ორბელიანი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ორბელიანი

ორბელიანი გრიგოლ – (1804-1883), პოეტი, ქართული რომანტიზმის ერთი უგამოჩენილესი წარმომადგენელი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ანჩისხატის, თბილისის კეთილშობილთა და საარტილერიო სასწავლებლებში. 1820 წლიდან მსახურობდა საქართველოს გრენადერთა პოლკში. 1822 წლიდან მონაწილეობდა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1826-29 წწ. იბრძოდა სპარსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა ზაქათალის აღებისას, შამქორთან და განჯასთან წარმოებულ ბრძოლებში. 1831 წლიდან ნოვგოროდში იმყოფებოდა და იქვე დააპატიმრეს 1832 წ. შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. დასასჯელად გაიგზავნა „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში (1833), აქედან — ნევის საზღვაო პოლკში, ჯერ რიგაში, შემდეგ ვილნოში (ვილნიუსი). გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1838) ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში. 1839 წლიდან მონაწილეობდა შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1842 წ. დაინიშნა საქართველოს გრენადერთა პოლკის ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად. 1843 წ. ავარიის მმართველად დაინიშნა და დიდხანს მსახურობდა მთებში ხან ოლქის მმართველად, ხან პოლკის უფროსად და ჯარების სარდლად, ხანაც მთელი დაღესტნის მმართველად. 1858 წ. გადმოიყვანეს კავკასიის მთავარმართებელ ბარიატინსკისთან. 1857 წ. მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1860-62 წწ. მთავარმართებლის მოვალეობას ასრულებდა. 1864 წ. მონაწილეობდა გლეხთა განთავისუფლების კომიტეტში. 1866 წლიდან სამხედრო სამსახურს თავი დაანება. 70-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივსა და კულტურულ ცხოვრებაში (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, პოლიტექნიკური სკოლის დაარსება, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა…). მის ნიჭსა და ღვაწლს დიდად აფასებდნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.

გრ. ორბელიანი და მამათა და შვილთა ბრძოლა

მამათა და შვილთა“ პაექრობაში გ. ორბელიანს 60-იან წლებში მონაწილეობა არ მიუღია (შესაძლოა სამსახურებრივი მოუცლელობას გამო, ხოლო 70-იან წლებში აქტიურად ჩაება პაექრობაში და ი. ჭავჭავაძის „გამოცანებს“ გამოეხმაურა „გამოცანების პასუხით“ (1872), რომელიც ახალი თაობის დამამცირებელი ეპითეტებით იყო აღსავსე. ამას მოჰყვა „პასუხი უღირსთა შვილთა“ (1874. ორივე ლექსი არის ვარიანტი გახმაურებული ნაწარმოებისა „პასუხი შვილთა“). ამ ლექსებში გამოვლინდა გ. ორბელიანის შეხედულებები ახალი თაობის შესახებ, რომელსაც იგი მოაგონებდა „მამათა“ დამსახურებას ერისა და ენის წინაშე და ახალი თაობისგან მათს პატივისცემას მოითხოვდა. ამ ლექსებს უმალვე გამოეხმაურნენ ი. ჭავჭავაძე („პასუხის პასუხი“), ა. წერეთელი („ხარაბუზა ღენერალს“, „კოღო-ბუზების პასუხი“, „პატრიოტის აღსარება“), ს. მესხი (წერილი „ჩვენი მამები და შვილები“) და სხვა ახალთაობელნი.

შემოქმედება

გ. ორბელიანმა სამწერლო მოღვაწეობა 20-იან წლებში დაიწყო. მისი შემოქმედების ძირითადი მოტივები და თემებია: პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, ბუნება, სიყვარული, პირად თუ საზოგადოებრივ ნიადაგზე აღმოცენებული სევდა-მწუხარება, წარსულის განდიდება, ქალაქის მკვიდრთა განცდა-გრძნობები. მისი პოეზია რომანტიზმის ეპოქაში აღმოცენდა და განვითარდა. და მან შეძლო თავისი სიტყვა ეთქვა რომანტიკული მსოფლმხედველობის, რომანტიზმის ძირითადი მოტივების, თემებისა და სტილის დამკვიდრების თვალსაზრისით.

გ. ორბელიანის შემოქმედების განმსაზღვრელი მაინც პატრიოტიზმია. იგი მისტიროდა საქართველოს დიდებულ წარსულს, იგლოვდა მის მწარე ხვედრს და ზოგჯერ სრულ უიმედობამდე მიდიოდა. საგულისხმოა ამ თვალსაზრისით პოემა „სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი ერევნის სიახლოვეს“, რომლის პირველი ვარიანტიც 1827 წ. დაიწერა, ხოლო დასრულებული სახე 1870 წ. მიიღო. „სადღეგრძელო“ უფრო გრძელი ლექსია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ ლექსებს. ეს არის მიბაძვა ვ. ჟუკოვსკის პოემისა „მომღერალი რუს მეომართა შორის“. „სადღეგრძელოს“ თემებია: გმირი წინაპრები, რომელთაც თავიანთი საქმით განადიდეს ქვეყანა, საქართველოს ბუნება და ხალხი, რომელიც პოეტის აღფრთოვანების საგანია, მეგობრობა, ჰუმანიზმი, სიყვარული, ბუნების მარადიულობისა და ადამიანური ცხოვრების წარმავლობის დაპირისპირება.

საქართველოს წარსულის განდიდებას ეძღვნება გ. ორბელიანის ლექსი „იარალის“ (1832), სადაც უბრალო ლხინის იდეალიზაცია კი არ არის წარმოჩენილი, არამედ პატრიოტის მიერ განჭვრეტილი ქვეყნის აწმყო და მომავალი. ლექსში პოეტი ნატრულობს გმირს, რომელიც მარჯვენის ერთი დარტყმით მოსპობს ვეშაპს (ბიუროკრატიულ ცარიზმს). ამიტომ წაუყენეს გ. ორბელიანს ბრალდებად ეს ლექსი დაპატიმრების დროს. ლექსში „მისი სახელი კიცხვითა“ (1827-32) აშკარად გამოსჭვივის გ. ორბელიანის პატრიოტული მრწამსი. პოეტი ადამიანის უპირველეს მოვალეობად აღიარებს სამშობლოსთვის თავგანწირვას და უდიდეს ბოროტებად მიაჩნია ყოველგვარი ძალადობა, რომელიც გზას უხშობს ერის თავისუფლებას. ამავე პერიოდში იწერება ლექსი „ჰე, ივერიავ“, რომელიც გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს მკითხველს და რომელშიც გამოთქმულია სინანული ქვეყნის მოდუნების გამო. წარსულის განდიდებისა და პატრიოტული სევდის საუცხოო ნიმუშია ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ (1866-83). ლექსი წარმოადგენს ლირიკული მონოლოგს მშობლიური ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებული პოეტისა, რომელიც თამარის სახებას შესტირის თავისი ქვეყნის სული დაცემის გამო. იგი ევედრება თამარს მიხედოს თავის სამშობლოს, აღადგინოს მისი ძლიერება, გამოაფხიზლოს მიძინებული ხალხი. მაგრამ რაკი გრძნობს, რომ ეს შეუძლებელია, პოეტი პესიმისტურად გმობს დაუნდობელ წუთისოფელს.

გ. ორბელიანის სევდა და ურვა, მისი სულიერი ტრაგედია მოჩანს ლექსებში „ჩემს დას ეფემიას“ (1835), „დავბერდი“ (1866–83). ერთობ საგულისხმოა, რომ ამგვარ უიმედო ლექსებს წერდა რუსეთის იმპერიის გენერალი, დიდებისა და წარმატების შარავანდედით მოსილი.

გ. ორბელიანის პოეზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ადამიანის მოვალეობა და ჰუმანიზმი. პოეტი მოუწოდებს მკითხველს დაცემულის აღდგენისაკენ, ილაშქრებს უსამართლობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ, ადამიანის უმთავრეს ღირსებად მიიჩნევს მის ნიჭს, ხოლო ის უპირველეს მოვალეობად — მოღვაწეობას მოყვასის სასარგებლოდ („სადღეგრძელოს“ მეორე ნაწილი).

გ. ორბელიანი შესანიშნავად იცნობდა ქალაქის უბრალო ადამიანებს, ხელოსნებსა და ყარაჩოხელებს, რომელთა ფიქრებსა და განცდებს დიდი უშუალობით გადმოგვცემდა თავის მუხამბაზებსა და მუსტაზადებში („კინტოს სიმღერა“, „სულით ერთნი“, „გინდ მეძინოს“, „დიმიტრი ონიკაშვილის დარდები“, „სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ“, „სავათნავას მიბაძვა“, „არავისთვის მე დღეს არა მცალან“). სწორედ ამ ხალხის ცხოვრების ცოდნის შედეგად შეიქმნა გ. ორბელიანის თეთრი ლექსი „მუშა ბოქულაძე“, რომელშიც კოლორიტულად არის დახატული მშრომელი ადამიანის პორტრეტი. ეს ლექსი ერთსა და იმავე დროს ასახავს როგორც თავად ავტორის ძალზე განყენებულ, ზოგად ჰუმანურ თვალსაზრისს, ისე კონკრეტულ სოციალურ სინამდვილეს.

გ. ორბელიანის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიჭირა სიყვარულის თემამ. სატრფიალო ლექსთა უმრავლესობა მიეძღვნა ა. ჭავჭავაძის ასულს ნინოს („ნ-დმი“, „როს გხედავ“, „მასვე“, „მტირალ ნ-ს“, „დღე სა ამას“), ხოლო ერთი ნაწილი — პოეტის საცოლეს. ამ ლექსებში სიყვარული დასახულია ბედნიერებად, მარადიულ გრძნობად, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგაც არსებობს და რომლის მეოხებითაც ადამიანი უდიდეს საქმეებს აღასრულებს.

როგორც რომანტიკოს პოეტს, გ. ორბელიანს ბუნებაც თავისებურად აქვს წარმოდგენილი. მის პოეზიაში ბუნება განსულიერებული, იგი მარადიულად ცოცხლობს და მარადიული განახლების კანონებს ემორჩილება. ამგვარადაა დახატული ბუნება ლექსში „საღამო გამოსალმებისა“ (1841). ამ ლექსში პოეტური პარალელია გავლებული ადამიანთა განშორების გრძნობასა და ისეთ მოვლენას შორის, როგორიც არის მზის ჩასვლა, მზის გამოთხოვება დედამიწასთან. ასეთივე პოეტური პარალელია გავლებული ბუნების მოვლენებსა და ადამიანის გრძნობათა შორის „სადღეგრძელოში“, კავკასიონის გრანდიოზული ბუნების ფონზე პოეტს წარმოდგენილი აქვს ქართველი ხალხის შეუვალობა, გაუტეხელი სული. განთიადისა და ბუნების გამოცოცხლების სურათს იგი უპირისპირებს ადამიანთა შემმუსვრელ ომს.

გ. ორბელიანის პოეზიას თან დაჰყვება აგრეთვე ლხინისა და შექცევის მოტივიც. პოეტი ცდილობს, გაექცეს სევდიან აწმყოს და შვება დროსტარებაში პოვოს („ანტონს“, „მირზაჯანას ეპიტაფია“, „იარალის“ მუხამბაზი და მუსტაზადები…).

გ. ორბელიანის იდეურ-საზოგადოებრივი თვალთახედვის გამოსავლენად მეტად საგულისხმოა მისი დღიურები — „მგზავრობა ჩემი ტფილისიდან პეტერბურღამდის“ (1831-32). ამ თხზულებაში აშკარად მოჩანს პოეტის ეროვნულ-პატრიოტული მრწამსი, ჰუმანიზმი, რესპუბლიკური იდეები. თხზულება გასული საუკუნის 30-იანი წლების ქართული დოკუმენტური პროზის საუკეთესო ნიმუშია. ეთნოგრაფიული, სოციოლოგიური, გეოგრაფიული თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს გ. ორბელიანის „შენიშვნები და ჩანაწერები“ (1830-73).

გ. ორბელიანის სულიერი განცდები და მოსაზრებანი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით დიდი სინამდვილითაა გადმოცემული მის მხატვრულ ესკიზებში: „ანტონისადმი“ (1824), „ზამთრისა ქარი გრიალებს“ (1829), „ნ. ე. მ“ (ნინო, ეკატერინე, მანანა, 1832), „ანბავი რიგის ღოშპიტალში ნათქვამი“ (1853).

გ. ორბელიანის პირადი წერილები ნათესავებისა თუ ახლობლებისადმი მდიდარ ბიოგრაფიულ მასალას გვაწვდიან და, ამასთან, კოლორიტულად გვიხატავენ მწერლის თანადროულობას, თითქმის ყოველი მისი ლექსის შექმნის მიზეზს.

საგულისხმოა გ. ორბელიანის შეხედულებები ენის შესახებ. პოეტს ენა ერის ბურჯად, მამა-პაპეული ცხოვრების, სარწმუნოების, ჩვეულების, ისტორიის საფუძვლად და შემნახველად მიაჩნდა. გარდა ცნობილი ფორმულისა — „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, მისი შეხედულებები თვალსაჩინოდ გამოვლინდა წერილებში სალომე მიურატისადმი (1877), აგრეთვე თხზულებაში „მგზავრობა სვანეთისაკენ“ (1874). ქართული ენის წახდენის, დაცემის ერთ-ერთ მიზეზად გ. ორბელიანს ახალთაობის მხრივ ქართულის უცოდინარობა მიაჩნდა. მისი ენობრივი იდეალი იყო ამაღლებული, კეთილშობილი სტილი და იმ ფორმების გამოყენება, რომლებსაც „თერგდალეულთა“ მეტი ნაწილი არქაულად მიიჩნევდა.

გ. ორბელიანის სალექსო ფორმები მოწმობს ევროპული, მეტადრე რუსული პოეტური კულტურის ზეგავლენას. ეს გავლენა ყველაზე რელიეფურად რითმათა შერჩევის პრინციპით გამოიხატა. გ. ორბელიანის რითმებში აღარ ჩანს ქართული კლასიკური ლექსის რითმის კულტურა. ეს, შესაძლოა, ვერც ანელებდეს გ. ორბელიანის პოეზიის ემოციური ზემოქმედების ძალას, მის შინაგან დაძაბულობასა და დინამიზმს. ამასთან, მის მეტყველებაში დაძლეულია აღმოსავლურ-სპარსული სტილის ყვავილოვნება.

თარგმანები

გ. ორბელიანს ეკუთვნის მრავალი თარგმანი, მიბაძვა და გადმოკეთება, რომელთა შინაარსიც სავსებით შეესატყვისება მის სულიერ კრედოს. ეს არის, უწინარეს ყოვლისა, თავისუფალი თარგმანები, რომლებშიც თავს იჩენს მთარგმნელის სუბიექტივიზმი. პოეტს ორიგინალის ქსოვილში შეაქვს საკუთარი გრძნობები და ზრახვები, საკუთარი პოეტური სახეებით გადმოგვცემს ავტორისეულ ჩანაფიქრს. ასე თარგმნა მან კ. რილეევის „ნალივაიკოს აღსარება“ (1831), რომელიც ქართველ შეთქმულთა საპროგრამო მხატვრულ ქმნილებად, პოლიტიკური აგიტაციის მძლავრ იარაღად იქცა, ვ. ჟუკოვსკის „ჰოი, სოფელო“, „მას უხაროდეს“, ა. პუშკინის „ლხინი“ (1830), ი. კრილოვის იგავ-არაკები „ვირი და ბულბული“, „სოფლელნი და მდინარე“, „ნადირთა ჭირი“ (ყველა - 1832). გ. ორბელიანს თარგმნილი აქვს აგრეთვე გოეთეს „მგზავრის ღამეული სიმღერა“ (ლერმონტოვისეული თარგმანიდან. სათაური — „მთანი მაღალნი“ რუსულიდან მოდის). გარდა ამისა, თარგმნილი აქვს პროზაული ნაწარმოებებიც. უცნობი ავტორის „ალლეღორია“ (1824) გადმოგვცემს ბოროტების დამარცხებას სიკეთის მიერ, ჰერდერის „სამნი მეგობარნი“ (1832) მეგობრობისა და ჰუმანიზმის ჭეშმარიტებას ქადაგებს, ცშოკეს „მაცდუნებელი“ (1832) მოუწოდებს ადამიანებს ებრძოლონ საკუთარ ვნებებს, ხოლო უცნობი ავტორის „საღამოს ჩაიზედ“ მკვეთრად ილაშქრებს არისტოკრატიის ეგოიზმისა და ანგარების წინააღმდეგ. თარგმანები რუსულიდანაა შესრულებული.


თხზულებები

  • ლირიკა, ეპოსი, თარგმანები, 1826-1883; 1948;
  • პოეტური ნაწერების სრული კრებული. 1827-1883, 1951 [[1]];
  • თხზულებათა სრული კრებული, 1959.

ლიტერატურა

  • ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, I, 1954;
  • ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), 1959;
  • ა. გაწერელია, გრიგოლ ორბელიანი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, 1969;
  • გ. ასათიანი, ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე, 1974,
  • ე. მაღრაძე, გრიგოლ ორბელიანი, 1975.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები