ოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოშკი

ოშკი – (ინგლ. Oshki), X საუკუნის ქართული ხუროთ-მოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, წმინდა იოანე ნათლიმცემლის სახლობის ქართული სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერტაოში, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში. საქართველოს ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, სემინარია-სატრაპეზო, ორი მცირე ეკლესია.

გეგმა

მთავარი ტაძრის სამხრეთი მკლავის კარის ტიმპანზე არსებული ლაპიდარული წარწერის თანახმად, ოშკის ტაძრის აღმშენებლები იყვნენ ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები – ბაგრატ ერისთავთერისთავი (გარდაიცვალა 966 წელს) და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი, გარდაიცვალა 1001 წელს). სავარაუდოდ ტაძრის მშენებელი იყო გრიგოლ ოშკელი). მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ყველაზე რეალურია პროფესორ ვ. ჯობაძის (ლოს-ანჯელესი, აშშ) მიერ აღმოჩენილი წარწერა, რომელიც აკონკრეტებს ტაძრის მშენებლობის დაწყებას (963 წ.). აღმოსავლეთის ფასადზე არსებული ბარელიეფის წარწერით ირკვევა, რომ ტაძრის მშენებლობა გრძელდებოდა 10 წელი.

რელიეფი

ოშკის მონასტერი 963-1023 წლებში ტაოს დიდი ფეოდალური გვარის, ჩორჩანელების, მფლობელობაში იყო. ამ დიდებული გვარის ორი წარმომადგენელი, თორნიკე ერისთავი (იოვანე-თორნიკე სვინგელოზად წოდებული) და მისი ძმა იოვანე-ვარაზვაჩე სწორედ ოშკის სავანეში აღიკვეცნენ ბერად. სავარაუდოა, რომ გარკვეულ პერიოდში ვარაზვაჩე ოშკის სკრიპტორიუმს ხელმძღვანელობდა. თორნიკე ერისთავის ღვაწლი ძალიან დიდია: მის მიერ ბარდა სკლიაროსზე მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ (979 წ.) დააჩქარა და გააადვილა დაქსაქსულ ქართულ სამეფოთა და სამთავროთა გაერთიანების პროცესი, რომელიც, საბოლოოდ, ბაგრატ III-ის ტახტზე ასვლითა და ერთიანი, ძლიერი ქართული სამეფოს შექმნით დასრულდა.

რელიეფი

ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ის წარმოადგენს ტრიკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება (მოქცეულია მართკუთხა მკლავებში). ოშკის ტაძრის გეგმა ჰგავს იშხნის ტაძრის გეგმას, მაგრამ უფრო გართულებულია. მისი სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მ-ია (დასავლეთ ეგვტერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში ≈ 36 მ, ხოლო სიმაღლე ≈ 40 მ. ოშკი უხვად იყო შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. კედლებზე ყველგან არის მონუმენტური ფრესკების კვალი, მაგრამ ცალკეული კომპოზიციები მხოლოდ საკურთხეველშია შენარჩუნებული.

რვაწახნაგა სვეტის ბაზისის ფრაგმენტი

ინტერიერში ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია ოთხ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე ხდება მარაოსებურად დამუშავებული აფრების დახმარებით. აფრების სამკუთხა არეებში ტრომპისებრი თაღებია ჩასმული, ხოლო მათში ლილვებით მოჩარჩოებული სამ-სამი თაღოვანი ღრმული. აღსანიშნავია, რომ აფრებისა და ტრომპების ამგვარი შეთავსება ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლებშიც გვხვდება. გუმბათის ყელის ცილინდრული მასა კარგად არის შეთავსებული ტაძრის ქვედა კორპუსთან. ის ბოლოვდება მუზარადისებრი გუმბათით, სიმაღლით 6,86 მ. გუმბათის ყელის სიმაღლე 6,4 მეტრია, ხოლო რადიუსი 5,66 მ (კედლების ჩათვლით). გუმბათის ყელი დაფარულია ერთიანი თაღედით. ოცდაოთხი თაღის საერთო გადაწყვეტა ერთიანია, მაგრამ განსხვავდება დეტალებში. თაღები ეყრდნობა ორმაგ ხვეულ სვეტებს, რომლებიც ბოლოვდება ფოთლოვანი ორნამენტებით მორთული კაპიტელებითა და რელიეფური ბაზებით.

გუმბათის ყელი

ტაძარი კარგად იყო განათებული მრავალრიცხოვანი სარკმლებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია, საკურთხეველში – 3, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში – თითო. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. ტაძრის ფასადები და ინტერიერი ბრწყინვალედ ყოფილა გაფორმებული ბარელიეფებით, ჰორელიეფებით, ჩუქურთმებითა და მოხატულობით, რომელთა მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი.

ტაძრის კედლებისა და სვეტების საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია თლილი ქვა, ხოლო სახურავისათვის – წითელი და ყვითელი მოჭიქული აგური. საკურთხევლის შუა ნაწილში დაცულია ქვისგან გამოკვეთილი ოთხკუთხა ტრაპეზი, აღმოსავლეთი კედლიდან 2 მეტრის მანძილზე. მისი სიგრძეა 173 სმ, სიგანე – 86 სმ, სიმაღლე – 85 სმ. საკურთხევლის იატაკი 0,75 მეტრით არის ამაღლებული.

სემინარია-სატრაპეზო მთავარი ტაძრის ჩრდილო მკლავის სიახლოვესაა განთავსებული. მას სამნავიანი ბაზილიკის გეგმარება აქვს. ნაშენია უხეშად დამუშავებული რუხი ფერის ქვით. ნაგებობაში ორი დარბაზია: დიდი და სფერულ გუმბათიანი, დღემდე კარგად შემონახული, მცირე დარბაზი. ტაძრის სიახლოვეს, ფერდობზე მდებარეობს ძლიერ დაზიანებული ორი მცირე ეკლესია (5,11x3,43 მ და 6,11x3,1 მ).

ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978 წ.), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი – მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა. აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები