ტერმინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერმინი – (< ლათ. terminus – საზღვარი, მიჯნა), განსაკუთრებული ენობრივი ნიშანი, სიტყვა ან შესიტყვება, რომელსაც იყენებენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების… ამა თუ იმ დარგის გარკვეული ცნების აღსანიშნავად.

ტერმინის ძირითადი ფორმაა არსებითი სახელი. სტრუქტურის მიხედვით, ტერმინთა სამი ჯგუფი გამოიყოფა: 1. ერთსიტყვიანი ტერმინები, 2. შესიტყვებები და 3. სიმბოლოებით გამოხატული ტერმინები. ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ ტერმინთა ერთობლიობას, ანუ ტერმინთა სისტემას ტერმინოლოგია ეწოდება. ტერმინთა სისტემა საერთო ენობრივ სისტემაში შემავალი ქვესისტემაა.

ტერმინის ძირითადი მახასიათებლებია:
1. ნომინაციურობა (ტერმინსა და სიტყვას შორის სხვაობა ექსტრალინგვისტურ სფეროშია – იცნობს თუ არა ამ ობიექტს სპეციალისტების გარდა სხვაც;
2.დეფინიციურობა;
3. კონვენციურობა (ტერმინი კონვენციურია ორგვარად: როგორც სიტყვა და როგორც ტერმინი. კონვენციურობის გამო ტერმინს აქვს სუსტი დეფინიცია – წინასწარ შეთანხმებული მკაცრი განსაზღვრა);
4.სისტემურობა;
5.მონოსემიურობა (ერთმნიშვნელობიანობის ტენდენციის გამოვლენა ერთი ტერმინოლოგიური ველის ფარგლებში, მაგ., რომელიმე სამეცნიერო დისციპლინისა თუ სამეცნიერო სკოლის ტერმინოლოგიაში. ამიტომ იმგვარ ტერმინებს, როგორიცაა, მაგ., „ასიმილაცია“ ბიოლოგიაში, ეთნოგრაფიასა და ლინგვისტიკაში. „ფუნქცია“ მათემატიკაში, ფიზიოლოგიასა და ლინგვისტიკაში და სხვ, დარგთაშორის ომონიმებს ან ინტერდისციპლინურ ტერმინოლოგიას უწოდებენ;
6. სტილისტიკური ნეიტრალურობა (ტერმინი თავისუფალია ემოციურ-ექსპრესიული დანაშრევებისაგან).

ტერმინოლოგიური სისტემა იყენებს სალიტერატურო (resp. საერთო-სახალხო) ენის ნიშნებს და ფუნქციონირებს ბუნებრივი ენის კანონების მიხედვით. ამიტომ ყველა ტენდენცია ენობრივი ნიშნისა (პირველ რიგში, ლექსიკურ-სემანტიკური პროცესები, როგორიცაა, მაგ., პოლისემია, ომონიმია, სინონიმია და სხვ.) პოტენციურად შენახულია ტერმინში და მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი ამისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. ტერმინოლოგიური სისტემა, როგორც საერთო ენის ქვესისტემა, ღია დინამიკური სისტემაა და ხასიათდება ტერმინოლოგიური და არატერმინოლოგიური ლექსიკის ურთიერთშეღწევის ისეთი პროცესებით, როგორიცაა: ა) დეტერმინოლოგიზაცია (ტერმინი გადადის საერთო გამოყენების ლექსიკაში, მაგ., „ჯაჭვური რეაქცია“, როგორც ხატოვანი გამოთქმა); ბ) ტერმინოლოგიზაცია (ტერმინი საერთო გამოყენების სიტყვა ხდება და ახალ სისტემაში გადადის, მაგ., „ბრუნვა“, „დაბოლოება” (მზა ტერმინის გადატანა ერთი სამეცნიერო დისციპლინიდან მეორეში სრული ან ნაწილობრივი გადააზრებით. შდრ. მაგ. „დიფერენციალი“ მათემატიკასა და ლინგვისტიკაში, „ვალენტობა“ ქიმიასა და ლინგეისტიკაში).

ტერმინი როგორც ენობრივი ერთეული, მთლიანად ექვემდებარება მოცემული ენის ფონეტიკურ და გრამატიკულ კანონებს. ტერმინის სტრუქტურულ-სემანტიკური თავისებურებები ვლინდება სიტყვაწარმოების სფეროში, სადაც ხდება ცალკეულ ფორმანტთა ერთგვარი „სპეციალიზაცია“ ამა თუ იმ ტერმინოლოგიური მოდელისათვის (შდრ., მაგ.: -ოზა ქიმიაში, -ომა მედიცინაში, -ემა ლინგვისტიკაში). ტერმინი შეიძლება შეიქმნას მოცემული ენის მორფემული ინვენტარით ან ინტერნაციონალური ელემენტებით (შდრ., მაგ., „წყვილბაგისმიერი“ და „ბილაბიალური"). ხშირია ტერმინთა სესხება სხვა ენებიდან (უშუალოდ თუ კალკირებული ფორმით, მაგ., ქართული გრამატიკული ტერმინებიდან „სუბიექტი“ ნასესხებია, „ქვემდებარე“ – კალკირებული).

ქართული ტერმინოლოგიის ლექსიკური ბაზა და ძირითადი წყაროებია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა და ქართული ენის დიალექტები, ასევე. ძვ. ქართული ენის ლექსიკა და უცხო ენებიდან ნასესხები ტერმინები. სამეცნიერო ტერმინოლოგიაში განსაკუთრებით დიდია ხვედრითი წილი ბერძნ..ლათ. ტერმინ-ელემენტებით შექმნილი ტერმინებისა. მეცნიერების ზოგადი მდგომარეობის (საერთოდ, კულტურულ-ეკონომიკური პარადიგმის) ცვლილება გავლენას ახდენს როგორც ცალკეულ ტერმინებზე, ასევე ტერმინთა სისტემაზე მთლიანად. მიუხედავად ამისა, ტერმინოლოგიური სისტემის სიცოცხლისუნარიანობა და ვარგისიანობა განისაზღვრება, პირველ რიგში, მისი მოწესრიგებულობით, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის ხარისხით. სტანდარტიზაციის ხარისხი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე. თუ რამდენად სწორადაა მოწესრიგებული ტერმინოლოგია. ტერმინოლოგიური ლექსიკა (ტერმინები, ნომენკლატურული სახელწოდებები, პროფესიონალიზმები) ლექსიკოგრაფიული აღნუსხვა-აღწერის შედეგად თავმოყრილია სხვადასხვა ტიპის ტერმინოლოგიურ ლექსიკონებში. სამეცნიერო-ტუქ. ტერმინოლოგიის სახელმწიფო სტანდარტიზაციის აუცილებელი და სავალდებულო პირობაა ყველა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონების დამუშავებაში ენათმეცნიერთა მონაწილეობა. არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერთა ინსტიტუტში ხდება ორ- და მეტ ენოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონების უნიფიკაციის, მათი განხილვა-სანქციონირების კოორდინირება. მხოლოდ ასეთი წესით დამუშავებულ ტერმინოლოგიურ ლექსიკონს ენიჭება უფლება, იყოს ნორმატიული, ე. ი. ყველასათვის სავალდებულო გამოსაყენებელი.

მ. ჩაჩანიძე

ლიტერატურა

  • ფოჩხუა ბ. სპეციალური ლექსიკა საერთო ენაში. – „იკე“, XVII, თბ., 1970;
  • გელენიძე ლ. ტერმინოლოგიისა და საერთო-სახალხო ენის მიმართებისათვის სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებით. – „ქსკს“. წგ. 4, თბ. 1981;
  • ღამბაშიძე რ. ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები. თბ., 1986;
  • ჭირაქაძე მ. ტერმინის ზოგადლინგვისტური თეორია და არქეოლოგიური სისტემატიკა. თბ. 1995.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები