ბარათაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ბარათაშვილი ნიკოლოზ – (1817-1845) – პოეტი. დაიბადა ცნობილი არისტოკრატის, ერთ დროს თბილისის თავადაზნაურობის მარშლის - მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედამისი ეფემია — ერეკლე მეორის შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის დაი — თანამედროვეთათვის ცნობილი იყო სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835) ნ. ბარათაშვილს ასწავლიდა 1832 წ. შეთქმულების ყველაზე რადიკალური ფრთის ლიდერი სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ყმაწვილის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებისთვის (ეს გეგმა ჩაიშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი განიცდიდა). განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე (კოჭლობის მიზეზით) პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში გამწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ, რაც ჭაბუკ პოეტს ხშირად „ამა სოფლის ამაოებისაკენ“ უბიძგებდა, ნ. ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივი საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა ვერ ქმნიდა იმდროინდელი სულიერი ცხოვრების ამინდს. ზრახვის აღუსრულებლობა თან სდევდა პოეტის ყოველ პრაქტიკულ ნაბიჯს, ყველა გეგმას — როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს. გაპროვინციულებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (უიმედო სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ნ. ბარათაშვილის ხასიათს. მის პირად წერილებს ლაიტმოტივად გასდევს „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა. 1835 წლიდან მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში; 1844 წ. სამსახურის საძიებლად წავიდა ნახიჩევანში, ხოლო 1845 წ. — განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ დაიღუპა ავთვისებიანი მალარიით. ნ. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წ. განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

ნ. ბარათაშვილის ცხოვრება ღარიბია ღირსშესანიშნავი ფაქტებით. მთავარი, რაც მის ბიოგრაფიაში ყურადღებას იპყრობს, ის კი არ არის, რასაც აღსრულება ეწერა, არამედ ის, რაც პოეტს აუხდენელ ოცნებად დარჩა: განუხორციელებელი სურვილები, გეგმები. „მერანის“ ავტორის სულიერი ტრაგედია იყო ტრაგედია დიდი ცხოვრებისთვის, დიდი ქმედებისთვის დაბადებული პიროვნებისა, რომელსაც დრომ ფაქტიური უმოქმედობა არგუნა წილად.

შემოქმედება

ნ. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერებად ვრცელდებოდა. შემოგვრჩა თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფული კრებული. მისი რამდენიმე ლექსი პირველად ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა (1852, 1858).

ნ. ბარათაშვილის პოეზია ქართული რომანტიზმის მწვერვალია. ი. ჭავჭავაძის აზრით, მისი შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც დაკავშირებული იყო აღმოსავლური (სპარსული) პოეზიის გავლენის უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ნ. ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურულ განვითარებას საქართველოში. პოეტის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული. ნ. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ძიებათა რთული შინაარსის ამოსახსნელად თავისებური გასაღებია პოემა „ბედი ქართლისა“ (1839). პოემის სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა: აღა მაჰმად-ხანის მიერ 1795 წ. თბილისის აღება, რამაც ფაქტიურად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა“, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას მხატვრული ისტორიზმის მყარი პრინციპებისგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე მეორის სახე და მოქმედება ნ. ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტორიული ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანის ბუნებისა და „ერის თვისების“ ცნებებს ემყარება: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთავსებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით მსაჯულის სასარგებლოდ წყდება. მაგრამ საბოლოოდ, ობიექტურად, პოემაში მაინც ერეკლეს პოზიცია იმარჯვებს. „ბედი ქართლისა“ ნ. ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტიკული სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესი გრძნობა საოცარი სიმშვიდით უსწორებს იგი თვალს სინამდვილის ულმობელ განაჩენს და წყნარი, უდრტვინველი, შეკავებული ტონალობით ამთავრებს პოემას. ის აქ თითქოს დაჟინებით აკვირდება გარდუვალობის ამოქმედებულ კანონს, აუღელვებელი სიჯიუტით ცდილობს გაერკვეს, შეისწავლოს, ფხიზლად, აუჩქარებლად, მხედველობის მაქსიმალური დაძაბვით განჭვრიტოს მისი არსება. „ბედი ქართლისა“ თავისებური პრელუდიაა ნ. ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკისთვის დამახასიათებელი ძიებისა, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას. პოემაში დასმული კითხვა, ისევე როგორც ბარათაშვილის მთელი შემოქმედების ძირითადი ფილოსოფიური ალტერნატივა, თავის საბოლოო პასუხს „მერანში“ პოვებს. თუმცა პოეტის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს, მან მსოფლმხედველობრივი და მხატრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დიმიტრი უზნაძის სიტყვით, ნ. ბარათაშვილის „მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ „ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა“. ეს იყო, ამავე დროს, ახალი ესთეტიკური მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

ნ. ბარათაშვილის გენიის პირველი მძლავრი გამოვლინებაა ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ (1833-36). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება — ჰარმონიულად შეუთვისდეს ამ საწყისებს, „რომ დაშთოს აქ ამაოება", აუხდენელია. „მერანისგან“ განსხვავებით, ამ ლექსის განწყობილება მოკლებულია დრამატიზმს. აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. იგივე სევდა ცხოვრების ამაოების გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობის შეგნები ცნაურდება ფილოსოფიური ხასიათის ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ (1837).

ადამიანური ქმედების, ღვაწლის, „შრომისა და ზრუნვის“ მთავარ სტიმულს ნიკოლოზ ბარათაშვილი ხედავს მისი გულის დაუოკებელ წყურვილში, მის თანდაყოლილ ძლიერ ვნებებში. ეს რომანტიკული შეხედულება ადამიანის ბუნებაზე გამოხატულია მკაფიო მეტაფორულ სახეში:

მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით ისი ეკმაროს?

ნ. ბარათაშვილს უკვე აღარ აკმაყოფილებს ა. ჭავჭავაძის ჰედონისტური მსოფლგაგება, რომელიც ადამიანის არსებობის გამართლებას ამქვეყნიურ ხორციელ ტკბობაში ხედავდა. აქ საქმე გვაქვს უფრო დიდ მოთხოვნილებასთან, უფრო რთული და მრავლისმდომელი სულის ლტოლვასთან.

ლექსის „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ მსოფლმხედველობრივი კონცეფცია განფენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელ ლირიკაში. „ აღუვსებელი საწყაულის“ სახე, რომელიც ახალი ადამიანის სულიერ სამყაროში გაღვიძებული კოლოსალური ენერგიისა და პრაქტიკულად დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილების სიმბოლოს წარმოადგენს, თავის ბურ შუქს ჰფენს როგორც პოეტის ინტიმურ ლირიკას, ისე მოქალაქეობრივი შინაარსის ლექსებსაც.

ლექსში „ხმა იდუმალი“ განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ნ. ბარათაშვილის ლირიკისთვის დამახასიათებელი საკუთარი ინტიმური სამყაროს ფარულ ხვეულებში ღრმად წვდომის ნიჭი. ადამიანური პიროვნების განუსაზღვრელი შინაგანი შესაძლებლობები აქ კიდევ უფრო მძაფრად არის განცდილი, რადგან ეს ლექსი უკვე პირადი სულიერი გამოცდილების განზოგადებას წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, „ხმა იდუმალი“ თავისი შინაარსით ეხმაურება ბარათაშვილის ერთ-ერთ წერილს გ. ორბელიანისადმი. თვით ამ წერილში ავტორის მსჯელობას საკუთარ ხვედრსა და მოწოდებაზე კონკრეტული აზრი უდევს საფუძვლად. აქ იგულისხმება ის იმედები, რომლებსაც ჭაბუკი პოეტი სამხედრო კარიერაზე ამყარებდა. ლექსში პოეტის ლტოლვა დიდი სამოქმედო ასპარეზისკენ ახალი ასპექტით იხსნება. აქ სინამდვილეში გამჟღავნებულია პოეტის შემოქმედებითი მოწოდება. ეს არის უზღვავი ენერგიის გამოხატულება, რომელიც მის სულში იყო დაგროვილი და თავის გამოსავალს ეძებდა. ეს შინაგანი სულირი პოტენცია თვით პოეტის შეგნებაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაცნობიერებული. აქედან მოდის მძაფრი დაეჭვების ინტონაცია: „ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი, ან თუ ეშმაკი, მაცდური ჩემი?“ საკუთარი ხვედრის გაურკვევლობა მწვავე შინაგან კრიზისს იწვევს. ამით არის განპირობებული ამ ლექსის ნაღვლიანი, მინორული ჟღერადობა. კამერტონის ფუნქციას ასრულებს პირველი ორი სტრიქონი: „ვისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?“

„ხმა იდუმალი“ თავისთავად უკვე გარკვეული აზრის შემცველი სიმბოლოა. მას აქვს ერთგვარი ირაციონალური ელფერი. შეუცნობლობის მოტივი, რომელიც „შემოღამებაში“ ზეცას, იმიერ სამყაროს შეეხებოდა, აქ საკუთარ სულიერ სამყაროშია გადატანილი. „ხმა იდუმალის“ კონცეფცია რომ განუზომლად უფრო ფართოა, ვიდრე ის, რასაც ბარათაშვილი თავის ხსენებულ წერილში წერს, ამას მოწმობს ის გარემოება, რომ ამ ლექსში შემზადებულია, მინიშნებულია „სული ობოლისა“ და „სულო ბოროტოს“ ტრაგიკული შინაარსი.

ნ. ბარათაშვილის ლირიკაში მსოფლმხედველობრივი ტრაგიზმის ერთ ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს საბედისწერო შეუსაბამობა ახალი ცხოვრებისთვის გაღვიძებული პიროვნების მაღალ მისწრაფებასა და იმ უმწეო, რეალურ მდგომარეობას შორის, რომელშიც იგი ჩაყენებული იყო თავისი დროის ობიექტურ ვითარებათა გამო. აქედან იღებს სათავეს მწვავე კონფლიქტის, უკმარისობის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გარემომცველი სინამდვილის მიმართ და საკუთარი „მიუსაფრობის“, „სულიერი ობლობის“ მტკივნეული განცდა. ლექსში „სული ობოლი“ საბოლოოდ გაშიშვლებულია ბარათაშვილის ეს მოურჩენელი სულიერი ჭრილობა, ეს აუტანელი ტრაგიკული სიმარტოვე.

სიყვარულის თემა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაში მკვეთრად დაუპირისპირდა ბესიკისა და ა. ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. პოეტი მკვეთრ ზღვარს ავლებს „აშიკობასა“ და ჭეშმარიტ სიყვარულს შორის. ადამიანის შინაგანი ცხოვრება — არამატერიალური, უხრწნელი, მარადიული რეალობა — მის პოეზიაში უპირისპირდება მშვენიერების უფრო დაბალ საფეხურს, დროებითს სილამაზეს, რომელიც თავისი „ხორციელობის“ გამო წარმავალ ნიჭს წარმოადგენს („აღმოხდა მნათი“, 1840; „არ უკიჟინო, სატრფოო“, 1841; „რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“, 1842; „შევიშრობ ცრემლსა“, 1843). „ზეგარდმო მადლით“ დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა. ნ. ბარათაშვილის სატრფიალო პოეზიის გმირი, როგორც დანტეს „ახალი ცხოვრების“ მთავარი პერსონაჟი, „დაკარგული ტოლის“ მუდმივ ძიებაშია („სული ობოლი“, 1839; „სატრფოვ, მახსოვს, თვალნი შენნი“, 1840). სწორედ ამიტომ სიყვარული აქ გვევლინება ტრაგიკულ გრძნობად. მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმიდა ტაძრის დამხობაში („ვპოვე ტაძარი“, 1841). „რად ჰყვედრი კაცსა“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისი ორიგინალური სატრფიალო კონცეფციით, აქ მოცემულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ესთეტიკურ შეხედულებათა გასაღებიც.

ნ. ბარათაშვილის პოეზიის მთავარ შინაარსს, მთავარ მიზანს, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველასაგან განსხვავებით, წარმოადგენს არა „ფერუთვალავი“ ნივთიერი სამყაროს პოეტური ამეტყველება, არამედ ადამიანის შინაგანი, სულიერი ცხოვრების გამოხატვა. ოღონდ ნ. ბარათაშვილის პოეზიისთვის დამახასიათებელი ეს თავისებური მსოფლგაგება სინამდვილეში არასოდეს გადაზრდილა შეზღუდულ ეგოცენტრიზმში. მართალია, პოეტისთვის სიყვარული სრულიად განსაკუთრებული ინტიმური გრძნობაა და თითქმის არაფერი აქვს საერთო ამ გრძნობის ჩვეულებრივ ტრივიალურ გაგებასთან, მაგრამ შემთხვევითი არ არის რომ მისი პოეტური გამოხატვისას იგი ობიექტური სინამდვილიდან აღებულ საგნობრივ ფორმებსა და საღებავებს მიმართავს და სწორედ ამ გზით ცდილობს საკუთარი, სუბიექტური განცდის უნივერსალური ხასიათის დადგენას. ლექსში „არ უკიჟინო, სატრფოო“ სიყვარულით გამოწვეული განწყობილება გადადის რაღაც ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველ სულიერ ენერგიაში, ხოლო ეს უკანასკნელი მიემართება არა პოეტის ინტიმური სამყაროს სიღრმეებისკენ, არამედ თითქოს უსაზღვროდ ვრცელ „კოსმოსურ“ სივრცეებს განეფინება. სიყვარული აქ იხარჯება უნივერსალურ სიკეთეში და, ამდენად, საოცრად აქტიურ, ცხოველმყოფელ ხასიათს იძენს:

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი
ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე,
რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა, რომ ვიყო ვარსკვლავი
განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს ამოსვლას ელოდნენ
ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მძაფრი დრამატიზმის ელემენტები ბარათაშვილის პოეზიაში განპირობებული იყო არა მხოლოდ „სულიერისა“ და „ხორციელის“ ტრაგიკული შეუთანხმებლობით, რის შეგნებაც მან ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან შეითვისა. მის პიროვნებას ახასიათებს საბედისწერო გაორება, ტიპური ნიშანი ახალი „რომანტიკული“ ეპოქისა. ამ გაორებას რწმენისა და გონების შეუთანხმებლობა უდევს საფუძვლად. თუ „ცისა ფერს“ (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტატიური აღმაფრენის სიმბოლოა, „სულო ბოროტო“ (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი კრიზისისა. ეს არის ტრაგედია გონებისა, რომელიც ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის, გონებისა, რომელმაც თვითონ მოიკლა „ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“ და უკვე ძალა აღარ შესწევს ხელმეორედ დასაბრმავებლად. ნ. ბარათაშვილის სული ბოროტი ეპოქალური შინაარსის სახეა. ეს პოეტური სიმბოლო მსოფლიო ლიტერატურის იმ უკვდავ სახეთა რიგში დგას, რომელთაც რომანტიკოსებმა განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა მიანიჭეს. თავის პირველწყაროს იგი ბილიურ ლეგენდაში პოვებს. სამოთხიდან გაძევებული ანგელოზის სახე ევროპის ახალმა მწერლობამ მარადიული ამბოხისა და შურისგების სიმბოლოდ აქცია. ბაირონის ლუციფერი პოეტური განსახიერებაა XVIII საუკუნის განმანათლებლური სულისკვეთებისა, რომელმაც სამყაროს უზენაეს ძალად ძლევამოსილი გონება გამოაცხადა. შეიძლება ითქვას, რომ ბარათაშვილი, როგორც რომანტიკოსი, ბაირონზე უფრო შორს მიდის თავისი „ბოროტი სულის“ გაცნობიერებისას. ადამიანური გონების ის ისტორიულად განსაზღვრული ფორმა, რომელსაც რომანტიკული თვალსაზრისი ბაირონიდან მოყოლებული ვიდრე ბარათაშვილამდე ამ სიმბოლურ სახეში გულისხმობდა — წინა ეპოქის რაციონალისტური მოძღვრება, ფხიზელი კრიტიციზმი, ზუსტი ცოდნისა და მკაცრი ლოგიკური აზროვნების კულტი — ქართველი ამაო, უნაყოფო, ნიჭად წარმოდგება და, მართლაც,პოეტის თვალში სინამდვილის იმ კონკრეტულ პირობებში, როდესაც ბარათაშვილი ქმნიდა თავის ლექსს, განმანათლებლურ სკეპტიციზმს, „ეჭვით აღშფოთებულ გონებას“, ურწმუნო ჭკუას“ მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. საჭირო იყო სრულიად სხვა ხასიათის უნარი, მანამდე უცნობი, უჩვეულო ნიჭი, რათა ადამიანის სულს თავი დაეღწია სინამდვილის რეალური კოშმარისგან და პოზიტიური მოქმედებისთვის, ახალი იდეალებისთვის საბრძოლველად აღორძინებულიყო. ბარათაშვილის ეპოქას სჭირდებოდა წინათგრძნობის, მისნური ნათელხილვის თავდავიწყებული რწმენის გენია.

„მერანის“ (1842) ავტორის გენიალობა სწორედ იმით გამოიხატა, რომ მან თავისი შავბნელი დროის სიღრმიდან მაინც შეძლო ადამიანის მომავალი გამარჯვებისა და ზეიმის განჭვრეტა. მან შეძლო გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა აუცილებლობასთან მათს თავგანწირულ, ტიტანურ ჭიდილში დაინახა ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გამართლება. „მერანში“ ადამიანის ინტელექტის მოქმედება უკვე სრულიად სხვა თვისებას იძენს. ეს არის უკვე არა „ურწმუნო ჭკუა“, არამედ ჰეროიკული მოქმედებისთვის, შეგნებული თავგანწირვისთვის შთაგონებული, ცხოველი რწმენით ფრთაშესხმული ყოვლისშემძლე გონება, რომელიც სავსებით განწმენდილია პასიური სკეპტიციზმისგან. ბედისწერასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შერკინებული ინტელექტის შინაგანი რიტმი აქ იმორჩილებს პოეტის მთელ სულიერ ძალებს. აქ ხდება სრული მობილიზება ადამიანური ნებისყოფის, შემართების, გამბედაობის და „განწირულის სულის კვეთებისა“. ეს შეუჩერებელი, დაუთრგუნავი, ზღვარდაუდებელი ლტოლვის რიტმი აქ ზღაპრული ცხენის — მერანის თავდავიწყებული ჭენებით არის გამოხატული. გონება აქ განწმენდილია ცივი ურწმუნოებისგან და, ამავე დროს, ადგილს არ ტოვებს გულუბრყვილო ილუზიებისთვის. „მერანის“ აქტიური, ოპტიმისტური მსოფლმხედველობა საბოლოო მიზნის, იდეალის მიღწევის იმედზე კი არ არის დამყარებული, მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს იმის შეგნება, რომ ადამიანი გაჩენილია, მთელი თავისი არსებით მოწოდებულია ამ მიზნის მისაღწევად თავგანწირული ბრძოლისთვის. ეს არის ტრაგიკული ოპტიმიზმი.

ამრიგად, ეროვნული პრობლემატიკაც ბარათაშვილის შემოქმედებაში ფართო ფილოსოფიური ასპექტით გადაიჭრა. „მერანის“ მთავარი იდეა — ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა აუცილებლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერსალური შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებისა, რომლებიც პოეტმა „ბედი ქართლისაში“ დასვა. თუ რუსთაველის პოემაში თავისი სრულქმნილი გამოხატულება პოვა კლასიკურმა ეპიკურმა აზროვნებამ, „მერანი“ რომანტიკული პოეზიისთვის დამახასიათებელი ლირიკული თვითგამოხატვის უთვალსაჩინოესი ნიმუშია. ეს არის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოვლინება ქართველი ერის პოეტური გენიისა, რომელიც გარდუვალი მხატვრული ზემოქმედების ძალას ინარჩუნებს.

ნ. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876 წ. (რედაქტორი პ. უმიკაშვილი), 1895 წ. (ე. თაყაიშვილი და დ. კარიჭაშვილი), 1922 წ. (ს. ფირცხალავა), 1930 წ. (პ. ინგოროყვა), 1939 წ. (ი. თავაძე, ა. გაწერელია); 1945 წ. (კ. კეკელიძე); 1968 წ. (პ. ინგოროყვა), 1972 წ. (ა. გაწერელია, ი. ლოლაშვილი).


ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები