ბროსე მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი ბროსე

მარი ფელისიტე ბროსე – (05. 02. 1802, ქ. პარიზი – 03. 09. 1880, ქ. შატელრო, საფრანგეთი), ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი. ფლობდა ბერძნულ, არაბულ, ჩინურ, ქართულსა და სომხურ ენებს

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ორლეანის, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში. უნდა გამხდარიყო სასულიერო პირი, მაგრამ გადაწყვიტა ფილოლოგიის შესწავლის გზას დასდგომოდა. შეისწავლა ჩინური ენა და ლიტერატურა. ბროსე საქართველოთი და ქართული ენით პირველად ცნობილმა ორიენტალისტმა, აკადემიკოსმა სენ-მარტენმა დააინტერესა. იგი შეუდგა ენის შესწავლას, გაეცნო პარიზის სამეფო ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.

1825 წლიდან მ. ფ. ბროსე იყო ფრანგ ორიენტალისტთა მიერ დაფუძნებული სააზიო საზოგადოების წევრი. მეცნიერთა ამ გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთში აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის დაარსებას. საზოგადოების სათავეში იდგნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ანტუან-ისააკ სილვესტრ დე სასი, ეუგენ ბურნუ, ჟან-ფრანსუა შამპილიონი და სხვები. 1822 წლიდან საზოგადოება გამოსცემდა პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს „Journal asiaqique“, რომელიც ამჟამად გამოდის საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით. სწორედ ამ სამეცნიერო ინტერესის საფუძველზე მ.ფ. ბროსემ საფუძველი ჩაუყარა ქართველოლოგიური კვლევას საფრანგეთსა და, ზოგადად, ევროპაში. ბროსეს ქართველოლოგიურ საქმიანობას ხელს უწყობდა თეიმურაზ ბატონიშვილთან (ბაგრატიონთან) მისი კონტაქტები, რომლებიც გაღრმავდა 1839-წლდან, მას შემდგომ, რაც ფრანგი მეცნიერი აირჩიეს რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრად ქართული და სომხური ფილოლოგიის განხრით. 1827 წლიდან იწყება ბროსეს ნაყოფიერი მუშაობის ხანა, რამაც საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. მ.ფ. ბროსეს ეკუთვის ქართული გრამატიკის, „ვეფხისტყაოსნის“, „ქართლის ცხოვრებისა“ და სხვა ისტორიულ თხზულებათა ფრანგულენოვანი თარგმანების პუბლიკაცია. მისი პირადი არქივის ნაწილი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ხეც).

1837 წ. ბროსე მიიწვიეს პეტერბურგში, სადაც აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1839-1841 წწ.აკადემიასა და უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში.

1847 წ. 31 აგვისტოს ბროსე საქართველოში ჩამოვიდა და აქ 11 თვე დაყო. ეგზარქოსმა ისიდორემ ბროსეს გადასცა ღია წერილი, რომელიც მას საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში თავისუფლად შესვლის და სიძველეთა გაცნობის საშუალებას აძლევდა (ხელნაწერები, საეკლესიო ნივთები, წარწერები). ბროსემ თითქმის მთელი საქართველო ფეხით შემოიარა, შეისწავლა ტაძრები, შეკრიბა უამრავი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა, რაც შემდეგ პეტერბურგში გამოაქვეყნა სამ წიგნად (1849-51).

აღსანიშნავია, რომ ბროსე ქართული ლიტერატურის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ძეგლად მიიჩნევს ბიბლიას, რომელიც, მისი აზრით, ქართულ ენაზე ითარგმნა IV ს-ში.

ბროსემ გაშიფრა, წაიკითხა, თარგმნა და გამოაქვეყნა გელათის, ბაგრატის, კაცხის, თამარციხის, აწყურის, ხერთვისის, ახალციხის, მარტვილის, ხოფის, შემოქმედის, გორის, უფლისციხის, ატენის, მცხეთის, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული მასალა, გირშელის ტაძრის წარწერა სტეფანწმინდაში, გრემის, ახტალის, უბისის წმ. გიორგის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, მანგლისის სიონი, სათხის ეკლესია (ბოლნისის რაიონი), ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია, ნიკორწმინდის ეკლესია და მისი წარწერები, ჯრუჭის მონასტრის ძვ. წარწერებიანი ხატები და ხელნაწერები (მ. შ. 936 წ. გაბრიელ შატბერდელის მიერ გადაწერილი სახარება); აფხაზეთში – ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების, ოქუმის, ბედიის, ილორის, მოქვის ტაძრები. შეისწავლა სვანეთიდან ჩამოტანილი ძველი ქართული ხელნაწერი „მრავალთავი“, რომელშიც შეტანილი იყო აბოს წამება, მისი სიკვდილით დასჯის თარიღის ცნობით.

ბროსეს თხოვნით თუშმა მწიგნობარმა იობ ცისკარიშვილმა შეადგინა წოვური ენის მოკლე გრამატიკა, რომელზედაც თარგმნა ნაწყვეტები „ახალი აღთქმის“ წიგნებიდან.

ბროსემ სათანადო კომენტარებითა და შენიშვნებით გამოაქვეყნა იერუსალიმელი პატრიარქის დოსითეოსის ცნობები, რომლებიც ძირითადად XVII ს. საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო მდგომარეობას ასახავს. ამასთან ერთად აქ მოყვანილია ცნობები იბერიისა და ლაზიკის საეკლესიო ისტორიიდან (ქრისტიანობის მიღება, ავტოკეფალიის მოპოვება, ქართველთა დამკვიდრება იერუსალიმში და სხვ.)

ფრანგულად თარგმნა ათონის ქართული ხელნაწერები, მასვე ეკუთვნის ე.წ. კორიდეთის სახარების აღწერა (ზემო სვანეთი); აღწერა, შეისწავლა და თარგმნა აზიურ მუზეუმში დაცული ქართული „რჯულისკანონი“ (XIV ს.); შეაგროვა, შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული სიგელ-გუჯრები (1856 წ. მარიამ დედოფლის მზითვის წიგნი, შედგენილი 1635 წ., მარიამის როსტომ მეფეზე გათხოვების დროს), მცხეთის საპატრიარქო არქივში დაცული XVIII ს. შუა ხანების თურქული და სპარსული საბუთები (26 ც).

ბროსემ შეისწავლა და გამოაქვეყნა საქართველოს გარეთ მდებარე ეკლესიების [ხოშარავანი (ქართ. მონასტერი სომხეთში), ნუზალი (ოსეთი), ჭულუხევი (თურქეთი)] ქართული წარწერები.

ბროსემ ფრანგულად თარგმნა და 1849-1858 წწ. შვიდ ტომად დაბეჭდა „ქართლის ცხოვრება“, ვახუშტის „ისტორიის“ გეოგრაფიული ნაწილი, რომლის ბოლოს დამატების სახით, ცალკე თავად მოცემულია ეკლესიების სია, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანისა და ომან ხერხეულიძის საისტორიო თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებით. 1861 წ. გამოსცა საბუთები რუსეტ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

„ქართლის ცხოვრებას“ ბროსემ დაურთო დამატებები – ქრონოლოგიური ძიება აფხაზთა კათალიკოსების, ქართლში ასურელ მამათა მოსვლისა და მათი მოღვაწეობის შესახებ, აბო თბილელის ცხოვრების, ნეოფიტე ურგნელის ცხოვრებისა და წამების (VIII ს.) შესახებ.

ბროსეს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა რუსეთში დაცული ქართული სიძველენი: მან შეისწავლა – პიატნიცკის ეკლესია მოსკოვში; ეკლესიები დონის მონასტერში, ვსესვიატსკოეში; სამლოცველო ნიკოლსკის კარებთან, კიტაი გოროდში, აქ დაცული ხატები და სხვადასხვა საეკლესიო ნივთი; ქართული წარწერები ჩესმენის მონასტერში (პეტერბურგი), წარწერა ქართულ ხატზე ქ. ვლადიმირში.

ბროსეს 270-მდე ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა.

ბროსემ გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია, გააფართოვა წყაროთმცოდნეობითი ბაზა; ხელი შუწყო ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების განვითარებას; დაიწყო „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკული შესწავლა.

ბროსეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. 1934 წ. პარიზში გამოვიდა ბროსეს „ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თვითმასწავლებელი“. შრომა მოიცავს 17 თავს და ყოველ თავს მოსდევს საილუსტრაციო მასალა თარგმანითურთ. ბროსე თავის გრამატიკაში ითვალისწინებს ანტონ I-ის, მ. მაჯოს, დავით ბატონიშვილის გრამატიკებს, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ქართულ ტექსტებს ემყარება. ავტორმა წამოაყენა ვერსია, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ინდოირანულ შტოს განეკუთვნება. ის პირველი მკვლევარია, რომელიც შეეცადა, ქართული ენის ნათესაობის საკითხი გაერკვია არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკულ მოვლენათა ჩვენების მიხედვითაც. არაერთი საყურადღებო ნარკვევი უძღვნა მან შუა საუკუნეების ქართ. ლიტერატურის ძეგლებს („ვეფხისტყაოსანი“, „რუსუდანიანი“, „ომანიანი“ და სხვ.). ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული „რაინდული რომანის“ თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილმა და ზ. ფალავანდიშვილთან ერთად გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ (1841). მანვე ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა შრომები, რომლებშიც დაცულია ცნობები საქართველოს შესახებ. ბროსეს საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მრავალ ქართველ წარჩინებულ პირთან, საზოგადო მოღვაწესა თუ მეცნიერთან, მათ შორის იყო ქართლ—კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ვაჟი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პოლიგლოტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის სააზიო ხაზ-ბის ნამდვილი წევრი თეიმურაზ ბატონიშვილი (1831). მიმოწერიდან ჩანს, რომ ბატონიშვილი ხშირად ეხმარებოდა ბროსეს ქართველოლოგიის განვითარების საქმეში, ხოლო ეს უკანასკნელი თავს მის მოწაფედ თვლიდა.

ბროსეს სახელთან დაკავშირებულია ევროპული ქართველოლოგიის განვითარების მთელი ეტაპი, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში.

ბროსეს უზომოდ უყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი, რაზეც მადლიერი ქართველობა სიყვარულითვე პასუხობდა. 1902 წ. მარტში საოცარი პატივით აღინიშნა მეცნიერის იუბილე – ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიხადეს წირვა და პანაშვიდი, რომელსაც თითქმის ყველა წარჩინებული პირი ესწრებოდა ეპისკოპოს კირიონის, წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის), საფრანგეთის კონსულისა და ნიკო ნიკოლაძის ჩათვლით. გალობდა გუნდი ზაქარია ფალიაშვილის ხელმძღვანელობით. „დღეს მრავალ ხალხისა და საფრანგეთის კონსულის თანდასწრებით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გარდაახდევინა ტფილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში დაბადების ასის წლის თავის სადღესასწაულო წირვა და პანაშვიდი მოსახსენებლად სულისა მამისა თქვენისა, რომელმაც დაუფასებელი ღვაწლი დასდო ქართველთა ერთათვის სამეცნიერო შრომით საქართველოს ისტორიისა და არხეოლოგიის შესახებ, გააცნო ქვეყნიერობას ჩვენი მამული, რომელიც სამუდამოდ შეინახავს მის სახსოვარს ქართველთათვის ყოვლად ძვირფას სახელთა შორის“ – წერდა ილია ჭავჭავაძე მარი ბროსეს ვაჟიშვილს.

ბროსეს პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

დაწესებულია ბროსეს სახელობის პრემია. 1994 წ. თბილისში, ვერის დაღმართზე, სკვერში დაიდგა მისი ძეგლი (ავტ. ჯ. მიქატაძე), ხოლო თბილისის ერთ-ერთი ქუჩა მარი ბროსეს სახელს ატარებს.

პ. ყიფიანი

თხზულებები

  • Historie de la Georgie defuis l’antiquite jusqu’au XIX siècle v. 1-7. St-pt., 1849-58;
  • საქართველოს ისტორია, ნაწ. 1-2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1895-1900.

ლიტერატურა

  • დოდაშვილი რ., მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ., 1962;
  • ენციკლოპედია საქართველო, ტ. 1, თბ., 1997;
  • შარაძე გ., მარი ბროსე და „ვეფხისტყაოსანი“, თბ., 1983;
  • ხანთაძე შ., მარი ბროსე, თბ., 1966;
  • Какабадзе С.Н., Акад. М. Броссе и его значение в Грузинской историграфии, „საისტორიო მოამბე“, 1925 ტ. 2.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები