ინდუიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Induizmi.png

ინდუიზმი - ჩვენამდე მოღწეულთა შორის ძველი აღმოსავლეთის უძველესი (ძ.წ. III ათასწლეულში აღმოცენებული) რელიგიაა, საიდანაც წარმოდგება ქვეყნის სახელწოდება ინდოეთი.

ინდუიზმი ჩამოყალიბდა ინდოეთის ნახევარკუნძულზე. მას სინკრეტულ რელიგიას უწოდებენ, რადგან ფიქრობენ, რომ იგი შეიქმნა ირანულ-სირიული და ინდოეთის ადგილობრივი კულტების შერწყმის შედეგად. აბორიგენების ძველი რელიგია თანამედროვე მეცნიერებაში ცნობილია ვედების სახელით. იგი იყო პოლითეისტური, მაგრამ, არიელთა ზეგავლენითა თუ შინაგანი პოტენციის წყალობით, ძ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე მონოთეიზმში გადაიზარდა, თუმცა მრავალღმერთიანობის ელემენტები შეინარჩუნა. თანდათან გამოიკვეთა ბრაჰმას კულტის პრიმატი და, შესაბამისად, - ბრაჰმანიზმი, რომლის წიაღშიც, ერთი მხრივ, წარმოიქმნა დამოუკიდებელი კონფესია - ბუდიზმი, ხოლო, განვითარებისა და სრულყოფის მომდევნო ეტაპზე (ა.წ. VI-VII სს-ში), - რთული რელიგიური სისტემა, რომელიც დღეს ინდუიზმის ანუ ჰინდუმატას, ჰინდუსამაიას, ჰინდუ დჰარმას სახელითაა ცნობილი. ამდენად, ვედები და ბრაჰმანიზმი ინდუიზმის წინა საფეხურებია.

XIX-XX საუკუნეებში ინდუიზმით ბევრი ევროპელი მოაზროვნე დაინტერესდა და სიმპათიებიც გამოხატეს მის მიმართ, მათ შორის - რუსმა მწერალმა და ჰუმანისტმა ლევ ტოლსტოიმაც. ამ რელიგიურ-მისტიკური სისტემით დიდადაა დავალებული თანამედროვე თეოსოფია და ანთროპოსოფია.

ინდუსთა საერთო რიცხვი, 2000 წლის მონაცემებით, 859 მილიონამდე აღწევს. დიდი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთსა და შრილანკაში, ცხოვრობს. ინდუსთა საკრებულოებს თითქმის ყველა წამყვან სახელმწიფოსა და დიდ ქალაქში შევხვდებით.

სარჩევი

ლიტერატურული წყაროები

ინდუსთა წმინდა წიგნებია: 1) ვედები, რომელიც რამდენიმე წიგნს მოიცავს: ბრაჰმანა (ახსნა), არანიაკა (ტყის წიგნი), უპანიშადები (კომენტარები) და სუტრა (სიტყვა-სიტყვით: ძაფი, სამართი, თარგი), 2) მათ გვერდით დგას მაჰაბჰარატა (დიდი ბჰარატა) და რამაიანა, - ვრცელი პოემები, რომელთა მნიშვნელობა ინდოელთა სულიერი კულტურისათვის განუზომელია. ამას ცხადყოფს ინდოეთის რესპუბლიკის სახელი ჰინდი ენაზე - ბჰარატა. ვედების უძველესი შრე ძვ. წ. XIX საუკუნით თარიღდება, პოემებისა (ეპოპეებისა) - VIII-VII საუკუნეებით.

მაჰაბჰარატა“ გვამცნობს ისტორიულ, ძვ.წ. XIX საუკუნეების, ამბავს - ძალაუფლებისათვის ბრძოლას ბჰარატთა გვარის ორ შტოს - პანდავებსა და კაურავებს, ე.ი. პანდუსა და კურუს შთამომავლებს შორის. ეს იყო სასტიკი ომი, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა. სისხლმა დააფიქრა საზოგადოება და გააღვივა მშვიდობისა და სათნოების იმპულსი; შერიგების, პატიების, შეწყალების, საღმრთო ვალის (დჰარმის) შეგნება. ამ წიგნში გამორჩეული ადგილი „ბჰაგავატგიტას“ უჭირავს, რომელშიც მეეტლისა და სარდლის - კრიშნასა და არჯუნას - დიალოგია წარმოდგენილია. კრიშნა ღმერთია, მოვლენილი დედამიწაზე პანდავების ნათესავად, მეგობრად და სამხედრო მრჩევლად, მათი გამარჯვების საწინდრად. მას ამკობს ეპითეტები: ბრძენი დამრიგებელი, მეომარი, ბოროტ სულთა დამმარცხებელი, ღვთაებრივი მწყემსი. ლეგენდები მის სიყვარულზე მწყემსი გოგონებისადმი უძველესი დროიდან შესულია ინდურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

გრავიურა ბრაჰმას გამოსახულებით

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული წიგნები საღვთო და წმინდა წიგნებად მოიხსენიება, ინდუსებს არა აქვთ ისეთი წიგნი, რჯულის ისეთი შეუვალი ავტორიტეტი და რწმენის ისეთი საყრდენი, როგორიცაა ბიბლია, არ გააჩნიათ ერთი და საყოველთაო სამოძღვრო-საღვთისმსახურო კოდექსი. ამის გამო ინდუსთა სამყარო თეორიებისა და წეს-ჩვეულებათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ინდუსები ამბობენ: „გზები სხვადასხვაა, მიზანი - ერთი“. ამ გზების სისტემაში მოყვანა და ანალიზი მკვლევართათვის ადვილი არ არის. გავრცელებულია გამოთქმა: „ინდუიზმი ისევე მოუხელთებელია, როგორც გველი ადამიანის ხელში“.

მოძღვრება

ინდუსთა რწმენა, რეზიუმეს სახით, ასე გამოითქმის:

1) არსებობს ის, მხოლოდ ერთი, სხვის გარეშე,
2) ესაა - შენ,
3) მე თავად ვარ ბრაჰმა.

ეს ფორმულები მოკლედ ასე გაიშიფრება: ხილული და არახილული სამყარო, მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსი არსობრივად ერთი და იგივე რეალობა - ერთი სინამდვილის ორი გამოვლინებაა. ეს ქვეყანა არის მაია, ილუზია. მისი ხილვა და განცდა „უვიცობის“ (ავიდიას) შედეგია. ვინც განიკურნება უვიცობისაგან, თვალს გაუსწორებს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტების მეცანი კი ყველგან და ყველაფერში ჭვრეტს ერთს, რადგან მისი სული (ატმანა) არის მსოფლიო სულის, ანუ უმაღლესი ღვთაების (პარამაატმანას) ნაწილი, ხოლო მიზანი - მასთან ერთყოფა, სამადჰი, რომელიც ითარგმნება „დანთქმად“ (იგულისხმება - უფლის წიაღში დამკვიდრება).

ბრაჰმა არის სამყაროს სული, რომლისგანაც შედგება ყოველი და, რომელიც ყველგან სუფევს. ბრაჰმა იხილვება ყოველ საგანში, წუთისოფლის ნებისმიერ მოვლენაში: ქვაში, ხეში, ცხოველში, ცხადია - ადამიანში, ქარსა თუ მზეში, ომსა თუ ქორწილში. ამის შედეგია მისი ეპითეტებისა და სიმბოლოების სიმრავლე, მეტადრე - საკულტო ხელოვნების თავისებურება, ინდუსთა ტაძრების მრავალგამოსახულებიანი ბარელიეფები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იქ უამრავი ღმერთია, მაგრამ თევზების, გველების, ყვავილებისა და სხვათა სახით მორწმუნე თაყვანს სცემს ბრაჰმას, რომელმაც მიიღო ეს დროებითი და ილუზიური ფორმები. ამდენად, ბრაჰმა სამყაროშია და სამყარო ბრაჰმაში. ესაა პანთეისტური თვალსაზრისი, რასაც ეფუძნება ინდუსთა კოსმოლოგია. ბრაჰმა მარტო არ არის: სუფევს ორ თანაარსთან - ვიშნუს (ვედების მიხედვით, რუდრასა) და შივასთან ერთად. ესაა ტრიმურტი, რაც ერთარსება სამების ქრისტიანულ დოგმატს მოგვაგონებს. ტრიმურტი არის ერთი და იმავე ღვთაების სამი გამოვლინება, სამი სხვადასხვა ფორმა, სამი გვამი. მაჰაბჰარატას დამატებაში - გარივანშაში - ვკითხულობთ: „ის, ვინც არის ვიშნუ, არის იმავდროულად შივა. ის, ვინც არის შივა, არის ბრაჰმა. არსებით ერთია, მაგრამ სამი ღმერთია: შივა, ვიშნუ, ბრაჰმა“. ტრიმურტი აერთიანებს სამ კოსმიურ პრინციპს - შემოქმედებას, ნგრევას და შენარჩუნებას: შემოქმედია ბრაჰმა, დამანგრეველი - შივა, ხოლო მცველი ანუ შემანარჩუნებელი - ვიშნუ. სამივე არსებობს ერთ ღვთაებაში და თითოეული - სამებაში.

ტრიმურტს გამოსახავდნენ სამთავიან არსებად: შუაში - ბრაჰმა, მარჯვნივ - ვიშნუ და მარცხნივ - შივა.

ხილული სამყარო არსებით ასეთია: ქმნილებები დახარისხებულნი არიან ზეაღმავალი კიბის მსგავსად. ღმერთი წუთისოფლის ყოველ საგანში სუფევს სხვადასხვა დოზით, ყველაზე მეტად კი ადამიანში მყოფობს. ამიტომაც ითვლება პიროვნების, ინდივიდის, ე.ი., „მეს“ სული უზენაესი არსის - ღმერთის - ნაწილად, მის ანასხლეტად. აქედან ცხადია ყოველი სულდგმულის იდეალი - განიცადოს სამადჰი და დაუბრუნდეს პირველ საწყისს. ეს მარტივად არ ხდება: უზენაესთან მისაახლებლად სულს მომზადება სჭირდება. მან უნდა გაიაროს განწმენდისა და გაუმჯობესების ვრცელი გზა. ამისათვის ერთჯერ დაბადება არ კმარა. პიროვნება დედამიწას ევლინება სხვადასხვა დროს და განწმენდისა და გაუმჯობესების გზაც რამდენიმე ცხოვრებისაგან შედგება. ამას გვაუწყებს მოძღვრება კარმასა და სამსარაზე. ესაა მეტემფსიქოზი ანუ რეინკარნაცია. ე.ი. ხელახალი განსხეულების, სულების გარდასახვის რწმენა და თეორია.

კარმა არის კეთილი და ბოროტი საქმეების ჯამი, რასაც წუთისოფლის სტუმარი ყოველ ნაბიჯზე დაატარებს როგორც ტვირთს. კარმაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედი, მისი მომავალი. ამიტომაც, ბუნებრივია, ადამიანი ცდილობს პირადი კარმის გაუმჯობესებას, ტვირთის შემსუბუქებას, ბოლოს კი - უღლის, ე.ი. კარმის თავიდან მოშორებას, მოსპობას, რადგან იგი ქვეეზიდება სულს და დედამიწაზე ატყვევებს მას.

კარმა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი დაქვემდებარებულია სამსარას (ზოგჯერ „სანსარად“ გამოითქმის). ეს სიტყვა სანსკრიტზე „მოგზაურობას“ ნიშნავს, ამ შემთხვევაში - სულის მოგზაურობას სხეულიდან სხეულში, არსებიდან არსებაში. ე.ი. სამსარა არის ახალახალ დაბადებათა, ახალახალ გარდასახვათა, განსხეულებათა წრებრუნვა.

რით შეიძლება დავაღწიოთ თავი სამსარას? - წუთისოფლის უკეთურებათა დათრგუნვით, განწმენდით, განსპეტაკებითა და ამაღლებით.

ინდუსთა რწმენით, ღმერთმა ბრაჰმამ კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილისაგან შექმნა და, ამის შესაბამისად, საზოგადოება დაყოფილია ვარნებად, ანუ, ევროპული ტერმინით, - კასტებად. „ვარნა“ ნიშნავს ფერს (კასტა „ჯიშს“, „სახეობას“ - პრტუგ). ვარნა ოთხია: ბრაჰმანები (მღვდლები და, საზოგადოდ, სასულიერონი), ქშატრიები (ხელმწიფენი, განმგებელნი და მეომარნი), ვაიშიები (გლეხები, ხელოსნები და ვაჭრები) და შუდრები (მოსამსახურეები და მოჯამაგირეები). ბრაჰმანები ბრაჰმას ბაგეთაგან არიან შექმნილი, ქშატრიები - ხელებიდან, თეძოებიდან (თუ ბარძაყიდან) - ვაიშიები, ფეხებიდან - შუდრები. ასე რომ, უმაღლესი ფენა ბრაჰმანთა ვარნაა. ის ღმერთს ემსახურება და მისი საქმე საღვთო წიგნების შესწავლაა, მისი ნიშანია სატტვა - წმინდა საქმე, სულიერი სიწმინდე, ხოლო ფერი - თეთრი. ქშატრიების ნიშანია რაჯას გზნება (ვნება, სწრაფვა), ფერი - წითელი. ვაიშიები საშუალო ფენას ქმნიან და მათი ფერია ყვითელი (ძველინდოელთა წარმოდგენით თეთრისა და წითლის ნაზავი). დაბალ საფეხურზე მდგომი კასტაა შუდრები, რომელთა ფერი არის შავი - სიბნელის, უმეცრების, ტამასის (პრაკრიტის, ე.ი. ბუნების უმდაბლესი თვისებების) სიმბოლო. ის, ვინც ამ ოთხი კასტიდან არც ერთს არ მიეკუთვნება, უწმინდურია და ინდუსები მათ „ხელშეუხებელს“ უწოდებენ. ვარნა შთამომავლობითი ინსტიტუტია: ადამიანი, დაბადებული რომელიმე ვარნაში, რჩება ამ ვარნის წარმომადგენლად სიცოცხლის ბოლომდე. თუ რომელ ვარნად უნდა მოევლინოს დედამიწას კონკრეტული სული, განაპირობებს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი საქმეების შედეგი, ე.ი. კარმა. ვინც წესიერ, ღვთისმოსაწონ ცხოვრებას ეწევა, მისი შემდეგი განსხეულება უმაღლეს ვარნაში აღესრულება, ხოლო უღირსი - მდაბალი ადამიანი - ქვემო რანგს დაუბრუნდება, ანდა სულაც ცხოველად ან ჭიად მოევლინება ქვეყანას.

ვარნების სისტემა, მაჰატმა განდის აქტიური პოზიციის მეშვეობით, 1947-1950 წლებში ინდოეთში ოფიციალურად, ე.ი. სახელმწიფო და სამოქალაქო ცხოვრებაში, გაუქმდა, მაგრამ ყოფაცხოვრებაში (განსაკუთრებით ქორწინების ტრადიციაში) მაინც შენარჩუნებულია.

ცხოვრება და ღვთისმსახურება

ინდუსთა რელიგია ჩვენს თვალში სხვადასხვა სურათით წარმოისახება - ფეხებგადაჯვარედინებული და გამხდარი ასკეტებით, მრავალფრად და მდიდრულად მოჩუქურთმებული ტაძარ-კოშკებით, მიცვალებულთა დასაწვავი ცეცხლით მდინარე განგის ნაპირზე და ცხოველთატანიანი ღვთაებებით.

ინდუსი, ცხოვრების ყველა მონაკვეთში, ღვთაებას ხედავს. ამიტომ ყოველთვის უნდა ემსახუროს - განიბანოს, აღავლინოს ლოცვები და შესაწირავი გაიღოს, მონაწილეობა მიიღოს საზოგადო ლოცვებში, დღესასწაულებსა და პროცესიებში. ყოველ ოჯახში საკურთხეველია - ღვთაებათა გამოსახულებით და ყვავილებით შემკული. საკრებულო ტაძრებს (აშრამებს) ბრაჰმანები და გურუები (მოძღვრები) ემსახურებიან. ისინი ღვთაებებს ბანენ და დილა-საღამოს ძღვენს მიართმევენ. ყმაწვილებს, შვიდიდან ათ წლამდე, ინიციაციას უტარებენ და კასტის წევრებად აცხადებენ. ქორწილი რამდენიმე დღეს გრძელდება. სიძე დებს ფიცს, რომ იზრუნებს ვაჟების გაჩენისათვის, კერიის მოვლა-პატრონობისა და ოჯახში საღვთო წესების შესრულებისათვის.

ძირითადი დღესასწაულებია:დივალი, ანუ სინათლის დღე - ახალი წლის დადგომა ნოემბერ-დეკემბერში, ჰოლი, ანუ გაზაფხულის შემოსვლა, რამას ხსენება და ბევრი სხვა. ამ დროს მორწმუნეები გიგანტურ ღვთაებებს ქუჩაში დაატარებენ, მღერიან და ცეკვავენ. ინდუსები მოწიწებით შესცქერიან წმინდა მცენარეებსა და ცხოველებს, პირველ ყოვლისა, - ლოტოსს და ძროხას.

სიტყვა „ინდუსი“, „ჰინდუ“ და, შესაბამისად, ინდუიზმი ძველსპარსული წარმომავლობისაა. ინდუსები თავიანთ რელიგიას „სანატანა დჰარმას“ უწოდებენ, რაც ასე ითარგმნება: მარადიული კანონი. ბევრ ინდუსს სწამს, რომ დჰარმის სრულყოფილად დაცვა მხოლოდ წმინდა მიწაზე, ინდოეთში, არის შესაძლებელი, ვინც მის საზღვრებს გადაკვეთს, საამისოდ დაუძლურდება. ამის მიუხედავად, ინდუსთა საკრებულოები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდება. პირველი ასეთი თემი დაარსდა ჩიკაგოში ცნობილი ასკეტისა და ფილოსოფოსის ვივეკანანდას მიერ.

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები