ომონიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომონიმია – (ბერძნ. homōlnymia ერთსახელიანობა), ორი ან მეტი დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის ბგერობრივი იდენტურობა (მაგ. ქეგლ-ში ფონეტიკური კომპლექსი ბალი სამ ლექსიკურ ერთეულად არის წარმოდგენილი:
1. ბალი (Cerasus avium) საშუალო ან მაღალი ტანის ხეხილი (ვარდისებრთა ოჯახისა);
2. ბალი (ფრანგ. balle) ამა თუ იმ მოვლენის ინტენსიურობის ციფრობრივი გამოხატულება;
3. ბალი (ფრანგ. bal) საზეიმო წვეულება მუსიკითა და ცეკვით.
ომონიმიის მოვლენა საკმაოდ ძნელი გასამიჯნავია პოლისემიისაგან. ორსავე შემთხვევაში გვაქვს ფორმის იგივეობა და მნიშვნელობათა სხვადასხვაობა; მაგრამ პოლისემიის შემთხვევაში მრავალმნიშვნელიანობა განვითარებულია ერთი ძირითადი მნიშვნელობიდან, ხოლო ომონიმია გულისხმობს დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულების ბგერობრივ დამთხვევას. საკითხის გარკვევას აძნელებს ისეთი შემთხვევები, როდესაც პოლისემიური ლექსიკური ერთეულის ცალკეული მნიშვნელობები ძალზე დასცილებია ერთმანეთს. მაგ. ანალიზის გარეშე ძნელი სათქმელია, ბეჭი „სხეულის ნაწილი“ და ბეჭი „საქსოვი იარაღი“ ომონიმიის შემთხვევაა თუ პოლისემიისა. ბუნებრივია, ყოველი ამგვარი მოვლენის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისტორიული თვალსაზრისის მოშველიება; დიაქრონიული ანალიზი განარჩევს, რომ ომონიმები სხვადასხვა სიტყვებია (ხშირად სხვადასხვა ენიდან მომდინარე), პოლისემიური ერთეულები კი – ერთი სიტყვის სემანტიკური ვარიანტები. მაგ. ქართულში ორი ძირითადი მნიშვნელობის შემცველია სიტყვა ხელი (1. „სხეულის ნაწილის სახელი“; 2. „გიჟი“). ანალიზი ადასტურებს, რომ ეს არის ომონიმიის ფაქტი: ისტორიულად არსებობდა ორი დამოუკიდებელი სიტყვა: ჴელი – „სხეულის ნაწილის სახელი“ და ხელი – „გიჟი“.

ლექსიკურის გარდა, არცთუ იშვიათია გრამატიკაში ომონიმიის შემთხვევებიც; მათ ომოფორმები ეწოდება. ~~

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები