ლიონიძე სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სოლომონ ლიონიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლომონ ლიონიძე

ლიონიძე სოლომონ— (1754-1811,) ქართული ორატორული ხელოვნების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, სახელმწიფო მოღვაწე. დაიბადა კახეთში, სოფელ კონდოლში, თელავის სამეფო კარის დეკანოზის ოჯახში. განათლება სამეფო კართან არსებულ სკოლაში მიიღო. იყო ერეკლე მეორის უახლოესი მრჩეველი და დიპლომატი — ეჭირა სახელმწიფო მსაჯულისა და მდივნის თანამდებობანი. იღვწოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების, ეროვნული კულტურის წინსვლისათვის. მისი აქტიური მონაწილეობით დაიდო 1783 წ. ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთს შორის. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური ორიენტაციის გამო დააპატიმრეს (1801), მალევე გაათავისუფლეს. 1802 წლიდან იმერთა მეფის კარზე მოღვაწეობდა, იყო სოლომონ მეორის მრჩეველი და დიპლომატი. სოლომონ მეორის თურქეთს გადახვეწის (1810) შემდეგ სოლომონ ლიონიძემ ახალციხეს შეაფარა თავი და იქვე აღესრულა მიუსაფარი.

ს. ლიონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება. „მიმართვა პავლე პირველისადმი“ (1796) (ეპისტოლარული მჭერმეტყველების საგულისხმო ძეგლია, რომელშიც ეკატერინე მეორის მიცვალებით გამოწვეულ გლოვის სიუჟეტურ მოტივებს ენაცვლება სადღესასწაულო მილოცვის პათოსი პავლეს ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით. სადღესასწაულო მჭევრმეტყველების საუცხოო ნიმუშია „შესხმა ალექსანდრე პირველისა“, რომელიც ორატორს იმპერატორის წინაშე წარმოუთქვამს.

ეროვნული მჭევრმეტყველების იშვიათი ძეგლია სიტყვა, წარმოთქმული მცხეთაში ერეკლე მეორის დაკრძალვის დღეს — „მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარებისა ღირსისა“ (1798). მასში გაშლილია რამდენიმე თემატური მოტივი: შეცხადება მეფის სიკვდილისა, მისი პიროვნებისა და ღვაწლის წარმოჩენა, ხელმწიფესთან და თანამედროვეებთან შესიტყვება, საკუთარი და საქვეყნო გლოვის ღაღადისი. ეს მოტივები გაცხადებულია სამი სტილისტური ფორმით: მშვიდი, მღელვარე და შემაღლებული თხრობით. პათეტიკურად შემაღლებული პასაჟები მონოტონურობას არ იწვევს. რიტმი თავისუფალია და ჰარმონიულად აწესრიგებს მოცულობით განსხვავებულ კომპოზიციურ ერთეულებს. ორატორი გვიპყრობს განმეორებათა, რიტორიკული მიმართვის, შეძახილისა და განცვიფრების ხერხით, ძუნწად ჩართული შორისდებულებით, ტროპული ფიგურებით.

ძეგლი ორგზის ითარგმნა რუსულად.


ტექსტი და ლიტერატურა

  • ნ. კანდელაკი, ქართული კლასიკური მჭერმეტყველება, 1961.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები