აღდგომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ARdgomis kvercxi.jpg

აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება. (ლ. ბარბაქაძე)

ლიტურგია

დიდ შაბათს, ღამის 12 საათამდე ცოტა ხნით ადრე, სრულდება ღამისთევის ლოცვა. მღვდელი გარდამოხსნას აიღებს საფლავიდან, აღსავლის კარებიდან მას საკურთხეველში შეაბრძანებს და დააბრძანებს ტრაპეზზე, სადაც იგი რჩება ორმოცი დღე, ქრისტეს ამაღლებამდე.

შუაღამ ითიწყება ცისკარი საზეიმო სააღდგომო მსვლელობით. ხალხი ტაძრიდან გალობით გამოდის:

„აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩვენცა ქვეყანასა ზედა ღირსმყვენ, წმინდით გულითა დიდებად შენდა”.

პროცესია გარს უვლის ტაძარს და ბრუნდება მის დახურულ კარებთან. და აქ მღვდელი საზეიმოდ აცხადებს ქრისტეს აღდგომის შესახებ (ხანდახან იკითხება სახარებიდან ამ ონარიდი, რომელიც ეხება ქრისტეს ცარიელ საფლავს). შემდეგ იგი ამბობს ასამაღლე ბელს: „დიდება წმიდასა და თანაარსსა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა!“ და პირველად იგალობება სააღდგომო ტროპარი 67-ე ფსალმუნთან ერთად, რომლითაც ახლა და იწყება ყველა სააღდგომო მსახურება:

„აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან“

„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამრთგუნველი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი“ (ტროპარი აღდგომისა).

„ესე არს დღე რომელ ქმნა უფალმან. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“.

ხალხი ისევ ტაძარში შედის და სააღდგომო ცისკარი გრძელდება. ტაძარი მორთულია ყვავილებით და განათებულია, მღვდლები შემოსილნი არიან ყველაზე ნათელი და ლამაზი ანაფორებით. ტაძრის ცენტრში, ანალოღიაზე, ასვენია აღდგომის ხატი; მასზე გამოსახულია ქრისტე, რომელიც მუსრავს ჯოჯოხეთის კარებს და ათავისუფლებს ადამსა და ევას. ამ მსახურებაზე არაფერი არ იკითხება, ყველაფერი იგალობება. გალობა კანონისა, რომლის ავტორობაც წმინ და იოანე დამასკელს მიეწერება, ენაცვლება დღესასწაულის ტროპარს. ისევ და ისევ მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: „ქრისტე აღსდგა!“ და ყოველ ჯერზე ხალხი პასუხობს: „ჭეშმარიტად აღსდგა!”.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნნა და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!“ (აღდგომის კანონის პირველი გალობა)

კანონის შემდეგ იგალობება აღდგომის სტიქარონები, მათ შემდეგ კი, ცისკრის დასრულების შემდეგ, აღდგომის ჟამნი.

ლიტურგიის დაწყების წინ მღვდელი საზეიმოდ კითხულობს „იოანე ოქროპირის სააღდგომო სიტყვას, რომელიც მოუწოდებს ყველა მორწმუნეს, დაივიწყონ თავიანთი ცოდვები და მთლიანად შთაეფლონ ქრისტეს აღდგომის სიხარულში.

თვით სააღდგომო ლიტურგია, ასევე, იწყება საზეიმო ტროპარის გალობით 68-ე ფსალმუნთან ერთად. ანტიფონები ფსალმუნებიდან შედგება შესაბამისი ამონარიდებისაგან, რომლებიც აქებს და განადიდებს ღვთისგან აღსრულებულ ხსნას:

„ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა...“
„ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო...“
„ცნობად ქუეყანასა ზედა გზაჲ შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაჲ შენი“.“
„აღგიარებდედ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდედ შენ ერნი ყოველნი.

ტროპარი ისევ და ისევ მეორდება. გალატელთა მიმართ ეპისტოლიდან ნათლობის საგალობელი ცვლის „სამწმიდაოს”. სამოციქულოს საკითხავია მოციქულთა საქმიდან პირველი ათი მუხლი, სახარებიდან კი იკითხება იოანეს სახარების პირველი ჩვიდმეტი მუხლი, რო მელსაც მორწმუნეები ისევ მიჰყავს დასაბამის დასაბამთან და აცხადებს ღვთის შესაქმეს და სამყაროს აღდგენას ღვთის ცოცხალი სიტყვის, მისი ძის – იესო ქრისტეს მეშვეობით.

თვით სიტყვა „პასექი“ ნიშნავს „გამოსვლას“, „გადასვლას”. თუ პირველმა გამოსვლამ ძველ აღთქმას დაუდო სათავე, აღდგომა არის ახალი და მარადიული აღთქმის გამოსვლა, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია ძველ წინასწარმეტყველთა მიერ. ეს არის მარადიული გამოსვლა, სიკვდილიდან ცხოვრებაში, მიწიდან ზეცაში გადასვლა. ესაა უფლის დღე, რომელსაც მოელოდნენ წმინდა წინასწარმეტყველნი, და რომელიც შექმნა ღმერთმა, რათა ამ დღეს განსაჯოს უფალმა ყოველი ქმნილება; ეს არის დღე ღვთის საბოლოო და უცვალებელი გამარჯვებისა; ესაა დღე ღვთის სასუფევლისა, სადაც „ღამე ... არა იყოს“, რადგან „სანთელ მისა არს კრავი იგი“ (გამოცხ. 21:22-25).

სააღდგომო მსახურება სრულიადაც არაა მისადაგებული მზის ამოსვლისადმი – სააღდგომო ცისკარი და საღმრთო ლიტურგია სრულდება ერთად კვირიაკის პირველი დღის ღამის საწყის საათებში, რათა საშუალება მოგვეცეს, შევიგრძნოთ სამყაროს „ახალი შესამე“ და მისტიკურად შევიდეთ „ახალ იერუსალიმში“, რომელიც მარად ბრწყინავს ქრისტეს დიდებული ნათლით, რომელიც იმარჯვებს ბოროტების უწყვეტ ღამეზე და ანადგურებს ჩვენი მოკვდავი ცოდვილი სამყაროს ბნელეთს.

„განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“ .

ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი სააღდგომო საგალობელი, რომელიც შთაგონებულია ესაიას წინასწარმეტყველებითა და გამოცხადების ბოლო თავებით, რადგან „ახალი ქმნილება“, „ახალი იერუსალიმი“, „ზეციური ქალაქი“, „ღვთის სასუფეველი“, „უფლის დღე“ და „კრავის საქორწინო ტრაპეზი თავის სასძლოსთან“ – ყოველივე ეს იდღესასწაულება აღდგომის ღამეს სულიწმინდაში. (პროტოპრესვიტერი ტომა ჰოპკო)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები