ანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყინწვისის მონასტერის ფრესკა.

ანგელოზი - („ანგელოსი“) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაცნეს“, „მაუწყებელს“. ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებები. ანგელოზები ეცხადებიან ადამიანებს და ამცნობენ ღვთის ნებას, ხელს უმართავენ და წინამძღვრობენ კეთილ საქმეში. მათ აუწყეს ქვეყანას მაცხოვრის შობა, მისი აღდგომა, მეორედ მოსვლის გარდაუვალობა და ა.შ.

ანგელოზთა რიცხვი უთვალავია და იყოფა დასებად. ამაზე პირველად პავლე მოციქულმა მიგვანიშნა, როდესაც თქვა: „... მასში შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი. ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“ (კოლას. 1:16). ეს ცოდნა უფრო დააზუსტა და გააცხადა აღნიშნული მოციქულის მოწაფემ დიონისე არეოპაგელმა, რომელიც თეოლოგიის მამად იწოდება. მის ტრაქტატში „ციური იერარქიის შესახებ“ (ახალ ქართულ ენაზე თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ: „საღვთისმეტყველო კრებული“, 1987, №3) წარმოჩენილია ანგელოზთა რაობა. ისინი ცხრა გუნდად, ცხრა წყებად ანუ დასად განიყოფიან. მათ ერთმანეთთან იერარქიული დამოკიდებულება აქვთ, რასაც განაპირობებს ღმერთთან მეტნაკლები სიახლოვის ფაქტორი. ესენია (ზემოდან ქვემოთ):

1. სერაფიმები,
2. ქერუბიმები,
3. საყდარნი,
4. ხელმწიფებანი,
5. უფლებანი,
6. ძალნი,
7. მთავრობანი,
8. მთავარანგელოზნი და
9. ანგელოზნი.

იერარქია არის შემეცნების ზეაღმავალი გზა. თითოეული უქვემოესი დასი ღვთიურ ნათელს მხოლოდ უზემოესის მეშვეობით ეზიარება. ყველაზე ქვემო არსებები ანუ საკუთრივ „ანგელოზები“ „მთავარანგელოზთა“ საშუალებით იღებენ საღვთო ხელდასხმას, რომელსაც, თავის მხრივ, ხილულ ქვეყანას გადასცემენ, პირველ რიგში - საეკლესიო იერარქიას.

ზოგადი სურათი ასეთია: ღმერთი თავის ნებას და სათქმელს პირველად სერაფიმებს აუწყებს, სერაფიმები - ქერუბიმებს, ქერუბიმები - საყდართ, საყდარნი - ხელმწიფებათ, ხელმწიფებანი - უფლებათ, უფლებანი - ძალთ, ძალნი - მთავრობათ, მთავრობანი მთავარანგელოზთ, მთავარანგელოზნი - ანგელოზთ. უკანასკნელნი კი - ადამიანებს. ასე შეიქმნა ბიბლია. ამ აზრითაა საღვთო წერილის ჭეშმარიტი ავტორი ღმერთი- სამება, რომლის ერთ-ერთი წევრი - წმიდა სული სწორედ ანგელოზთა იერარქიული კიბის მეშვეობით უკავშირდება წინასწარმეტყველებს და მოციქულებს.

ღმერთმა მხოლოდ კეთილი ანგელოზები შექმნა, მათგან ზოგიერთმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება, დაადგა ღვთის საწინააღმდეგო გზას, რასაც შედეგად დაცემა მოჰყვა. უხილავი ცის კაბადონზე დემონები ანუ ბოროტი ანგელოზები (შმაკები) გამოჩნდნენ. რადგან ისინი ღმერთს საკუთარი სურვილით გადაუდგნენ, შეიძლება ითქვას, რომ მათ თვით დაიწყევლეს თავი ანუ განეშორნენ მადლს, რითაც ადრე აღვსილნი იყვნენ. ანგელოზთა ამ დასს ეწოდა ეშმაკი ანუ სატანა, ლიუციფერი, რომელიც გახდა ბოროტების წყარო და ნიადაგი.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები