ზმნიზედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზმნისართი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზმნიზედა – ზმნისართი, დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს ზმნით (აგრეთვე სახელზმნით) გამოხატულ მოქმედებას. ზმნიზედას ზმნის ამხსნელ სიტყვას უწოდებენ (ა. შანიძე).

სარჩევი

ზმნიზედა ფორმის მიხედვით

ფორმის მიხედვით გამოიყოფა:
ა) პირველადი (ძირეული) ზმნიზედები: აქ(ა), იქ(ა), სად(ა), წინ(ა), შინ(ა), აწ, ხვალ… ეს ზმნიზედები მარტივი ფუძისანი არიან, თუმცა ზოგჯერ შეიცავენ დამოკიდებულების აღმნიშვნელ აფიქსებსაც (აქეთ, იქით, ზევით). ზოგიერთი მათგანის ანალიზით (აქ(ა), იქ(ი)…) გამოვლენილია ზმნიზედის კავშირი ნაცვალსახელურ ძირებთან (ქ. ლომთათიძე, ბ. ფოჩხუა, გ. შალამბერიძე).
ბ) ნაწარმოები ზმნიზედები უმეტესად სახელისაგან, კერძოდ, სახელის რომელიმე ბრუნვის ფორმისაგან იწარმოებიან. მაგ., გაქვავებული მიცემითის ფორმებია: ძირს, ახლოს, შორს, საღამოს, დილას, დღეს, წელს… გვაქეს -ში, -ზე თანდებულიანი მიცემითის ფორმებიც (რომლებსაც სადაობითს უწოდებენ): შუაში/შუაზე, ბოლოში, განზე, გვერდზე…
ნათესაობითი ბრუნვის ფორმა აქეთ შემდეგ ზმნიზედებს: -გზის (ერთგზის, სამგზის და სხვ.); მარადის (← მარად-დღის) || მარად, წუხელის (შეკვეცით: წუხელ)…
გვაქვს მოქმედებითი ბრუნვის ფორმიდან მომდინარე ზმნიზედები:
ა) უთანდებულო მოქმედებითიდან – წინათ (← წინაჲთ); გარეთ (← გარეჲთ); უნებლიეთ (← უნებლიეჲთ); და სხე.
ბ) თანდებულიანი მოქმედებითიდან: თავიდან, შიგნიდან, ქვევიდან და სხვ.
ვითარებითი ბრუნვის ფორმით წარმოდგენილია შემდეგი ზმნიზედები:
ა) სრული ფორმით – ცერად, ალმაცერად, ანაზდად, უეცრად, უბრად…
ბ) ნაწილობრივი შეკვეცით: ჩქარა (← ჩქარად); ნელა (← ნელად); მაღლა (← მაღლად)…
ბ) თანდებულის დართვით: სანამდე/სადამდე, აქამდე, მანამდე…

ზმნიზედად შეიძლება გამოყენებული იყოს სახელის ფუძე. მაგ., ღამე („ავადმყოფს ღამე სრულებით არ ეძინა“) || ღამით… უფრო ხშირია სახელთა გაორკეცებული ფუძეების გამოყენება ზმნიზედად: ხევ-ხევ, სოფელ-სოფელ, ლუკმა-ლუკმა…

გამოყოფენ ე. წ საკუთარი წარმოების ზმნიზედებსაც. მაწარმოებლებად გამოყოფილია: -ივ (ოდინდელი ბრუნვის ნიშანი): მარჯვნივ, მარცხნივ, ირგვლივ, დაუყოვნებლივ… -რე: აგრე (მაგრე, ეგრე), მეტადრე… -შე: წინაშე, -მო: ზეგარდმო და სხვ.

ზოგიერთი ზმნიზედა გვხვდება სხვადასხვა ბრუნვის ფორმით (შორს, შორის, შორით, შორად)… მსგავსი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ზმნიზედად გამოყენებული სიტყვების ბრუნვაში მართვა ისტორიული ფაქტია. ზოგი მკვლევარი ზმნიზედას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ბრუნვის ფორმა მოეპოვება, ნაკლული პარადიგმის მქონე ფორმაცვალებად სიტყვათა რიგში განიხილავს (ბ. ჯორბენაძე).

ზმნიზედები შინაარსის მიხედვით

შინაარსის მიხედვით ზმნიზედებში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა:

ადგილის ზმნიზედა

ადგილის ზმნიზედა აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან მიმართულებას. ადგილის (ადგილმდებარეობის) აღმნიშვნელი ზმნიზედა უპასუხებს კითხვაზე სად? – წინ, უკან, ზევით, ქვევით…

მიმართულების ზმნიზედა

მიმართულების ზმნიზედა უპასუხებს კითხვებზე:
ა) საით(კენ)? – სუბიექტის ან ობიექტის მოძრაობის მიმართულება (აქეთ, იქით, იქითკენ, შინისკენ, ქვემოთკენ…);
ბ) საიდან? – მოქმედების საწყისი პუნქტი (აქედან, იქიდან, შორიდან, გაღმიდან…);
გ) სადამდე? – საბოლოო პუნქტი სივრცეში (შუამდე, ბოლომდე, შინამდე…).
ქართულში არ არის გარჩეული ერთ ადგილას მყოფობისა და სხვა პუნქტისაკენ მიმართული მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნიზედები, როგორც, მაგალითად, რუსულში (შდრ. შინ ზის და შინ მიდის). კითხვაც შეიძლება ერთნაირი დაისვას – სად? (შდრ. куда?).

დროის ზმნიზედა

დროის ზმნიზედა აღნიშნავს დროის მონაკვეთს, რომელშიც სრულდება მოქმედება; მიუგებს კითხვაზე: როდის? – დღეს, გუშინ, ხვალ, წელს, შარშან, გაისად და სხვ. აქვს მეორე მნიშვნელობაც: აჩვენოს ასპექტი – დაახასიათოს მოქმედება მისი გრძლივობის, პერიოდულობის, ინტენსივობის მიხედვით. ასეთი ზმნიზედებია: ყოველთვის, მუდამ, ხშირად, იშვიათად, ხანდახან, ზოგჯერ. ამ ზმნიზედებით გამოხატული დროის გარემოება უახლოვდება ვითარების გარემოებას.

ზომა-წონისა და ოდენობის ზმნიზედა

ზომა-წონისა და ოდენობის ზმნიზედები მიუთითებენ, თუ რა ზომით და რა რაოდენობით, რამდენად და რამდენჯერ ხდება მოქმედება. ასეთი ზმნიზედებია: სულ, ნაკლებ, მეტად, ცოტად, სავსებით სრულად, ერთხელ, ორჯერ, ამდენად. ზომა-ოდენობის ზმნიზედებს პოლისემიურ ზმნიზედებსაც უწოდებენ: ერთმა და იმავე ზმნიზედამ შეიძლება გამოიხატოს დროც და ჯერობაც (შდრ: ერთხელ მეფემ თავის ვაჟებს დაუძახა და მეფემ ვაჟებს ერთხელ დაუძახა) (შ. აფრიდონიძე).

ვითარების ზმნიზედა

ვითარების ზმნიზედა უჩვენებს, თუ როგორ, რა ვითარებაში ხდება მოქმედება და უპასუხებს კითხვაზე როგორ? – კარგად, ცუდად, ნელა, ჩქარა, უცებ (უცბად), ადრე, გვიან… ვითარების ზმნიზედამ შეიძლება გამოხატოს მოქმედების ინტენსივობა, სისრულე, ხარისხი: ძალიან, ძლიერ, მეტად, ნაკლებად, ერთიანად, სრულად/სრულიად და სხვ. ამ მნიშვნელობით ვითარების ზმნიზედა უახლოვდება ზომა-ოდენობის ზმნიზედას. ამიტომ წინადადებაში ორივემ შეიძლება შეასრულოს ვითარების (ხან – დროის) გარემოების ფუნქცია.

ვითარების (და ზომა-ოდენობის) ზმნიზედები შეიძლება მოგვევლინოს ზედსართავის ან სხვა ზმნიზედის მსაზღვრელადაც. მაგ., ძალიან მაღალი/ძალიან მაღლა; სრულიად მოულოდნელი/სრულიად მოულოდნელად.

მიზეზის ზმნიზედა

მიზეზის ზმნიზედა აღნიშნავს მიზეზს, რომლითაც გამოწვეულია მოქმედება. იგი მიუგებს კითხვაზე რატომ? – ამიტომ, მაგიტომ, იმიტომ.

მიზნის ზმნიზედა

მიზნის ზმნიზედა აღნიშნავს მიზანს, რომელსაც ემსახურება მოქმედება, მისი კითხვებია რად? რისთვის? – ამისათვის, მაგისათვის, იმისათვის, ამად.

მიზეზისა და მიზნის ზმნიზედები წარმოშობით ნაცვალსახელებია.

კითხვითი ზმნიზედა

კითხვითი ზმნიზედა - სად? საიდან? საითკენ? როდის? როგორ? რად? რატომ? რისთვის?

მიმართებითი ზმნიზედა

მიმართებითი ზმნიზედა მიიღება კითხვით ზმნიზედაზეც ნაწილაკის დართვით. იგი დამოკიდებულ წინადადებას აერთებს მთავართან და ასრულებს კავშირის ფუნქციას. ასეთი ზმნიზედებია: სადაც, საიდანაც, როდესაც, როგორც, რადაც, რისთვისაც.

ნებისმიერი ზმნიზედა წინადადებაში ქმნის წყვილს შემასმენელთან ან ნაზმნარი სახელით გადმოცემულ წინადადების წევრთან და ასრულებს სათანადო შინაარსის მქონე გარემოების როლს. ზოგიერთი ზმნიზედა (უფრო – ადგილისა და დროისა) გამოიყენება თანდებულადაც. ასეთ შემთხვევაში იგი მართავს სახელს ბრუნვაში (სახლის წინ, მდინარის გაღმა, ორი წლის წინათ, ერთი საათის შემდეგ).

შემასმენელთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულ წყვილს ქმნის ვითარების (და ზომა-ოდენობის) ზმნიზედა (საერთოდ – ვითარების გარემოება). ამიტომ პოზიციის შეცვლისას ზმნიზედამ შეიძლება შეასრულოს ჩართულის ფუნქცია.

ც. კალაძე

ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული (ენის) გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია, თბ., 1953 (1973);
  • ჩინჩალაძე მ. ქართული ზმნიზედის სწავლება სკოლაში, თბ,, 1955;
  • ფოჩხუა ბ. ხმოვანთავსართული ზმნისართები. – სრ: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, I, თბ., 1959;
  • შალამბერიძე გ. ზმნისართი ძველ ქართულში. – იქვე;
  • აფრიდონიძე შ. სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში, თბ., 1986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები