არსენ იყალთოელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. ღირსი მამა არსენ იყალთოელი

არსენ იყალთოელი – (ვაჩეს ძე, XI–XII სს.) წმინდა ღირსი მამა (ხსენების დღე 6/19 თებერვალი), ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი.

ქართულ ხელნაწერებში სხვადასხვა ზედწოდებით რამდენიმე არსენი არის მოხსენიებული: არსენ ვაჩეს ძე, არსენ მონაზონი, არსენ ბერი, არსენ კალიპოსელი, არსენ იყალთოელი და სხვ. არსენ ვაჩესძისა და არსენ იყალთოელის იდენტურობა ეჭვს არასოდეს იწვევდა. ტრადიციული მოსაზრებით, ასევე ერთსა და იმავე პირად მოიაზრებოდა არსენ ბერი და არსენ იყალთოელი XX საუკუნის I ნახევარშიში მეცნიერთა მიერ ცალკე იქნა გამოყოფილი არსენ ბერის შემოქმედება და ასე შევიდა ის ქართული ლიტერატურის ისტორიაში (კ. კეკელიძე). ბოლოს კვლავ აღდგა ტრადიციული თვალსაზრისი და ხსენებული პირების იგივეობა დამაჯერებლად იქნა დასაბუთებული (ი. ლოლაშვილი, ე. გაბიძაშვილი).

სარჩევი

ბიორგაფია

არსენ იყალთოელი, „ქუეყანით კახი“, დაიბადა დაახლოებით XI ს. 50-იან წლებში „დაბასა შინა იყალთოს“. აქედან მიუღია მას ზედწოდება „იყალთოელი“. საფიქრებელია, ის იყო კახეთის დიდგვაროვანთა ოჯახიდან. არსენ იყალთოელი აღსაზრდელად მიუბარებიათ იყალთოს მონასტერში, სიჭაბუკეში სასწავლებლად გამგზავრებულა ბიზანტიაში, მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. XI ს. 80-იან წწ. არსენ იყალთოელი დამკვიდრდა შავ მთაზე ეფრემ მცირესთან. არსენ იყალთოელს მონაწილეობა მიუღია ეფრემ მცირის იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ თარგმნაში (A 24, ფ. 137წ). შავ მთაზე არსენ იყალთოელმა დაყო XI ს. ბოლომდე. მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ სვიმეონ საკვირველმოქმედის, ხოლო შემდეგ – კალიპოსის ქართულ მონასტრებში. XI ს. მიწურულს, ეფრემ მცირეს გარდაცვალების შემდეგ, არსენ იყალთოელი დაბრუნებულა კონსტანტინოპოლის მანგანის მონასტერში და იქ გაუგრძელებია ლიტერატურული საქმიანობა. აქ დიდხანს არ დარჩენილა. XII ს. დასაწყისში თეოფილე ხუცესმონაზონსა და იოანე ტარიჭისძესთან ერთად საქართველოში დაბრუნებულა. არსენ იყალთოელი გახდა დავით IV აღმაშენებლის მოძღვარი, დავითი კი – მისი ერთგული შეგირდი. არსენ იყალთოელის ნიჭი დავით აღმაშენებლის მფარველობით გაიშალა, ხოლო მეფის პოლიტიკური და კულტურული რეფორმები მისი რჩევით გატარდა. საქართველოში დაბრუნებულმა არსენ იყალთოელმა თავდაპირველ სამოღვაწეო ადგილად შიომღვიმის მონასტერი აირჩია, რომელიც XII ს. დასაწყისში ერთ-ერთ ძლიერ სასულიერო-სამწერლო კერად ითვლებოდა. არსენ იყალთოელი დავითის სურვილით მონაწილეობდა შიომღვიმის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მშენებლობაში, შიომღვიმის სამონასტრო წესდების მოგვარებაში. იოანე ტარიჭისძესთან ერთად სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტრის განგების მიხედვით შეუდგენია ტიპიკონის ახალი რედაქცია. შემდეგში ერთხანს მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. არ არის გამორიცხული, რომ გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვისას მხატვრებისთვის სწორედ არსენ იყალთოელს გაეწია ხელმძღვანელობა, რადგან ზოგიერთი ფრესკა ასახავს იმ მსოფლიო საეკლესიო კრებათა ისტორიას, რომელთა შესახებაც წერს იგი „დოღმატიკონში“.

ქ. ანისის აღების შემდეგ, 1123 წ., სომეხი სამღვდელოებისა და მონასტრის წინამძღვართა ინიციატივით დავით აღმაშენებელმა მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა გამოეძია, ვისი რჯული იყო ჭეშმარიტი – ქართველთა თუ სომეხთა. პაექრობაში მონაწილეობა მიუღია არსენ იყალთოელსაც, „თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა“, – აღნიშნავს დავითის ისტორიკოსი. არსენ იყალთოელის „დოღმატიკონში“ მოთხრობილია კიდევ ერთ სარწმუნოებრივ პაექრობაზე, რომელიც გაიმართა XII ს. თბილისში. თხზულებას ეწოდება „ჴსენებაჲ სიტყჳსგებისაჲ და სასჯელისაჲ შჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“ (51463, ფ. 309v-312v) და წარმოადგენს ხსენებული პაექრობის სიტყვასიტყვით ჩანაწერს. როგორც ირკვევა, არსენ იყალთოელი ქართველთა და არაბთა სარწმუნოებრივი პაექრობის ერთ-ერთი თანამონაწილე ყოფილა. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ არსენ იყალთოელმა მეფის ხსოვნას მიუძღვნა თექვსმეტმარცვლოვანი დაბალი შაირი – „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“:

„ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღუართა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ჴელნი დამესხნეს“.

არსენ იყალთოელს ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები. გადმოცემით, არსენ იყალთოელმა დავით აღმაშენებლის დახმარებით იყალთოს სკოლა გადააკეთა აკადემიად, მისი ხელმძღვანელობაც თავადვე იკისრა. სავარაუდოდ, იგი აღესრულა XII ს. 30-იან წწ. დემეტრე მეფის ზეობის ხანაში. დაუკრძალავთ იყალთოს ღვთაების ტაძარში, ზენონ იყალთოელის საფლავის გვერდით.

არსენ იყალთოელი ძირითადად, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო და კანონიკური ხასიათის ძეგლებზე მუშაობდა. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართულად თარგმნილი ტექსტის ორიგინალთან დაახლოების სფეროში, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც მისი მთარგმნელობითი მეთოდის სპეციფიკა. არსენ იყალთოელის თარგმანები ზედმიწევნით ზუსტია დედანთან მიმართებაში.

მისი მთარგმნელობითი მეთოდი არსებითად ორ უმთავრეს ელემენტს ემყარებოდა: ბერძნული სინტაქსური კონსტრუქციებისა და სიტყვაწარმოების რთული ფორმების ფართოდ დანერგვას თარგმანში და ქართული ტერმინოლოგიური სისტემის შექმნას (ბერძნულის ანალოგიით). ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურებოდა: აზრის გამოხატვაში ქართული უნდა ასულიყო ბერძნული ენის მოქნილობამდე, რთული საღვთისმეტყველო და ფილოსიურიოფ ლიტერატურა ადვილად შესამეცნებელი გამხდარიყო ქართველი მკითხველისათვის.

ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკურ თხზულებების არსენისეული თარგმანებიდან მოღწეულია: 1) იოანე დამასკელის „სიტყუაჲ დიდისა შაბათისათჳს,“ 2) „გურიას, სამონას და აბიბოს წამება“, 3) „ევგენიას ცხოვრება და წამება“. ფიქრობენ, რომ მას უნდა ეკუთვნოდეს კიდევ ერთი მეტაფრასი – „ეკატერინას წამება“.

მანგანის მონასტერში ყოფნისას არსენ იყალთოელი დაინტერესდა საისტორიო ხასიათის ლიტერატურითაც. აქ თარგმნა გიორგი ამარტოლის „ხრონოღრაფი“. შიომღვიმეში მან დაწერა მეტაფრასული „წმ. ნინოს ცხოვრება“. არსენ იყალთოელის მიერ 14-ტიტულოვანი „ნომოკანონის“, იგივე „დიდი სჯულის კანონის“ ქართულად თარგმნა ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ქართულ სასულიერო მწერლობას შეემატა უბრწყინვალესი კანონიკური ხასიათის ძეგლი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლები იყენებდნენ. თხზულება ქართულად თარგმნილი უნდა იყოს XI ს. ბოლოს ან XII ს. დასაწყისში.

1105 წ. „დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი“, „ადგილსა ჯეროვანსა“, რუისისა და ურბნისის მახლობლად. დავით მეფემ მოიწვია „კათალიკოსი, მღვდელმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღვარნი და მეცნიერნი“ და დაავალა მათ საეკლესიო საქმეთა მოწესრიგება. ამ კრების „თავ, წინამძღუარ და პირ“ იყო იოანე ქართლის კათოლიკოსი, ხოლო მდივანი და ერთ-ერთი ორგანიზატორი – არსენ იყალთოელი. განჩინება, რომელიც რუის-ურბნისის კრებამ მიიღო და დაამტკიცა, შეადგინა არსენ იყალთოელმა. კრების მონაწილეებმა სახოტბო ეპისტოლე მიუძღვნეს დავით აღმაშენებელს. ეპისტოლეც არსენ იყალთოელმა დაწერა და მიართვა მეფეს მოთათბირეთა სახელით: იგი „ძღუნად მოგართუნა შენ მწყობრმან შენთა ამათ ნაზარეველთა სიმრავლისამანო“.

პოეზიაში არსენ იყალთოელმა ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ანდრია კრიტელის საგალობელთა კრებული „დიდნი კანონნი“ ან, როგორც ქართულ თარგმანშია დასათაურებული, „დიდნი გალობანი“. იგი შედგება 250-ზე მეტი სტროფისაგან და რიტმული პოეზიის ერთ-ერთ ადრინდელ ნიმუშად ითვლება. „დიდნი კანონნის“ მისეული თარგმანი უდავოდ გამოირჩევა მხატვრულ სახეთა მრავალფეროვნებითა და მდიდარი ლექსიკით. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ანტონ I კათოლიკოსი ასე ამკობს მწერალს: „არსენი ჰგალობს ტკბილად „კანონთა“ შინა, უხუ და შუენიერ და მკობილ-შემწყობელი“.

არსენ იყალთოელმა ღრმა კვალი დააჩნია ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ლიტერატურის განვითარებას. ამის დასტურია მის მიერ შედგენილი ცნობილი საღვთისმეტყველო კრებული „დოღმატიკონი“ (ყველაზე სრული ნუსხაა S 1463). მისი შექმნა არსენ იყალთოელმა დაიწყო მანგანის მონასტერში XI ს. ბოლოს, დაასრულა საქართველოში, შიომღვიმის მონასტერში. მწერალს საკუთარი გემოვნებით შეურჩევია და უთარგმნია ფილოსოფიური და დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის სტატიები, დაურთავს საკუთარი – ორიგინალური – თხზულებებიც და ამგვარად შეუდგენია კრებულთ რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება ბიზანტიურ ლიტერატურაში. მასში შესულია ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც იყვნენ: ანასტასი სინელი (VII ს.), იოანე დამასკელი (VII-VIM სს.), თეოდორე აბუკურა (740-820), კირილე ალექსანდრიელი (გ. 444 ან 445), ლეონ პაპი (გ. 416), ნიკიტა სტი თატი (X ს. II ნახ. – XI ს. I ნახ.), მიქაელ ფსელოსი (1018-1078), ევსტრატი ნიკიელი (XI-XII სს.). კრებულში დაცულია უავტორო რვა თხზ., აქედან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ანტიპლატონური ფილოსოფიური ტრაქტატი „განქიქებალ ელლინებრისა სულთა პირველყოფისალ“. ძეგლი მნიშვნელოვანია არსენ იყალთოელის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შესაცნობად. მწერლის სიმპათიები არისტოტელესკენ უფრო იხრება, ვიდრე პლატონისკენ. მას „დოღმატიკონში“ არც ერთი ნეოპლატონური ხასიათის თხზულება არ შეუტანია. თავისი შემოქმედების მიწურულს ის უკვე ჩამოყალიბებული ანტიპლატონელია. არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. მის მიერ თარგმნილი თხზულებები ქართველ მკითხველს აძლევდა საფუძვლიან ცოდნას ქრისტიანული სარწმუნოების არსზე, იმ რელიგიურ-იდეოლოგიური ბრძოლის ისტორიაზე, რონელიც მიმდინარეობდა ბიზანტიის ეკლესიის წიაღში მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს შორის, აგრეთვე ქრისტიანებსა და სხვა რელიგიის აღმსარებელთა შორის. ამავე დროს აცნობდა მკითხველებს შუა საუკუნეების სამეცნიერო დისციპლინებს, ადამიანის სულიერ და ეთიკურ მხარეებს, ბუნებასა და ბუნებრივ მოვლენებს. კრებული პოპულარობით სარგებლობდა ძველ ქართველ მწიგნობართა შორის; რაზედაც მეტყველებს ის ლიტერატურული ანარეკლი, რომელიც შეიმჩნევა ჩვენს მწერლობაში „ვეფხისტყაოსნიდან“ „კალმასობამდე“. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ „ანატომიკოსად“, ანატომიის მცოდნედ (ანტონ I, იოანე ბატონიშვილი), არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად სრულად გამოცემული.

ვ. სილოგავა

თხზულებები

დიდი სჯულის კანონი, ე. გაბიძაშვილის, ე. გიუნაშვილის, მ. დოლაქიძის, გ. ნინუას, გამოც., თბ., 1975.

ლიტერატურა

  • ახობაძე ლ., „ეკატერინეს წამების“ მეტაფრასული თხზულების მთარგმნელის შესახებ, კრებ.: „მრავალთავი“, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 1999, №18;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • ლოლაშვილი ი., „დოღმატიკონის“ შედგენილობა და რედაქციები, არსენ იყალთოელი: ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1978;
  • მიმინოშვილი რ., იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები, თბ., 1966;
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978.

იხილე აგრეთვე

არსენ იყალთოელი

Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები