ფაცხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაცხა

ფაცხა - სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებული პრიმიტიული საცხოვრებელი სახლის ტიპი. დაახლოებით 9-10 კვ.მ ფართის მქონე, წნელისაგან მოწნული, რომლის აშენებამოწვნა თავად მეპატრონესაც შეეძლო. ფაცხის მოწვნისას წინასწარ მონიშნულ ადგილას წრიულად ჩაასობენ ძლიერ მარგილებს და გამოწნავენ წნელით. ფაცხა იყო ორგვარი „კუნჭულა“ და „ამხარა“. კუნჭულა ფაცხას ჰქონდა მრგვალი და წოპიანი სახურავი, „ამხარას“ კი უფრო დაბალი. ფაცხას ხურავდნენ ისლით, შიგნით და გარეთ გალესავდნენ ტალახით. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საცხოვრისის ამ ტიპს არ გააჩნდა სარკმელი და ამიტომ შუაცეცხლის ბოლი მხოლოდ კარებიდან გადიოდა. ფაცხა არის დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი, უკიდურესად ღარიბი ადამიანების საცხოვრებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ფაცხას იკეთებდნენ მწყემსები დროებითი სარგებლობისათვის.

„ფაცხა აფხაზისა ბევრს შესანიშნავს აღარას წარმოადგენს. იგი ორგვარია: მრგვალ და ოთხკუთხიანი. კედელი ფაცხისა გეზად ამაღლებულია და თხილის მომსხო წნელები განით დაწნულია უფრო მოწვრილო წნელით. სახურავის კაკუტები ამ დაწნულის კედელზეა დაყრდნობილი, ხოლო ზევით თავები ერთი-ერთმანეთზეა მიკრული წირეხით. ეს შენობა დახურულია გვიმრით, ჩალით ან ისლით. სახურავს კონუსისებური ფორმა აქვს. მეორე გვარს ფაცხას, რომელიც უსწორო ოთხ კუთხიანია, წინა კარებთან აქეთ-იქით ორი წაბლის ხის პალოები აქვს ჩასობილი, რომელიც ცოტათი დახრილია ერთი მეორეზე და მათი ორთითიანი წვერები ერთმანეთს უერთდება.ამ ხეებს, რომლებიც მაკრატელსა ჰგავს, მეორე მხრით გადებული გასაყარი აქვს, რომელიც სახურავის დასამაგრებელია. სახურავი ფაცხას უფრო ჩამოშვებული და მოპრტყელო, ე. ი. იმერული ფორმისა აქვს. ფაცხას წინ დიდი დერეფანიც ექმნება და უკან შესაძლოა მეორე გამოყოფილი ფართიც ჰქონდეს, რომელშიაც სახლის ნივთები აწყვია. ზამთრობით კი საქონელსაც აბინავებენ. ზამთარში ფაცხას თიხით „ლესავენ ან გვიმრას შემოაკრავენ“ (პ. გიორგიძე (პ. ჭარაია), აფხაზეთი და აფხაზნი, „ივერია“, 1888, N169, 12 აგვისტო). თვით ნაგებობის ტიპი უძველესია, რომელიც აფხაზებში XX საუკუნეშიც შემორჩა. იგი საერთო დასავლურკავკასიური, მრგვალი ან ოთხკუთხა ხის წნული, მიწაზე მდგარი, ერთოთახიანი, უსარკმლო ნაგებობა იყო. როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ მიგრანტებმა ფაცხა ტერმინი ქართველებისაგან შეითვისეს, შდრ. მეგრ. ფეცხი „ფიჩხი; წნელი“ (მ. ბუკია)





ლიტერატურა

  • ი. ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, ტ. II, 1968.
  • ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები