ლერმონტოვი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ლერმონტოვი

მიხეილ ლერმონტოვი – (რუს. Михаи́л Ю́рьевич Ле́рмонтов; 1814-1841), რუსი მწერალი და პოეტი.

ცხოვრება და შემოქმედება

მიხეილ ლერმონტოვი დაიბადა 1814 წელს მოსკოვში. მამა სამხედრო სამსახურიდან კაპიტნის ჩინით გადამდგარი, ღარიბი აზნაური იყო, ხოლო დედა - მარია არსენიევა, მდიდარ და გავლენიან თავადაზნაურთა წრეს ეკთვნოდა. დედა მშობლების თანხმობის გარეშე მისთხოვდა ღარიბ აზნაურს. ბავშვის დაბადების შემდეგ ლერმონტოვები პენზის გუბერნიაში, არსენიევების მამულში გადასახლდნენ. ხალხთან და ბუნებასთან სიახლოვემ განსაზღვრეს მიხეილ ლერმონტოვის მსოფლმხედველობითი და ესთეტიკური ღირებულებები. 3 წლის ასაკში მიხეილს დედა გარდაეცვალა. დავა სიძესა და სიდედრს შორის გამწვავდა. მდიდარმა ელიზავეტა არსენიევამ ღარიბ სიძეს აჯობა და შვილი წაართვა. პატარა ლერმონტოვი განიცდიდა მამისა და ბებიის ცუდ ურთიერთობას. 13 წლის განმავლობაში ლერმონტოვს უცხოელი აღმზრდელ-მასწავლებლები ჰყავდა. ფიზიკურად სუსტი ბავშვი ძალიან ნიჭიერი იყო. მან სწრაფად შეისწავლა გერმანული, ინგლისური, ფრანგული ენები. ბებია ყველაფერს აკეთებდა, რათა შვილიშვილისთვის კარგი განათლება მიეცა. სხვა საგნებთან ერთად მუსიკასა და ფერწერასაც ასწავლიდა. ბავშვის განათლებისათვის მოსკოვში (1827 წ.) გადასახლდა, ხოლო 1828 წელს ლერმონტოვი მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ პანსიონში მიაბარა.

1830-32 წლებში ლერმონტოვი მოსკოვის უნივერსიტეტის ეთიკურ-პოლიტიკურ, ხოლო შემდეგ სიტყვირების ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი უკმაყოფილო იყო ლექციებით და ლიტერატურას დამოუკიდებლად სწავლობდა. როგორც ჩანს, უნივერსიტეტის პროფესორები ამას გრძნობდნენ და მოინდომეს ლერმონტოვის თავიდან მოცილება. 1832 წელს პოეტი აიძულეს დაეწერა განცხადება უნივერსიტეტიდან განთავისუფელბის შესახებ. ამავე წელს ლერმონტოვი პეტერბურგში ჩავიდა სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოსკოვში გავლილი ორი კურსი არ ჩაუთვალა. ლერმონტოვი იძულებული გახდა სამხედრო სასწავლებელში შესულიყო, სადაც 2 წელი ისწავლა. 1834 წელს დაამთავრა სასწავლებელი და კორნეტის ჩინით სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა.

მიხეილ ლერმონტოვმა ლიტერატურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობა პანსიონში ყოფნის დროს დაიწყო. წერდა ლექსებს, პოემებს, დრამებს, პროზაულ ნაწარმოებებს. ადრეულ ლირიკაში ჩანს ახალგაზრდა პოეტის მეამბოხე სულისკვეთება. ლექსებში სუბიექტურ-რომანტიკულ ასპექტშია წარმოდგენილი თვთმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლა. თავისუფლება, სამშობლოს კეთილდღეობა, ზიზღი ყოველგვარი ჩაგვრისა და დესპოტიზმისადმი - მისი იდეალი იყო. განსაკუთრებით აღსანიშანვია 1830 წლის საფრანგეთის რევოლუციისადმი მიძღვნილი ლექსები. ის ამართლებს მეამბოხე ხალხს, რომელიც თავისუფელბის მოსაპოვებლად აჯანყდა (ლექსი „30 ივლისი“). პოეტის ადრეული ლირიკა გაჟღენთილია რევოლუციურ-რომანტიკული იდეებით. სევდა და მწუხარება, ჭმუნვა და სულიერი ობლობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა ახასიათებს მის ადრეულ შემოქმედებას. XIX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში, ლერმონტოვი, პუშკინის მერე, რუსეთის მეორე უდიდესი პოეტი იყო, მაგრამ რუსეთი მას არ იცნობდა. ის თავის ნაწარმოებს არსად არ ბეჭდავდა. ლერმონტოვის ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც პუშკინს ეძღვნება, საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას ხელით იწერდნენ და ზეპირად სწავლობდნენ. ლექსის ერთი ეგზემპლარი ნიკოლოზ I-მა მიიღო წარწერით „მოწოდება რევოლუციისაკენ“. მეფემ ლერმონტოვის სასტიკი დასჯა გადაწყვიტა. მისი ბრძანებით პოეტი გადაისროლეს კავკასიის მოქმედ არმიაში. გზაში ის ავად გახდა და სამკურნალოდ ქ. პიატიგორსკში დარჩა, შემდეგ კი საქართველოს მიაშურა.

1837 წელს ნიკოლოზ I თბილისში ჩამოდის, სხვასთან ერთად ჯარებიც დაათვალიერა. მასზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკმა, სადაც პოეტი მსახურობდა. მეფის კარგი განწყობით ისარგებლეს და მოხუცი ქალის, ელიზავეტა არსენიევას უმორჩილესი თხოვნა - მისი შვილიშვილის რუსეთში დაბრუნების შესახებ - მოახსენეს. მეფემ დააკმაყოფილა თხოვნა და რამდენიმე თვის შემდეგ პოეტი პეტერბურგში დაბრუნდა. დედაქალაქში უკვე როგორც სახელმოხვეჭილი პოეტი ჩავიდა. მას მთელი რუსეთი იცნობდა ლიტერატურული შედევრებით - „ბოროდინო“, „პოეტის სიკვდილი“, „სიმღერა ვაჭარ კალაშნიკოვზე“ და სხვ. პეტერბურგში ლერმონტოვი სამხედრო სამსხურთან ერთად მეტად ნაყოფიერ ლიტერატურულ-შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. ლექსებთან ერთად წერს პოემებს - „ტამბოველი ხაზინდარის ცოლი“, „მწირი“, „დემონი“, რომანს - „ჩვენი დროის გმირი“ და სხვ.


თანდათან იზრდება პოეტის ავტორიტეტი რუსეთის პროგრესულ ინტელიგენციაში და ამასთან, ღრმავდება განხეთქილება პოეტსა და სამეფო კარის არისტოკრატულ საზოგადოებას შორის. 1840 წელს პოეტს დუელი მოუხდა საფრანგეთის ელჩის შვილთან, ატაშესთან ერნესტ-სებასტიენ ბრიუჟიე დე ბარანტთან. ლერმონტოვის წყალობით დუელი უსისხლოდ დასრულდა, მაგრამ იგი მაინც დასაჯეს. მეფემ დუელში მონაწილეობისათვის ისევ კავკასიაში გადაასახლა. ლერმონტოვი მეფის ბრძანებით მონაწილეობდა რუსეთის ჯარების სამხედრო მოქმედებაში. ერთ-ერთი შეტაკება ჩერქეზებთან მან მხატვრულად აღწერა ლექსში „ვალერიკი“, რომელშიც ასახულია მთიელების და რუსი ჯარის სისხლიანი შეტაკების საშინელი სურათი. პოეტი გმობს საზოგადოდ ომს, სისხლისღვრას და აიდეალებს ადამიანისათვის მისაბაძ ბუნებას, სადაც საოცარი სიმშვიდე და ჰარმონიულობა სუფევს.

დაღუპვის წელს ლერმონტოვმა დაწერა ლექსი „წინასწარმეტყველი“. აქ იგი კვლავ უბრუნდება ადრე დაწერილი ლექსის - „პოეტის“ თემას. პოეტი ხალხის შემაკავშირებელი ტრიბუნია და არა წყნარი მგალობელი. მისი აზრით პოეტს დიდი საზოგადოებრივი, მოქალქეობრივი მოვალეობა აკისრია, მაგრამ ეს მოვალეობა მეტად მძიმეა, რადგან პოეტი ვალდებულია ამხილოს სზოგადოების მანკიერი მხარეები. ადამიანი კი, მისი აზრით, ბუნებით ისეთია, რომ ვერ იტანს თავისი მანკიერების მხილებას, ამიტომ იგი პოეტს - მამხილებელს სდევნის. აქედან გამომდინარეა პოეტის მძიმე ხვედრი, მისი ტრაგიკული ბედი საზოგადოებაში. ლექსი - „წინასწარმეტყველი“, მართალც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. პიატიგორსკში დატრიალებული ტრაგედია ლოგიკური იყო, იმ ინტრიგებიდან გამომდინარე, რომლებიც პეტერბურგში დაიწყო. ლერმონტოვის მკვლელი ნიკოლაი მარტინოვი,პოეტის მტრების ბრმა იარაღი იყო. მას ლერმონტოვი მოაკვლევინეს. დუელი შედგა 1841 წლის 15 ივლისს ქ. პიატიგორსკში მაშუკის მთაზე. ლერმონტოვმა გასროლის წინ სცადა შერიგება, მაგრამ მარტინოვმა უარი თქვა. პოეტმა თავისი დამბაჩით მაინც ზევით გასიროლა, რის შემდეგ მარტინოვი მიუახლოვდა ლერმონტოვს, გულში დაუმიზნა და ესროლა. მთავრობამ არც მკვლელი და არც სეკუნდანტი არ დასაჯა. თანამედროვეთა გადმოცემით, სამეფო კარი ამ ამბავს სიხარულით შეხვდა.

ლერმონტოვის პოემები შეიძლება დაიყოს 2 კატეგორიად: რომანტიკულად და რეალისტურად. რომანტიკული პოემების („იზმაილ ბეი“, „ჰაჯი აბრაგი“, „აზრაილი“, „სიკვდილის ანგელოზი“, „აღსარება“, „მწირი“, „დემონი“ და სხვ.) ცენტრში ძლიერი, ამაყი მეამბოხეა. სიუჟეტი ემსახურება გმირის სულიერ განწყობილებათა განშლას. პერსონაჟთა რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთავარია რომანტიკული გმირის ხასიათის გახსნა. ლექსი უაღრესად რიტმულია, მუსიკალური, ძლიერი ჟღერადობის.

ლერმონტოვს დაწერილი აქვს 5 პიესა: „ესპანელები“, (1830), „ადამიანები და ვნებანი“, (1830), „უცნაური კაცი“ (1831), „მასკარადი“ და „ორი ძმა“ (1836). აქედან იდეური და მხატვრული სრულყოფით გამოირჩევა „მასკარადი“, ცენზურამ მისი სცენაზე დადგმა აკრძალა. ლერმონტოვი ვერ მოესწრო პიესის სცენურ განხორციელებას, პიესაში ბევრი რეალისტური სურათია, მაგრამ რომანტიკული ელემენტები სჭარბობს. მთავარი მოქმედი პირი არბენინი - ამაყი, შეუპოვარი, სკეპტიციზმით შეპყრობილი ადამიანია. იგი ბანქოს მოთამაშეა, ეგოისტია, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, არბენინი ძლიერი პიროვნებაა, იგი ტრაგიკულად განიცდის თავისი ცხოვრების უაზრობას, უფერულობას. მისგან თავის დაღწევის მიზნით, ის ცოლად შეირთავს ნაზ და სათნო ქალს - ნინას, მაგრამ ვერც ოჯახმა გააბედნიერა ცხოვრების წინააღმდეგ ამხედრებული არბენინი. მას მტერი ჩააგონებს, თითქოს ნინა ღალატობს და ეჭვით შეპყრობილი უდანაშაულო ნინას მოწამლავს.შემდეგ შეიტყობს, რომ ცოლს არ უღალატია და შეძრწუნებული ჭკუიდან იშლება. ლერმონტოვს რეალისტურად აქვს დახატული კარტის მოთამაშეთა ტიპაჟები. ამ წრის ბინძურ სახეს ფარავს ნიღაბი, რომლის ახდაც მოისურვა პიესის მთავარმა გმირმა არბენინმა და დაიღუპა. პიესაში შერწყმულია რომანტიკული და რეალისტური ელემენტები.

პროზაული ნაწარმოებებიდან გამორჩეულია - „ჩვენი დროის გმირი“, რომელიც 5 ნაწილისაგან შედგება: „ბელა“, „მაქსიმ მაქსიმიჩი“, „ატამანი“, „თავადის ასული მერი“, „ფატალისტი“. ნაწარმოები დაწერილია ბრწყინვალე ენით, ბუნების აღწერის საუკეთესო სურათებით, სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით. ამ ნაწარმოებმა დასაბამი მისცა რუსულ ლიტერატურაში სოციალურ-ფსიქოლოგიურ რომანს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები