ცოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცოდვა - სიტყვა „ცოდვა“ „მიზანს აცდენას“ ნიშნავს. ადამიანი იმისთვის შეიქმნა, რომ იყოს ქმნილი ხატი ღვთისა, იცხოვროს ღმერთთან ერთობაში და ფლობდეს მთელ ქვეყნიერებას. ამ მიზნის მიღწევაში ადამიანის მარცხი არის სწორედ ის ცოდვა, რომელსაც, ასევე, ცოდვით დაცემა ეწოდება. ამაზე მოგვითხრობს დაბადების წიგნის მესამე თავი: ადამიანი დაემორჩილა ბოროტების საცდურს (გველს) და დაიჯერა, რომ მას შეეძლო საკუთარი ნებით და ძალისხმევით გამხდარიყო, „ვითარცა ღმერთნი“.

მართლმადიდებლური გარდამოცემით, ჩვეულებრივ, „კეთილისა და ბოროტის ცნობადის“ ხის ნაყოფის ჭამა გაგებულია, როგორც ადამიანის მიერ ბოროტების რეალურად მიღების გამოცდილება, მაგრამ ზოგჯერ ცოდვით დაცემა გაგებულია (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ), როგორც ადამიანის მცდელობა, გავიდეს თავისი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა, სცადოს იმის განხორციელება, რაც არ არის მის გამგებლობაში. მაგრამ, როგორც უნდა განსხვავდებოდეს სხვადასხვა განმარტების დეტალები, ერთი რამ სავსებით ნათელია: თავისი ამპარტავნების, შურისა და ღვთისადმი სიმდაბლით სავსე მადლიერების უქონლობის გამო ადამიანი დაემორჩილა სატანის ცდუნებას და დაარღვია ღვთის მცნება. ასე „ააცდინა მიზანს“ ადამიანმა თავის მოწოდებაში. ღვთის მცნების დარღვევით კი მან დაანგრია არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მისთვის მინდობილი სამყაროც.

ბიბლიასა და მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ცოდვა, ბოროტება, სატანა, ტანჯვა და სიკვდილი ყოველთვის თანაარსებობს. არ ცერთი არ მოდის თავისთავად, თითოეული მათგანი ღმერთის წინააღმდეგ ადამიანის ამბოხისა და ღმერთთან ურთიერთობის დაკარგვის შედეგია: ცოდვა შობს ცოდვას.

დაბადების წიგნში აღწერილი ცოდვით დაცემის ისტორია არის ადამიანის დასაბამიერი შესაძლებლობებისა და დაცემის ღვთივშთაგონებული სიმბოლური აღწერა. ღმერთში მარადიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს ებოძა, ადამიანმა შეატრიალა ბოროტების გასამრავლებლად და განსავითარებლად, სამყაროს სატანის სამფლობელოდ გადასაქცევად, კოსმიურ სასაფლაოდ, რომელიც კვნესის და იტანჯება მანამდე, სანამ არ გამოიხსნის მას ღმერთი (რომ. 8:19-28). ადამის ყველა შვილი, ანუ ყველა ის, ვინც ადამის მოდგმას განეკუთვნება, ამ ტრაგიკულ ხვედრს იზიარებს. თვით ახალშობილებიც კი, რომელნიც იბადებიან, როგორც ღვთის ხატნი დასაბამად კეთილ სამყაროში, მაშინვე ხდები ან იმ სამყაროს ნაწილები, რომელიც შეკრულია სიკვდილით, რომელსაც ეშმაკი მართავს და რომელიც აღვსილია ეშმაკის ბოროტ მსახურთა უთვალავი თაობის ამაზრზენი ნაყოფით.

მაშ ასე, მთავარი: ადამიანი და სამყარო საჭიროებენ ხსნას, რომელიც ღმერთის მიერ თავიდანვე იყო აღთქმული და რომლის აღსრულებაც ისტორიაში დაიწყო ისრაელის პატრიარქის, ქრისტეს მამამთავრის, აბრაამის პიროვნებაში.

„და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: ... დაგყო შენ ნათესავად დიდად, ... და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (დაბადება, 12:1-3).

ყველაფერი, რაც ხდებოდა აბრაამის რჩეული შვილების მიმართ, აღესრულებოდა იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში იესო ქრისტე საბოლოოდ გაანადგურებდა ცოდვას. უფლის აღთქმა აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან (რომლის სახელიც გახდა „ისრაელი“ – „ღმერთთან მებრძოლი”), ისრაელის თორმეტი ტომი, იოსების ისტორია, ძველი აღთქმის პასექი, გამოსვლა და მოსეს მიერ უფლის მცნებათა მიღება, ისუ ნავეს შესვლა აღთქმულ (შეპირებულ) ქვეყანაში, იერუსალიმის დაარსება და დავითის და სოლომონის მიერ ტაძრის აშენება, მსაჯულები, მეფეები, წინასწარმეტყველები და მღვდლები... – ყველაფერი, ყველაფერი ღვთის რჩეული ერის ძველი აღთქმისეულ ისტორიაში თავის საბოლოო მიზანს და აზრს იძენს მესიის, უფლის მხოლოდ შობილი ძის, შობაში, ცხოვრებაში, სიკვდილში, აღდგომაში, ამაღლებასა და განდიდებაში; ის არის სწორედ ის, ვინც მოდის მამისაგან ადამიანების ცოდვისგან გამოსახსნელად, საფლავთა დასახსნელად და ყოველი ქმნილებისთვის მარადიული ცხოვრების მისანიჭებლად.




წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები