საკურთხეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკურთხეველი - ეტიმ. გვიანლათ. altare „მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი ტრაპეზი“. ტაძრის უმთავრესი ნაწილია.

სარჩევი

ებრაული საკურთხეველი

საკურთხევლის გამოყენება ქრისტიანობაში იუდეველობიდან დამკვიდრდა. ებრაული საკურთხევლის განსაკუთრებული ნიშანი იყო „რქები“, ზედა ოთხ კუთხეში მდებარე გამოწეული ნაწილები, რომლებსაც მსხვერპლის სისხლს უსვამდნენ.

ქრისტიანთა საკურთხეველი

ქრისტიანთათვის საკურთხეველი ის სუფრაა, რომელზეც ევქარისტია აღესრულება. თავდაპირველად ამ მიზნით მორწმუნეთა სახლებში ჩვეულებრივ მაგიდებს იყენებდნენ, შემდგომში კი, პირვანდელ ეკლესიებში, – მხოლოდ საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილ მაგიდებს.

საკურთხევლის სიმბოლური მნიშვნელობა უკავშირდება „ნაკურთხ ქვას“, რომელიც, საკურთხევლის ცენტრში, სამარის მსგავსად, მოწამეთა ნაწილებს იტევს: ესაა ქრისტე-ქვაკუთხედი, ჭეშმარიტი მოწმე (შდრ. 1 კორ. 10:4; ებ. 13:10), ნაწინასწარმეტყველები ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვებით. საუკუნეთა მანძილზე საკურთხეველმა სხვადასხვა ფორმა მიიღო (მაგიდის, სკივრის, ლოდის, სარკოფაგის) და კიდევ მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

საკურთხეველი კათოლიკურ ეკლესიაში

ვატიკანის II კრების შემდეგ დამკვიდრდა საკურთხევლის ფორმათა არსებითობა და მისი მობრუნება მორწმუნეთა მიმართ. ის შეიძლება იყოს ფიქსირებული ან გადასატანი. პრესბიტერიუმში – მღვდლის სამყოფელში მდგარ საკურთხეველს მთავარი საკურთხეველი ეწოდება.

საკურთხეველი მართლმადიდებელ ეკლესიაში

საკურთხეველი მართლმადიდებელ ეკლესიაში განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს. ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:

წმიდა ტრაპეზი

მაგიდა, რომელიც განასახიიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული, ასევე - მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან მოგვეწოდება სულიერი საზრდო - უფლის სისხლი და ხორცი. ტრაპეზი საკურთხევლის შუა ადგილზეა, შესაფერისი სამოსლითაა შემკობილი. მასზედ სრულდება წმ. ძღვნის შეწირვის საიდუმლო. ტრაპეზზე აწყვია:

მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი

სავარძელი, რომელიც ტრაპეზის აღმოსავლეთ კედელთან, შემაღლებულ ადგილზე დგას. მოასწავებს იესოს ზეციურ ტახტს და მის ჯდომას მამის მარჯვნივ. მასზე დაჯდომის უფლება აქვს მხოლოდ მღვდელმთავარს და ისიც წირვის დროს, როდესაც იკითხება სამოციქულო.

სამკვეთლო

საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული შესაფერისი სამოსით შემკობილი მაგიდა, რომელზედაც სრულდება კვეთა, ანუ ზიარების საიდუმლოსათვის პურისა და ღვინის შემზადება. სამკვეთლო იმ გამოქვაბულს გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ გოლგოთას ბორცვსაც, სადაც ევნო და ჯვარს ეცვა. აქ ასვენია ყველა ჭურჭელი და საგნები, რომლებიც ზიარებისთვისაა საჭირო. ესენია:

სადიაკონო

სადიაკონო საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.



წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი
  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები