დიდი შაბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტეს ჯოჯხეთში შთასვლა. რუბლიოვი, ხატი 1408-1410 წ.

დიდი შაბათი - ვნების შვიდეულის შაბათი. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით იმყოფებოდა საფლავში, ხოლო სულით ჩაბრძანდა ჯოჯოხეთში, შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, გახსნა სამოთხის კარი და მართალთა სულები გადაიყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში. (ლ. ბარნაქაძე)

ლიტურგია

დიდი შაბათის ცისკარი, ჩვეულებისამებრ, სრულდება პარასკევს საღამოს. ის იწყება „ღმერთი უფალის...“, „მშვენიერი იოსებისა“ და შემდეგ ტროპართა გალობით:

რაჟამს ჰშთახედ საფლავად, ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე, ელვითა მით ღვთაებისა შენისათა, ხოლო რა ჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყუანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ჰღაღადებდენ, ცხოვრების მომცემელო, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა;
მენელსაცხებელთა დედათა, საფლავსა ზედა ანგელოსი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა“.

შემდეგ იგალობება 118-ე ფსალმუნი ჩასართავებით ან ახალი აღთქმისეული საგალობლებით, რომლებსაც „ნეტარ-არიანს“ უწოდებენ.

ფსალმუნი არის სიტყვიერი ხატი ქრისტესი, როგორც მართლისა, რომლის ცხოვრებაც ღვთის ხელშია და რომელიც ამის გამო არ შეიძლება მკვდარი დარჩეს. „ნეტარ-არიანი“ კი განადიდებს ქრისტე ღმერთს, როგორც „აღდგომას და ცხოვრებას“ და მასში გამოხატულია გაოცება სიკვდილში ქრისტეს მორჩილი გარდამოხდომით. ქრისტეში შერწყმულია ადამიანის სრულყოფილი სიყვარული ღვთისადმი და ღვთის სრულყოფილი სიყვარული ადამიანისადმი. და სწორედ ამ ღვთაებრივ-კაცობრივ სიყვარულს შევიმეცნებთ მაცხოვრის საფლავთან... თანდათან „ნეტარ-არიანი“ მოკლე ხდება, უფრო და უფრო კონცენტრირდება ქრისტეს საბოლოო გამარჯვებაზე და ასე უახლოვდება თავის მთლიან დასასრულს:

„მსურო და მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე.
შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული;
მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ“.
(ფსალმ. 118:174-176 და ამ სტრიქონების შესატყვისი „ნეტარ-არიანი”).

წმინდა სამების სადიდებლის შემდეგ ტაძარი განათდება და წარმოითქმება უწყება მაცხოვრის საფლავთან მისული მენელსაცხებლე დედების შესახებ. ამ დროს მღვდელი აკმევს. ასე პირველად გარკვევით განცხადდება უწყება აღდგომაში ქრისტეს მიერ ჩვენი გამოხსნის შესახებ.

ცისკრის კანონის საგალობლები განაგრძობს თავისი სიკვდილით სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტეს დიდებას. აქ, ისევ პირველად, ითქმება, რომ ეს შაბათი ჭეშმარიტად არის „უფროსად კურთხეული“ მეშვიდე დღე, ოდესმე არსებულ დღეთა შორის. ესაა დღე, როცა ქრისტე განისვენებს სამყაროს აღდგენის შრომისაგან. ესაა დღე, როცა სიტყვა უფლისა, „რომლისაგან ყოველი შეიქმნა“, წევს საფლავში, როგორც მკვდარი ადამიანი, რომელიც, ამავე დროს, იხსნის სამყაროს და დახსნის საფლავებს.

„ესე არს დღე, უფროსად კურთხეული, შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა, ძილისაგან აღდგომა ჰნებავს, საფლავისაგან, მესამესა დღესა“ (კონდაკისა და იკოსის საბოლოო სიტყვა).

და კვლავ, კანონი მთავრდება ქრისტეს საბოლოო გამარჯვებით:

„ჰოი, ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისაჲ, რომელი მუცლად-მიღე თვინიერ თესლისაჲ, რამეთუ აღვდგე და ვადიდო მე ღმრთეებრ და მაღალ-ვყვნე დიდებით სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი“.

შემდეგი სტიქარონების გალობისას მღვდელი იმოსება თალხი შესამოსელით და დიდი სადიდებლის დაწყებისთანავე კიდევ ერთხელ უკმევს მაცხოვრის საფლავს. შემდეგ, „სამწმიდა გალობის“ განმეორებით ხალხი ანთებული სანთლებით მიჰყვება მღვდელს, რომელსაც თავს ზემოთ სახარება და გარდამოხსნა უჭირავს. საზეიმო პროცესია ნელა უვლის გარს ტაძარს და ამით მოწმობს, რომ მთელი სამყარო განწმენდილი, გამოხსნილი და აღდგენილია „სამყაროს ცხოვრების“ სიკვდილში შესვლით.

როცა ხალხი ისევ ბრუნდება ტაძარში, გუნდი კიდევ ერთხელ გალობს ტროპარს და იკითხება ეზეკიელის წინასწარმეტყველება „ძუალთა ხმელთას“ შესახებ:

„და სცნათ, რამე თუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო, და მივსცე სული ჩემი თქუენზედა და განსცოცხლდეთ“..

ფსალმუნების სტრიქონები, რომლებიც აუწყებს გამარჯვებას და მოუწოდებს ღმერთს, აღდგეს და გაფანტოს მტრები, გაახაროს მართალნი, აგრეთვე, „ალილუიას“ მრავალჯერადი გალობა თან ახლავს წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ: „ზატიკად ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე.” კიდევ ერთხელ იკითხება სახარება საფლავის დაბეჭდვის შესახებ და, კვერექსისა და კურთხევის შემდეგ, ცისკარი მთავრდება.

დიდი შაბათის მსახურებანი მართლმადიდებლური ლიტურგიკული ტრადიციის მწვერვალია. ისინი არ არის ქრისტეს სიკვდილისა და დაფლვის ისტორიის მოვლენების დრამატული გათამაშება და არც სახარების სცენების რიტუალური განსახიერება, ეს ღვთისმსახურება არის ღრმა სულიერი და ლიტურგიული შეღწევა ქრისტეს მაცხოვნებელი ქმედებების მარადიულ არსში.

ეკლესია არ თვალთმაქცობს, თითქოს, მან არაფერი იცის შემდგომი მოვლენების შესახებ. ის არ მწუხარებს უფლის გამო და არ დასტირის მას, რადგან იცის, რომ თვით ეკლესია იშვა ქრისტესგან გმირული გვერდიდან და ქრისტეს საფლავის სიღრმიდან; ყველა ამ მსახურების დროს ეკლესია ჭვრეტს და აუწყებს ქრისტეს გამარჯვებასა და აღდგომას. და მხოლოდ ძლევამოსილი აღდგომის ნათლითაა შესაძლებელი ქრისტეს ვნებისა და სიკვდილის უღრმესი ღვთაებრივი და მარადიული მნიშვნელობის ჭეშმარიტი გაგება, შეფასება და განდიდება.

დიდი შაბათის მწუხრის მსახურება სრულდება წმინდა ბასილი დიდის ლიტურგიასთან ერთად. ეს მსახურება უკვე აღდგომის კვირა დღეს განეკუთვნება. (პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები