ბასილი დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი კესარიელი, დიდი (330, ქ. კესარია (ახლანდელი ქ. კაისერი, ცენტრალური თურქეთი) – 379.01.01), წმ. (ხსენების დღე 01/14.01 და 30.01/12.02), კესარია-კაპადოკიის არქიეპისკოპოსი, მწერალი და ღვთისმეტყველი. ბიზანტიის ისტორიაში ბასილი დიდის სახელითაც არის ცნობილი.

სარჩევი

ბიოგრაფია

იგი დაიბადა დიდგვაროვანთა ოჯახში. ეს გვარი არა მარტო ცნობილი და მდიდარი იყო, არამედ ქრისტიანული სარწმუნოებისადმი დიდი ერთგულებითაც გამოირჩეოდა. დიოკლიტიანეს დევნილობის დროს ბასილის პაპა და ბებია 7 წლის განმავლობაში ტყეში იმალებოდნენ, ხოლო მისი დედის, ემილიას, მამა მოწამებრივად აღესრულა. ბასილი უფროსი, პონტოში სიწმიდითა და ქველმოქმედებით ცნობილი დიდებული, ადვოკატი და რიტორი იყო. ამ კეთილშობილ და მორწმუნე ოჯახში დაიბადა ათი ბავშვი, რომელთაგან შემდგომში სამი (ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი და პეტრე სებასტიელი) ეპისკოპოსი გახდა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ისევე როგორც მათი დედა – ემილია – და დები – მაკრინა და თეოზევია.

პირველდაწყებითი განათლება ბასილიმ თავისი მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი სწავლა კესარიაში განაგრძო, სადაც გრიგოლ ნაზიანზელი გაიცნო. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინოპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. განათლების მიღება მომავალმა ეპისკოპოსმა დაასრულა მეცნიერებათა სავანეშიათენში, რომელსაც ბასილის დროს ისე უყურებდნენ, როგორც რიტორიკისა და სოფისტიკის აღთქმულ მხარეს. გრიგოლ ნაზიანზელთან კესარიაში დაწყებული ნაცნობობა ათენში ისეთ მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა, რომლის მსგავსსაც რამდენიმეს თუ იცნობს ისტორია.

355-356 წლებში ბასილი ათენიდან კესარიაში დაბრუნდა. ოჯახი ამ დროს პონტოში, მდინარე ირისის ნაპირას ცხოვრობდა. ბასილი პონტოში ცოტა ხანს დარჩა და კვლავ კესარიას დაუბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, თუმცა ამ წარმატებებით ის არ გაამაყებულა. ბასილი გრძნობდა საერო მისწრაფებათა არარაობას, ამიტომ გადაწყვიტა, თავი საეკლესიო მოღვაწეობისათვის მიეძღვნა და მოინათლა. თავისი მოღვაწეობის დასაწყისში ის იყო მკითხველი და ევალებოდა წმ. წიგნების განმარტება. ევსტათი სებასტიელმა მას ბერად აღკვეცა ურჩია. სამონასტრო ცხოვრების შესასწავლად ბასილი ალექსანდრიაში, პალესტინასა და მესოპოტამიაში გაემგზავრა. ეგვიპტეში შეხვდა და ესაუბრა პირველ ბერებს: მაკარი მეგვიპტელს (გ. 390), მაკარი ალექსანდრიელსა (გ. 394) და სერაპიონ თმუისის ეპისკოპოსს (გ. 362 წ. შემდეგ). 360 წელს მან განმარტოებული ადგილი შეარჩია პონტოში და იქ დასახლდა სამოღვაწეოდ. სწორედ ამ პერიოდში, ბერების თხოვნით შექმნა ასკეტური წესების კრებული, რომელსაც დიალოგის ფორმა აქვს და რომელიც დღესაც თანამედროვე ასკეტების შეუცვლელ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ბასილი კესარიელი არის პირველი, რომელმაც მცირე აზიაში დაამკვიდრა ბერთა ორგანიზებული თანაცხოვრების წესი. მანამდე აქ ასკეტები მოღვაწეობდნენ განცალკევებულად ან ჯგუფებად, მაგრამ არაორგანიზებულად. ბასილი არ შემოიფარგლა ამგვარი საზოგადოების თეორიული საფუძვლის – სამონასტრო წესდების – შექმნით. თვითონ მან, ბერთა პირველი საერთო სამყოფლის შექმნით, პირადად დააკანონა და პრაქტიკულად განამტკიცა ეს წესდება სამონასტრო ცხოვრებაში.

ბერად აღკვეცილი ბასილი იმედოვნებდა, რომ მიაგნო თავისი ცხოვრების უკანასკნელ ნავსაყუდელს და გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, მაგრამ ეს განმარტოება ხანმოკლე აღმოჩნდა. იმპერატორ კონსტანცის მმართველობისას არიოზის ერესმა სწრაფად იწყო გავრცელება და ეკლესია დიდი საშიშროების წინაშე დააყენა. ხიფათის თავიდან ასაცილებლად კესარიის ეკლესიამ სასწრაფოდ მოუხმო თავის მომავალ წმინდანებს – ბასილი დიდსა და გრიგოლ ნაზიანზელს. 362 წ. ბასილი უარს ამბობს მისთვის ძვირფას სიმშვიდეზე, ბრუნდება კესარიაში, რათა მშობლიური ეკლესია მოძალებული არიოზული ერესისაგან დაიცვას. 364 წელს ევსები კესარიელმა იგი მღვდლად აკურთხა. იმპერიის სათავეში ვალენტის მოსვლამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო იერარქიაში ევსების პირველი ადგილი ეკავა, კესარიაში დაბრუნების შემდეგ ეკლესიის მმართველობა, ფაქტობრივად, ბასილის ხელში გადავიდა. კესარიის მომავალი ეპისკოპოსი თავდაუზოგავად იბრძოდა არიოზის ერესის წინააღმდეგ. ეკლესიაში ქადაგებდა დღეში ორჯერ – დილასა და საღამოს. მისი დაპირისპირება აღნიშნულ ერესთან მხოლოდ ამით არ ამოიწურება. წმ. ბასილიმ ერეტიკოსთა მეთაურის, ევნომიოსის, წინააღმდეგ დაწერა სამი წიგნი, რომელშიც ჩვეული დამაჯერებლობითა და ცოდნით ამხილა ეს ცრუ მოძღვრება და მისი მიმდევრები.

ევსები კესარიელის გარდაცვალების შემდეგ (370), კესარიის საეპისკოპო კაედრა წმ. ბასილიმ მიიღო. მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა პონტოზე, სომხეთზე, გალათეაზე, პაფლაგონიასა და ბითვინიაზე. მას ემორჩილებოდა თერთმეტი პროვინციის ორმოცდაათი ეპისკოპოსი, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან წინააღმდეგი იყო მისი ეპისკოპოსობისა და რომელთაც თავიანთი მტრული გამოხდომები დიდხანს არ შეუწყვეტიათ.

არიოზული ერესის საშიშროება დღითი დღე იზრდებოდა. თუ 350 წლამდე არიოზობა მთელი აღმოსავლეთის სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა, 350 წლიდან იგი დასავლეთ ეპარქიებსაც მოედო. ვალენტი, რომელმაც შეუბრალებლად განდევნა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები საკუთარი ეპარქიებიდან, ამავე მიზნით კაპადოკიას ესტუმრა. იმპერატორ ვალენტის ბრძანებით ბასილი სასამართლოს წინაშე წარადგინეს ურჩობისათვის. იგი არ შეუშინდა იმპერატორის ავტორიტეტს, განდევნას, სიკვდილს და საჯაროდ გაილაშქრა იმპერატორის წინააღმდეგ. წმ. ბასილის გასამართლებამ კესარიაში დიდი არეულობა გამოიწვია. ყველა მართლმადიდებელი აღდგა იმპერატორის წინააღმდეგ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იმპერატორმა სამოცდაათიან წლებში შეწყვიტა მოგზაურობა კაპადოკიაში და დედაქალაქში დაბრუნდა. ბასილის პირადი დამსახურებით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ მართლმადიდებელთა დევნა ასცდა მის ეპარქიას – კაპადოკიას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეპისკოპოსის სოციალური შეხედულებები. ცნობილია, რომ წმ. ბასილი დიდ პატივს სცემდა ღარიბებს, იყო მათი თანამდგომი და მფარველი. უთანასწორობა ადამიანთა შორის არაბუნებრივ მოვლენად მიაჩნდა და არ სწამდა ამ ქვეყნის ძლიერთა სამართალი. ქრისტიანულმა იდეებმა შთააგონა იგი, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაზე ღარიბთა სასარგებლოდ; ემორჩილებოდა ერთის, ციური მეუფის, აბსოლუტურ ავტორიტეტს, მის ძალაუფლებასა და ნება-სურვილს.

წმ. ბასილი ყოველდღე ატარებდა საეკლესიო ღვთისმსახურებას, მკაცრად იცავდა ეკლესიის კანონებს და სისტემატურად ადევნებდა თვალს საეკლესიო დისციპლინას. კესარიაში წმ. ბასილიმ დააარსა ორი – მამათა და დედათა – მონასტერი და ეკლესია 40 წმ. მოწამის სახელზე. თავისი მიტროპოლიის ყველა ოლქში ააგო დავრდომილთა თავშესაფრები, ხოლო კესარიაში – საავადმყოფო და სასტუმრო მოგზაურთათვის.

ბასილი კესარიელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურული მემკვიდრეობა

მდიდარი და მრავალმხრივია წმ. ბასილი დიდის ლიტერატურული მემკვიდრეობა, ამიტომ, ბუნებრივია, არც ერთი ბერძნული ხელნაწერი არ შეიცავს მის ყველა შრომას. სამაგიეროდ, ბერძნული ხელნაწერთა რამდენიმე ტიპი წარმოგვიდგენს წმ. ბასილი დიდის ყველაზე მნიშვნელოვან და ძირითად თხზულების კორპუსებს. ესენია: 1. „ექუსთა დღეთა“, 2. მორალური ჰომილიები და ფსალმუნთა კომენტარები („ითიკა“), 3. „ასკეტიკონი“, 4. ეპისტოლეები. ხელნაწერთა საკუთარი ტრადიცია შეინარჩუნა აგრეთვე ევნომიოსის წინააღმდეგ მიმართულმა პოლემიკური ხასიათის თხზულების პირველმა სამმა წიგნმა და ვრცელმა შრომამ „სულიწმიდისათვის“, თხზულებათა ერთი ნაწილი ატარებს ბასილი დიდის სახელს და არ განეკუთვნება ზემოჩამოთვლილ კორპუსებს. აქ იგულისხმება მისი სახელით ცნობილი ჟამისწირვა და სიწმინდის განახლება, რომელსაც, ჩვეულებრივ, ევქოლოგიონებში ვხვდებით.

ბასილი კესარიელის თხზულებათა სრული გამოცემები

ბასილი კესარიელის თხზულებათა სრული გამოცემებია:

  1. 1532 (ბაზელი);
  2. 1535 (ვენა);
  3. 1551 (ბაზელი; მასში გაერთიანებულია პირველი ორი გამოცემა);
  4. 1618 (პარიზი), ორტომეული, პარალელური ლათინური თარგმანით;
  5. 1638 (პარიზი), მეორე ბერძნულ-ლათინური გამოცემის სამტომეული;
  6. 1679 (ბაზელი);
  7. 1721, 1722, 1730 (პარიზი), ეს გამოცემა განახორციელეს ბენედიქტიანელებმა – ჟ. გარნიემ (პირველი ორი ტომი) და პ. მარანმა (მესამე ტომი);
  8. 1839 (პარიზი);
  9. 1857 (პარიზი), ბენედიქტიანელთა მეორე ხელახალი გამოცემა ჟ. პ. მინის Patrologia greka-ს უზარმაზარი კოლექციის 29-32 ტომების სახით.

ქართული თარგმანები

წყაროების შესწავლამ ცხადყო, რომ ქართულ ენაზე თარგმნილია ბასილი დიდის თითქმის მთელი შემოქმედება, კერძოდ, მისი ეგზეგეტიკური და ჰომილეტიკური მემკვიდრეობა, ასკეტიკური ხასიათის თხზულებები, ეპისტოლეები, ჟამის წირვა და სხვა ცალკეული თხზულებები თუ ფრაგმენტები.

„ექუსთა დღეთაჲ“

არსებობს ამ ძეგლის ორი ქართული თარგმანი. პირველი, ადრეული, შესრულებულია ბერძნული ენიდან X ს., შესაძლოა, სინა-პალესტინის ერთ-ერთ სამწერლობო ცენტრში, ხოლო – მეორე ეკუთვნის გიორგი მთაწმინდლის კალამს და XI საუკუნით თარიღდება.

ჰომილიები

ბასილი დიდის ჰომილიები ქართულ ენაზე ითარგმნა VIII-XI საუკუნეებში. მათი ცალკეული ადრეული ვერსიები დაცულია უძველეს მრავალთავებში. ბასილი დიდის ვრცელი ჰომილეტიკური მემკვიდრეობა „სწავლანისა“ და „ფსალმუნთა თარგმანების“ სახით თარგმნა ეფთვიმე ათონელმა X საუკუნის 70-იან წლებში. ეს თარგმანი თავისი შედგენილობითა და სტრუქტურით ახლოს დგას ათონური წარმომავლობის ბერძნულ კრებულებთან.

„ასკეტიკონი“

ქართულმა მწერლობამ შემოგვინახა ბასილი კესარიელის „სამოღვაწეო წიგნის“ („ასკეტიკონის“) ოთხი ქართული რედაქცია: პირველი, ყველაზე ადრეული, თარგმნა პროკოპი მღვდელმა X საუკუნეში. ეს ტექსტი უაღრესად სანდო და ძველი ტრადიციების მატარებელია; მეორე, ე.წ. E რედაქცია ვულგატის ტიპისა, თარგმნილია ეფრემ მცირის მიერ შავ მთაზე XI საუკუნის II ნახევარში; მესამე, ადრე P რედაქციად წოდებული „წიგნი ასკიტიკონი“, დაცულია ერთადერთ ხელნაწერში და მისი მთარგმნელი უცნობია. თავად ხელნაწერი გადაწერილია 1710 წელს დომენტი კათოლიკოსის დავალებით იესე ეგნატეს ძის მიერ. ეს რედაქციაც ვულგატის ტიპისაა, უფრო ზუსტად – მას შერეული ვულგატის თავისებურებები ახასიათებს. მეოთხე, ე.წ. C რედაქცია გადაწერილია იოანე გაბაშვილის მიერ და წარმოადგენს ეფრემ მცირის მიერ თარგმნილი „ასკეტიკონიდან“ ამოკრებილი ცალკეული შერჩეული ნაწილების კრებულს. იგი შედგენილია ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთ ქართულ მონასტერში. ამ რედაქციათა გარდა, ძველი ქართული ხელნაწერები შეიცავს ბასილი კესარიელის სახელით ცნობილ ასკეტიკური ხასიათის უსათაურო თხზულებებს, რომელთა ერთი ნაწილი ფსევდოა.

ეპისტოლეები

ქართულ ენაზე არ არსებობს ბასილი დიდის ყველა წერილის შემცველი სპეციალური კრებული. A 292, რომელმაც შემოგვინახა ამ წერილთა მცირე ანთოლოგია, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კრებულს წარმოადგენს. დანარჩენი წერილები გაფანტულია როგორც ბასილი დიდის თხზულებათა ხელნაწერებში, ისე სხვა ავტორთა ჰომილეტიკური, ასკეტიკური და კანონიკური ხასიათის კრებულებში. მათი რიცხვი სამ ათეულს აღემატება. ითარგმნა VIII-XII სს. ანონიმი ავტორის, ეფთვიმე მთაწმინდლის, გიორგი მთაწმინდლისა და არსენ იყალთოელის მიერ.

ა) ძველი ქართული მწერლობის პირველ პერიოდში თარგმნეს მეორე წერილი, მიმართული გრიგოლ ნაზიანზელისადმი. თარგმანი შესრულებულია პალესტინაში არაბული ტექსტიდან ანონიმი ავტორის მიერ;

ბ). ეფთვიმე მთაწმინდელმა მეორედ თარგმნა იგივე წერილი და 46-ე წერილის ფრაგმენტი;

გ) ბასილი დიდის 115-ე წერილი თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა;

დ) წერილთა ძველი ქართული თარგმანების დიდი ნაწილი ეკუთვნის ეფრემ მცირეს (2, 12-14, 22, 40, 41, 46, 55, 71, 90, 105, 134, 150, 154, 173, 180, 192, 252, 261, 277, 279, 299, 301, 341, 342, 351-354). ზემოდასახელებული წერილებიდან ორი (173 და 22) ჩართულია ეფრემ მცირის მიერ თარგმნილ ბასილი დიდის „ასკეტიკონის“ ვულგატის რედაქციაში;

ე) ბასილი დიდის კანონიკური წერილები, როგორც „დიდი სჯულისკანონის“ შემადგენელი ნაწილი, თარგმნა არსენ იყალთოელმა XII საუკუნეში;

ვ) ცალკეულ ეპისტოლეთა ფრაგმენტები შემოგვინახა არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილმა „დოგმატიკონმა“.

1799 წელს გაიოზ რექტორმა რუსულ დედანზე დაყრდნობით თარგმნა ბასილი დიდის ყველა წერილი (S 381). XIX საუკუნით თარიღდება ანონიმის მიერ ასევე რუსულიდან თარგმნილი მისი პირველი წერილი და მეორე წერილის ფრაგმენტი.

ჟამისწირვა

ბასილი დიდის, ანუ ბიზანტიის, ჟამისწირვა საქართველოში დამკვიდრდა X საუკუნეში და უკვე ერთი საუკუნის შემდეგ, ეფთვიმე მთაწმინდლის ცნობით, ყოველდღიური პრაქტიკიდან „დიდთა მარხვათა შინა“ გადაინაცვლა და პოზიციები დაუთმო იოანე ოქროპირის უფრო კომპაქტურ ფორმულარს. წმ. ბასილის ჟამისწირვის ტექსტები დაცულია მრავალრიცხოვან ევქოლოგიონებში, რომლებიც, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ერთმანეთისაგან რედაქციულად განსხვავდებიან. ეს განსხვავებები ნათელს ჰფენენ არა მარტო ამ ვერსიების ქრონოლოგიას, არამედ იმ რეგიონსაც მიანიშნებენ, საიდანაც ისინი მომდინარეობენ. წყაროები ადასტურებს, რომ ქართული ღვთისმსახურება და ქართველი მთარგმნელები თვით XI საუკუნეშიც კი ბიზანტიური ლიტურგიის აღმოსავლური ტექსტების გავლენას განიცდიღნენ. მობრუნება დაიწყო გვიან, სავარაუდოდ, XII საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა უარი თქვეს აღმოსავლურ ნუსხებზე და თავიანთი თარგმანი დააფუძნეს კონსტანტინოპოლური ტიპის რედაქციაზე. ვახტანგ VI-ის მიერ 1710 წელს გამოცემული კონდაკი მოწმობს, რომ ამ პერიოდში წმ. ბასილის ჟამისწირვამ დიდი სახეცვლილება განიცადა და თავისი სტრუქტურით დაშორდა ძველ ქართულ ვერსიებს. ვახტანგის გამოცემა გარკვეული განსხვავებებით იმეორებს ფილოთეოს კოკინოსის (XIV ს.) ჟამისწირვის იმ რედაქციას, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და რომლითაც ფაქტობრივად დასრულდა ბიზანტიური ლიტურგიის განვითარება. სამ ქართულ ხელნაწერშია დაცული აგრეთვე ბასილის სახელით ცნობილი მეორე ლიტურგიკული ტექსტი – „სიწმიდის განახლება“. მათ შორის ორი ადრეული სინური წარმომავლობისაა.

ბასილი კესარიელის თხზულებები გვიანდელ ქართულ კრებულებში

ბასილი დიდის ცალკეული თხზულებები შესულია სხვადასხვა ხასიათის კრებულებში, რომელთა დიდი ნაწილი, ძირითადად XVIII საუკუნით თარიღდება; ესენია: „სუფევა“ (შემდგენელი – გაბრიელ მცირე; გ. 1802), „სამასეული“, „სიტყუანი და სწავლანი სამეცნიერონი ფრიად მარგებელნი...“, „მარგალიტი“, ამბროსი ნეკრესელის „კრებული“, „გუბე“, გერონტი სოლოღაშვილის „ნაცვალსიტყუაობა“.

ბასილი კესარიელის სახელით ცნობილ სხვა ავტორთა „საეჭვო“ და ფსევდობასილური თხზულებები

ნაწარმოებები, რომლებიც შეცდომით მიეწერება ბასილი კესარიელს, სამ ჯგუფად იყოფა:
ა) ბასილი კესარიელის სახელით ცნობილი სხვა ავტორთა თხზულებები;
ბ) ნაწარმოებები, რომელთა ავტორის ავთენტურობაც ეჭვს იწვევს;
გ) ფსევდობასილური შრომები.
ქართული ხელნაწერების მიხედვით, ბასილი კესარიელს მიეწერება: ანდრია კრიტელის, ბასილი ანკვირელის, გერმანე I კონსტანტინოპოლელის, გრიგოლ ნაზიანზელის, ეფთვიმე ათონელის, იოანე იერუსალიმელის, ფოტი პატრიარქის, ფსევდოეპიფანე კვიპრელის, ფსევდოიოანე მმარხველის, ფსევდოიოანე ოქროპირისა და ფსევდომელეტი ანტიოქელის შრომები. „საეჭვო“ თხზულებათა ქართული თარგმანებია: ასკეტიკური პროლოგი 5, ეპიტიმიები 24, 115-ე ფსალმუნის თარგმანება, ესაია წინასწარმეტყველის კომენტარის ფრაგმენტები, „სწავლა, რომელი თქუა ლაკიზეს შინა ქალაქსა“ და ჰომილია „შობისათჳს უფლისაჲ ჩუენისა იესუ ქრისტესი“. ფსევდობასილურ თხზულებათა ქართულ თარგმანებს წარმოადგენს: ასკეტიკური სიტყვები 11, 15; „სამონასტრო კონსტიტუციები“, წერილები: 41, 351, 353, 28-ე ფსალმუნზე დაწერილი მეორე ქადაგება; ჰომილია „სულისა წმიდისათჳს“; „მცნებაჲ მღდელთა მიმართ“ და აგრეთვე ბასილი კესარიელის სახელით ცნობილი კურთხევები და ლოცვები. ქართულ ხელნაწერებში დაცული ფსევდობასილური თხზულებები, რომელთაც ბერძნული ორიგინალები არ ეძებნებათ, მიჩნეულია ქართულ ვერსიებად.

ლიტერატურა

  • ბასილი დიდი, „ექუსთა დღეთან“, მ. კახაძის გამოც., „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკვ. 2 (25), თბ., 1947;
  • ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, წერილები, ნ. ქაჯაიას გამოც., თბ., 2006; ბასილი კესარიელის „სწავლათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, ც. ქურციკიძის გამოც., წგ., ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, ტ. 5, თბ., 1983;
  • უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის „ექუსთა დღეთაჲსა“ და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა „კაცისა აგებულებისათჳს“ X-XIII სს-ის ხელნაწერთა მიხედვით, ი. აბულაძის გამოც, თბ., – 1964;
  • ქაჯაია ნ., ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები, თბ., 1992;
  • ხინთიბიძე ე., ბასილი კაპადოკიელის „სამოღვაწეო წიგნის“ ქართული რედაქციები (ნარკვევი ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობიდან), თბ., 1968;
  • Bibliotheca Basiliana Vniuersalis. A Study of the Manuscript Tradition, Editions and Translations of All the Works by Basil of Caesarea (Corpus Christia№rum; Turnhout: Brepols Publishers, 1993-2000;
  • Migne J. P.Patrologiae cursus completus. Series gracca, Raris, 1857-1866.

ნ. ქაჯაია


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები