ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - დაარსდა 1917 წლის ივნისში. პარტიის იდეოლოგიური საფუძვლები - ეროვნული დემოკრატიზმი - XIX საუკუნის 60-იან წლებში ი. ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა თეორიულ ნააზრევში ჩამოყალიბდა.

თავდაპირველად ეროვნულ-დემოკრატიული მსოფლმხედველობის მიმდევრები „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ გარშემო იყვნენ თავმოყრილი. „ცნობის ფურცლის“ ჯგუფი „ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის“ ან 145 „ქართველ დემოკრატთა კომიტეტის“ სახელით მოქმედებდა. ეროვნულ-დემოკრატთა ნაწილი 1904 წელს სოციალ-ფედერალისტთა პარტიაში გაერთიანდა და მისი მემარჯვენე ფრთა შეადგინა. იზიარებდა საქართველოს ავტონომიის ლოზუნგს, მაგრამ არ თანაუგრძნობდა ფედერალისტთა სოციალისტურ იდეოლოგიას. 1905-1906 წლებში ეროვნულ-დემოკრატებმა სცადეს დამოუკიდებელ პარტიად ჩამოყალიბება. პოლიტიკური ორგანიზაციის საპროგრამო დოკუმენტებზე სხვებთან ერთად ილია ჭავჭავაძეც მუშაობდა. 1905 წელს დაბეჭდეს და გაავრცელეს პროგრამა („საქართველოს დემოკრატია და მისი პროგრამა“), შეადგინეს წესდება, თუმცა იმხანად საქმე წინ ვერ წავიდა. ი. ჭავჭავაძის მკვლელობამ კი პარტიის შექმნა კიდევ უფრო შეაფერხა. 1909 წელს ეროვნულ-დემოკრატთა ერთმა ჯგუფმა თბილისში დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი „ერი“.

1912 წელს თბილისში შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატთა ახალი მძლავრი ჯგუფი (რ. გაბაშვილი, დ. ვაჩნაძე, შ. ქარუმიძე, გ. მაჩაბელი, შ. ამირეჯიბი და სხვ.), რომელმაც დააფუძნა ყოველკვირეული ჟურნალი „კლდე“. ქუთაისში მოღვაწე ეროვნულ-დემოკრატები (ვ. წერეთელი, ი. ოცხელი, ა. თორაძე, ი. ეკალიძე, ა. ასათიანი და სხვ.) 1911 წლიდან შემოკრებილნი იყვნენ გაზეთების „კოლხიდა“, „იმერეთი“ და „სამშობლო“ გარშემო.

1913 წელს პ. სურგულაძემ და გ. კერესელიძემ ჟენევაში ჩამოაყალიბეს ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“, რომელიც ასაბუთებდა და მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ევროპაში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი (პ. სურგულაძე, ძმები ლ. და გ. კერესელიძეები, მ. წერეთელი, გ. მაჩაბელი, შ. ქარუმიძე და სხვ.), რომელმაც სამშობლოს მომავალი ბედი გერმანიას დაუკავშირა და კურსი ევროპისაკენ აიღო. 1914 უცხოეთიდან დაბრუნებულმა ს. კედიამ დაიწყო ეროვნულ-დემოკრატთა ცალკეული ჯგუფების გაერთიანება, რის საფუძველზეც 1915 დაარსდა გაზეთი „საქართველო“ (რედაქტორი სანდრო შანშიაშვილი).

1917 წლის 4-20 ივნისს თბილისში შედგა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა (კონფერენცია), რომელმაც მიიღო პროგრამა და წესდება. აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტი (ა. ასათიანი, რ. გაბაშვილი, გ. ვეშაპელი, დ. ვაჩნაძე, გ. გვაზავა, ს. კედია, ე. წერეთელი, გ. ქიქოძე და სხვ.). მთავარმა კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ ს. კედია აირჩია, პარტიული ორგანოს - გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორად კი გ. ვეშაპელი დაამტკიცა. პარტიის პროგრამა სამ ძირითად დებულებას ემყარებოდა: ეროვნული სუვერენობის იდეა (პოლიტიკური ავტონომია), კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სახელმწიფოებრივი მართვა-გამგეობის დემოკრატიული ხასიათი. პროგრამა უარყოფდა სოციალიზმს. ედპ თავს ზეკლასობრივ, მთელი ერის ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციად მიიჩნევდა. თავის რიგებში აერთიანებდა თავადაზნაურობის პროგრესულ ნაწილს, მეწარმე-მრეწველთა, მეურნე გლეხთა და ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს.

1917 წლის ოქტომბერში ედპ-ს ჩამოსცილდა მცირერიცხოვანი ჯგუფი (დ. ჩიქოვანი, ა. ახმეტელი, თ. სახოკია, დ. არონიშიძე და სხვ.), რომელიც საქართველოს რადიკალ-დემოკრატ გლეხთა პარტიად გაფორმდა. 1918 წლის სექტემბერში ედპ-ს კიდევ ერთი ჯგუფი გამოეყო (გ. ვეშაპელი, რ. გაბაშვილი, დ. ვაჩნაძე, გ. მაჩაბელი, შ. ამირეჯიბი და სხვ.). ჯგუფმა დააარსა დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტია (შემდეგში - ეროვნული, უფრო მოგვიანებით კი (1920) - მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია).

საქართველოს ეროვნულ საბჭოში თავდაპირველად ედპ-ის 9 წევრი შედიოდა. მოგვიანებით მათი რიცხვი გაორმაგდა. 1918 წლის 26 მაისს შექმნილ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობაში ეროვნულ-დემოკრატმა გიორგი ჟურულმა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პოსტი დაიკავა.

1919 წლის თებერვალში საქართველოში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც ედპ-მ 8 დეპუტატი გაიყვანა. ედპ-ის საპარლამენტო ფრაქცია (თავმჯდ. გ. გვაზავა) აქტიურად იყო ჩაბმული საკანონმდებლო საქმიანობაში, მონაწილეობდა კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მომზადებასა და მიღებაში.

1921 წლის იანვარში შედგა საქართველოს არასოციალისტურ და დემოკრატიულ პარტიათა გაერთიანებული კონფერენცია. ედპ-სთან გაერთიანდნენ მისგან გამოყოფილი რადიკალ-დემოკრატები და ეროვნული პარტიები, აგრეთვე, უპარტიოთა კავშირი (კ. აფხაზი, კ. მაყაშვილი და სხვ.) და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული პარტია (გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია). მიიღეს პარტიის ახალი პროგრამა. გაერთიანებული პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ს. კედია აირჩიეს.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის ჯარებმა დაამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. გაერთიანებული ედპ-ის მთავარი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების დემოკრატიული ფრაქციის დადგენილებით გადაწყდა, რომ პარტიის წევრები არ გაიხიზნებოდნენ და დარჩებოდნენ სამშობლოში.

1921 წლის სექტემბერში შეიქმნა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტი. ედპ გახდა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთო-ეროვნული ცენტრის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. იატაკქვეშა საქმიანობას სათავეში ედგა ს. კედია, რომლის დაპატიმრებისა და სამშობლოდან გაძევების შემდგომ, 1922, პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს კ. აფხაზი. მისი დახვრეტის შემდეგ (1923) პარტიას სათავეში შალვა ამირეჯიბი ჩაუდგა. 1922 შექმნილ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში ეროვნულ-დემოკრატებს იასონ ჯავახიშვილი წარმოადგენდა. 1923 წლის ოქტომბერში, საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, მოიწვიეს გაერთიანებული ედპ-ის სალიკვიდაციო კონფერენცია, რომელმაც პარტია ფორმალურად დაშლილად გამოაცხადა, ფაქტობრივად კი, კვლავ განაგრძო იატაკქვეშა მუშაობა. ედპ-ის წევრებმა აქტიური მონაწიელობა მიიღეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ბევრი მათგანი შეეწირა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას, გადარჩენილთა ნაწილი კი შეუერთდა ემიგრაციას, რომელმაც ბინა პარიზში დაიდო. 1925 წლიდან იქვე დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული გაზეთის „სამშობლოსათვის“ (რედაქტორი ს. კედია) გამოცემა.

ემიგრაციაში ედპ კიდევ ერთხელ გაითიშა. ს. კედიას და მის თანამოაზრეებს გაზეთ „მამულიშვილის“ ირგვლივ დაჯგუფებული რ. გაბაშვილი, შ. ამირეჯიბი, დ. ვაჩნაძე, რ. ინგილო და სხვ. დაუპირისპირდნენ. 1929 ისინი ა. ასათიანთან და ე. პატარიძესთან გაერთიანდნენ და ჟურნალი „სამშობლო“ დააფუძნეს. 1929 პარტიას გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფი გ. გვაზავას ხელმძღვანელობით, რომელსაც გაზეთი „საქართველო“ აერთიანებდა. 1932 წლიდან ს. კედიას ჯგუფი უშვებდა გაზეთ „საქართველოს გუშაგს“.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეროვნულ-დემოკრატთა წარმომადგენლები, საქართველოს განთავისუფლების მიზნით, თანამშრომლობდნენ გერმანიის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებთან, იბრძოდნენ გერმანიის დროშის ქვეშ. ს. კედიას გარდაცვალების შემდეგ პარტიას მეთაურობდნენ ჯერ - ალ. ასათიანი, შემდეგ - ელისე პატარიძე, შემდეგ კი - მიხეილ ქავთარაძე.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002;
  • ო. ჯანელიძე, სპირიდონ კედია: პოლიტ. პორტრეტი, თბ., 2002.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები