კოტეტიშვილი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ კოტეტიშვილი − (1892-1938) გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლიტერატურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი და მოქანდაკე.

ვახტანგ კოტეტიშვილი დაიბადა დიდ თონეთში (თეთრი წყაროს რაიონი) საშუალო განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელი დაამთავრა 1911 წელს. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგს გაემგზავრა. იქ ჩაირიცხა ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. ვახტანგ კოტეტიშვილი სწავლობდა ცნობილ ლიტერატურათმცოდნე ს. ა. ვენგეროვთან ფოლკლორისტ ე. ანიჩკოვთან, სოციოლოგ დე რობერტისთან. სტუდენტობისას მუშაობდა პროფ. ჟაკოვის „მსოფლიო ზღაპრის წრეში“. ინსტიტუტში ოთხი წლის სწავლების შემდეგ გადავიდა ტარტუს (ყოფ. დორპატის) უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 1918 წელს. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა პედაგოგიურ მუშაობას ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1912 წლიდან. ბეჭდავდა წერილებს ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებზე. 1925-1927 წწ გამოვიდა მისი ქართული ლიტერატურის ისტორიის სამი ტომი. 1927 წელს შეუდგა უნივერსიტეტში ფოლკლორის კურსის კითხვას. 1932 წ. საქართველოს მუზეუმთან შეიქმნა ფოლკლორის განყოფილება და ფოლკლორული არქივი ეს განყოფილება დაედო საფუძვლად, შემდგომ, 1936 წელს უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული ლიტერატურის, ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებას.

1934 წელს გამოვიდა ვახტანგ კოტეტიშვილის შედგენილი კრებული „ხალხური პოეზია“, რომელსაც ერთვის წინასიტყვაობა და ვრცელი შენიშვნები აქ პირველად იქნა დასმული ქართული ფოლკლორის ისტორიის კარდინალური საკითხები, ძველ სამწერლობო ძეგლებში დაცული უძველესი ცნობებისა ხალხური სიტყვიერების შესახებ. იქვე გათვალისწინებულია ქართული ფოლკლორის უძველესი მითიური საფუძვლები და მოცემულია დამაჯერებელი ცდები ეროვნული პოეზიის ცალკეული შედევრების დათარიღებისა და სოციალ-ისტორიუილ გარემოებასთან დაკავშირებისა. ვახტანგ კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა გეგმაზომიერი საექსპედიციო შემკრებლობით მუშაობას. ჩატარდა ექსპედიციები 1930 წელს, – მესხეთ-ჯავახეთში, 1933 წელს ატენის ხეობაში და 1934 წელს თეძმისა და ალგეთის ხეობებში.

ელ. ვირსალაძე


ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, I გამ. ქუთ., 1934;
  • II გამ. ე. ვირსალაძის წინასიტყვაობით და რედაქციით, 1961;
  • ვ. კოტეტიშვილი, რჩეული ნა– წერები, I–II, დ. გამეზარდაშვილის ბოლოსიტყვაობითა და რედაქციით, 1966-1967;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები