შანიძე აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკაკი შანიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი შანიძე

შანიძე აკაკი გაბრიელის ძე - (დ. - 1887, სოფ. ნოღა - გ. - 1987, თბილისი) - ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის ფილოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე (1913). იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1917 წლის 26 ნოემბრიდან უნივერსიტეტის პროფესორი. 1918 წლიდან უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე (1930-მდე). 1919 წლიდან უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე (1945-მდე). 1920 იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი დოქტორი, უნივერსიტეტში პირველი დისერტაციის დაცვის ფაქტი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. გარდა აკადემიური საქმიანობისა, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო წევრი სოციალ-ფედერალისტური პარტიისა. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა სოციალ-ფედერალისტური პარტიის სიით, იყო საკანდიდატო სიის 33-ე ნომერი. არჩევნების შედეგად კრების წევრის მანდატი ვერ მოიპოვა.

1945 წლიდან იყო ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა კრიტიკულად დადგენილი და სამეცნიერო-საინფორმაციო აპარატით აღჭურვილი ძველი ქართული ენის უმნიშვნელოვანესი ძეგლები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ოთხთავის აკადემიური გამოცემა, სვანური მეტყველების ტექსტების პუბლიკაცია და ა.შ. განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენასა და ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევა-ძიებაში. მან საფუძველი ჩაუყარა ქართული ფოლკლორის მეცნიერულ შესწავლას. ა. შანიძის შრომები შეეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიული ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ლექსიკოლოგიის, ქართული ტექსტოლოგიის, ქართული ეპიგრაფიკის, ქართული ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. მისმა მონოგრაფიამ „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“ (1920) საფუძველი დაუდო ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას.

მის სამეცნიერო შრომებს შორის საეტაპო მნიშვნელობისაა „უმლაუტი სვანურში“ (1925), „ქართული გრამატიკა, I, „მორფოლოგია“ (1930). ამ წიგნებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართულის მყარი საფუძვლის შექმნისა და შემდგომი სამეცნიერო კვლევების საქმეში. ამასთანავე ინტერესი აღუძრა ევროპას ქართული ენის მეცნიერული თვალსაზრისით კვლევა-ძიებით დაინტერესებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი მეცნიერის მიერ დანერგილი გრამატიკული ტერმინები, რომლებიც დამკვიდრდნენ გრამატიკულ ლიტერატურაში. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • ორიონი, აკაკი შანიძე, საიუბილეო კრებული, მიძღვნილი დაბადების 80 წლისთავისადმი, თბ., 1967;
  • აკაკი შანიძე, საიუბილეო კრებული, მიძღვნილი დაბადების 95 წლისთავისადმი, თბ., 1981;
  • შ. ძიძიგური, აკაკი შანიძე, თბ., 1977.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები