კავშირი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირიდამხმარე სიტყვა, რომელიც აკავშირებს წინადადების ორ წევრს ან ორ წინადადებას. კავშირს არა აქვსდამოუკიდებელი (თავისთავადი) მნიშვნელობა, რის გამოც წინადადების წევრობა არ შეუძლია. იგი მნიშვნელობას იძენს სხვა დამოუკიდებელ სიტყვებთან ხმარებით. ფუნქციის მიხედვით განასხვავებენ ორ ჯგუფს: მაერთებელი კავშირები დამაქვემდებარებელიკავშირები. მაერთებელი კავშირები გამოყენებულია თანწყობის (პარატაქსი) შემთხვევაში: ერთგვარ წევრთა შესაერთებლად შერწყმულ წინადადებაში და გრამატიკულად თანასწორ წინადადებათა შესაკავშირებლად რთულ თანწყობილ წინადადებაში („აღმობრწყინდამზე დიდებულადა და განანათლა ქვეყანა ბნელი“, ი. ჭავჭავაძე; „ცა იწმინდება და სისხამ დილით მზე ერეკება ღრუბლების ფარას“, ლ. ასათიანი).

მაქვემდებარებელი კავშირები ქვეწყობას (ჰიპოტაქსი) აფორმებენ: დამოკიდებულ წინადადებას უერთებენ მთავარს („მღერა ისე გაძლიერდა, რომ ტყეს ჭახჭახი გაჰქონდა“, ვაჟა-ფშაველა).

მაერთებელი კავშირები მნიშვნელობის მიხედვით ოთხგვარია:
ა) მაჯგუფებელი – და, თუ;
ბ) მაცალკევებელი–თუ,ან (ვარიანტებით: ან – ან, ან – ან არადა…), ხან (ვარიანტებით: ხან – ხან კი…), გინდ – გინდ; თუნდ – თუნდ – ეს კავშირები, ჩვეულებრივ, მეორდება („წვიმა კი მღეროდა ხან მაღლა, ხან ჩუმად, ხან სარკმლის მინებზე როკავდა ძალუმად“, ი. გრიშაშვილი):
გ) მაპირისპირებელი – მაგრამ, ხოლო, კი, არამედ, თორემ…;
დ) მაიგივებელი – ანუ, ესე იგი – აკავშირებენ წინადადების წევრთან ან წინადადებასთან განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელთაც დანართის ფუნქცია აქვთ („ნაფუძრები, ესე იგი გაპატივებული მამული დიდ საფასურშია ჩვენში“, ი. ჭავჭავაძე).

მაქვემდებარებელი კავშირებიც შინაარსის მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა: დროისა (ვიდრე, სანამ…), მიზეზისა (რადგან, ვინაიდან…), მიზნისა (რათა…), დათმობისა (თუმცა…), პირობისა (თუ, თუკი…). მაქვემდებარებელი კავშირების გარდა, ქვეწყობილ წინადადებაში მთავართან დამოკიდებულის შესაერთებლად გამოყენებულია მიმართებითი სიტყვებიც (მიმართებითი ნაცვალსახელები: ვინც, რაც, რომელიც… მიმართებითი ზმნისართები: სადაც, როდესაც, როგორც…), რომლებიც, საკუთრივ კავშირებისაგან განსხვავებით, დამოკიდებული წინადადების წევრები არიან მიმართებითი სიტყვები, ე. წ. წევრ-კავშირებია.

ერთსა და იმავე კავშირს ზოგჯერ სხვადასხვა ფუნქცია აქვს. მაგალითად, თუ ზოგჯერ მაჯგუფებელი 3-ია („კაცი თუ დედაკაცი, დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა“, ვაჟა-ფშაველა), ხან – მაქვემდებარებელი (თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე, მიშველე, შემიბრალია“, ვაჟა-ფშაველა.

კავშირი ფორმაუცვლელი სიტყვაა; ზოგი მათგანი მარტივია, დაუშლელი (და, თუ, სოლო…), ზოგიც რთული ან წარმოქმნილი (რაკი,ვიდრე, თუმცა…), ცალკეულ კავშირებთან შეპირისპირებით გამოყოფენ აგრეთვე წყვილეულ კავშირებს, რომლებიც ნაწილდებიან შესაკავშირებელ ერთეულთა შორის. ასეთია, მაგ, მაპირისპირებელი არამედ, რომელიც, წესისამებრ, მოითხოვს მის წინ მდგომ ერთგვარ წევრთან მეორე საკავშირებელს და ქმნის ასეთ წყვილებს: კი არა – არამედ, არა მარტო – არამედ, არამცთუ – არამედ… („თქვენს წინ კაცი კი აღარ იდგა, არამედ დაკემსილი, გაცრეცილი ღამე“; „მომიგონებენ მეგანძურად არა მეფენი, არამედჩემები მიკარგული მეოცნებენი“, გ.ლეონიძე. ქვეწყობილ წინადადებაში ზოგჯერ საკორელაციო სიტყვისშეხამება მაქვემდებარებელ კავშირთან ე. წ. შედგენილ კავშირებს ქმნის (იმიტომ რომ, ასე რომ…).

ყოველ კავშირს აქვს თავისი ისტორია: კავშირთაგან ზოგი ძალიან ძველია (და, თუ, ხოლო…), ზოგიც გვიანდელი (თორემ, თითქოს, ოღონდ… კავშირები წარმოქმნილია უპირატესად ნაცვალსახელებისა და ზმნისართებისაგან (რომელ > რომე > რომ; რაითგან > რათგან > რადგან; ვი-ნაითგან – ვინაიდგან – ვინაიდან..); არის აგრეთვე ნაწილაკური წარმოშობის კავშირები (არა+მედ..), კავშირ-ნაწილაკები (კი, თუ..); ზმნის პირიანი ფორმებისგანაა მიღებული გინდ(ა), თუნდ (< თუ+უნდ(ა), ჩართული გამოთქმების გამარტივების შედეგია – ესე იგი (< ესე იგი არს), თითქოს (< თუ+ითქუას), მართალია (< მართალი არის).

ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული (ენის) გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1973);
  • კვაჭაძე ლ. ქართული ენა, ნაწ. I, თბ., 1961;
  • მისივე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996;
  • ერთელიშვილი ფ. რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში, I ჰიპოტაქსის საკითხები, თბ., I963;
  • ძიძიგური შ. კავშირები ქართულ ენაში, თბ., I969.

ლ. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები