ახალუხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალუხი

ახალუხი - მამაკაცისა და ქალის შიდა სამოსელი.

მასალად გამოიყენებოდა ბამბის, აბრეშუმისა და შალის ქსოვილები (ყარამანდულა, სატინი, დიმიკიტონი, ქიშმირი, ხამი, ნაშური ე.წ. შავი ფართლეული და სხვ.) ახალუხი ფორმით ჩოხისებურია, საყელო დამდგარი აქვს და გულდახურულია. აქვს სწორი სახელოები, გვერდებში შედგმული კალთებით. ჩოხაზე მოკლეა, გულისპირზე აქვს ჯიბე, ზოგჯერ დასარჩულებულია. სეზონის მიხედვით ბამბაფენილი და დალიანდაგებული.

XIX ს. II ნახევარსა და XX ს. დასაწყისში საქართველოში მასობრივად გავრცელდა სამი ფორმის ახალუხი:

  1. ქართული, ანუ მოკლე ახალუხი, რომელსაც ჰქონდა ნაოჭი და ქართველ გლეხობაში იყო გავრცელებული.
  2. ჩერქეზული, ანუ გრძელი და უნაოჭო, რომელსაც თავადები და წარჩინებულები იცვამდნენ.
  3. ქალაქური, ანუ დოშლუღიანი, რომელის მომხმარებლები ქალაქის ვაჭარ-ხელოსნები და წვრილი მოხელეები იყვნენ.
ახალუხი

ახალუხის უმოკლეს ვარიანტად უნდა ჩაითვალოს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტში - „ჩაქურა“ შესული წელამდე სიგრძის „ზუპუნა“.

ძველად მამაკაცის ჩასაცმელ საგარეო ფორმად, კავკასიაში, ჩოხა-ახალუხის ერთობა ითვლებოდა. წარჩინებულთა წრეში კი მათ ყოველდღიურად ხმარობდნენ.

თუ მამაკაცებში ახალუხს ჩოხის ქვეშ ატარებდნენ ქალები მას კაბის შიგნით იცვამდნენ.

ახალუხი

ქსნის ერისთავის ანას მზითვის წიგნში (1692-1703 წწ.) ორი ახალუხია ნახსენები. ერთი დარაია ბაბთისა, მისის ოქროს ჯაჭვის თვლებით. ანუკა ბატონიშვილის მზითვის წიგნში (1712 წ.) დასახელებულია ცხრა ახალუხი.

საქალო ახალუხების ორი ფორმა გვხვდება:

  • გრძელი და წინ ჩახსნილი;
  • მოკლე და გულდახშული.

გრძელი საქალო ახალუხი მამაკაცის ახალუხის მსგავსია: წელზე მომდგარი, კალთაგანიერი, მაღალი საყელოთი, წინ ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. სახელოები სწორი, ზოგჯერ ყოშით დაბოლოებული. მეორე ფორმის ახალუხი მოხევე ქალის კომპლექტშია დამოწმებული. ეს არის მოკლე, გულდახშული და უკან ზურგში შესაკვრელი - უსაყელო და გრძელი სახელოებით.

ამ ტიპის საბავშვო ახალუხებს ხევში „კონდოლები“ ერქვათ. ორივე ფორმის საქალო ახალუხები გაფორმების მხრივაც იქცევენ ყურადღებას. მთავარ საშუალებებად გამოყენებული იყო ბუზმენტი და ვერცხმკედით მოქსოვილი ყაითანი. ყაითნით ირთვებოდა ახალუხის ნაპირებთან ერთად ნაკერებიც. კალთებზე იცოდნენ აპლიკაციის წესით სხვადასხვა ცხოველის (ჯიხვი, ცხვარი, ირემი) გამოსახვა. ახალუხი ფართოდ გავრცელებული ტანსაცმლის ტიპია და იგი დიდი ხნის განმავლობაში როგორც კაცის, ასვე ქალის შეუცვლელ სამოსს წარმოადგენდა.

ლიტერატურა

გ. ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის მამაკაცის კოსტიუმი XIX ს-სა. სსმმ ტ. XIX 1957. ც. ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები