მორფოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორფოლოგია – (ბერძნ. morphe – სახეობა, ფორმა და logos– სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერული გრამატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სიტყვის ფორმას, სტრუქტურას, ე. ი. თავსართ-ბოლოსართებს (აფიქსებს), რომლებიც გადმოგვცემენ სიტყვათა სინტაქსურ ურთიერთობას, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობას არ ცვლიან: ძმის მეგობარი, მეგობრის ძმა (შდრ. ძმა-ს, ძმ-ის, ძმ-ით… და სიტყვის მნიშვნელობის მცველი აფიქსები: ძმ-ურ-ი, მო-ძმ-ე, ძმ-ობ-ა-).

ჩვეულებრივი გაგების თანახმად, მორფოლოგიის საგანია სიტყვის ყოველგვარი ცვლა, სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის აფიქსებიცა და სიტყვათა მნიშვნელობის მცვლელიც (ე. ი. ახალი სიტყვის საწარმოებელიც). ამისდა კვალად, სიტყვაწარმოება მორფოლოგის ისეთივე საგანი გამოდის, როგორიც ფორმაცვალება. ლექსიკოლოგიას ასეთ შემთხვევაში მოუხდებოდა მხოლოდ მარტივი ფუძის სიტყვათა შესწავლა (იმ-ურ-ი, მო-ძმ-ე, ძმა-კაც-ი... მ-ს განეკუთვნებოდა).

ეს გავრცელებული გაგება იმ ვითარებას ასახავს, როდესაც ლექსიკოლოგია, როგორც ცალკე დარგი, არ არსებობდა, მორფოლოგიის ადგილი ეკავა ეტიმოლოგიას, როგორც მეტყველების ნაწილთა შესახებ მოძღვრებას, და მასში შეისწავლებოდა წინადადებაში შემავალი ყოველი სიტყვა, ცვალებადიცა (სახელი, ზმნა-) და უცვლელიც (ზმნისართი), აგრეთვე დამხმარე სიტყვები (კავშირები), ნაწილაკებიც კი. ფორმაცვალებაცა და სიტყვაწარმოებაც, სიტყვის მნიშვნელობაც ეტიმოლოგიაში შეისწავლებოდა.

ამჟამად გავრცელებულია მორფოლოგიის სხვაგვარი გაგებაც: მორფოლოგია არის მოძღვრება მორფემების შესახებ, ხოლო მორფემად ითვლება ყოველგვარი აფიქსი და მარტივი ფუძეც, რომელსაც თავსართ-ბოლოსართი დაერთვის, ე. ი. სიტყვის ყოველი ნაწილი („ძმ-ურ-ი“ სამ მორფემას შეიცავს: 1) ძმ-, 2) -ურ-, 3) -ი). ამგვარი გაგება ერთ სიბრტყეზე აყენებს მარტივ ფუძეს (ძირს), რომელიც სიტყვის ბირთვია და რომელთანაც დაკავშირებულია სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა, ერთი მხრივ, და იმ თავსართ-ბოლოსართებს, რომლებიც მარტივი ფუძის (ძირის) ცვლას იწვევენ, მაგრამ მარტივი ფუძის (ძირის) გარეშე თავისთავად არაფერს აღნიშნავენ, მეორე მხრივ. მორფოლოგიისა და მორფემის ასეთი გაგება მნიშვნელობის ფიზიკალისტურ ინტერპრეტაციას უკავშირდება და ამერ. დესკრიფციული ენათმეცნიერების ბიჰევიორისტულ პრინციპს ეფარდება.


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ზოგადი ენათმეცნიერება, 1 – პროპედევტიკული ნაწილი, ტფ,, 1935;
  • მისივე, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952;
  • შარაძენიძე თ. თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები, თბ., 1972;
  • სტურუა ნ, სიტყვა როგორც ენობრიეი ერთეული. თბ. 1975;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები