სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია - (საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია) - პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში. ჯერ კიდევ 1895 წელს ჩაისახა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალური ჯგუფი. 1901 ყოფილმა „ახალგაზრდა ივერიელებმა“ შექმნეს პარტიის საინიციატივო ჯგუფი - მთავარი კომიტეტი, რომელმაც 1903 წელს პარიზში გამოსცა გაზეთი „საქართველო“. 1904 წელს საბოლოოდ გაფორმდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (ჟენევის კონფერენციაზე). მან წამოაყენა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით.

პარტიის დამაარსებლები და ლიდერები იყვნენ: გ. ლასხიშვილი, ა. ჯორჯაძე, გ. დეკანოზიშვილი, კ. აბაშიძე, გ. ზდანოვიჩი-მაიაშვილი, ს. ფირცხალავა, გრ. რცხილაძე და სხვ. ეროვნულთან ერთად პარტია იყო სოციალისტური ხასიათის და იდგა დემოკრატიული სოციალიზმის პოზიციაზე.

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, სიძლიერით მეორე პოლიტიკური ძალა, აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში. მის შემადგენლობაში ქართული ინტელიგენციის არაერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი შედიოდა. 1917 წლის მაისში ჩატარდა პარტიის კონფერენცია, რომელსაც რევოლუციის გამარჯვების აღსანიშნავად პირველი უწოდეს და კონფერენციების ათვლა თავიდან დაიწყეს (მანამდე პარტიას სამი კონფერენცია ჰქონდა ჩატარებული). კონფერენციამ თავმჯდომარედ აირჩია გიორგი ლასხიშვილი (საპატიო თავმჯდომარეებად გ. ზდანოვიჩი-მაიაშვილი და კ. აბაშიძე). კონფერენცია მიესალმა დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვებას და მიზნად დაისახა რევოლუციის გაღრმავება; ეროვნული ძალების გაერთიანება; აგრარული საკითხის გადაჭრა მიწების სოციალიზაციის გზით; ავტონომიური საქართველო დემოკრატიული ფედერაციული რუსეთის ფარგლებში; აფხაზეთისა და ოსეთის ფართო თვითმმართველობა საქართველოში და ა. შ.

დამოუკიდებლობის წლებში უკანასკნელი - მეხუთე კონფერენცია 1921 წლის 9-14 იანვარს გაიმართა. სოციალისტ-ფედერალისტები შედიოდნენ ჯერ ინტერპარტიულ და შემდგომში საქართველოს ეროვნულ საბჭოში (გ. ლასხიშვილი, გრ. რცხილაძე, შ.მესხიშვილი, ი. გედევანიშვილი, ს. ფირცხალავა, დ. უზნაძე, ი. ბარათაშვილი, ი. ბაქრაძე, ს. მდივანი, ა. წერეთელი), ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის შემადგენლობაში. პარტიის ორი წარმომადგენელი შედიოდა საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში: გ. ლასხიშვილი - განათლების და შ. ალექსი-მესხიშვილი იუსტიციის მინისტრები.

დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ საბჭოში, შემდგომ - პარლამენტში შედიოდნენ პარტიის წარმომადგენლები: გრ. რცხილაძე, ი. ბარათაშვილი, ს. ფირცხალავა ს. მდივანი, ი. ბაქრაძე, ალ. წერეთელი, დ. უზნაძე, ს. დადიანი, ი. გედევანიშვილი, თ. ღლონტი, შ. მიქელაძე, შ. ნუცუბიძე, ა. ჯაჯანაშვილი, ა. ტოროტაძე, ა. ფაღავა, ს. ყაუხჩიშვილი.

დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ 33 754 ამომრჩევლის ხმა მიიღო და (მეორე მაჩვენებელი სოციალ-დემოკრატების შემდეგ) კრებაში რვა დეპუტატი გაიყვანა: გ. ლასხიშვილი, გრ. რცხილაძე, შ. ნუცუბიძე, ს. ფირცხალავა, შ.ალექსი-მესხიშვილი, ი. ბარათაშვილი, ი. გედევანიშვილი, თ. ღლონტი. მოგვიანებით ამ შემადგენლობას დამატებითი არჩევნების შედეგად შეუერთდა ს. დადიანი. მთელი არსებობის მანძილზე პარტიაში მნიშვნელოვანი იყო მემარცხენე და ანარქისტული ჯგუფების გავლენა.

1919 წლის დასაწყისში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას გამოეყო ანარქო-სინდიკალისტების ჯგუფი. (სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირი)საქართველოს ბოლშევიკურ ოკუპაციას სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაყოფილი შეხვდა. პარტიას გამოეყო მემარცხენე ნაწილი, რომელსაც მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია ეწოდა.

1921 წლის 27 თებერვალს შედგა მემარცხენეების დროებითი მთავარი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ შალვა ნუცუბიძე აირჩიეს, მოადგილედ - თედო ღლონტი. იმავე დღეს გამოვიდა პარტიის ორგანო - გაზ. „სოციალისტ-ფედერალისტი“. 28 მარტს გაიმართა ორივე ფრთის გაერთიანებული კრება, რომელმაც მიიღო მემარცხენეების მიერ შემუშავებული რეზოლუცია. იგი მხარს უჭერდა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კურსს.

1921 წლის 30 ოქტომბერს შედგა ყრილობა, რომელზეც საბოლოოდ გაფორმდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის შექმნა. მთავარ კომიტეტში შედიოდნენ: ი. ფანცხავა, თ. ღლონტი, ს. ხუნდაძე, ს. ამაღლობელი და სხვ. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დაჟინებული მოთხოვნით, 1922 წლის თებერვალში საბჭოების პირველ ყრილობაზე მიღებული საბჭოთა კონსტიტუციით (სიმონ ხუნდაძის წინადადებით), დაკანონდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსი, რომელსაც შემდგომში მიღებული ყველა საბჭოთა კონსტიტუცია იმეორებდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია მტკიცედ იდგა დამოუკიდებელი საქართველოს შენარჩუნების პოზიციაზე და იცავდა ეროვნულ ღირებულებებს. მათი წარმოდგენით დამოუკიდებელი სოციალისტური საქართველო უნდა გაერთიანებულიყო მსოფლიო ფედერაციაში სხვა ქვეყნებთან ერთად. ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლება და მისი მარიონეტული ქართველი ბოლშევიკების ხელისუფლება დიდხანს ვერ შეურიგდებოდა ეროვნული პარტიის დამოუკიდებელ არსებობას.

1923 წლის 7 ნოემბერს პარტიის მეორე ყრილობაზე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ, რა თქმა უნდა, ბოლშევიკური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, კომუნისტურ პარტიასთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, რაც თვითლიკვიდაციას ნიშნავდა. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიამ არსებობა შეწყვიტა.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • რ. გრძელიძე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია (1910-1924), თბ., 1998.
  • დ. შველიძე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია (1903-1917), სადოქტორო დისერტაცია, თბ., 1998.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები