ლექსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლექსიკა – (ბერძნ. lexicos –– სიტყვისა), ენაში არსებული სიტყვათა მარაგი, ენის ლექსიკური ფონდი.

ლექსიკა უშუალოდ ასახავს ენობრივი კოლექტივის ყოფას, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეალობას, მატერიალურ და სულიერ კულტურას და ამ თვალსაზრისით ის შეუცვლელი ისტორიული წყაროა. ენის სხვა სფეროებისაგან განსხვავებით,ლექსიკა იოლად შეღწევადია და შედარებით სწრაფად იცვლება. ლექსიკის ისტორიულ ცვალებადობაში გარკვეულ როლს თამაშობს გარეენობრივი გავლენები. მაგ., ქართულში (ისევე როგორც ბევრ სხვ. ენაში) ქრისტიანულ კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა უმთავრესად ბერძნული ენისაგან არის დავალებული, მესაქონლეობის ბევრი ტერმინი აღმოსავლური ენებიდან არის შეთვისებული, ხოლო XX ს. სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ გამოიწვია ევროპული ენებიდან მთელი ტერმინოლოგიური პლასტების შემოჭრა.

მეორე მხრივ, ლექსიკის ცვალებადობას განაპირობებს ენის შინაგანი სიტყვაწარმოებითი პოტენციის მოქმედება – დერივაცია და კომპოზიცია, პოლისემია, ლექსიკალიზაცია და მისთ.

ლექსიკის ისტორიული დინამიკურობა არის საფუძველი ლექსიკური პარადიგმატიკის მრავალფეროვნებისა. ლექსიკის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე სხვადასხვა ისტორიულ და ენობრივ დანაშრევს შეიცავს. სინქრონიულ დონეზე წარმოდგენილ ბუდეებში ერთდროულად შეიძლება გამოვლინდეს როგორც ძველი ლექსიკა (არქაიზმები), ისე ახალი (ნეოლოგიზმები), დიალექტური და პროფესიულ-ჟარგონული და სხვ. ლექსიკური ერთეულები. ამ მრავალფეროვნების შესაბამისად ტერმინი „ლექსიკა“ გამოიყენება ვიწრო გაგებითაც: პროფესიული ლექსიკა დარგობრივი ლექსიკა, დიალექტური ლექსიკა, ჟარგონული ლექსიკა, ნასესხები ლექსიკა საყოფაცხოვრებო ლექსიკა პოეტური ლექსიკა, „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკა , ექსპრესიული ლექსიკა ვულგარული ლექსიკა და მისთ. ლექსიკის ცალკეული ჯგუფების გამოყოფის საფუძველია გარკვეული მეთოდით, თუ თვალსაზრისით კონკრეტული ენობრივი ქვესისტემების შესწავლის აუცილებლობა, სისტემატიზაციის, კლასიფიკაციის, ანალიზის ინტერესები. მაგ., გამოიყოფა სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე სიტყვები; საზოგადო და საკუთარი, აბსტრაქტული და კონკრეტული სახელები; სინონიმური და ომონიმური მიმართებები და მისთ. X-ის სპეციფიკურ ნაწილს შეადგენს ფრაზეოლოგიზმები, როგორც ლექსიკალიზებული შესიტყვებანი.

ლექსიკის შემსწავლელი უმთავრესი დისციპლინებია ლექსიკოლოგია, ონომასიოლოგია, სტილისტიკა, ეტიმოლოგია, სოციოლინგვისტიკა.სალექსიკონო კლასიფიკაციის ასპექტით კი – ლექსიკოგრაფია.

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები