სეკულარიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეკულარიზაცია - (ლათ. secularum - საერო) აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც რელიგია კარგავს გავლენას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა უბანზე. პირველად ტერმინი „სეკულარიზაცია“ XVII საუკუნეში გამოიყენეს და მისი მეშვეობით საეკლესიო მიწების საერო მმართველობაში გადასვლა აღნიშნეს.

სეკულარიზაციის თეზისი რელიგიის სოციოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მხარეა. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო შეხედულება არ არსებობს. მეცნიერთა ნაწილი სოციოლოგიის დამფუძნებელ მამებს (მარქსს, დიურკჰეიმსს, ვებერს) ეთანხმება და მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში რელიგია კარგავს ძალასა და მნიშვნელობას. სეკულარიზაციის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ რელიგია კვლავაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გვევლინება, თუმცა ხშირად ახალ და უჩვეულო ფორმებს იძენს.

დღესდღეობით „სეკულარიზაცია“ უმთავრესად ორი მნიშვნელობით გამოიყენება: ერთი მხრივ, სეკულარიზაციად რელიგიური მოსახლეობის რაოდენობრივ კლებას მოიაზრებენ, რაც მორწმუნეთა შემცირებით, მკაცრი რელიგიური რეგლამენტის იგნორირებით, ათეიზმის გავრცელების მასშტაბით და სხვა ფორმებით იზომება, ხოლო მეორე მხრივ, „სეკულარიზაცის“ ცნებით რელიგიური მმართველობის არეალიდან საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების გასვლის პროცესს გამოხატავენ. ამ კუთხით, ინდივიდუალური რელიგიურობა სეკულარიზაციას არ ეწინააღმდეგება, სანამ რელიგია ინდივიდის თავისუფალი არჩევანის სფეროში რჩება, ხოლო სახელმწიფო გადაწყვეტილებებს რელიგიური ნორმებზე დაყრდნობით არ იღებს. მაგალითად, სამხრეთ კორეასა და ლათინურ ამერიკაში, ან აშშ-ში პროტესტანტული მოძრაობის გაძლიერება ანტისეკულარულ ხასიათს არ ატარებს.

სეკულარიზაციის შესაფასებლად სოციოლოგები სხვადასხვა ასპექტებსა და პარამეტრებს იყენებენ, მათ შორის ზოგიერთი თავისი ბუნებით ობიექტურია, როგორც, მაგალითად, ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის წევრთა რაოდენობრივი მაჩვენებელი. სტატისტიკური მონაცემებით და ოფიციალური ცნობებით შეიძლება დადგინდეს რამდენი ადამიანი მიიჩნევა რომელიმე რელიგიური გაერთიანების წევრად, როგორია რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მაჩვენებელი და სხვ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ყველა ინდუსტრიულმა ქვეყანამ, აშშ-ს გარდა, მნიშვნელოვანი სეკულარიზაცია განიცადა.

სეკულარიზაციის მეორე კრიტერიუმი ეკლესიის ან სხვა რელიგიური გაერთიანების სოციალურ გავლენას, სიმდიდრეს და ავტორიტეტს უკავშირდება. შუა საუკუნეებში, დასავლეთში, რელიგია უდიდეს გავლენას ახდენდა ხელისუფლებაზე, იგი უპირობო ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში. მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რელიგიურმა ორგანიზაციებმა სოციალური და პოლიტიკური გავლენა დაკარგეს. თუმცა ეს ტენდენცია საყოველთაო არ არის. აღმოსავლურ, განსაკუთრებით ისლამურ სამყაროში, რელიგია კვლავაც მნიშვნელოვანი გავლენის წყროდ გვევლინება. (ამის ნათელი მაგილითი დღევანდელი საქართველოცაა).

სეკულარიზაციის მესამე კრიტერიუმი რწმენასა და ღირებულებებთან არის დაკავშირებული. ეკლესიაში სიარული და რელიგიის საზოგადოებრივი გავლენა, ცხადია, უშუალოდ არ გამოხატავს მოსახლეობის პერსონალურ რწმენასა და იდეალებს. მრავალი მორწმუნე რეგულარულად არ ესწრება ღვთისმსახურებას და რელიგიურ ცერემონიებშიც არ მონაწილეობს. ეკლესიაში ხშირი სიარული და ცერემონიებში მონაწილეობა ყოველთვის არ გამოხატავს რელიგიური რწმენის სიმტკიცეს - ადამიანები ეკლესიაში შეიძლება დადიოდნენ ჩვევის ან იმის გამო, რომ მათგან ასეთ ქცევას ელიან.

მაგრამ არ არსებობს არვითარი ეჭვი, რომ დღეს რელიგიურ იდეებს, მთლიანობაში, უფრო ნაკლები გავლენა აქვთ ვიდრე ტრადიციულ სამყაროში. ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ცხელი წერტილები, მართალია, მნიშვნელოვანწილად რელიგიურმა განსხვავებებმა წარმოქმნა, თუმცა კონფლიქტებისა და ომების უმრავლესობა არარელიგიურ შინაარსს ატარებდა და პოლიტიკური ორიენტაციების განსხვავებასა და ეკონომიკურ ინტერესებთან იყო დაკავშირებული.

საქართველოში ამ ეტაპზე სეკულარიზაციის ხარისხი უმნიშვნელოა. მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს უმრავლესობის ეკლესიის (სმე) აქტიურ წევრად მიიჩნევს, ეკლესია მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს, და შესაბამისად, აქვს შეუვალი საზოგადობრივი ავტორიტეტი, ფლობს საკმაოდ დიდ მატერიალურ სიმდიდრეს და, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესზე.



წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები