს და ებრძვის სალიტერატურო ნორმა. გამოყოფენ სხვადასხვა ხასიათის დიალექტიზმს: ფონეტიკურს (ფონოლოგიურს), მაგ., პრეფიქსულ მორფემათა მიჯნის ხმოვანთა თანამიმდევრობის თავისებურებანი ქართული ენის აღმოსავლეთ და დასავლეთ დიალექტებში: მაეწონება (ფშაური), მეეწონება (კახური), მეიტანა (იმერული), გუუჭყლეტია (გურული); გრამატიკულს (მორფოლოგიური, სინტაქსური) – დიალექტურად თავისებური გრამატიკული ფორმები: მაგ., ე. წ არქაული ნამყო უსრულის, ხოლმეობითისა და თხოვნითი ბრძანებითის ფორმები აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში: ავიღი (ქისიყურში), უთხროდი, დამიტიროდი (ფშაურში), უთხრიდი (ხევსურულში), უთხრიდილღ (თუშურში); ლექსიკურს – დიალექტური სინონიმები: ბაბო, ბერდედა, დიდედა; ეთნოგრაფიულს – ამა თუ იმ კუთხის ეთნოგრაფიულ რეალიათა აღმნიშვნელი ლექსიკა: უბიანები – ქალის საპატარძლო სამოსი თუშეთში, ფაფანაკი – მამაკაცის ქუდი იმერეთში, თათები – ნაქსოვი ფეხსამოსი ხევსურეთში… დიალექტიზმი არის აგრეთვე საზოგადოების ფენების თუ პროფესიული ჯგუფების დამახასიათებელი მეტყველებიდან სალიტერატურო ენაში შემოტანილი სიტყვები.

სალიტერატურო ენაში უნებლიე, გაუაზრებელი დიალექტიზმების ხმარება უარყოფითი მოვლენაა, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურაში მას იყენებენ როგორც გამომსახველობით ხერხს ლიტერატურული ტიპების ხასიათის სრულყოფილად გახსნისა და ადგილობრივი კოლორიტის ჩვენების მიზნით. ქართულ ლიტერატურაში დიალექტიზმი, როგორც მხატვრული ხერხი, თავს იჩენს XIX ს-ის შუა წლებიდან და უკავშირდება მწერლობაში კრიტიკული რეალიზმის, იმ დროისათვის ახალი მხატვრულ-შემოქმედებითი მეთოდის, დამკვიდრებას. დიალექტიზმებს თავიანთ შემოქმედებაში მიმართავდნენ გ. ერისთავი (ქალაქელ ვაჭართა მეტყველება), ი. ჭავჭავაძე (მოხეური), ვაჟა-ფშაველა (ფშაური), ა. ყაზბეგი (მოხეური), ე. ნინოშვილი (გურული), დ. კლდიაშვილი (იმერული). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვაჟას დამოკიდებულება დიალექტიზმებისადმი. ლიტერატურაში წარმატებით გამოყენებული დიალექტიზმები ხშირად მკვიდრდება სამწერლობო ენაში, იქცევა მის კუთვნილებად. ამის მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ სალიტერატურო ქართულში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან შემოსული, ხალხური პოეზიიდან მომდინარე შესიტყვება „კაი ყმა“ (აქედან – „კაი ყმის ინსტიტუტი').

დიალექტიზმებს ლიტერატურაში მიმართავენ მხატვრული ეფექტის გასაძლიერებლად, მაგრამ თუ მწერალს მხატვრულმა ალღომ და ზომიერების გრძნობამ უღალატა, იგი დადებითის ნაცვლად უარყოფით ეფექტს იძლევა.

გ· ცოცანიძე



ლიტერატურა

  • ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974;
  • ვაჟა-ფშაველა, მცირე შენიშვნა (პასუხად ბ-ნ ჰ. მირიანაშვილს). – იხ. მისი: თხზულებანი ორ ტომასდ ტ. 2. თბ.. 1979;
  • ჭილაია ა. ჭილაია რ. ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, თბ. 1984;
  • ლომთათიძე ქ. დიალექტური ლექსიკის ადგილი ენისა ენაში. – კრ: „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“. წგ. 6. თბ., 1984;
  • კოშორიძე ე. სალიტერატურო ქართულისა და დიალექტების ურთიერთობის ისტორიისათვის. – იქვე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები