ძმები ზუბალაშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზუბალაშვილი, ლევან და პეტრე

ძმები ზუბალაშვილები - ზუბალაშვილების გვარის წარმომადგენლები ქართულ ისტორიულ საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდებიან. შემდგომში ისინი ფართოდ ებმებიან ვაჭრულ-ხელოსნურ და კულტურულ საქმიანობაში. ბევრმა მათგანმა კათოლიკობა მიიღო.

ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა რუსეთში. ერეკლე II-ის დროის მოღვაწე რომანოზმა კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811 წლამდე). მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა დავითმა და გიორგიმ.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარებასთან დაკავშირებით ზუბალაშვილები დაწინაურდნენ. ფართო ვაჭრობას ეწეოდ აჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში, ირანსა და ინდოეთში სტეფანე ზუბალაშვილი. 1808 წელს იგი ინდოეთში მცხოვრებ სომეხ და ქართველ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815 წელს იქ დასახლდა საცხოვრებლად.

XIX საუკუნის 20-იან წლებში სავაჭრო საქმიანობაში დაწინაურდნენ დავითი, გრიგოლი და მიხეილი, რომლებმაც რუსეთში გააჩაღეს ვაჭრობა. [[ფაილი:ZubalaSvilebis saxalxi saxli.jpg|thumb|250პქ| ძმები ზუბალაშვილების სახელობის სახალხო სახლი განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა (1792-1864 წლები). მან დაამთავრა რუსეთის მთავარმართებლის მიერ გახსნილი სასწავლებელი. სხვადასხვა საგნებთან ერთად სცოდნია ქართული, რუსული, ლათინური, სომხური და თურქულიენები.

იაკობის მამა - ივანე ზუბალოვი (ზუბალაშვილი) დაახლოებული პირი ყოფილა, როგორც სოლომონ მეფის, ისე სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან. ჯერ სოლომონ მეფემ, მერე სამეგრელოსა და გურიის მთავრებმაც ისურვეს ზუბალაშვილების აზნაურის წოდებით დაჯილდოება, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა, რადგან საქართველოში მეფე ერეკლეს დროიდან ვაჭრებს მეტი პატივი ჰქონდათ, ვიდრე აზნაურებს. მეფე ერეკლეს ოჯახი, სოლომონ მეფისა და სამეგრელოს მთავრის სასახლეები სულ აზნაურ-მოსამსახურეებით იყო სავსე და ვაჭარს კი ერთსაც ვერ ნახავდით, რადგან ამას მათ არ აკადრებდნენ. ვაჭარს ყოველთვის მეფე და მისი ძენი სავარძელზე დასვამდნენ და ისე ემუსაიფებოდნენ სავაჭრო საქმეებზე.

როდესაც სამეგრელო რუსის მთავრობას ჩაბარდა, მაშინაც იაკობი დიდად დაახლოებული იყო მთავრის ოჯახთან. უკანასკნელ დღემდე, ვიდრე ამ სამთავროს ავტონომია არ მოიშლებოდა, ზუბალაშვილი მთავრის დიდ პატივისმცემლად და ერთგულად ითვლებოდა. ზუბალაშვილის ეს ერთგულება მთავრის მეუღლემაც კარგად იცოდა და როდესაც მთავრის სახლის წევრები წარდგნენ რუსეთის მთავარმართებლის წინაშე, მათ იაკობ ზუბალაშვილიც თან მიიყვანეს და ასე წარუდგინეს: - “ეს ვაჭარი გახლავთ იაკობ ზუბალაშვილი. ზუბალაშვილები საქართველოში ადრიდანვე არიან ვაჭრობით ცნობილნი, როგორც ქართლში, ისე იმერეთსა და სამეგრელოში. თუ სადმე ვაჭარი კაცი დაგჭირდეთ, ამას მიმართეთ, ეს ყველაფერს შეგისრულებთ. ზუბალოვს შეგიძლიათ ერთი მილიონის იჯარა მისცეთ, მე ვარ ამის პასუხისმგებელიო” მთავარმართებელმა მოისმინა მთავრის - ნიკოლოზ დადიანის სიტყვა და იმ დღიდან იგი სანდო კაცად იქნა ცნობილი. პირველი წლიდანვე მას მიანდვეს პურის ფოდრატი, პური კი ბევრი იყო საჭირო. ზუბალაშვილმა მთავრობას ყველაფერი შეუსრულა, რისთვისაც მადლობაც მიიღო და დიდი მოგებაც ნახა. იმ დღიდან მისი საქმე წინ წავიდა.

იაკობმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ იმერეთში არაყს ძალიან მცირედ ხმარობდნენ და დიდძალი ჭაჭა უბრალოდ იკარგებოდა. მან შეადგინა პატარა ამხანაგობა და მთავრობას სთხოვა იმერეთში არყის ქარხნის გახსნის ნებართვა მიეცა, რაც მალევე მიიღო. ამ ამხანაგობაში გიორგი ზუბალაშვილიც ირიცხებოდა. 1835 წლიდან ზუბალაშვილებმა იმერეთის მოსახლეობისგან ჭაჭის შესყიდვა დაიწყეს. მათაც ასწავლეს არყის გამოხდა და წელიწადში 7200 ვედრა (დეკალიტრი) ჭაჭის არაყი გამოჰყავდათ. მალე იმერთა შორის არყის ვაჭრებიც გაჩნდნენ და ზუბალაშვილებმა თავიანთი ქარხანა დახურეს.

XIX საუკუნის 30-იანი წლებისთვის იაკობი აგროვებს გარკვეულ ქონებას და 1837 წელს თბილისში ქმნის სავაჭრო ამხანაგობას, რომელიც თითქმის პირველ სამაგალითო ამხანაგობად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში. ამ ამხანაგობამ იაკობის მეთაურობით მთავრობას ნებართვა სთხოვა საქართველოში პირველად შაქრის ქარხნის გახსნაზე, რაზედაც თანხმობა მიიღო და უკვე 1838 წელს თბილისში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა. ქარხნის მიერ შაქრის მაქსიმალურმა წარმოებამ 186 ათას მანეთს მიაღწია, 40 ათასი ფუთი (640 ტონა) შაქარი წელიწადში. ამ შაქარს “ქართული შაქარი” ეწოდებოდა. ის ხალხს მოსწონდა, რადგან იყო ტკბილი, იაფი და პატარა თავებად იყიდებოდა. აქ 50 დაქირავებული მუშა, 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა. ქარხანამ სულ 7-8 წელი იარსება და დაიხურა, უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი თავი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო. თვითონ იაკობისა და ამხანაგობის საქმე ნელ-ნელა წინ მიდიოდა. მათ მთავრობისგან აიღეს სხვადასხვა სავაჭრო წარმოების უფლება, რის სამაგიეროდაც მთავრობას 120,115 მანეთს უხდიდნენ (XX საუკუნის დასაწყისში ეს თანხა დაახლოებით მილიონს უდრიდა).

60-70-იან წლებში ცნობილი იყო კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი (1828-1901 წლები), რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი, შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1850 წელს მიიღო შტაბი სკაპიტნის ხარისხი. 1856 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსურ დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებსა და გაზეთებს.

ძმები სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში “სახალხო სახლი” - ქართული თეატრის შენობა. თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში. მათივე ხელშეწყობით ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები