რელიგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რელიგია - Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას, სინდისიანობას, ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას, მოწმინდარობას და იმას, რასაც რელიგიას ვეძახით.

სარჩევი

სიტყვა "რელიგიის" ეტიმოლოგია

რელიგიის წარმომავლობისა და თავდაპირველი მნიშვნელობის შესახებ რამდენიმე თვალსაზრისი არსებობს. ცნობილი რომაელი ორატორი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ციცერონი (106-43) ამ ტერმინს ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნასთან Relegere აკავშირებდა, რომელიც შეკრებად, შემოკრებად ითარგმნება, ხოლო გადატანით კრძალულებას, რაიმეს ან ვინმეს მიმართ განსაკუთრებული რიდის გამოჩენას ნიშნავს. იგი რელიგიურობის არსებით ნიშნად იდუმალებით მოსილ და უმაღლეს ძალთა, ე.ი. ღვთაებათა თაყვანისცემის წესთა მცოდნეობას ასახელებს. მისი სიტყვებია: „ვინც გულმოდგინედ დაამუშავებს და შემოკრებს ყველაფერს, რაც ღმერთების თაყვანისცემას („კულტს“) განეკუთვნება, იწოდება როგორც რელიგიოსუს (რელიგიური)“.

მეორე ლათინურენოვანი მწერალი და ქრისტიანი თეოლოგი ლაქტანციუსი (+330) მიიჩნევდა, რომ სიტყვა „რელიგია“ წარმოდგება ლათინური ზმნიდან Relegere რაც ნიშნავს „დაკავშირებას“, „შეერთებას“. ამდენად, რელიგიის არსება, მისი განმარტებით, არის ადამიანის ღმერთთან კავშირი. იგი ამბობს: ჩვენ, ქრისტიანები, „ღვთისმოსაობის საბელით დაკავშირებულნი ვართ ღმერთთან და ამგვარ ურთიერთობას რელიგია ეწოდება... რელიგია ნიშნავს ღვთისმოსაობას და ღმერთთან კავშირს“. ამ სიტყვაში რელიგიის არსება სრულყოფილადაა წარმოჩენილი - ადამიანის ცოცხალი კავშირი ღმერთთან, რომელიც მორწმუნის გულის სიღრმეში აღესრულება.

რელიგიის განმარტებას ნეტარ ავგუსტინესთანაც (+430) ვხვდებით. ამ სიტყვას იგი აკავშირებს ზმნასთან Relegere, ხელახალი კავშირი, კვლავშეერთება, გაერთიანება, რაც მიგვანიშნებს, რომ რელიგია ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული და აწ დარღვეული კავშირის განახლება, კვალადგებაა. იგი წერს: „ჩვენ ვესწრაფვით, რომ სიყვარულით აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და, როგორც ჩანს, აქედან წარმოდგება სახელწოდება რელიგია, რათა ღმერთში ვპოვოთ მშვიდობა“.

ასე რომ, სიტყვა „რელიგია“ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე, რეელიგერე, რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება.

აღნიშნული ეტიმოლოგია და სემანტიკა რელიგიის ორ ელემენტს, ორ ძირითად შინაარსს უსვამს ხაზს - კავშირს და კრძალულებას, ღვთის ხმობას და მისდამი თაყვანისცემას, რაც მეტად თუ ნაკლებად, ასე თუ ისე ნებისმიერ რელიგიას ახასიათებს. ისინი ურთიერთშემავსებელი ელემენტებია. კრძალულების გარეშე რელიგიურობა ფარისევლობად, მლიქვნელობად, პირმოთნეობად და ცარიელ მოწესეობად გადაიქცევა, ხოლო რწმენა მშრალ, უსულგულო დოქტრინას დაემსგავსება.

შეგვიძლია ვთქვათ: Religio რთული სიტყვაა და შედგება ორი ნაწილისაგან: წინსართისაგან Re, რაც განმეორებითობას აღნიშნავს, და ძირისაგან Ligo (დაკავშირება).

განმარტება

რელიგიას ორი მხარე აქვს: იგი არის 1) ადამიანის ცნობიერების გარკვეული მდგომარეობა. - აღმატებული და ზებუნებრივი რეალობის განცდა, უხილავისა და დაფარულის რწმენა, ყოველგვარი ღვთისმსახურება ანუ საიდუმლო, მისტიური, საკრალური ქმედებანი და 2) სიწმინდე, რისკენაც ისწრაფის ადამიანი და რასაც თაყვანს სცემს. მეორე მხარის გარეშე რელიგია რელიგია არაა. იგი არის უბრალო მისტიკა ანუ საიდუმლოებრიობა, როგორიცაა შამანიზმი, ოკულტიზმი, სატანიზმი და სხვა. მათ რელიგიას ვერ დავარქმევთ. ისინი ფსევდორელიგიებს წარმოადგენენ, რომლებიც რელიგიის ცალკეულ ელემენტებს შეიცავენ: სწამთ სულები და ზებუნებრივი ძალები, მაგრამ სინამდვილეში ისინი რელიგიის დაცემის, დეგრადაციის, გაუკუღმართების შედეგია.

იმ დარგის აღმნიშვნელად, რასაც რელიგიას ვეძახით, სხვა სიტყვებიც გამოიყენება: კონფესია, რაც ლათინური სიტყვაა და აღმსარებლობას ნიშნავს; კულტი (კულტმსახურება); სარწმუნოება (ბერძ. „პისტის“, ლათ. „ფიდეს“), მაგრამ სიტყვა რელიგია მოცემული დარგის შინაარსს ყველაზე მარჯვედ და სრულყოფილად გამოხატავს. „ხელახალი კავშირი“ ანუ ადამიანსა და ღმერთს შორის ურთერთობის აღდგენა წუთისოფლის იდეალია. „რელიგია“ ქვეყნიერების თავგადასავალზე მიგვანიშნებს, მარადიული ცხოვრების წუთისოფლად გადაქცევაზე, ადამიანის დანაშაულსა და პასუხისმგებლობაზე, ცოდვასა და სინანულზე, გამომსყიდველი მსხვერპლის აუცილებლობაზე და ამ გზით ზეციერი მამის სამკვიდრებელში - ჭეშმარიტ სამშობლოში - დაბრუნების შესაძლებლობაზე. ამ სიტყვის ენაში არსებობა ცხადყოფს, რომ ადამიანის მეხსიერებაში არასდროს წაშლილა ხსოვნა ოდესღაც ღმერთთან ერთად ცხოვრებაზე, მასთან უშუალო კავშირზე, სამოთხეზე. დღეს კი, წუთისოფელში, აღნიშნული კავშირი დარღვეულია, ამქვეყანასა და იმქვეყანას, ღმერთსა და ადამიანს შორის ბზარია გაჩენილი, ხიდია ჩატეხილი, რასაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ყოველი ადამიანი გრძნობს და განიცდის და ეძიებს „ტივს“ ხიდის გასამთელებლად, კავშირის აღსადგენად. სწორედ ამ ძიების, უმაღლესი იდეალის სრულყოფის გზად და მალამოდ გვევლინება რელიგია, რომელმაც უნდა გარდაქმნას, გაასხივოსნოს პიროვნება, გახადოს ღირსი ღვთის საუფლოში დაბრუნებისა, განაახლოს ცისა და მიწის კავშირი.

რელიგია როგორც ცხოვრების, აზროვნებისა და შემეცნების ფორმა, ზოგადად ასე განიმარტება: იგი არის ადამიანის გარეთ არსებული ძალების ანუ მიღმიერი, ზებუნები, ზეცნობიერი რეალობის რწმენა. იმის მიხედვით, თუ როგორია ეს რწმენა: რა სწამთ და როგორია ის სამყარო, რომელიც სწამთ; როგორია ფორმები, რითაც ამ სამყაროსთან ურთიერთობა მყარდება, ან ვინ ამყარებს ამ ურთიერთობას, - რელიგიის გარეგანი მხარე, ე.ი. რელიგიური პრაქტიკა,- კულტმსახურება (იგივე ღვთისმსახურება) განისაზღვრება ასე იქმნება რელიგიური დოგმატიკა (თეორია, მოძღვრება), რელიგიური კულტი, რელიგიური თემი და რელიგიური იერარქია.

რწმენა

რელიგიის საფუძველი არის რწმენა. რელიგიას ხალხის (სოციუმის) რწმენა წარმოშობს. ამის გამო რწმენა, მორწმუნეობა და სარწმუნოება რელიგიისა და რელიგიურობის სინონიმებია.

სული

რელიგიის განუყოფელი ნაწილი სულისა და სულეთის რწმენაა. ცნობილია ისეთი რელიგიები (მაგ. ბუდიზმი, კონფუცის მოძღვრება), სადაც შემოქმედი ღმერთის იდეა არაა, მაგრამ სულის აღიარებისა და სულთა სამყაროს განცდის გარეშე რელიგია არ არსებობს.

რწმენა, რომ მატერიალური სამყაროს ყველა ელემენტს (მცენარეს, ცხოველსა თუ ნივთს) თავ-თავისი სული და ძალა აქვს, კეთილი ან ბოროტი, ანგელოზური ან დემონური, ძირითადად წარმართობას ანუ ბუნებით რელიგიას ახასიათებს. რელიგია, რასაც რელიგიას ვუწოდებთ, ასეთ რწმენებს (ფეხების, თვალებისა და ჯადოების „ძალას“) ცრურწმენებს უწოდებს.

როდესაც სულის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ, ერთის მხრივ, სტიქიური და პრიმიტიული წარმოდგენები, რაც რელიგიის ველური, თვითნაბადი ფორმების საკუთრებაა და, მეორეს მხრივ, თეოლოგიური და ფილოსოფიური თეორიები, რომლებიც განვითარებული და სისტემაში მოყვანილი რელიგიების რწმენა - წარმოდგენებს ეყრდნობა.

რელიგიის პირველყოფილი ფორმებისათვის, როგორიცაა ფეტიშიზმი, ანიმიზმი, ტოტემიზმი და მაგია, ზოგადად - წარმართობა, ნიშანდობლივია მატერიალური სამყაროსა და სულის, სულისა და ნივთის, სულისა და სხეულის განუყოფლობა. ამ მოვლენას, პანთეიზმის ანალოგიით, პანპნევმატიზმი უნდა ვუწოდოთ, სული ყველაფერშია და სულია ყველაფერი. როდესაც თაყვანს ვცემთ, მაგალითად, სამარიის თუ იერუსალიმის მთათა სულებს, თაყვანს ვცემთ სამარიისა და იერუსალიმის მთებს. ასე ფიქრობდნენ სამარიელებიც და იუდეველებიც (იოანე 4:20), რაც მათ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში წარმართულ ელემენტთა სიჭარბეზე მიუთითებს. რწმენა, რომ სული მთაშია და მთა სულში, სულის შესახებ წარმართული რწმენაა. ამ რწმენას უპირისპირდება რელიგიური რწმენა, ჩამოყალიბებული იესო ქრისტეს მიერ (იქვე: 21-23), რომლის თანახმად ჭეშმარიტი თაყვანისცემის საგანი არც ერთი მთაა და არც მეორე, არამედ თვითთავადი სული, ზეციური მამა, რომელიც არის ღმერთი - ყოველი სულისა და ყოველი არსების მაარსებელი.

სული და სხეული

ადამიანი სამი ელემენტისაგან შედგება: სხეულისაგან (ბერძ. სომა, რუს. ტელო), სამშვინველისაგან (ფსიხე, დუშა) და სულისაგან (პნევმა, დუხ). ამდენად, იგი ერთდროულად არის სომატური, ფსიქიური და პნევმატური.

სულის არსებითი ნიშანი აზროვნება და ზნეობრიობაა, ე.ი. სიკეთის შეგნებულად და გააზრებულად ქმნა. სამშვინველი ის რეალობაა, რასაც ხასიათს, ემოციას, ზნეს, ინსტინქტებს ვუწოდებთ, სხეული კი მხოლოდ მატერიაა, ე.ი. არსებათა უქვემოესი საფეხური. სული ადამიანს ციურ არსებებთან, ღმერთთან და ანგელოზებთან ანათესავებს, სამშვინველი - ცხოველებთან, სხეული - ყველაფერთან, რასაც გარემომცველ სამყაროში ვხედავთ. ადამიანს ადამიანობას და პიროვნებას (ინდივიდუალობას) სული ანიჭებს და იგი მას ამ ნიშნით (პიროვნულობით) ცხოველთა სამყაროსაგან გამოარჩევს. ცხოველებსაც აქვთ სამშვინველი და, მაშასადამე, იციან, ადამიანების მსგავსად, სიყვარული, სიძულვილი, შფოთი, სიმშვიდე, ლაქუცი და სხვ. მაგრამ არ გააჩნიათ ცნობიერება, შესაბამისად - თვითკონტროლის უნარი.

აზროვნება (შემოქმედებითობა) არის ელემენტი, რომელსაც ზოგჯერ, გარკვეული აზრით, ღვთის ნაპერწკალს (ღვთიურ ელემენტს) უწოდებენ. ამის საფუძველს იძლევა ბიბლია, სადაც აღნიშნულია: „გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი - ადამი - მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2:7). სულის ღვთიური წარმომავლობა (ოღონდ არა იმ აზრით, თითქოს სული ღვთის ნაწილია) არის მისი, ე.ი. ადამიანის, უკვდავებისა და ხორციელი სიკვდილის შემდეგაც კი პიროვნების დაუშლელობის, ინდივიდუალობის შენარჩუნების რწმენის საფუძველი. ეს რწმენა, თავის მხრივ, საიქიოს რწმენას, მეტიც,- მკვდართა სხეულით აღდგომის და საუკუნო ცხოვრების რწმენას განაპირობებს.

ღმერთი

სულისა და ღმერთის იდეები როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ სამყაროს მსჭვალავს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ რელიგიური მსოფლმხედველობის თანახმად ისინი რეალურად არსებობენ, ათეისტური ცნობიერება კი მათ მხოლოდ თეორიულად წარმოსახავს, - გონების, ოცნებისა და იმედის პროდუქტად მიიჩნევს.

თეოლოგიური განმარტების თანახმად, ღმერთი არის უზენაესი სახელი, აღმატებულთა შორის უაღმატებულესი სიტყვა და ცნება, რომელსაც უკავშირდება ადამის ტომის ნათელი და წმიდა სასოება. იგი „ყოველთა არსთა მაარსებელი“, მფარველი და პატრონია. მისი მეშვეობით პოულობს ქვეყანა ახსნას და გამართლებას, ყოფიერება - საზრისს. იგი გვეგულვის შემოქმედად, ხილული და არახილული სამყაროს მწედ, სანუკვარ მიზნად და იდეალად.

ღვთისმეტყველება (თეოლოგია) ფართო გაგებით ანუ „სწავლა ღვთაებისათვის და პატივისცემისათვის მისისა“ (ნ. ჩუბინაშვილი) არის ამ განმარტების განვრცობა და მეცნიერული დასაბუთების მცდელობა.

მეცნიერება ენისა და ეთნოსის შესახებ (ლინგვისტიკა და ეთნოგრაფია) გვარწმუნებს, რომ უზენაესი ცნება ღმერთი და მისი აღმნიშვნელი სიტყვები დამკვიდრებულია ყველგან, ნებისმიერი ხალხის ცნობიერებასა და მეტყველებაში. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ უზენაესი არსის ცნება და ამ ცნების აღმნიშვნელი სიტყვა ცნობიერების ისეთივე ორგანული ელემენტია, როგორც რელიგია.

საფიქრებელია, რომ ბუნების მრავალსახეობამ და ადამიანის სწრაფვამ მრავალმხრივობისაკენ პირველყოფილი საზოგადოების შეგნებაში ღვთაების ერთიანი, მთლიანი სახე დაანაწევრა და ბუნების თითოეულ მოვლენას, ცხოვრების ყოველ უბანს საკუთარი საწყისი და მფარველი განუჩინა. ასე ჩამოყალიბდა პოლითეიზმი (მრავალღმერთიანობა) და პანთეიზმი (ღმერთისა და ბუნების ერთიანობა, იგივეობა). მათ საპირისპიროდ აღმოცენდა მონოთეიზმი (ერთღმერთიანობა), დუალიზმი (ორმაგობა, ორი დაუსაბამო საწყისის, კეთილისა და ბოროტის, რწმენა) და დეიზმი (ბუნებისაგან ღვთის სრულად გამიჯნულობა, აბსოლუტურად ტრანსცენდენტულობა). ამ მოძღვრებათა მიხედვით, რომელთაგან ზოგი რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემად წარმოგვიდგება, ღმერთი ან აბსოლუტურად იმანენტურია, ე.ი. ბუნებისაგან განუყოფელია (ასეთია, მაგალითად, ინდუიზმი), ან აბსოლუტურად ტრანსცენდენტური, ე.ი. სამყაროსაგან ისევე გამიჯნული და შორს მდგომი, როგორც, მაგალითად, ხელოვანი ნახელავისაგან. მათ შორის, როგორც ზომიერება, დგას თეიზმი, რომლის თანახმად ღმერთმა არა მარტო შექმნა ყოველივე ხილული და არახილული, არამედ უყვარს თავისი ქმნილება, ზრუნავს მასზე და გზადაგზა ეცხადება კიდეც. თეისტური რელიგიები გამოცხადების რელიგიებია. ღმერთი სამყაროს მიმართ იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტურიც, რის გამოც იგი ადამიანს თავისუფლებასაც ანიჭებს და, მზრუნველი მამის მსგავსად, წვრთნის და სჯის კიდეც. თეიზმის, უფრო ზუსტად, - მონოთეიზმის სრულყოფილი სახე არის ტრიადა (ერთარსება - სამების დოგმატი, ტრიადოლოგია), რაც ქრისტიანული რელიგიის განუყოფელი ნაწილია.

ღვთის არსებობის ლოგიკურ მტკიცებას პირველად ვხვდებით სოკრატეს (469-399) ნააზრევში. იგი აღნიშნავს, რომ სულიერ არსებათა შემოქმედი გაცილებით მაღლა დგას პოემებისა და ქანდაკებების ავტორებზე. მისი აზრით, ადამიანის ორგანიზმის მიზანშეწონილობა და ჰარმონიულობა შეეძლო შეექმნა მხოლოდ უმაღლეს გონებას, რადგან შემთხვევა მიზანშეწონილობას ვერ წარმოქმნიდა.

პლატონი (427-347) ამტკიცებს, რომ რეალური სამყარო თავისთავად არ არსებობს. მას მყოფობას იდეალური, უზენაესი სამყარო ანიჭებს. იქ იდეები იერარქიულ სისტემას ქმნიან. ამ სისტემის სათავეში დგას სიკეთის იდეა, რომელიც ღმერთის იდეის იდენტურია. ჩვენს გარემომცველ სამყაროში შედარებითი სიკეთის არსებობა აბსოლუტური სიკეთის რეალურ არსებობაზე მიგვანიშნებს. შედარებითი სილამაზე, რომელსაც მიწაზე ვხვდებით, გვაფიქრებინებს, რომ არსებობს აბსოლუტური მშვენიერება, რომელიც სრულიად თავისუფალია ხორციელისა და გრძნობადისაგან. ეს არის მშვენიერება თავისთავად, რომლისაგან იღებს დასაბამს ყოველგვარი სილამაზე, მშვენიერება, რომელიც უცვლელი და მარადიულია.

პლატონის მოწაფის, არისტოტელეს (384-322) შრომები ერთი ღმერთის არსებობის პირდაპირ მტკიცებას შეიცავს. მისი აზრით, წმინდა მატერია მხოლოდ პოტენციაა და მეტი არაფერი. მატერია რეალური ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობს და ფორმას იძენს. გარშემო ყველაფერი მოძრავია და ამავე დროს მამოძრავებელიც. ვერაფერს ვხედავთ ისეთს, რომ მხოლოდ მამოძრავებელი იყოს. მიზეზთა რიგს სხვა მიზეზთა რიგი მიჰყვება უკან, რაც არ შეიძლება დაუსრულებელი იყოს. აუცილებლად უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც ამოძრავებს და თავად არ მოძრაობს. ესაა წმიდა ფორმა, სრული რეალობა, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია მატერიისაგან. ესაა ყოველთა მამოძრავებელი და თავად უძრავი ძალა-ღმერთი (პირველმამოძრავებელი).

ბერძნული ფილოსოფიის მიღწევები აითვისეს და განავითარეს რომაელებმა. მათი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ციცერონმა, ე.წ. ისტორიული არგუმენტი შეიმუშავა. ყველა დროის ყველა ხალხს სწამდა და სწამს ღმერთის არსებობა. საიდან გაჩნდა ადამიანების შეგნებაში განუზომლად აღმატებული რეალობის იდეა? ამ არგუმენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ღვთის არსებობის ფსიქოლოგიური და ზნეობრივი არგუმენტები.

ღვთის არსებობის რაციონალურ მტკიცებულებებს რელიგიურ ტექსტებშიც ვხვდებით. ყველაზე ძლიერ არგუმენტად ქვეყნიერების სიდიადესა და სილამაზეს მიიჩნევდნენ: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულთა ხელთა მისთასა მოუთხრობს სამყარო; დღე დღესა აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მოუთხრობს მეცნიერებასა... ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათი“ (ფს. 18:2-5). „... უთხრეს ცათა სიმართლე მისი, დი იხილონ ყოველთა ერთა დიდება მისი“ (იქვე, 96:6). ასე რომ, წინასწარმეტყველ დავითის თქმით, სამყარო ანუ კოსმოსი, როგორც ერთიანი და მთლიანი ორგანიზმი, თავად ღაღადებს შემოქმედზე. „შესაქმის დიდმშვენიერებით ცნაურდება მიზეზი ქვეყნიერების არსებობისა“ - ამბობს ძველი აღთქმის ეპოქის უცნობი სასულიერო მწერალი და მიანიშნებს, რომ სამყაროს ჰყავს მამა, რომელმაც სიცოცხლე ყოვლისშემძლე სიყვარულის ძალით შექმნა. ამიტომაც ადამიანის თავისუფალი სწრაფვა სულის უზენაესი მოთხოვნილებებისაკენ - ჭეშმარიტების შემეცნება, სიკეთის აღსრულება, დედამიწაზე მშვიდობის გამეფება და სხვა - ყოველგვარ შემწეობასა და თანამოქმედებას პოვებს ზეციერი მამისაგან. ეგევე აზრი ცხადადაა გამოთქმული ახალ აღთქმაში. პავლე მოციქული ასე მიმართავს კერპთაყვანისმცემლებს: „კაცნო, რას სჩადით? ჩვენც თქვენივე მსგავსი კაცნი ვართ და გახარებთ თქვენ, რათა ამ ცრუ ღვთაებათაგან ცოცხალი ღმერთის მიმართ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც არის მათში, და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, ევლოთ თავიანთი გზით. თუმც უმოწმებლად არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ქველმოქმედებდა, და გაძლევდათ ზეცის წვიმებსა და უხვნაყოფიან ალოსთავთ, და საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქმ. მოც. 14:15-17). ამავე აზრს იგივე მოციქული სხვაგან ასე აყალიბებს: ღმერთი „სამყაროს შექმნიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“ (რომ. 1:20).

ემპირიული შემეცნების გზით ღვთის არსებობის დასაბუთება ფილოსოფიის პრობლემა და პრეროგატივაა (მორწმუნეთა წინაშე ეს ამოცანა არ დგას). ამიტომ რაციონალური ფილოსოფიის აღორძინების ჟამს ღვთის არსებობის მტკიცებულების სასარგებლოდ დასავლეთ ევროპის ბევრმა მოაზროვნემ საყურადღებო სიტყვები თქვა. მათგან აღსანიშნავია: ანსელმ კენტერბერიელი (1033-1109), თომა აქვინელი (1225-1274), დეკარტე (1596-1650), პასკალი (1623-1662), ბოსსუეტი (1627-1694), ფენელონი (1651 -1715), ლაიბნიცი (1646- 1716), ნიუტონი (1643-1727), კანტი (1724-1808), ჰეგელი (1770-1831), მენ დე ბირანი (1756- 1824) და სხვა. ამჯერად ყურადღებას მხოლოდ რამდენიმეზე შევაჩერებთ.

ანსელმ კენტერბერიელი, ავითარებდა რა ნეტარი ავგუსტინეს არგუმენტს, აღნიშნავდა: როგორც მადლის სხვადასხვა ხარისხი გვაფიქრებინებს უზენაესი, აბსოლუტური მადლის არსებობას, ასევე სიდიდეთა სხვადასხვა საფეხურებს უსაზღვრო სიდიდის ცნებამდე მივყავართ და ბოლოს, კონტიგენტურ და ცვალებად ქმნილებათა არსებობა გვაიძულებს დავუშვათ უზენაესის, უცვლელის, მარადიულის არსებობა. იგი უსაზღვრო სიდიდეცაა და უსაზღვრო მადლიც. ესაა ღმერთი.

დეკარტე ასე მსჯელობს: მე არასრულქმნილი არსება ვარ, მაგრამ ჩემში ვიტევ სრულყოფილის არსებობის იდეას და ამდენად იძულებული ვარ ვაღიარო, რომ ეს იდეა მომანიჭა არსებამ, რომელიც სრულყოფილებას ფლობს და რომელსაც ღმერთი ეწოდება. ფილოსოფოსის ფიქრით, ადამიანი, თავად სასრული არსება, თავისთავად ვერ შექმნიდა სრულყოფილების იდეას. ვერც სასრული სამყაროს კანონები შთააგონებდნენ ამას. მხოლოდ უსასრულო არსებას შეეძლო შთაენერგა მისთვის ეს იდეა.

ნიუტონი ასე მსჯელობდა: პლანეტების მოძრაობა მხოლოდ მზის მიზიდულობის ძალით რომ იყოს განპირობებული, ისინი მზეზე დაეცემოდნენ. მათ ბრუნვითი მოძრაობის შესასრულებლად ღვთის ხელი სჭირდებათ, რომელიც ბიძგს აძლევს პლანეტების მოძრაობას ორბიტის ტანგენსზე.

აღნიშნული დებულებების არასრულყოფილება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ისინი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მისტიკოსებმა და ზოგიერთმა მორწმუნე ფილოსოფოსმაც კი. მე-18 ს-ის ევროპელი მოაზროვნის არისტე ჰემსტერჰუის თქმით, „მომავალზე, ამაღლებულსა და სრულყოფილზე ფიქრის დროს ერთი სულისმიერი ამოოხვრა უფრო მძაფრი დამტკიცებაა ღვთის არსებობისა, ვიდრე გეომეტრიული დასაბუთება“.

პასკალმა შექმნა ალბათობის ორიგინალური თეორია: ადამიანი, თავისი შეზღუდული ბუნების გამო, ვერასდროს იტყვის დაბეჯითებით, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ მან აუცილებლად უნდა მიიღოს რომელიმე ვარიანტი. უმჯობესია დაუშვას, რომ არსებობს ღმერთი. თუ ასეა, მას სანუკვარი ნეტარება მოელის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფაქტიურად არაფერს კარგავს. „თუკი ჩვენ ვცდებით კიდეც იმაში, რომ ქრისტიანობას ჭეშმარიტებად აღვიქვამთ, თითქმის არაფერს ვკარგავთ. უბედურება ის იქნება, რომ იგი სიცრუედ მივიჩნიოთ და ამაში შევცდეთ“. მისი თქმით, ღვთის არსებობას ყველაზე უკეთ სასწაულები, ბიბლია და ქრისტიანობის ისტორია ასაბუთებს.

კანტმა დაუნდობლად გაანადგურა ყველა მანამდე არსებული კონცეფცია, მაგრამ, მისივე თქმით, თუ ვერ დავამტკიცებთ (და ვერც უარვყოფთ) ღმერთის არსებობას, უნდა ვაღიაროთ და ვირწმუნოთ იგი. კანტი ზნეობრივ დებულებას გვთავაზობს: ადამიანი სრულყოფისაკენ ისწრაფვის და აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ სრულყოფა ბედნიერებასთან შეაზავოს. მართლაც, გონიერი არსება ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ყველაფერი მის გარშემო მისსავე ნებასა და სურვილთანაა შეთანხმებული. ზნეობრივად განვითარებული ადამიანი უბედურებისა და სიღატაკის გარემოცვაში ვერაფრით იქნება ბედნიერი. ბედნიერების, სრულყოფისა და ჰარმონიის წარმოქმნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს. მხოლოდ ღვთის რწმენა წარმართავს სწორად ადამიანის ლტოლვას სრულყოფისაკენ.

„ღვთის ძიების“ გზაზე ცნობილია სხვა არგუმენტებიც. შინაარსთა მიხედვით ისინი დაჯგუფებულია შემდეგი სახელწოდებების ქვეშ: კოსმოლოგიური, თელეოლოგიური, ონტოლოგიური, ისტორიული, ზნეობრივი, რელიგიური გამოცდილების მიერი.

რელიგიის წარმოშობა

რელიგიისა და ღვთის იდეის წარმოშობის საკითხში თეისტური და ათეისტური თვალსაზრისები ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდება. ათეისტები უარყოფენ რელიგიური იდეებისა და ღვთის ცნების ადამიანში იმანენტურად არსებობას. ლ. ფოიერბახის (XIX) მტკიცებით, ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი. ჰომოსაპიენსს (მოაზროვნე ცხოველს) თავიდან არავითარი რელიგია არ ჰქონდა. ეს ინსტიტუტი თავისი მარტივი და რთული ფორმებით, ათეისტების მტკიცებით, გვიან, 30-40 ათასი წლის წინათ, ჩამოყალიბდა. ადამიანი კი ცხოველთა სამყაროს მილიონი წლის წინათ გამოეყო.

რელიგიისა და ღვთის იდეის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს:

1) ნატურალისტური, რომელიც რელიგიური ცნობიერების აღმოცენების მიზეზად ბუნების დამთრგუნველ მოვლენათა წინაშე ადამიანის შიშს ასახელებს;
2) ანიმისტური, რომლის თანახმადაც სხვა (ზებუნებრივი) სამყაროს რწმენა ადამიანს ისეთმა ფსიქიურმა მოვლენებმა გაუჩინა, როგორიცაა სიზმარი და ჰალუცინაციები;
3) სოციალური, რომ რელიგიური იდეალები, სანატრელი სამყაროს რწმენა, თითქოს წუთისოფლისაგან გაწამებული ხალხის მხოლოდ პრიმიტიული ოცნებების ნაყოფია.

ამდენად, ხსენებული ჰიპოთეზების თანახმად, შვებისმომგვრელ და მწყალობელ ღმერთზე რწმენის აღმოცენების მიზეზი უძველესი ეპოქის ადამიანების განვითარების დაბალ დონეში უნდა ვეძიოთ.

ეს თეორიები, რომლებსაც „უარყოფით კრიტიკას“ უწოდებენ, დასაბამს ანტიკური ეპოქიდან იღებს (მაგალითად, ლუკრეციუსი). რელიგიის უარყოფითი კრიტიკა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მათ განსაკუთრებით XVIII-XIX სს-ის დასავლეთ ევროპელმა და რუსმა ე.წ. განმანათლებლებმა გაუწიეს პროპაგანდა. მართალია, აღნიშნულ საუკუნეებში და შემდეგშიც ათეიზმი და ნიჰილიზმი ფართოდ გავრცელდა, მაგრამ ამ ფაქტმა თეოლოგებსა და იდეალისტური ფილოსოფიის წარმომადგენლებს კონტარგუმენტების მოძიებისა და დამუშავებისაკენ უბიძგა და სტიმული აპოლოგეტიკის განვითარებას მისცა. ასე რომ, „უარყოფითმა კრიტიკამ“ „დადებითი კრიტიკის“ აქტივიზაცია გამოიწვია; ზემომოყვანილი თეორიები კრიტიკის ქარცეცხლში იქნა გატარებული. მთავარი არგუმენტი იმ ჭეშმარიტების აღიარება გახლავთ, რომლის თანახმად, ადამიანი, მით უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი, განუზომლად აღმატებულ სფეროს ვერ წარმოიდგენდა, ვერ განიცდიდა და ვერ გაიაზრებდა. ველურის შეზღუდული გონება, რომელიც ცნებებით აზროვნებასაც ვერ ახერხებს, სრულყოფილების იდეას როგორ შექმნიდა? ადამიანს, რაც აშინებს, გაურბის კიდეც. პრიმიტიული ხალხები აღმერთებენ არა მტაცებლებს, არამედ შინაურ ცხოველებს (ძროხას, სპილოს).

რელიგიის წარმოშობის შესახებ დადებითი თეორია ასეთია: რსებობს ღმერთი, რომელიც ადამიანზე განსაკუთრებული ფორმით ზემოქმედებს. ადამიანს გარკვეული პირობების წყალობით მასთან კონტაქტში შესვლა ძალუძს. ცნობილი რუსი ფილოსოსოფისა და ღვთისმეტყველის დეკ. სერგეი ბულგაკოვის (1871-1944) თქმით, „რელიგია ღვთის განცდის შედეგად წარმოიშვა“ და ეს იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ რელიგიურობა ადამიანის განუყოფელი ნაწილია, რომ ადამიანი რწმენის კაცია, რომ ღვთის სიტყვის მოსმენისა და აღქმის უნარი მას მომადლებული აქვს. სხვადასხვა სისტემის რელიგიებისა და რელიგიის ისტორიის არსებობა ცხადყოფს, რომ ეს უნარი სხვადასხვა ადამიანში და სხვადასხვა კოლექტივში სხვადასხვა ხარისხითა და დოზითაა მოცემული - ისე როგორც სხვა უნარები: აზროვნება, იარაღის მკეთებლობა, სოციალურობა, მორალურობა. ეს სხვადასხვაობა ანუ ამ უნარის აქტივიზაციის ხარისხი განსაზღვრული ფაქტორებითაა გაპირობებული. ადამი სამოთხეში ღმერთს მანამ უმზერდა, სანამ სულიერად სუფთა იყო. მისი შთამომავალნიც უზენაესს ზნეობრივი და სულიერი ჯანმრთელობის კვალობაზე შეიმეცნებდნენ. ღვთის იდეა თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგრამ მისი ცხოველმყოფელობა კონკრეტულ ადამიანსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, კერძოდ, - აღზრდაზე, განათლებაზე, გარემოებაზე და სხვა. ადამიანი მაშინ ხდება რელიგიური, როდესაც უჩნდება სურვილი და პირადად მიმართავს ღმერთს (შდრ. მათე 7:7-8).

რელიგიის გენეზისი საიდუმლოებით არის მოცული, ისევე როგორც წარმოშობა ენისა, რომელიც ადამიანშია, ეკუთვნის ადამიანს, იყენებს ადამიანი, მაგრამ მის შექმნაში თავად არ ან ვერ მონაწილეობს. ისტორია არ იცნობს პერიოდს, რომელიმე ხანას, ან ადგილს, თუნდაც ყველაზე მიუვალ და ველურ მხარეში, ენისა და რელიგიის გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ რელიგია არსებობდა საზოგადოების განვითარების ყოველ ეტაპზე, ყოველ ფორმაციაში, სოციალურ-ეკონომიკური წყობის ნებისმიერ დონეზე.

რელიგიათა კლასიფიკაცია

რელიგიების, ე.ი. ზებუნებრივი ძალების რწმენისა და შესაბამისი წეს-განგებების სისტემათა რიცხვი სპეციალურ ლიტერატურაში მკაცრად განსაზღვრული არაა. მაგალითად, დაისმის კითხვა: მართლმადიდებლობა, კათოლიკობა და პროტესტანტობა თავ-თავიანთი განშტოებებით მსოფლიო რელიგიათა ნუსხაში ცალ-ცალკე უნდა იქნან წარმოდგენილი თუ ერთ ერთეულად? რელიგიათმცოდნეთა, თეოლოგთა, ანთროპოლოგთა და სოციოლოგთა პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. მართლმადიდებელი და კათოლიკე თეოლოგები თავიანთი აღმსარებლობების პარალელურად იეჰოვას მოწმეების, ადვენტისტების თუ მორმონების მოხსენიებას ვერ ეგუებიან და აპროტესტებენ. რის საფუძველზე დავაყენოთ ერთმანეთის გვერდით, თუნდაც, ინდუიზმი და ბუდიზმი? ერთი პანთეიზმია, მეორე - მისტიციზმი, რომელიც შემოქმედი ღმერთის იდეას არ იცნობს. ეგევე ითქმის, ვთქვათ, შამანიზმისა და ისლამის, ქრისტიანობისა და კრიშნაიზმის ერთსა და იმავე გრაფაში მოთავსების შესახებ. რამდენად ესადაგება მათ ერთი და იგივე ტერმინი? ეს თეოლოგების პრეტენზიებია. რელიგიათმცოდნეებისათვის კი ზებუნებრივი რეალობის ყოველგვარი რწმენა რელიგიაა.

რელიგიათა დაჯუფების სხვადასხვა ტრადიცია და კრიტერიუმი არსებობს. პავლე მოციქული ამბობს: „წარმართები, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ“ (რომ. 2:14). ამით იგი ხაზს უსვამს, რომ არსებობს 1) ბუნებითი რჯული ანუ ბუნებითი რელიგია და 2) გამოცხადებული რჯული ანუ გამოცხადებული რელიგია. „გამოცხადებული რჯულის“ ქვეშ მოციქული ძველსა და ახალ აღთქმას გულისხმობს, მაგრამ მოცემულ კრიტერიუმს თუ განვაზოგადებთ, ასეთ პარალელს მივიღებთ: 1) ბუნებრივი, თვითნაბადი, იმპულსური რწმენა-წარმოდგენები, რასაც მოციქული თვითრჯულს ეძახის, და 2) სისტემაში მოყვანილი, ე.ი. ცივილიზებული, კულტურული რწმენა - წარმოდგენები, რომელთაც, როგორც წესი, „ავტორი“ ჰყავთ

ბუნებითი რელიგია, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, სარეველა ბალახს ჰგავს, რომელსაც დათესვა არ სჭირდება. ესაა რელიგიის დაბალი საფეხური, რელიგიურობის პირველყოფილი ანუ ველური ფორმები, რაც მეტ-ნაკლებად ყველა ეთნოსს და ნებისმიერ საზოგადოებას ახასიათებს. ესენია:

1) ანიმიზმი (ლათ. ანიმა ,,სული”) - რწმენა, რომ ყველა საგანს აქვს სული;
2) ფეტიშიზმი - უსულო საგნების თაყვანისცემა, ნივთების გაიდეალება, კერპთაყვანისმცემლობა. „ფეტიში“ პორტუგალიური სიტყვაა და „გაკეთებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პორტუგალიელი მოგზაურები საგნებს, რომელთაც აფრიკელი აბორიგენები თაყვანს სცემდნენ;
3) ტოტემიზმი - გვარისა თუ ტომის წინაპრად რომელიმე ცხოველის ან მცენარის აღიარება (,,ტოტემი“ ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენაზე გვარს ნიშნავს);
4) მაგია - კეთილი ან ბოროტი ძალების მომადლიერება სანაცვლოს მოზღვევის მიზნით. მაგიის ორი სახე არსებობს: თეთრი და შავი. პირველი კეთილია (შელოცვები კეთილწარმატებისათვის), მეორე - ბოროტი (შელოცვები გზათა გამრუდებისათვის).

წარმართობა (მრავალღმერთიანობა და კერპთაყვანისმცემლობა) რელიგიურობის, უფრო სწორად - სპირიტუალობის ჩამოთვლილ ფორმებს ეფუძნება. რადგან იგი ბუნებით „იკვებება“, ხოლო ბუნების არსებითი ნიშანი ცვალებადობაა, წარმართობის შინაგანი და გარეგანი სამყაროც ცვალებადია. ამის საუკეთესო მაგალითია წარმართობა საქართველოში, უფრო - ქართული წარმართული პანთეონი, რომლის შესახებაც ჩვენს მატეანეში ნათქვამია: მოვიდა აზო, მოიტანა კერპნი ღმრთად გაცი და გა; დადგა ფარნავაზ, - აღმართა კერპი არმაზ; დადგა საურმაგ - აღმართა კერპი - აინინა; მეფობდა მირვან - აღმართა დანინა; მეფობდა ფარნაჯორ - აღმართა ზადენ...

რელიგიების კლასიფიკაციის სხვადასხვა სისტემა არსებობს. ყველაზე გავრცელებული ის სისტემაა, რომელსაც საფუძვლად ქრონოლოგიისა და ევოლუციის პრინციპი უდევს (პრიმიტიულიდან თანამედროვე რჯულმოძღვრებებამდე). ამ პრინციპს ემყარება, მაგალითად, მე-20 ს-ის ამერიკელი სოციოლოგისა და რელიგიათმცოდნის რობერტ ბელახის სისტემა, რომელშიც რელიგიათა ხუთი ისტორიული სტადიაა გამოყოფილი: პრიმიტიული, არქაული, ისტორიული, ადრემოდერნისტული და მოდერნისტული. პირველი მოიცავს ავსტრალიის აბორიგენთა მისტიციზმს, მეორე - პოლინეზიელთა და აფრიკელთა პოლითეიზმს, მესამე - ძველებრაელთა მონოთეიზმს, მეოთხე რეფორმაციის ეპოქის პროტესტანტობას, მეხუთე - თანამედროვე რელიგიებს.

მეორე სისტემა, რომელიც თანამედროვე რელიგიათმცოდნეობაში ასევე გავრცელებულია, ეკუთვნის მაქს ვებერს. მისთვის ამოსავალია ორი კითხვა: 1) რა არის საჭირო სიკვდილის შემდეგ სულის ნეტარებისათვის? და 2) ჭეშმარიტ ნეტარებას ამქვეყნად ეზიარება სული თუ იმქვეყნად; ხორცშესხმული კაცის შინაგან სამყაროში თუ ხორციელი სიკვდილის შემდეგ? პასუხები, რომლებსაც სხვადასხვა რელიგიაში ვიპოვით, ორამდე დაიყვანება: ცხონებისათვის საჭიროა: ა) პასიური მჭვრეტელობა (მისტიციზმი) და ბ) ნებისყოფის აქტიური მართვა (ასკეტიზმი); ადამიანი ცხონდება ა) ამქვეყნად და ბ) იმქვეყნად. საკითხის ასე დასმის შედეგად რელიგიები ორ ნაწილად იყოფა: აღმოსავლური (ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, სინტოიზმი და სხვა) და დასავლური (ზოროასტრიზმი და ბიბლიური რელიგიები). მაგალითად, აღმოსავლეთის რელიგიათა უმრავლესობის თანახმად სულის ხსნა მისტიციზმის საფუძველზეა შესაძლებელი. ამისათვის ინდუსები მედიტაციას ან იოგას მიმართავენ, ბუდისტები - გასხივოსნებას. დასავლეთის რელიგიებში წამყვანი როლი ასკეტიზმს უჭირავს, რომელიც უმაღლესი იდეალის მისაღწევად თვითშეწირვას და თვითკონტროლს მიიჩნევს.

რელიგიური სისტემების დაყოფა, ცხადია, სხვა ნიშნებითაც შეიძლება. ასე მაგალითად - თეისტური და ათეისტური, როგორიცაა ბუდიზმი. ზოგიერთი სპეციალისტი, კერძოდ, გერჰარდ ლენკი კომუნიზმს, სოციალიზმს, საბჭოთა ჰუმანიზმსა და, ალბათ, ფაშიზმსაც, რელიგიათა სიაში ათავსებს. მთავარი კრიტერიუმი, რითაც რელიგიათა კლასიფიკაცია ხდება, არის წერილი, წიგნი. წერილის არმქონე რელიგიები იგივე ბუნებითი ანუ წარმართული რელიგიებია, რომელთაც ჩვეულებრივ ადგილობრივი კულტები ეწოდებათ. მათ უპირისპირდება გამოცხადების, წერილის, წიგნის რელიგიები, რომელთაც მსოფლიო რელიგიებს ვუწოდებთ.

გავრცელებულ რელიგიათა მიმდევრების რაოდენობა მსოფლიოში

  • ქრისტიანები - 2.1 მილიარდი
  • ისლამის აღმსარებელნი - 1.5 მილიარდი
  • ინდუიზმის აღმსარებელნი - 900 მილიონი
  • ჩინური ხალხური რელიგიების მიმდევარნი - 394 მილიონი
  • ბუდიზმის აღმსარებელნი - 376 მილიონი
  • არატრადიციული რელიგიების მიმდევარნი - 121 მილიონი
  • გვარტომობრივი რელიგიების მიმდევარნი - 111 მილიონი
  • სიქჰიზმის მიმდევარნი - 19 მილიონი
  • იუდაიზმის აღმსარებელნი - 14 მილიონი
  • სპირიტუალისტები - 15 მილიონი
  • ბაჰაის მიმდევარნი - 7 მილიონი
  • ჯაინიზმის მიმდევარნი - 4.2 მილიონი
  • არარელიგიურები - 641 მილიონი
  • ათეისტები - 220 მილიონი



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები