პუშკინი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე პუშკინი

ალექსანდრე პუშკინი – (რუს. Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин, 1799-1837), რუსი მწერალი და პოეტი, ახალი ლიტერატურისა და ახალი სალიტერატურო ენის ფუძემდებელია რუსეთში. მან სალიტერატურო ენა დაუახლოვა ცოცხალ, ხალხურ მეტყველებას. ის იყო რეალისტი, მის შემოქმედებაში მაღალმხატვრულად აისახა რთული და წინააღმდეგობებით აღსავსესინამდვილე.

სარჩევი

ცხოვრება და შემოქმედება

ალექსანდრე პუშკინიდაიბადა მოსკოვში. მშობლებს მისაღზრდაში თითქმის არავითარიმონაწილეობა არ მიუღიათ. მამამისს- სერგეი პუშკინს, აზნაურთა გვარის ძველისძველ წარმომადგენელს დადედას - ნადეჟდა ჰანიბალს (პეტრე I-ის მიერ აღზრდილი აფრიკელი აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი) მხიარული და უდარდელი ცხოვრება უყვარდათ, ბალ-მასკარადებზე სიარულს არ იკლებდნენ. ალექსანდრესა და მის და-ძმას ფრანგიგუვერნიორები, დეიდა მარიამ ჰანიბალი და ძიძა - გლეხი ქალი არინა როდიონოვნა ზრდიდნენ. ძიძა მათ უყვებოდა ზღაპრებს, იცოდა ხალხური ზნეჩვეულებანი, უამრავი ანდაზა და თქმულება.

ბიოგრაფია

1811 წლიდან პუშკინი სწავლობდა ლიცეუმში, რომელიც ამავე წელს გახსნეს - ცარსკოე სელოში, პეტერბურგის მახლობლად. ლიცეუმს უნდა მოემზადებინა სახელმწიფო აპარატისთვის საჭირო მოხელეები, მაგრამ იგი გადაიქცა თავისუფალი აზროვნების ერთ-ერთ კერად. ლიცეუმი დახურული სასწავლებელი იყო, ამიტომ მოსწავლეებს 6 წლის განმავლობაში იქიდან გასვლა ეკრძალებოდათ. ლიცეუმელები ქმნიდნენ წრეებს, უშვებდნენ ხელნაწერ ჟურნალებს. ლიცეუმმა, პუშკინისა და მისი წრის მეოხებით, „თავისუფალი აზროვნების ბუდის“ სახელწოდებით გაითქვა სახელი. ამ წრეში შედიოდნენ პოეტი ანტონ დელვიგი, მომავალი დეკაბრისდტები - ვილგელმ კიუხელბეკერი, ივანე პუშჩინი და სხვ. ლიცეუმის მოსწავლეებზე უდიდესი გავლენა იქონია 1812 წლის სამამულო ომმა. ლიცეუმელთა რევოლუციურ-პატრიოტულ შეხედულებათა გაძლიერებას ხელი შეუწყო, სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა და ცარსკოე სელოში დაბანაკებულმა ჰუსართა პოლკმა. ლიცეუმელები მეგობრობდნენ პოლკის წევრებთან, მოწინავე ოფიცრებთან, განსაკუთრებით პიოტრ ჩადაევთან, რომელსაც პუშკინმა ლექსი მიუძღვნა.

პეტერბურგში

1817 წელს პუშკინი ამთავრებს ლიცეუმს და გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში, სადაც ინიშნება საგარეო საქმეთა კოლეგიაში მდივნად. ის ვერ ეგუება ჩინოვნიკურ სამსახურს. 1819 წელს პუშკინი შევიდა ახალდაარსებულ საზოგადოებაში, რომელსაც „Зелёная лампа“ (მწვანე სანათური) ერქვა. ეს იყო დეკაბრისტულ-ფარული ორგანიზაციის - „Союз благоденствия“ (კეთილდღეობის კავშირი) - ერთ-ერთი ლიტერატურული ფილიალი. პუშკინის პეტერბურგში ცხოვრების პერიოდს დაემთხვა დეკაბრისტული მოძრაობის აღმავლობა. თავად პუშკინი არ იყო ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ მათთან პირადი და იდეური მეგობრობა აკავშირებდა.

გადასახლებაში

პუშკინის ლექსების დაბეჭდვას ვერავინ ბედავდა, მაგრამ ისინი ვრცელდებოდა ხელნაწერის სახით და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დეკაბრისტები პუშკინის ლექსებს კითხულობდნენ კრებებზე და არიგებდნენ ჯარის ნაწილებში. ალექსანდრე I-ს პუშკინი საშიშ ადამიანად მიაჩნდა. ერთხელ ცარსკოე-სელოში სეირნობისას იმპერატორმა პუშკინის ყოფილ მასწავლებელს, ლიცეუმის დირექტორს, ალექსანდრე ენგელგარდტს უთხრა: „საჭიროა პუშკინის გადასახლება ციმბირში, მან წალეკა მთელი რუსეთი აღმაშფოთებელი ლექსებით. მთელი ახალგაზრდობა იზეპირებს მათ“. პუშკინი გაციმბირებას გადარჩა, მაგრამ ალექსანდრე I-ის ბრძანებით 1800 წელს სამხრეთში გადაასახლეს. ის ჩადის ეკატერინოსლავში (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი), სადაც უნდა ემსახურა სამხრეთ კოლონისტთა ხელმძღვანელთან - გენრალ ივანე ინზოვთან. იქ პუშკინმა დნეპრში იცურავა და გაცივდა. მას სტუმრად ეწვია სამამულო ომის გმირი გენერალ რაევსკის შვილი ნიკოლოზი - პოეტის დიდი მეგობარი, რომელიც პეტერბურგიდან კავკასიაში მიემგზავრებოდა. რაევსკის თხოვნით, გენერალმა ინზოვმა პუშკინი სამკურნალოდ გაუშვა კავკასიაში. სანამ პუშკინი კავკასიასა და ყირიმში მოგზაურობდა, გენერალ ინზოვის კანცელარია ეკატერინოსლავიდან გადაიტანეს კიშინიოვში, რომელიც დეკაბრისტების ბუდე იყო. პუშკინი მათ წრეში ტრიალებდა. 1823 წელს პუშკინი კიშინოვიდან გადაიყვანეს ოდესაში, ნოვოროსისკის გენერალგუბერნატორ გრაფ მიხეილ ვორონცოვთან. პოეტსა და გენერალს შორის ურთიერთობა იძაბებოდა. ვორონცოვი ქედმაღლურ და დამამცირებელ დამოკიდებულებას იჩენდა პუშკინისადმი, რომელიც თავის მხრივ, მწვავე ეპიგრამებით უმასპინძლებოდა გენერალ-გუბერნატორს. ვორონცოვი მთავრობას გამუდმებით პუშკინის უარყოფით დახასაითება აგზავნიდა და ბოლოს თავისას მიაღწია, პოეტი ოდესიდან სოფელ მიხაილოვსკოეში (ფსკოვის გუბერნია) - მისი მშობლების მამულში - გადაასახლეს, ადგილობრივი მმართველობის მეთვალყურეობის ქვეშ.

სოფელში პუშკინი კიდევ უფრო ახლოს ეცნობა ხალხურ შემოქმედებას, გლეხთა ცხოვრებას. აქ მან 5 წელი გაატარა. გადასახლებაში პუშკინმა დაწერა პოემები: „კავკასიის ტყვე“, „ყაჩაღი ძმები“, „ბოშები“, „ბაღჩისარაის შადრევანი“. ამ ნაწარმოებებს უწოდეს სამხრეთული პოემები. სამხრეთული პოემები ახალი ეტაპი იყო, არა მარტო პუშკინის იდეურ-შემოქმედებით განვითარებაში, არამედ საერთოდ რუსულ ლიტერატურაში. ამ ნაწარმოებებით პუშკინი გვევლინება პროგრესული რომანტიზმის ფუძემდებლად რუსეთში. პუშკინის რომანტიზმში გამოვლინდა რეალისტური ტენდენციები. 1824 წელს მან დაიწყო „ბორის გოდუნოვის“ წერა.

პუშკინი გადასახლებაში იმყოფებოდა, როცა დეკაბრისტები აჯანყდნენ. აჯანყება დამარცხდა, პუშკინს ადარდება მეგობრების ბედი. ხელისუფალნი დარწმუნდნენ, რომ თუმცა პოეტი საიდუმლო საზოგადოების წევრი არაა, თავისი რევოლუციური ლექსებით დიდი როლს ასრულებს დეკაბრისტულ მოძრაობაში. იმპერატორმა გადაწყვიტა, ან მკაცრად დაესაჯა, ან დაემორჩილებინა. 1826 წელს პუშკინი ჩაიყვანეს მოსკოვში იმპერატორთან. ნიკოლოზ I-ის შეკითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა, 14 დეკემბერს პეტერბურგში რომ ყოფილიყო, პუშკინმა უპასუხა: „ჩავდგებოდი აჯანყებულთა რიგებში“. მეფემ თავი ისე დაიჭერა თითქოს დაკმაყოფილდა მისი გულწრფელი აღიარებით და „მამობრივი პატიების“ სცენა გაითამაშა. იმპერატორმა პოეტს თითქოს ყველაფერი აპატია. სინამდვილეში კი მან პუშკინი მესამე განყოფილებას „გადააბარა“ და ჟანდარმთა შეფს - ალექსანდრე ბენკენდორფს დაავალა, თვალყური ედევნებინა მისთვის. ამიერიდან ნიკოლოზ I-ის ნებართვის გარეშე პოეტს არა თუ რაიმეს დაბეჭდვა არ შეეძლო, არამედ ნაბიჯის გადადგმაც კი. 1829 წელს პუშკინი სამხედრო გზით თბილისში ჩამოდის. აქ ის უშუალოდ გაეცნო საქართველოს კულტურას, მის ისტორიულ წარსულს.

პუშკინს ეკუთვნის მცირე ტრაგედიები - „ძუნწი რაინდი“, „მოცარტი და სალიერი“, „ქვის სტუმარი“, „ლხინი ჟამიანობის დროს“ (ეს უკანასკნელი ინგლისელი პოეტის ჯონ უილსონის (John Wilson ფსევდონიმი Christopher North) პოემის „ჭირის ქალაქი“ (The City of the Plague) თავისუფალი თარგმანია.

სიცოცხლის ბოლო წლები

1831 წელს პოეტმა ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა. დაქორწინების შემდეგ, ცოლთან ერთად, სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში. პუშკინი კმაყოფილი იყო ოჯახური ცხოვრებით, ლამაზი და საყვარელი მეუღლით, მაგრამ ეს საამური ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. მალე მას მძიმე საზოგადოებრივი და ოჯახური პრობლემები შეექმნა. იმპერატორმა ახალი ძალით დაუწყო ბრძოლა თავისუფლებისმოყვარე პოეტს და ამ ბრძოლაში ბრმა იარაღად მისი მეუღლე გამოიყენეს. ნატალია გონჩაროვას უყვარდა მეფის კარზე გამართულ წვეულებებზე სიარული და თაყვანისმცემელთა ყურადღება, რაც ეჭვიანობის საბაბს იწვევდა. ამ პერიოდში პეტერბურგში ჩამოდის ჟორჟ დანტესი, იგი იშვილა რუსეთში ჰოლანდიის ელჩმა ბარონმა იაკობ გეკერენმა (Jacob Derk Burchard Anne baron van Heeckeren tot Enghuizen), რომელსაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა. გვარდიის ოფიცერი, ფუქსავატი, უზნეო, მაგრამ ლამაზი დანტესი, რომელიც მამობილის მეშვეობით პეტერბურგის სასახლის წრეებში მიღებული იყო, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა კარისკაცთა ყურადღება მიეპყრო და კარიერა გაეკეთებინა. დანტესმა პუშკინის ცოლს დაუწყო არშიყი. ნატალიაც არ გაურბოდა დანტესთან შეხვედრას, რაც ათასგვარი ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. პუშკინს ანონიმურ წერილებს წერდნენ. პოეტმა ვერ აიტანა შექმნილი ვითარება და 1837 წლის 26 იანვარს გეკერენს მკვახე წერილი გაუგზავნა, ამ წერილის მიღებისთანვე დანტესმა პუშკინი დუელში გაიწვია, დუელი შედგა მეორე დღეს - 27 იანვარს. დანტესმა გაისროლა სწორედ იმ დროს, როცა პუშკინი უმიზნებდა. დაჭრილი მწერალი 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. იმპერატორის განკარგულებით პუშკინი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე დაკრძალეს მიხაილოვსკოეს მახლობლად, სვიატოგორსკის მონასტერში.

მიუხედავად ჯოჯოხეთური პირობებისა, პოეტი თავისი ცხოვრების ამ უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ პერიოდის შემოქმედებაში მთავარიადგილი უჭირავს პროზას. აგრეთვე წერს შესანიშნავ პოემებს, ზღაპრებსა და ლექსებს.

ნაწარმოებები

პოემები
  1. რუსლანი და ლუდმილა (1817—1820)
  2. კავკასიელი ტყვე (1820—1821)
  3. გავრილიადა (1821)
  4. ვადიმი (1821—1822)
  5. ყაჩაღი ძმები (1821—1822)
  6. ბაღჩისარაის შადრევანი (1821—1823)
  7. ბოშები (1824)
  8. გრაფი ნულინი(1825), (პირველი გამოცემა)
  9. პოლტავა (1828—1829)
  10. ტაზიტი (1829—1830)
  11. სახლი კოლომნაში (1830)
  12. ეზერსკი (1832)
  13. ანჟელო (1833)
  14. ბრინჯაოს მხედარი (1833)
რომანი ლექსად
  1. ევგენი ონეგინი (1823—1832)
დრამატული ნაწარმოებები
  1. ბორის გოდუნოვი (1825)
  2. ძუნწი რაინდი (1830)
  3. მოცარტი და სალიერი (1830)
  4. ქვის სტუმარი (1830)
  5. ლხინი ჟამიანობის დროს (1830)
  6. ქალთევზა (1829—1832)
პროზა
  1. პეტრე დიდის ზანგი (1827)
  2. რომან წერილები (1829)
  3. ბელკინის მოთხრობები (1830)
  4. სოფელ გორიუხინოს ისტორია (1830)
  5. როსლავლიოვი (1831)
  6. დუბროვსკი (1833)
  7. პიკის ქალი (1834)
  8. პუგაჩოვის ისტორი (1834)
  9. კირჯალი (1834)
  10. ეგვიპტური ღამეები (1835)
  11. მოგზაურობა არზრუმში (1835)
  12. კაპიტანის ქალიშვილი (1836)
ზღაპრები
  1. სასიძო (1825)
  2. ზღაპარი მღვდელი და მისი მუშის ბალდას შესახებ (1830)
  3. ზღპარი დედა დათვზე (1830—1831)
  4. მეფე სალატანის ზღაპარი (1831)
  5. ზღაპარი მეთევზესა და თევზზე (1833)
  6. ზღაპარი მეფის მკვდარ ასულზე და შვიდ გოლიათზე (1833)
  7. ზღაპარი ოქროს მამალზე (1834)
ლექსები
  1. 1813—1825 წლები
  2. 1826—1836 წლები

იხილე აგრეთვე

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები