მეტყველება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტყველება

1. ლაპარაკი, საუბარი, რომლის საშუალებითაც მყარდება ურთიერთობა.

2. მეტყველება განისაზღვრება როგორც ენის (langue), ანუ ენობრივი სისტემის სამეტყველო რეალიზაცია. იგი ფსიქო-ფიზიკური ფენომენია, რომლის მეშვეობითაც ხდება ენის სისტემის აქტუალიზაცია საკომუნიკაციო აქტებში. მეტყველება არის სისტემის ინდივიდუალური გამოყენება. მეტყველება კონკრეტულია და წარმოიქმნება ენის სისტემაში არსებული კოდის საფუძველზე.

მეტყველების, როგორც ლინგვისტური ცნების, გამოცალკევებასა და მოგვიანებით მის ცალკე შესწავლას საფუძველი დაუდო ფ. დე სოსიურის მიერ ენისა (langue) და მეტყველების (parole) ერთმანეთთან დაპირისპირებამ. რამდენადაც სხვა ევროპული ენების შესაბამისი ტერმინები – Sprache – Rede (გერმ) ან language – speech (ინგლ.) – არ გამოხატავენ ზუსტად იმ აზრს, რაც სოსიურმა ჩადო ამ ცნებების დიქოტომიაში, ეს ტერმინები ხშირად სწორედ ფრანგული ვარიანტით იხმარება სხვადასხვა ენაში; უფრო გვიან შემოვიდა ტერმინები competense „კომპეტენცია“, „ცოდნა“, vs performanse „ქმედება“, „გამოყენება“ (ნ. ჩომსკი), რომლებიც ამავე დაპირისპირებას ასახავენ და თუმცა უფრო შეზღუდულად, მაგრამ მაინც იხმარება langue და parole-ის სანაცვლოდ.

ის მახასიათებლები, რომლებითაც მეტყველება უპირისპირდება ენას, ფ. დე სოსიურის მიხედვით, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ენა არის სისტემა, მიმართებათა აბსტრაქტული კოდი, რომელიც სოციალურ იმპერატივს წარმოადგენს. იგი საფუძვლად უდევს მოცემული ენის ყველა გამონათქვამს. კონკრეტული სამეტყველო მოქმედების ყოველი კონკრეტული შემთხვევა ემყარება და ასახავს ენის ზოგად (აბსტრაქტულ) სისტემას, მეტყველება არის ენის ამოქმედება და ფუნქციობა. მეტყველება ეფუძნება ადამიანის ბუნებრივ (ფ. დე სოსიური), თანდაყოლილ (ნ. ჩომსკი) უნარს, შეისწავლოს ესა თუ ის ენა და საკომუნიკაციოდ გამოიყენოს იგი. ამ თვალსაზრისით, ენა და მეტყველება ქმნიან ერთ მთლიანობას, რომელიც თავისი მახასიათებლებით ადამიანისათვის სპეციფიკური ფენომენია.

მეტყველებაში არაფერია კოლექტიური. მისი გამოვლინება ინდივიდუალობითა და სიტუაციით არის განპირობებული. ამდენად, იგი სიტუაციური ოდენობა და ერთჯერადი (ერთეული) მოვლენაა. ამ თვალსაზრისით მეტყველება ვარიანტულია, ხოლო ენა – ინვარიანტული. მეტყველება არის ინდივიდის ნებელობის აქტი, რაც ხორციელდება ენის ერთეულთა კომბინაციების საშუალებით; მეტყველება წრფივია, ენა კი – სისტემური და იერარქიული; მეტყველება აქტიურია და დინამიკური, ენა კი – სტატიკური. ენა, როგორც აბსტრაქტული ოდენობა, მხოლოდ მეტყველების კონკრეტულ, ინდივიდუალურ, სუბიექტურ აქტში პოვებს თავის საბოლოო განსაზღვრულობას (ე. ფონ ჰუმბოლდტი).

ვითარებასა და სიტუაციასთან მჭიდრო მიმართების გამო სამეტყველო გამონათქვამები შეიძლება შეფასდეს ჭეშმარიტებისა და სიყალბის კრიტერიუმებით: ენა ამ კრიტერიუმებით ვერ შეფასდება. მეტყველება მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია. იგი არის ერთდროულად ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური და ა. შ. მოვლენა. მეტყველების სხვადასხვა ფუნქციურ ტიპს განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაცია და მოლაპარაკეთა მიზნები.

ისტორიულად მეტყველება ყოველთვის წინ უსწრებს ენას – ბავშვი მშობლიურ ენას სწავლობს მხოლოდ მშობლების მეტყველების მოსმენით; ენის ევოლუცია განპირობებულია სწორედ მეტყველების მოქმედებით.

მეტყველება შეისწავლება სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნური ინტელექტის და სხვ. ასპექტებით.

მეტყველების შესწავლამ საფუძველი დაუდო პრაგმატიკას, როგორც ენობრივი ანალიზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს თანამედროვე ენათმეცნიერებაში. პრაგმატიკა განიხილავს მეტყველებას მიზნებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. მეტყველების შესწავლის აუცილებლობამ ჩამოაყალიბა თანამედროვე ენათმეცნიერების ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგი, როგორიცაა ტექსტის ლინგვისტიკა (დისკურსის ანალიზი); შეიქმნა სამეტყველო აქტების თეორია.

ნ. შენგელაია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები