ეტიმოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტიმოლოგია – (ბერძ. etymologia < etymon– სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა და logos – მოძღვრება),

1. ენათმეცნიერების დარგი, შეისწავლის სიტყვის წარმოშობას, მისი მნიშვნელობის განვითარებას;
2. სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა;
3. ძველი სასკოლო გრამატიკის დარგი, რომელიც სწავლობდა ცალკე სიტყვის აგებულებას (დაახლ. შეესაბამებოდა შემდეგდროინდელ მორფოლოგიას); XIX ს. ენათმეცნიერებაში ტერმინი „ეტიმოლოგია“ გამოიყენებოდა გრამატიკის მნიშვნელობით.

ეტიმოლოგია გულისხმობს სიტყვის ფუძეში ჩაქსოვილი წარმოდგენების ამოშიფვრას ანუ იმ დახასიათების მიგნებას, რომლის საფუძველზეც საგანს, მოვლენას დაერქვა სახელი (რვეული – რვიანი, გაფითრდა – ფითრის ფერი დაედო…).

ნებისმიერი ენის ლექსიკაში არის გარკვეული რაოდენობა სიტყვებისა, რომელთა კავშირი ფორმასა (ბგერით შედგენილობასა) და შინაარსს შორის ამ ენაზე მოლაპარაკეთათვის გაუგებარი ხდება. ეს ბუნებრივიცაა: ისტორიული ცვალებადობის პროცესში თანდათან იცვლება სიტყვის ფორმა, ბნელდება სიტყვის მნიშვნელობაც. ეს შესაბამისად ართულებს ამოსავალი მოდელის აღდგენის შესაძლებლობასაც. თანამედროვე ეტიმოლოგია ემყარება ენობრივი სისტემის ყველა რგოლის ჩამოყალიბებისა და ცვლის პროცესების ცოდნას. მაგ., სიტყვა ნახშირის ეტიმოლოგიის დადგენისათვის აუცილებელია შხ და ხშ თანხმოვანთა ჯგუფების ისტორიული განაწილების შესწავლა – როგორც ქართულის დიალექტთა მონაცემების გათვალისწინება (შდრ. დიალექტური ნაშხირი, ე. თოფურია), ისე მონათესავე ენათა შესაბამის ფუძეთა შედარება: სვან. შიხ, მეგრ. ნოშქევრი (არნ. ჩიქობავა); გამოთქმულია ვარაუდი, რომ რიცხვითი სახელი ორი წარმოშობით უკავშირდება სიტყვებს ყური, ყევრი და თავდაპირეელად წყვილობის აღმნიშვნელი სიტყვა უნდა ყოფილიყო (ი. ჯავახიშვილი); მწიფ-ს, ა-მწიფ-ებ-ს, და-მწიფ-დ-ა… ნასახელარი ზმნები ნაწარმოებია მიმღეობური ფუძისაგან მწიფე (მ-ე მაწარმოებლით), სადაც ძირი არის წ, -იფ- კი – -ივ- თემის ნიშნის ვარიანტია (შფრ. წ-ეე – წ-იე, წ-ეფ – წ-იფ): მი-ე-წევ-ა, მი-ე-წ-ი(ვ)-ა – მი-ე-წიფ-ა. შდრ. სვან. ან-ჰ-ე „მოაღწია“, მგ-ჰ-ი მოღწეული“, „მწიფე“ (ა. შანიძე) და ა. შ.

ეტიმოლოგიური ძიება აუცილებელია ისტორიულ-შედარებითი კვლევის პროცესში. განსაკუთრებით ფასეულია ეტიმოლოგიის მონაცემები ფუძეენის ლექსიკური ფონდის აღდგენისთვის და ეტიმოლოგიური ლექსიკონების შედგენისას. მაგ. ამჟამად ქართულში ცალკე არ არსებობს ძირი ცენ-, მაგრამ დაცულია ფუძეებში: ცენ-დ-ებ-ი-ნ, აღმო-ცენ-ებ-ა, მ-ცენ-არ-ე და სხვ. ზანურისა (მეგრ. -ჩან-ა || -ჩან-უა „გაზრდა“, „ნაყოფის გამოღება“, ლაზ. ჩან- || ნჩან- „ხარობს“, „იზრდება“… (არნ. ჩიქობავა) და სვანურის (შენ-/შან-/შნ ნაყოფი, „მოსხმა“… (ე. თოფურია) მონაცემები საშუალებას იძლევა ქართველური ფუძეენის დონეზე აღდგენილი იქნეს ძირი ცენ- ამ მნიშვნელობით (გ. კლიმოვი).

ზოგჯერ ეტიმოლოგია ემყარება სიტყვის უშუალო გააზრებას მეცნიერული კვლევის გარეშე, მხოლოდ სიტყვათა გარეგნული მსგავსების მიხედვით. ასეთ ეტიმოლოგიას, მეცნიერული ეტიმოლოგიისგან განსხვავებით, უწოდებენ ხალხურ ანუ ცრუ ეტიმოლოგიას. მაგ., ასეა გაკეთებული სამტრედია – „სამი მტრედი არის“, რაჭა – „რა ჭა?“ და სხვ. მრავალი მდ. იორის სახელწოდება გაიაზრება როგორც იორა, ორად იქცა (ვახუშტი).

ი. ქერქაძე


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, ტფ., 1937;
  • ჩიქობავა არნ. ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი, თბ., I938:
  • მისივე, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბ., 1942;
  • მისივე, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952;
  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თბ. (1953) 1973;
  • გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ. 1965.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები