პასექი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პასექი - ეტიმ. ბერძ. (septuagintidan) páscha, რაც თარგმანია ებრაული სიტყვისა pésah „გადასვლა“. ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთათვის, რომელთათვისაც ის ლიტურგიული წლის ნამდვილ კულმინაციას წარმოადგენს. ესე არს მარტის მთვარისა მეათოთხმეტე დღე, რომელსა შინა ჰურიანი შვიდ დღე უცომოსა ჭამდენ, რომელ არს პასექი, რომელსა შინა ივნო ქრისტემან. (სულხან-საბა)

თავდაპირველად პასექი მოსავლის აღების ახალ სეზონს, ახალი წლის დასაწყისს აღნიშნავდა. ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის, ისე მწყემსთათვის (გაზაფხულის მთვარის მოვანებისას მსხვერპლად იწირებოდა ფარის პირველი ნამატი), შემდეგ ეგვიპტიდან თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად იქცა და მას ნისანის თვის 14 რიცხვში ზეიმობდნენ.

ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება. ქრისტიანთათვის კი პასექი ნიშნავს აღდგომას და აღნიშნავს იესოს, ახალი კრავის, მისვლას მამასთან (იოან. 13:1; 1 კორ. 5:7), სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის (რის სინონიმადაც იქცა „პასექი“) გზით.

პასექის სერობის დროს იესომ ევქარისტია დაამკვიდრა. საპასექო მსახურებას წინ უძღვის სამდღიური (დიდი ხუთშაბათი; დიდი პარასკევი; დიდი შაბათი) და იწყება საზეიმო საპასექო ცისკარი, რომელიც მოიცავს ცეცხლისა და საპასექო სანთლის კურთხევას (რაც ქრისტეს, „სამყაროს სინათლის“, სიმბოლოა), სააღდგომო გალობას, ღმრთის სიტყვის მოსმენას, წყლის კურთხევას, ნათლობის აღთქმათა განახლებასა და ევქარისტიულ ლიტურგიას.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები